Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


დღეს თბილისში ვიზიტი დაასრულა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. სამი დღის განმავლობაში ტერი დევისმა საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრების

და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა და შედეგები დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეაჯამა.

შეხვედრებისას საქართველოში არსებული სიტუაცია, ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულება და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა განიხილებოდა.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის ინსტრუქციების გაცემას არ ვაპირებ, რადგან საქართველო თავადაა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა" - აცხადებს ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტერი დევისი, რომელიც საკუთარ მიზნად ასახელებს თანამშრომლობას დახმარებისთვის.

ვიზიტის ბოლო დღეს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და საქართველოში სტუმრობის შედეგები საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამა.

ტერი დევისმა კვლავ გაიმეორა, რომ ქვეყანაში წინსვლა იგრძნობა, თუმცა, გასაკეთებელი ბევრი რამაა და საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპის საბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის დეპორტირებული მესხების დაბრუნების აუცილებლობა. გენერალური მდივნის განცხადებით, ამ მხრივ, გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს კონკრეტულად არაფერი გაუკეთებია:

[ტერი დევისის ხმა] ,,ამ ხალხის დაბრუნების ვალდებულება საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო. ეს იყო დაპირება, რომელიც ქართველებმა უნდა შეასრულონ.”

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საკმაოდ კარგს და გულწრფელს უწოდებს იმ ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონს იანვარში შესთავაზა და ამბობს, რომ იმედი გაუცრუვა იმ სწრაფმა და უარყოფითმა რეაქციამ, რომელიც ოსურმა მხარემ გამოხატა.
ამასთან, ტერი დევისს აუცილებლად მიაჩნია კონფლიქტის ზონაში, გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაჩენილი შიშის დაძლევა:
[ტერი დევისის ხმა] ,, ვფიქრობ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს მოქმედება, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თავს კიდევ უფრო დაუცველად არ აგრძნობინებს. როგორც სუვერენულ ქვეყანას, საქართველოს უფლება აქვს ჰყავდეს ეფექტური არმია, მაგრამ არა მგონია, რომ ძალის საჯარო დემონსტრირება დაეხმარება პრობლემის მოგვარებას. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ძალის გამოყენებას აპირებენ, თუმცა, საქმე ის არის, როგორ აღიქვამენ ამას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.”

ტერი დევისი სერიოზულადაა დაინტერესებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებითაც და მხარს მხოლოდ სამშვიდობო პროცესს უჭერს.

საქართველოში არსებული კონფლიქტების დაძლევის მიზნით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ქვეყნის ხელისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომზადებას სთავაზობს. ცნობილია, რომ ევროპის საბჭო უკმაყოფილოა აჭარის ამჟამინდელი ავტონომიური მოდელით და რეგიონის უფლებების გაფართოებას მოითხოვს. ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საერთაშორისო ვალდებულებას უახლოეს ხანში შეასრულებს. საუბარია პროცესუალური გარიგებების გაუქმებაზე, რეგიონებში თვითმმართველობის როლის გაზრდასა და რამდენიმე კონვენციის რატიფიცირებაზე. ამ დოკუმენტებს შორისაა ევროპის ახალი სოციალური ქარტია, ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის კონვენცია და უმცირესობების ენათა ევროპული ქარტია. ამ ვალდებულებათა შესრულებას ევროპის საბჭო საქართველოსგან სექტემბრამდე ელის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG