Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები მთავრობას ხარჯების დეტალურ გაშიფვრას სთხოვენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და კომპენსაციების გასაცემად ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

დამატებით 20 მილიონ ლარს გამოყოფს. ამ თანხის ხარჯებში გასაწერად მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო კანონში შესწორებისათვის მიმართავს. აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მოულოდნელად, ბიუჯეტში შესწორებას საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეულ ფრაქციებში ხმაურიანი განხილვა ახლდა თან. რას იწუნებენ პარლამენტარები მთავრობის პროექტში?

პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ფრაქციამ მთავრობას უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შესულ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებათა პაკეტის მიმართ მოულოდნელად მკაცრი პოზიცია დაიჭირა. მაჟორიტარები ”არაგამჭვირვალე ბიუჯეტის“ მხარდაჭერას არ აპირებენ.
ფრაქციის წევრი ბეჟან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ”ცვლილებიდან ცვლილებამდე ბიუჯეტი სულ უფრო არაგამჭვირვალე და ბნელი ხდება”, ამიტომ ხარჯების ”გაშიფვრამდე“ ფრაქცია საბიუჯეტო ცვილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს.
”პარლამენტი თავდახრილი და თვალდახუჭული ამტკიცებს ბიუჯეტს, რაც მისი მინუსია. პარლამენტის ასეთი პოზიცია მთავრობისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მაგრამ ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.
მაჟორიტარებს თავი მოტყუებულად მიაჩნიათ, რადგან მთავრობა გამუდმებით ჰპირდება მათ ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დეტალურ გაშიფვრას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. მაგალითად, ბიუჯეტში ბოლო ცვლილებების განხორციელებისას, მთავრობის დაპირების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას განათლების სექტორში კომპიუტერიზაციის პროგრამა დეტალურად უნდა გაეშიფრა, მაგრამ ესეც დაპირებად დარჩა. ახლა მთავრობა პარლამენტისგან 20 მილიონი ლარის ხარჯვის უფლებას ითხოვს, თუმცა რეალურად არ იცის, სად უნდა დახარჯოს აღნიშნული თანხა. ”ამ მიმართულებით არაფერია საჩქარო. უმჯობესია, 10-15 დღე მოვიცადოთ. ამ პერიოდში დაზუსტდება ზარალი, რომელიც ქვეყანამ წყალდიდობის შედეგად მიიღო“, - აღნიშნავენ მაჟორიტარები, რომლებიც ხარჯების დეტალურ გაშიფვრას და კონკრეტული რეგიონების მიხედვით გაწერას ითხოვენ.
მაჟორიტართა ამ პოზიციას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სტიქიით დაზარალებული რაიონებისათვის თანხის გამოყოფა საჩქარო საქმეა და ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტმა დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც მე მახსოვს, ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მასშტაბური დახმარება შემოდის ბიუჯეტში მთავრობის მხრიდან და ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ბიუჯეტში ცვლილებებს დროის მაქსიმალურად შეზღუდულ ჩარჩოებში.”
საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ ცვლილებებს, რაღა თქმა უნდა, დაამტკიცებს. თუმცა ამ საკითხის განხილვისას მაინც დაფიქსირდა ქართული პარლამენტარიზმის უახლოეს ისტორიაში ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც დეპუტატებს ბიუჯეტის ტრანსფარენტულობის მიმართ პრეტენზიების გამოხატვის არ ერიდებათ და მხოლოდ პულტზე მექანიკურად ხელის დამჭერის როლში ყოფნაც მაინცდამაინც არ სიამოვნებთ.
XS
SM
MD
LG