Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


სამშაბათს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ტურნე ახლო აღმოსავლეთში, რომლის დროსაც იგი შეეცდება რუსეთს აღუდგინოს საბჭოთა პეროდის დროინდელი გავლენა რეგიონში.

სხვათა შორის, აქამდე არც საბჭოთა კავშირის და არც რუსეთის არცერთი ლიდერი არ ჩასულა ოფიციალური ვიზიტით ისრაელში. ეგვიპტეში პუტინის ვიზიტი კი პირველი იქნება უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს პუტინი იწყებს ეგვიპტით, სადაც იგი პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს ხვდება. ამის შემდეგ პუტინი ჩავა ისრაელში და შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან.

2000 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პუტინი პირველად ჩადის არაბულ ქვეყანაში. მოსკოვიდან გამგზავრების წინ მან განაცხადა, რომ შეეცდება არაბულ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობები აღადგინოს.

იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეგვიპტეს, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო და დღემდე რჩება რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.

როგორც ანალიტიკური ცენტრის, "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" ექსპერტმა მოსკოვში, ევგენი ვოლკმა უთხრა ჩვენს რადიოს, რუსეთმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მას ორმოცი წლის პაუზის შემდეგ კვლავ შესწევს ძალა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთში.

[ვოლკის ხმა] "ამჟამად დადგა დრო, როცა არსებობს იმის რეალური მოთხოვნილება, რომ ხელახლა იქნეს გააზრებული ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკა; მოქმედება ემყარებოდეს ყველა მხარის თანასწორუფლებიანობის პრინციპს; მოხდეს იმის ჩვენება, რომ რუსეთს ახლებურად ესმის თავისი როლი და რომ შეუძლია ითამაშოს შუამავლის როლი, აქტიური როლი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში."

პუტინისა და მუბარაქის შეხვედრის დღის წესრიგშია ერაყი, ლიბანი, სირია და ისრაელსა და პალესტინელებს შორის ურთიერთობები. შეგასენებთ, რომ რუსეთი ამ სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლს თამაშობს.

საბჭოთა კავშირისა და ეგვიპტის მჭიდრო ურთიერთობები 70-იანი წლების დამდეგს გაუარესდა, როცა ეგვიპტის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანვარ სადათმა პროამერიკული ორიენტაცია აირჩია. ამავე კურსს აგრძელებს ჰოსნი მუბარაქიც. რუსეთის, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი, რომელიც ეგვიპტეს ესტუმრა, ნიკიტა ხრუშჩოვი გახლდათ. იგი ეგვიპტეში 1964 წელს იყო ვიზიტად.

1967 წელს, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ომის შემდეგ, საგრძნობლად გაუარესდა ურთიერთობები საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის. ვითარება გამოსწორდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი ბირთვულ სფეროში თანამშრომლობს ირანთან და რაკეტებით ვაჭრობს სირიასთან. ისრაელის აზრით, ორივე ქვეყანას კავშირები აქვს ტერორიზმთან.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინი ალბათ დააყენებს რუსული წარმოშობის მაგანტის, ვლადიმირ გუსინსკის და ნავთობკომპანია "იუკოსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლეონიდ ნევზლინის ექსტრადიციის საკითხს. ორივე ისრაელს აფარებს თავს.

ახლო აღმოსავლეთში პუტინის ოთხდღიანი ვიზიტისგან დიდ სიახლეებს არ მოელიან. მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ვიზიტით რუსეთი შეეცდება საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟი აღიდგინოს მას მერე, რაც მთელი რიგი დამარცხებები იწვნია ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

[ვოლკის ხმა] "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცნობილი ჩავარდნების კონტექსტში - იგულისხმება საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, ნაწილობრივ მოლდავეთი - პუტინს აუცილებლად სჭირდება საგარეო პოლიტიკაში წარმატებები. მე ვფიქრობ, ეს ვიზიტი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ძლიერი საგარეო პოლიტიკა აქვს," განაცხადა ევგენი ვოლკმა.

ისრაელიდან პუტინი გაემგზავრება დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან.
XS
SM
MD
LG