Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 583-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას", მის 583-ე გამოშვებას. თავიდან, ახალქალაქში გამართული საპროტესტო აქციების კომენტარს ვთხოვთ ჩვენს კოლეგა ჟურნალისტსა და პარლამენტარს ვან ბაიბურთს, რომელიც ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემებში კარგად არის გათვითცნობიერებული; შემდეგ ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია იმ ადამიანთა არგუმენტები, ვინც ლუსტრაციის კანონის მიღებას მიზანშეუწონლად ან სულაც შეუძლებლად მიიჩნევს; შემოგთავაზებთ მასალას ჰიტლერის საყვარელ არქიტექტორსა და მეტად წინააღმდეგობრივ პიროვნებაზე ალბერტ შპეერზე; ვისაუბრებთ ხელოვან პოლიტიკოსებზე; ბოლოს კი გაგაცნობთ ერთ თბილისელ მელომანს, რომლისთვისაც ბავშვობისდროინდელი გატაცება, შეიძლება ითქვას, პროფესიად იქცა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

რამდენად სამართლიანია ახალქალაქის მოსახლეობის მოთხოვნები? ინტერვიუ დეპუტატ ვან ბაიბურთთან

დავით კაკაბაძე:
ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ გასულ კვირაში ახალქალაქის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართა და საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. აქციების მონაწილენი დაუშვებლლად მიიჩნევენ რუსეთის სამხედრო ბაზის ნაჩქარევად დახურვას, მოითხოვენ ცენტრალური საავტომობილო გზის მოწესრიგებას, სკოლებში სომხური ენისა და სომხეთის ისტორიის სწავლების შემოღებას და საშუალებას, საქართველოს მოქალაქის პასპორტის იქვე, ცხრა მთას იქით წაუსვლელად მიიღონ. აქციის მონაწილეები 31 მარტამდე ელიან პასუხს საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაზე. რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნები? ამ შეკითხვით დაიწყო ინტერვიუ ჩვენმა კოლეგამ გიორგი კაკაბაძემ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ვან ბაიბურთთან, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი ჯავახეთის სომხური მოსახლეობის პრობლემები.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
რამდენად საფუძვლიანია პარლამენტარის ეს იმედი თუ პროგნოზი, ახლო მომავალი გვიჩვენებს. მე კი შეგახსენებთ, რომ ვან ბაიბურთს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.

უშიშროების არქივი საქართველოში: დაკარგული, დაფარული, თუ შელახული?

დავით კაკაბაძე:
საქართველოს საზოგადოებაში პერიოდულად აქტუალური ხდება ლუსტრაციის პრობლემა. თუმცა, თანამედროვე საქართველო რაც უფრო შორდება დროში საბჭოთა კავშირს, მით უფრო იშვიათად ლაპარაკობენ ლუსტრაციის საჭიროებაზე. წინა მოწვევის პარლამენტში არსებობდა კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ, მაგრამ მის არათუ მიღებას, განხილვასაც არავინ ცდილა. თანაც, საქმეში ჩახედულ ადამიანთა თქმით, ის ე.წ. სუსტ ლუსტრაციას ითვალისწინებდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, განსაკუთრებით, პოლიტიკოსთა შორის, პოპულარული გახდა აზრი, რომ მოხდა უზარმაზარი თვითლუსტრაცია და ლუსტრაციისთვის საგანგებო კანონის მიღება საჭირო აღარ არის. მაგრამ მთავარი არგუმენტი ლუსტრაციის შეუძლებლობის სასარგებლოდ მაინც ის გახლავთ, რომ უშიშროების სამინისტროს არქივები განადგურებულია. თუმცა, როგორც დავით პაიჭაძისგან შეიტყობთ, არც მთლად ასეა საქმე.

დავით პაიჭაძე:
მთლად ასეც რომ არ არის საქმე, ანუ უშიშროების არქივები არსებობს და იქ დაცულია ყოფილი საბჭოთა “კა-გე-ბე”-ს აგენტთა მონაცემები, მე გავიგე შოთა უტიაშვილისგან. შოთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია. მანამდე ეს თანამდებობა უშიშროების სამინისტროში ეკავა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში ლუსტრაციის შესახებ გამართულ დისკუსიაზე შოთა უტიაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მანძილზე, ანუ 1921-1991 წლებში, უშიშროების თანამშრომლებმა საქართველოში გადაიბირეს 200 ათასი მოქალაქე. სხვათა შორის, თავად საქართველოს უშიშროების სისტემაში საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს სამი ათასი კაცი მსახურობდა, როცა, ვთქვათ, 90-ანი წლების ბოლოს - უწყებაში 6 ათასი ადამიანი მსახურობდა. მაგრამ დავუბრუნდეთ აგენტებს:

[უტიაშვილის ხმა] “1990 წელს უშიშროებას ჰყავდა 23 ათასი აგენტი საქართველოში. დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლესობა ცოცხალია. ანაზღაურება, როგორც წესი, უმნიშვნელო იყო: ვთქვათ, დიასახლისი ან ბებია, რომელიც მეზობლებს ასმენდა, ამ საქმეში იღებდა თვეში 10-დან 30 მანეთამდე. 23 ათასი დიდი რიცხვია. ამას უნდა დაემატოს მილიციის აგენტურა. ის არ იყო აღრიცხული და უფრო სხვა საქმეებზე, კრიმინალზე მუშაობდა. მაშინდელი მილიციის აგენტურა ორი ამდენი მაინც იყო”.

რაც შეეხება უშიშროების არქივს; შესაძლოა, ბევრს ახლაც ახსოვს, მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს არჩევნებში გამარჯვებამდე, 1990 წლის სექტემბერში ეროვნული მოძრაობის ზვიად გამსახურიასთან დახლოებული აქტივისტები უშიშროების კომიტეტში შეიჭრნენ. შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ დარბევის შემდეგ წამოიღეს სამხედრო ფორმები, იარაღი, ტელეფონები, ნივთმტკიცებები, მაგრამ არქივისთვის ხელი არ უხლიათ. შოტა უტიაშვილი განმარტავს, რატომ:

[უტიაშვილის ხმა] “არქივის უფროსი, ბატონი მირონოვი იყო ძალიან გონებაგახსნილი კაცი და როცა დაინახა, რომ ხალხი შემოიჭრა, არქივის კარს მიამაგრა წარწერა: “მაღალი ძაბვა! სასიკვდილოა!” მიაკრა თავის ქალისა და ძვლების გამოსახულება. ფაქტია, მაშინ არქივისთვის ხელი არ უხლიათ. დარბევიდან მეორე დღესვე მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება - დალუქეთ ყველა საქმე და წამოიღეთ მოსკოვში!”

1990 წლის სექტემბერში, საქართველოს “კაგებეს” არქივი, 850 ტომარა, მთლიანად აღმოჩნდა სმოლენსკში, უშიშროების ცენტრალურ არქივში. შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, ქართული უშიშროების ოფიცრები ჩადიოდნენ სმოლენსკში. მათ აძლევდნენ უფლებას, ემუშავათ არქივზე, რადგან უამისოდ უწყება პარალიზებული იყო. სმოლენსკში უტიაშვილის თქმით, საქართველოს უშიშროების 60-მდე ოფიცერმა იმუშავა. მათ გაანადგურეს ბევრი მასალა, 300 ტომარა: ნაწილის არსებობა თავად ამ ოფიცრებს ჰგვრიდა შიშს, ნაწილი, კი, ფიქრობდნენ ისინი, თუ რუსეთში დარჩებოდა, საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს. საქმეების ნაწილი ქართველმა უშკომელებმა უკან წამოიღეს. ერთ წელიწადში რუსებმა საქართველოს უშიშროებას დაახლოებით 400 ტომარა დაუბრუნეს, მაგრამ შოთა უტიაშვილის თქმით, ეს არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

[უტიაშვილის ხმა] “ყველაზე მთავარი იქ იყო 88 ტომარა, რომელიც შეიცავდა აგენტების პირად საქმეებს. იქ წერია სახელი, გვარი, ფსევდონიმი. ეს მასალა ისევ სმოლენსკშია და ჯერჯერობით, არ არსებობს არავითარი იმედი, რომ ეს მასალა მთლიანად ჩამოვა აქ. მოქმედი აგენტურის საქმეები, პრინციპში დაბრუნდა, მაგრამ მანამდე რუსებმა გადაიღეს მათი ასლები და დაიტოვეს. ამდენად, რუსებს დარჩათ ამ 23 ათას კაცზე მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შეეძლოთ, ნებისმიერ მომენტში გამოეყენებინათ და გამოიყენეს კიდეც დიდი წარმატებით. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის უშიშროების აგენტი იყო, შემდგომ რუსეთის აგენტი გახდა”.

ამ აგენტურის ნაწილი ქართულმა უშიშროებამ ისევ გადაიბირა, მაგრამ ისინი ნაკლებ საიმედონი არიან, რადგან რუსეთზეც მუშაობენ ამბობს შოთა უტიაშვილი. და მაინც, ამ აგენტების ლუსტრაციას არავინ აპირებს.

[უტიაშვილის ხმა] “ჩვენთან მოქმედებს ინსტრუქცია, რომლის ტანახმად, აგენტურის საქმეები ინახება უვადოდ. რუსულ ენაზე გაკეთებულ საქაღალდეებს აწერია: ХРАНИТЬ ВЕЧНО!“

ამ “ვეჩნა”-მ შეიძლება, სულ არ გასტანოს მუდმივად, თუ პარლამენტის ნება იქნა და ლუსტრაციის კანონი რაიმე ფორმით შეეხო საბჭოთა უშიშროების აგენტებს. აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა. მანამდე კი ქართული უშიშროება დაიცავს საბჭოთა კავშირისგან ნამემკვიდრევ პრინციპს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ჰიტლერის საყვარელი არქიტექტორი. ალბერტ შპეერის დაბადების 100 წლისთავი

დავით კაკაბაძე:
თუ საქართველოში კაცმა ჯერ კიდევ შეიძლება ილაპარაკოს საბჭოთა კავშირისგან ნამემკვიდრევი ამა თუ იმ პრინციპის არსებობაზე, ამას ვერ ვიტყვით კიდევ ერთ ყოფილ ტოტალიტარულ ქვეყანაზე, გერმანიაზე, სადაც ნაციონალ-სოციალისტების პოლიტიკური მემკვიდრეობა მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. რაც შეეხება ნაცისტთა პერიოდის კულტურულ მემკვიდრეობას, აქ საქმე ოდნავ სხვაგვარად არის. და ჩვენც ახლა ამ თემაზე ვისაუბრებთ. "მესამე რაიხის" ლიდერთაგან არავინ განასახიერებს ტოტალიტარულ ამბიციებს ისე, როგორც ალბერტ შპეერი - ჰიტლერის საყვარელი არქიტექტორი, რომელმაც ფორმა შესძინა ფიურერის დიქტატორულ ფანტაზიებს. საკუთარ თავს იგი "აპოლიტიკურ, მოტყუებულ მოქალაქედ" მიიჩნევდა. ამავე დროს შპეერი ერთ-ერთი მცირეთაგანი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურნბერგის პროცესზე თავი დამნაშავედ სცნო. მიუხედავად მისი ნაცისტური წარსულისა, შპეერის ფენომენს ინტერესით ეკიდებიან ომისშემდგომ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ ამ კოლორიტულ ფიგურაზე, რომელსაც 19 მარტს 100 წელი შეუსრულდებოდა.

ბიძინა რამიშვილი:
1905 წელს მანჰაიმში მსხვილ ბიურგერთა ოჯახში დაბადებული შპეერის გზა ნაცისტური მწვერვალებისკენ არ ყოფილა მარტივი და სწორხაზოვანი. ისევე, როგორც მილიონობით მისმა თანამედროვემ, შპეერმაც გამოიარა ვაიმარის რესპუბლიკის არასტაბილური, მოწყვლადი პერიოდი და მათსავით უარყოფდა პოლიტიკას, რომელსაც სიყალბედ მიიჩნევდა.

მაგრამ როცა შპეერმა ბერლინში ჰიტლერი გაიცნო, უმალ მოიხიბლა მისით. "ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც ძალამ ამიყვანა და გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც კი მიწასთან მაკავშირებდა", წერდა იგი თავის "მოგონებებში."

რაიხსკანცლერმა ჰიტლერმა ალღო აუღო შპეერს და მასში ამოიცნო მარჯვენა ხელი თავისი გრანდიოზული ფანტაზიების განხორციელების საქმეში. აქიდან იწყება შპეერის ელვისებური კარიერა. "ჰიტლერმა მთელი სამყარო დამიდო ფერხთითო", იტყვის იგი მოგვიანებით.

ძალაუფლების დემონსტრირებისა და ძალაუფლების ინსცენირების შესახებ მისი იდეები აღაფრთოვანებდა ჰიტლერს. მან შპეერს ნიურნბერგში ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყრილობათა სასახლისა და ბერლინში რაიხსკანცლერის შენობის აგება დაუკვეთა.

ბერლინის ცენტრში შპეერს მთელი კვარტლების მიწასთან გასწორება სურდა გიგანტური შენობებისა და აღლუმებისთვის განკუთვნილი ქუჩების ასაგებად. დაგეგმილი იყო ათასობით ებრაელის გამოყრა საკუთარი ბინებიდან. მონუმენტური შენობებისთვის მასალა თავად ჰაინრიხ ჰიმლერის ეს-ეს-ს უნდა უზრუნველეყო. ამ მიზნით ბევრი საკონცენტრაციო ბანაკი ქვის კარიერებისა და თიხნარის სიახლოვეს აიგო და პატიმრების შრომას იყენებდა. მაგრამ "მსოფლიო დედაქალაქის" გრანდიოზული პროექტი მცირე გამონაკლისების გარდა ქაღალდზე შემორჩა ესკიზების სახით.

1942 წლის თებერვალში შპეერი შეიარაღების მინისტრად დაინიშნა, მას მერე, რაც მისი წინამორბედი, ფრიც ტოდტი გაურკვეველ ვითარებებში დაიღუპა ავიაკატასტროფაში. მრეწველობის დახმარებით შპეერმა სამინისტრო აქცია გიგანტურ ორგანიზაციად, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ავრცელებდა კონტროლს ეკონომიკაზე. ამას შედეგად ნაცისტების სხვა ლიდერებთან დაპირისპირებები მოჰყვა. ისინი შპეერს მენეჯმენტის კაპიტალისტურ მეთოდებში სდებდნენ ბრალს. პირველ რიგში ჰიმლერი ხედავდა შპეერში თავის კონკურენტს ჰიტლერთან სიახლოვისთვის ბრძოლაში. მალე შპეერსა და ჰიტლერს შორის ურთიერთობებშიც ბზარები გაჩნდა მას მერე, რაც მინისტრმა ფიურერს დაძაბულ სამხედრო ვითარებაზე მიუთითა. "თქვენ ჰიტლერის უიღბლო სიყვარული ბრძანდებით," უთხრა ერთხელ შპეერს მისი კანცელარიის უფროსმა კარლ მარია ჰეტლაგემ.

ომის დასასრულისკენ გაძლიერებული საჰაერო იერიშების მიუხედავად შპეერმა ბოლომდე შეძლო სამხედრო მრეწველობის კარგ ფორმაში შენარჩუნება. 1944 წელს პროდუქციამ პიკს მიაღწია.

მართალია, შპეერი მალევე მიხვდა, რომ ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ისტორიკოსი ჰაინრიხ შვენდემანი შენიშნავს, შეიარაღების მინისტრი თავზეხელაღებული მობილიზაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა.

სხვათა შორის, ჰიტლერის წინააღმდეგ 1944 წელს დაგეგმილი შეთქმულების მონაწილეებს შპეერი, რომელსაც მოკავშირეებთან პოლიტიკური შეთანხმების იმედი ჰქონდა, მინისტრთა მომავალი კაბინეტის წევრადაც ჰყავდათ გათვალისწინებული, თუმცა თავად შპეერმა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო. ჰიტლერის მიერ გაცემული განკარგულების შესრულებას, მთლიანად გაენადგურებინათ ინფრასტურქტურა, შპეერი შეგნებულად ამუხრუჭებდა.

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ალბერტ შპეერი მოკავშირეებმა დააპატიმრეს და იგი ნიურბერგის ტრიბუნალის წინაშე წარდგა. პროცესზე იგი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა ჰოლოკოსტის შესახებ და თავს ჰიტლერის მიერ "შეცდენილად" წარმოადგენდა. 1946 წელს მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობილი ფსიქოლოგი ალექსანდერ მიჩერლიხი შპეერს "ფაქიზი სულის პატრონ უდანაშაულო დამნაშავეს" უწოდებს. 1966 წელს ციხიდან გამოშვების შემდეგ შპეერმა ამგვარი პოზიციის გამო სიმპათიები მოიმკო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზოგადოებაში. მისი "მოგონებები" და "შპანდაუს დღიურები" საერთაშორისო ბესტსელერებად იქცა.

[მუსიკა]

როცა პოლიტიკოსები "პიიტობენ"...

დავით კაკაბაძე:
ადოლფ ჰიტლერის საყვარელ არქიტექტორზე ალბერტ შპეერზე ბიძინა რამიშვილი გიამბობდათ. მაგრამ ამით პოლიტიკისა და ხელოვნების ურთიერთმიმართებაზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. პოლიტიკოსები ზოგჯერ ძალიან მოსაწყენები არიან - მართალია, დღევანდელი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მოწყენილობას არ უნდა ვუჩიოდეთ, მაგრამ ვისაც საბჭოთა პერიოდი, ან ვარდების რევოლუციამდელი მთავრობის სხდომები ახსოვს - რიგითი სხდომები - ალბათ, მაგალითების გახსენება არ გაუჭირდება: თუნდაც კომპარტიის ყრილობებზე მაღალჩინოსანი ფუნქციონერების გამოსვლების სახით, ან ქართველი მინისტრების მოხსენებებით, დავუშვათ, ენერგეტიკის სფეროში გაკეთებულ მიღწევებზე. მოსაწყენი მოღვაწენი, რასაკვირველია, უცხოეთშიც ჰყავთ - მაგრამ არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც არათუ, არ მოაწყენენ მსმენელს, ხელოვნების ნიმუშების შექმნითაც იპყრობენ მის ინტერესის. ხელოვნებისადმი მიდრეკილთა სია გრძელია: დღეს მარიამ ჭიაურელი თქვენს ყურადღებას სიმღერისა და პოეზიის მოყვარულებზე შეაჩერებს.

მარიამ ჭიაურელი:
სამი წლის წინ შეერთებული შტატების მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მოხსენებით გამოვიდა სემინარზე ჩრდილოეთ კეროლაინას შტატში. ამ მინისტრის გვარი ჩვენს მსმენელს ალბათ, არ ახსოვს, და ამერიკაშიც უსტიციის მინისტრის გამოსვლა სულ მალე უთუოდ დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა შემდეგი ეპიზოდი, რომელმაც, მასმედიის ყურადღება მიიქცია: საქმე ის არის, რომ მინისტრმა სიმღერა დაიწყო.

[მღერის ჯონ ეშკროფტი]

ჯონ ეშკროფტმა, ამერიკის მაშინდელი იუსტიციის მინისტრი კი ეშკროფტი იყო, არა მარტო იმღერა - მისივე დაწერილი იყო ამ სიმღერის ტექსტი, რომელსაც პატრიოტული ლირიკის ჟანრს მიაკუთვნებენ: მინისტრმა სამშობლო ცაში აჭრილ არწივს შეადარა.

სიმღერით ყურადღების მიპყრობა სილვიო ბერლუსკონიმაც შეძლო. ორი წლის წინ, როცა იტალიის მთავრობა და ოპოზიცია ერთ-ერთ სადავო პოლიტიკურ საკითხზე ბჭობდნენ, პრემიერ მინისტრმა ბერლუსკონიმ აღიარა, რომ საკითხში ვერ გაერკვია, ვინაიდან მეტისმეტად დაკავებული იყო ... სასიყვარულო სიმღერების ტექსტებზე მუშაობით. მოგვიანებით, გიტარისტმა მარიანო აპიჩელამ პრემიერ-მინისტრის ტექსტებისთვის მუსიკა შეთხზა და დისკიც გამოუშვა...

[მუსიკა]

პოეზიაში ძალები აქვთ მოსინჯული რუს პოლიტიკოსებსაც - რუსეთში იანვარში გამოიცა კრებული, რომელში შესული ლექსების ავტორებიც დიპლომატები არიან, მათ შორის ნომერი პირველი დიპლომატი - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეერთებულ შტატებში უილიამ კოენმა ლექსების ორი კრებული გამოაქვეყნა, ვიდრე 1997 წელს თავდაცვის მინიტრსად დაინიშნებოდა. ჯიმი კარტერი კი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც რომანის და, ისევ და ისევ, ლექსების კრებულის ავტორი გახდა. უნდა ითქვას, რომ მის მაგალითს სხვა პრეზიდენტებმაც მიბაძეს.

შემოქმედებითი ენერგიით გამოირჩევა თურქმენეთის პრეზიდენტი - თურქმენბაში, რომელიც მართალია, არა ამერიკის პრეზიდენტებივით ოთხი წლით, არამედ სამუდამოდ არის არჩეული ამ საპატიო პოსტზე, მაგრამ მაინც ძალიან ამაყობს თავის დემოკრატიული მიღწევებით. და მიღწევებით თავის იწონებს თავისი შემოქმედების პოეტურ ნიმუშში, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ. ეს ლექსი მან ტელევიზიაში წაიკითხა - იმედია, მსმენელი არ დაგვძრახავს უხეირო თარგმანისათვის...

[საფარმურად ნიაზოვის ხმა] “მმართველები, სწავლულები და მწყემსები აქ თანაბარი არიან. ეს არის ჩემი ნათელი დემოკრატია, თურქმენები აშენებენ - შენება კი მოციქულის გზაა, თურქმენები ქმნიან - შექმნა კი ღვთის გზაა. საფარმურატ თურქმენი, ღვთის საყვარელი ძე, წესიერად იღწვის და ცხოვრობს. ეს არის ჩემი გულწრფელი დემოკრატია...”

და ასე შემდეგ - საფარმურად თურქმენს ქვეშერმდომები, შესაძლოა, ტაშს უკრავდნენ, მაგრამ როგორ უნდა შეფასდეს მისი ლექსები მხატვრული თვალსაზრისით?

ამ შეკითხვით მიმართა ჩვენმა კოლეგამ, კეტლინ ნოქსმა, რომელსაც აქვე მადლობას ვუხდი ამ სიუჟეტისათვის მასალის მოპოვების გამო, თურქმენ მწერალს, ემიგრაციაში მყოფ შირალი ნურმირადოვს და შემდეგი პასუხი მიიღო:

[შირალი ნურმირადოვის ხმა] “ბევრი რამ, ნიაზოვის ლექსებში, პოეტური თვალსაზრისით კარგია - განსაკუთრებით წარსულისა და თანმედროვეობის შერწყმა. ეს მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება რუსულად ლაპარაკობდა და რომელიც გრამატიკულად გამართულ ერთ სტრიქონსაც ვერ წერს თურქმენულად - შეუძლებელია, ასეთი პოეზიის ავტორი იყოს...”

ო, ეს უკვე არ ჰგავს ტაშის დაკვრას... მაგრამ, რას იზამ - საქმეც ის არის, რომ როცა ხელოვნების ნიმუშის შექმნასა და გამოქვეყნებას ბედავ, კრიტიკის, ის კი არა, დაცინვის მომკის რისკზე მიდიხარ. ეს ყველას ეხება - სამუდამოდ არჩეულ პრეზიდენტებსაც.
მაშ, რატომ მიდიან ასეთ რისკზე - დიდ რისკზე პოლიტიკოსები?
ამ საკითხზე თავისი თეორია აქვს ამერიკელ იუმორისტს, ჰარტ სილის.

[ჰარტ სილის ხმა] “ამქვეყნად არაფერია უფრო ეგოისტური, ვიდრე მწერლობა - რადგან ეს ნიშნავს რომ გგონია, რომ შენ ხალხისთვის რაღაც გაქვს სათქმელი. და თუ არსებობს საქმე, რომელიც ეგოისტურობის ხარისხით მწერლობას ერთი საფეხურით ჩამოუვარდება, ეს არის ხალხის გაძღოლის სურვილი - პოლიტიკოსობა”.

შეგვიძლია დავსაკვნათ, რომ პოლიტიკოსები, როცა პოეტობენ (ამის მაგალითები კი საქართველოს ისტორიაშიც მოიძებნება თუნდაც პოეტი მეფეების სახით), ეგოისტობის ახალ, უმაღლეს საფეხურზე ადიან. სილი არ გამორიცხავს, პოლიტიკოსებიდან მავანი ფიქრობდეს - რომ ადამიანებს მოხდენილი სტრიქონით უფრო დიდხანს დაამახსოვრებს თავს, ვიდრე ღვაწლით ეკონომიკის, ჯანდაცვის, თუ სამხედრო სფეროებში.

და თუ ასეა, ჯონ ეშკროფტის არწივი მაშინაც იფრენს ზეცაში, როცა მისი პოლიტიკური ღვაწლი არა მარტო ქართველ მსმენელს - ამერიკელებსაც დაავიწყდებათ...

[მღერის ჯონ ეშკროფტი]

დავით კაკაბაძე:
აი, ასე მღერის აშშ-ის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონ ეშკროფტი. ეს მასალა მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

მუსიკის მაღაზია პუშკინის ნომერ 6-ში: თბილისელი მელომანების საყვარელი ადგილი

დავით კაკაბაძე:
მელომანებს კი, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააინტერესებს შემდეგი სიუჟეტი, რომელშიც თბილისში, პუშკინის ექვსში მდებარე მუსიკალურ მაღაზია "პლანეტა პლუსზე" მოგითხრობთ. თუმცა, როგორც სიუჟეტიდან შეიტყობთ, ამ ადგილს მფლობელიც და მყიდველებიც მუსიკის მოყვარულთა კლუბად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მაღაზიად. "პლანეტა პლუსის" კლიენტებს შორის ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ორი ათეული წლის წინ სუკისგან თუ მილიციისგან მალულად იკრიბებოდნენ და როკ-მუსიკას უსმენდნენ. ჩვენი კორესპონდენტი, სალომე ასათიანი, "პლანეტა პლუსის" მეპატრონეს, მირიან თავზარაშვილს შეხვდა.

[მუსიკა: The Jimi Hendrix Experience, Driving South]

[მირიან თავზარაშვილის ხმა]: "მირიან თავზარაშვილი, პროფესიით- დაუმთავრებელი უმაღლესი, ასე რომ ვთქვათ. მელომანი - ბავშვობიდან. როგორც ყველა იწყებდა, ჩვენ დროს, მეც ‘ბიტლებით’ დავიწყე. მერე ნელა-ნელა გაიზარდა გემოვნება. ფლოიდები გამოჩნდა, ზეპელინები გამოჩნდა - ჩემს ცხოვრებაში ვგულისხმობ, რომ გამოჩნდა. მაშინ ვინილის დისკებს ვაგროვებდით - დაგვდევდა ყველა და იყო მილიციის გამოკიდებები, დისკების დამტვრევები..."

სალომე ასათიანი:
მირიანს რამდენიმე დღის წინ ‘პლანეტა პლუსში’ შევხვდი. უკვე გვიანი საღამო იყო - მირიანი ის-ის იყო აპირებდა მაღაზიის დაკეტვას. მაგრამ, ალბათ როგორც ერთ-ერთ ერთგულ კლიენტს, დაღლილობის მიუხედავად ინტერვიუს ჩაწერაზე მაშინვე დამთანხმდა.

მიუხედავად იმისა, რომ მირიანს უკვე რამდენიმე წელია, ვიცნობ, ინტერვიუს დროს პირველად მომეცა საშუალება წარსულის შესახებ გავსაუბრებოდი. გავიგე, რომ დაახლოებით ორი ათეული წლის წინ იგი იმ ახალგაზრდებს შორის იყო, რომლებიც საბჭოთა სუკისგან და მილიციისგან მალულად იკრიბებოდნენ და როკ მუსიკას უსმენდნენ. ამ მუსიკას, მოგეხსენებათ, საბჭოთა პროპაგანდა დასავლეთის დეგრადირებული, ამორალური და გაუცხოვებული ახალგაზრდებისთვის შექმნილ კომერციულ სატყუარას უწოდებდა, და ყველანაირად ცდილობდა მისგან საბჭოთა ახალგაზრდობის დაცვას. მაგრამ საბჭოთა იმპერიის ბოლო წლებში რკინის ფარდის მეორე მხრიდან სულ უფრო მეტი ინტენსივობით შემოდიოდა კულტურული პროდუქცია, და ამ კულტურულ ფორმებს სულ უფრო მეტი მიმდევარი უჩნდებოდა საბჭოთა ახალგაზრდებს შორის.

მირიანი იმ დროს ასე იხსენებს:

[მირიან თავზარაშვილის ხმა]: "მარტო ფირფიტის შეძენა არ იყო საქმე; რაღაც საგანს იძენდი. ისე არ იყო, ახლა რომ არის - ამდენი რომ აწყვია აქ და აირჩიე, რამდენიც გინდა. რაღაცას რომ შოულობდი, ეს იყო საგანი, სახლში უნდა დაგედო, გამოსაჩენ ადგილას, და ხალხი უნდა მოსულიყო იმის სანახავად, მოსასმენად."

დღეს, ცხადია ვითარება რადიკალურად შეიცვალა, და თბილისში უცხოეთის კულტურული პროდუქცია ფართოდ და დაუბრკოლებლად ვრცელდება. თუ ადრე საქართველოც და ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკაც მოსკოვის დირექტივების მიხედვით აწესებდა ცენზურის პოლიტიკას, დღეს დასავლური მუსიკა საქართველოში ძირითადად სწორედ რუსეთიდან შემოდის. მირიან თავზარაშვილის აზრით, ეს უპირველესად, ეკონომიკური მიზეზებით ხდება - მუსიკალური პროდუქციის რუსეთიდან შემოტანა შეუდარებლად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებიდან:

[მირიან თავზარაშვილის ხმა]: "ალიან ბევრი სტუდია არის მოსკოვში, ფირმები არის. ბირჟა არის ასეთი, რომელიც აგროვებს ყველა სტუდიიდან. მერე მთავაზობენ პრაისებით, ინტერნეტით მიგზავნიან პრაისებს. კურიერი გვემსახურება, ის აგროვებს ჩვენს შეკვეთას და აგზავნიან."

მირიანის თქმით, ‘პლანეტა პლუსის’ კლიენტების დიდ ნაწილს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ როკის მიმდევრები ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში. თუმცა მაღაზიას ახალგაზრდებიც აკითხავენ. მირიანი ამაყობს, რომ მუსიკა, რომელსაც იგი მოსკოვში უკვეთავს, მხოლოდ კომერციულ პოპი არ არის, და რომ საქართველოში შედარებით ნაკლებად კომერციულ მუსიკასაც ბევრი მიმდევარი ჰყავს:

[მირიან თავზარაშვილის ხმა]: "თვითონ მოსკოვშიც აღუნიშნავთ, რომ ისეთი კატეგორიის მუსიკას ვუკვეთავ, რომ არც მოელოდნენ, რომ საქართველოში, საერთოდ, ვინმე ასეთ მუსიკას უსმენს. აი, თუნდაც ავანგარდი; ალტერნატიული მუსიკა მარტო ახალგაზრდებს როგორც ესმით, ის ხომ არ არის; ალტერნატიული მუსიკა იყო 50-იანი წლებიდან - ჯაზიდან დაიწყო."

პლანეტა პლუსი ცოტა ხნის წინ ‘გაფართოვდა’ და აბაშიძის ქუჩაზე კიდევ ერთი ფილიალი შეიძინა. მაგრამ მელომანები ყველაზე ხშირად ჯერ მაინც პუშკინის 6-ში მდებარე ძველ ოფისს აკითხავენ, ვინაიდან მიჩვეულები არიან ამ პატარა ოთახის მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს. აქ მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს - მირიანი და მისი კოლეგა, ნინო ზარიძე. მირიანის თქმით, ამ ოფისს ‘მაღაზიაზე’ მეტად კლუბის ფორმა გააჩნია:

[მირიან თავზარაშვილის ხმა]: "ამ მაღაზიაში, ძირითადად, ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. ყველას ვიცნობ. ხუმრობენ ხოლმე, რომ ეს კლუბი უფრო არის, ვიდრე მაღაზიაო, იმიტომ, რომ ყველას ვიცნობ, ყველა მიცნობს. მოსმენა შეიძლება, დივიდის ყურება შეიძლება, ლაპარაკი მიდის… კლუბის ვარიანტი უფრო გამომდის ხოლმე, ვიდრე მაღაზია - შემოხვიდე, იყიდო და გახვიდე…"

[მუსიკა: Bau, Raquel]

დავით კაკაბაძე:
თბილისში, პუშკინის ექვსში მდებარე მუსიკალური მაღაზია "პლანეტა პლუსის" მეპატრონეზე, მირიან თავზარაშვილზე, სალომე ასათიანის მიერ მომზადებული ამ მასალით ვამთავრებთ "მეათე სტუდიას". იგი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან ლევან გვარამაძე იჯდა. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG