Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ნოემბრის არჩევნებისათვის თადარიგს იჭერს


თუმცა აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ შვიდი თვე რჩება, სამხრეთ კავკასიის ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ანტისამთავრობო კოალიცია,

რომელიც თადარიგს იჭერს მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად. აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კარგი გაკვეთილი მიიღეს წინა არჩევნებში დამარცხებით და ახლა, დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველსაყოფად, გადაწყვეტილი აქვთ გადალახონ ტრადიციული ქიშპობა. თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომავალი არჩევნების წინ სიტუაცია ისეთია, რომ აზერბაიჯანი ვერ ასცდება რევოლუციის ტალღას.

აზერბაიჯანის რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა და ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ 12 აპრილს განაცხადეს, რომ ახალ საარჩევნო ბლოკს ქმნიან. ალიანსს აზერბაიჯანულად ”იენი სიასეთი”, ანუ “ახალი პოლიტიკა”, ეწოდება და მასში ისეთი ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ, როგორებიც არიან: პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ელდარ ნამაზოვი, სახელმწიფო მდივანი ქალი ლალე შოვკეთი და აზერბაიჯანის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ეტიბარ მამედოვი. როგორც ელდარ ნამაზოვმა რადიო თავისუფლებას” განუცხადა, ”იენი სიასეთის” მთავარ მიზანს ”კლანურ პრინციპზე არსებული რეჟიმის” შეცვლა წარმოადგენს:

[ელდარ ნამაზოვის ხმა]”ბლოკი თავისუფალი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებისა და აზერბაიჯანში ღრმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისათვის იბრძოლებს. ანუ ბლოკი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისათვის კი არ იბრძოლებს, არამედ ჩვენ უფრო შორსმიმავალი სტრატეგიული მიზანი გვაქვს - ბოლო მოვუღოთ აზერბაიჯანში კორუმპირებული და ავტორიტარული მართვის სტილს და ავაშენოთ ახალი დემოკრატიული სისტემა.”

ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციურ სპექტრში ახალი გადაჯგუფება დაიწყო. 2003 წლის არჩევნებზე ეტიბარ მამედოვი, აზერბაიჯანის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ”სახალხო ფრონტის” დემოკრატიული ფრთის ლიდერ ალი კერიმისთან ალიანსში გამოდიოდა. ახლა მამედოვმა დატოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და კოალიცია ”იენი სიასეთის”(“ახალი პოლიტიკის”) წევრი გახდა. ალი კერიმი კი, თავის მხრივ, ”მუსავატისა” და დევნილობაში მყოფი რასულ გულიევის დემოკრატიული პარტიისაგან შემდგარ კოალიციას შეუერთდა. ალი კერიმმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ წინა არჩევნების დროს განცდილი მარცხი ჭკუის სასწავლი გაკვეთილი აღმოჩნდა:
[ალი კერიმის ხმა]” ეს არჩევნები ჩვენთვის უბრალოდ არჩევნები არ არის. ეს არჩევნები არის დემოკრატიისათვის ბრძოლა, ბრძოლა - დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისათვის. ცალ-ცალკე ჩვენ ვერ შევძლებთ არჩევნები მოვუგოთ ამ რეჟიმს. ამიტომ ძალიან საჭიროა ყველას ძალისხმევის გაერთიანება. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანალიზის შედეგად, ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჭიროა ყველა რესურსისა და ძალის გაერთიანება, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი მარცხი. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ასე ადრე წინასაარჩევნო კამპანია.”

მაგრამ რა პოლიტიკურ რესურსსა და ძალას ფლობს დღეს აზერბაიჯანის ოპოზიცია იმისათვის, რომ სერიოზულად დაუპირისპირდეს პროსამთავრობო ბლოკ ”ახალ აზერბაიჯანს”, რომელსაც სათავეში ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი ილხამ ალიევი უდგას?. ”ახალ აზერბაიჯანს” ხელთ უპყრია სახელისუფლებო ბერკეტები, ფული და გავლენა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე. ოპოზიცია კი, ამ თვალსაზრისით, აშკარად, არათანაბარ მდგომარეობაშია. თავის დროზე ამით კარგად სარგებლობდა ხელისუფლება, რომელიც ტრადიციულ ოპოზიციურ პარტიებთან ფარულ გარიგებაში შედიოდა და ბზარი შეჰქონდა მათ მყიფე ერთიანობაში, ამბობს რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი ელხამ ნასიბოვი:

[ელხამ ნასიბოვის ხმა] ”წინა არჩევნების დროს ”მუსავატი” დარჩა გარეთ, ”სახალხო ფრონტს” კი პარლამენტში 8-10 ადგილი ერგო. იგი დაკმაყოფილდა და ”მუსავატს” აღარ ექომაგებოდა.”

გარდა ამისა, აზერბაიჯანში ძალიან სუსტად არის განვითარებული დამოუკიდებელი პრესა, განსაკუთრებით -ელექტრონული მედია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ხელისუფლების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა ორჯერ აღემატება ოპოზიციისას. და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 125 დეპუტატი მხოლოდ მაჟორიტარული წესით ირჩევა, რაც ასუსტებს პოლიტიკური პარტიების როლს. შესაბამისად, როგორც რადიო ”თავისუფლების ”პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, ოპოზიციური პარტიები იძულებულები იქნებიან ხმების დასაცავად უფრო აქტიურად იმოქმედონ. და ეს არა ქართულ-უკრაინული, არამედ ყირგიზული სცენარით მოხდება.

[ელხამ ნასიბოვის ხმა] ”ჩვენი ოპოზიცია - ფულის, ნორმალური პრესისა და გავლენის გარეშე - ძალიან სუსტი ოპოზიციაა. მაგრამ არა საქართველოსა და უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმა, არამედ ყირგიზეთის მაგალითმა აუმაღლა მას ტონუსი, რომ სუსტი ოპოზიციაც კი შეიძლება იყოს ანგარიშგასაწევი.”

აზერბაიჯანის ოპოზიციას 2003 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა მცდელობა დემონსტრაციებისა და პიკეტების მოწყობით დაეცვა საკუთარი ამომრჩევლის ხმები. მაგრამ მათი ეს მცდელობა ხელისუფლებამ სასტიკად აღკვეთა. 150-მდე პოლიტიკური აქტივისტი ციხეში მოხვდა, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, და ისინი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მხოლოდ მიმდინარე წელს, ევროსაბჭოს ზეწოლის შედეგად, გაათავისუფლა საპატიმროებიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG