Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქმიანი ცენტრი მარცხენა სანაპიროზე ინაცვლებს


იდეა, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, თბილისის საქმიანი ცენტრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადატანას ითვალისწინებს. ამ მიზნით საქართველოს

რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ ("GRDC") დედაქალაქის მთავრობას „თბილისი სიტის“ პროექტი წარუდგინა. იდეის თანახმად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მარჯანიშვილის გამზირის გასწვრივ, დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრზე, საქართველოს ფინანსური და საქმიანი ცენტრი უნდა განთავსდეს. პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში, ქალაქის აღნიშნულ ნაწილში განლაგდება მსხვილი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ოფისები, ბანკები და სასტუმროები.

დედაქალაქის საქმიანი ცენტრის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადატანის იდეა თბილის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ეკუთვნის. საჯარო გამოსვლებისას ქალაქის თავკაცს არაერთხელ უთქვამს, რომ მარჯვენა სანაპიროზე გაჩაღებულ მშენებლობათა ნაწილის მარცხენა სანაპიროზე გადატყორცნით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიც ისეთივე ღირებული გახდება, როგორიც ვაკე-საბურთალოა. ის ფაქტი, რომ ქალაქს ჯერჯერობით განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა არა აქვს, მერის მიზნებს დიდად ვერ შეაფერხებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ერთან მთლიან გეგმაზე რომ ვილაპარაკოთ, ამას დასჭირდება წლები. ამიტომ ყველაზე საკვანძო უბნებში, სადაც მშენებლების ინტერესიც არის, იქ გაკეთდება, პირველ რიგში, „გენსქემები“, რომლებიც მოაწესრიგებს სამშენებლო ნებართვების გაცემას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოწესრიგდეს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია და არა ისე, რომ დავტოვოთ ვაკუუმი სამი წლით და მერე ვიფიქროთ რაღაც ერთიანი გეგმის დამტკიცებაზე.“(სტილი დაცულია)


ეს განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამ რამდენიმე თვის წინ მშენებლებთან შეხვედრისას გააკეთა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა დედაქალაქის საქმიანი ცენტრის მარცხენა სანაპიროზე გადატყორცნის ქაღალდზე გადატანილი გეგმა, თუმცა ხარვეზი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ გამოასწორა. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი კილაურიძის თქმით, „თბილისი სიტი“, სავარაუდოდ, ერთ კვადრატულ კილომეტრზე გაშენდება:

[ირაკლი კილაურიძის ხმა] „ტერიტორიულად ეს განლაგდება მარჯანიშვილისა და უზნაძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. შეირჩა იმიტომ, რომ რამდენიმე მომენტია - ეს არის ცენტრთან ახლოს, მაგრამ არ არის ისტორიული ნაწილი. არის პლეხანოვის გამზირი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის ცხოვრებაში; იქვე არის მეტროსადგური “მარჯანიშვილი”, რის გამოც ადვილი მისადგომია, ისევე როგორც მანქანით არის ადვილად მისასვლელი, რაც საქმიანი ადამიანებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.“(სტილი დაცულია)

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს თბილისის მერიის ხელმძღვანელობა. დედაქალაქის პრემიერი თემურ ქურხული დარწმუნებულია, რომ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პირველ რიგში, თბილისელები იხეირებენ:

[თემურ ქურხულის ხმა] „ჩვენ უნდა მივიღოთ ოფისებისთვის ცალკე უბანი, საქმიანი ცენტრი, სადაც ნებისმიერ კომპანიას შეეძლება დაიქირაოს საოფისე ფართი, ანუ განტვირთავს ქალაქის სხვა უბნებს ამ ოფისებისგან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, უხერხულობას უქმნის ქალაქის მოსახლეობას.“

პროექტის თანახმად, „თბილისი სიტის“ ტერიტორიაზე დაახლოებით 100-150 ათასი კვადრატული მეტრის ახალი საოფისე ფართი უნდა აშენდეს, თუმცა პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ისტორიული მნიშვნელობის ავარიულ შენობებსაც. ირაკლი კილაურიძის თქმით, პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 10 წელია, ხოლო ღირებულება 45-50 მილიონი ამერიკული დოლარი. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ღიაა და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG