Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს კონტურები


დავით პაიჭაძე, თბილისი თვეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ამოიწურა ვადა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა დასასახელებლად. ეს დრო საკმარისი

აღმოჩნდა იმისათვის, რომ პრეზიდენტს შეერჩია ის 18 კანდიდატურა, რომელთაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 18-დან 9-ს შეარჩევს. მინდა სამეურვეო საბჭოს კანდიდატებსა და ზოგიერთ მათ მოვალეობაზე გესაუბროთ.

სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებლობაში უმაღლეს მენეჯმენტს ახორციელებს: სწორედ საბჭო განსაზღვრავს სამაუწყებლო პოლიტიკას და მას მოეთხოვება სწორედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტების შესრულება. უპირატესი მნიშვნელობა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მუშაობაში ენიჭება მიუკერძოებლობას, დაბალანსებულ ინფორმაციას, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას. საბჭო და მის მიერ არჩეული გენერალური დირექტორი უნდა იყოს ფარი საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის და უნდა დაიცვას ის ხელისუფლების, პოლიტიკური, კომერციული თუ რელიგიური ჯგუფების გავლენისაგან.

კანონში ჩადებული ნორმების ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოში, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ სრულიად ახალი ტიპის მაუწყებლობა, რომელსაც ვერ აიძულებენ ისევე გაიტაცოს პოლიტიკურმა რეკლამამ, როგორც დღევანდელი წამყვანი სატელევიზიო არხები. მაგრამ იქამდე გვარიანი დრო და მანძილია დარჩენილი.

ახლა კი თავად კანდიდატთა შესახებ: პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა ასე ჩამოაყალიბა ძირითადი კრიტერიუმი, რითაც მიხეილ სააკაშვილმა ეს 18 პიროვნება შეარჩია:

[ჩარკვიანის ხმა] “პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა ასეთი კრიტერიუმებით: აქ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პროფესიათა მრავალფეროვნება და სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. არავითარი პოლიტიკური ინტერესები ამ სიაში არ უნდა გამოვლენილიყო.”

მართლაც, წარმოდგენილ პიროვნებებს არ ჰქონიათ აქტიური პოლიტიკური პრაქტიკა. უმეტესობა სამოქალაქო სექტორში საქმიანობს, ოთხი მათგანი კი უშუალოდ მასმედიისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობს. ესენი არიან: ხათუნა კვესელავა, მაია მიქაშავიძე, თამარ კინწურაშვილი, თამარ შამილი. აქ არიან საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი ალექსანდრე რონდელი და პოლიტოლოგი გია ნოდია. ნიკოლოზ ყაველაშვილი მცირე ხნით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლო დროს ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდის დირექტორია. მას კვალიფიციური ფინანსისტის რეპუტაცია აქვს. ორი კანდიდატი - ვახტანგ ბაბუნაშვილი და მამუკა ხერხეულიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრობლემატიკას სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგის კომისიაში მუშაობისას ეზიარა. ლევან თარხნიშვილი, ლინა პანტელეევა და გიორგი ქავთარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მედიაში, დღეს ისინი სამოქალაქო განათლებისა და კვლევების სფეროში საქმიანობენ. გიორგი ხუბუას - შესაძლოა, გახსოვდეთ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც ასახელებდნენ: სამეურვეო საბჭოს ნადვილად არ აწყენდა თუნდაც ერთი კვალიფიციური იურისტი. ასეთი შეიძლება იყოს ანა დოლიძეც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ოდნავ დამაბნეველია წარმოდგენილ სიაში თავ-თავიანთი დარგების უმაღლესი რანგის პროფესიონალთა გამოჩენა. ესენი გახლავან: მედიცინის დოქტორი ფრიდონ თოდუა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი. უნდა ითქვას, ისინი ნამდვილად აკმაყოფილებენ სამეურვეო საბჭოს წევრისათვის წაყენებულ ერთ მოთხოვნას – არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე ადამიანები. ერთი დეტალიც: კანდიდატთა უმეტესობა მუშაობს განათლების სფეროში.

ყველაზე სკეპტიკური შეფასება, რაც მე მოვისმინე საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის შესახებ, ასეთი გახლავთ: უარესიც შეიძლება ყოფილიყო. ნამდვილად, მაგრამ ამ ჯერზე პრეზიდენტს სია ზომიერად ნიჭიერი, მაგრამ, სამაგიეროდ, გერგილიანი კონფორმისტებით არ გაუჯერებია. და მაინც, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის აირჩევს ამ სიიდან პარლამენტი.
XS
SM
MD
LG