Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინი მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება


მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება სადამ ჰუსეინის სახელზე დაახლოებით 500 დანაშაულს ითვლის,

წინასწარი ინფორმაციით, მას მხოლოდ – 12 (საფუძვლიანად დასაბუთებულ) მსხვილ ბრალდებას წაუყენებენ. ერაყის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის თქმით, დანარჩენ ბრალდებებზე, უბრალოდ, დროის დაკარგვა არ ღირს. დიქტატორს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ელის. ამ თემაზე საუბარს ლელა კუნჭულია განაგრძობს.
ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ერაყის ყოფილ დიქტატორს მალე გაასამართლებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯააფარის წარმომადგენლის ლაით კუბას თქმით, სადამ ჰუსეინი მართლმსაჯულების წინაშე სავარაუდოდ 2 თვეში წარსდგება. მისი სასამართლო პროცესის სწრაფად გამართვით ერაყის მთავრობაც არის დაინტერესებული. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი დარწმუნებულია, რომ დიქტატორის გასამართლება დადებით გავლენას მოახდენს ერაყის უსაფრთხოებაზე და ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – აი, საერთო სახელი იმ 12 ბრალდებისა, რომელსაც ერაყის სასამართლო ერთ დროს - უძლეველ სადამ ჰუსეინს წაუყენებს.
ერაყელი ამარ შაბანდერი - ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ამბობს, რომ მართლმსაჯულება საგანგებო ყურადღებას სავარაუდოდ სწორედ ხალხის მასობრივ ჟლეტაზე გაამახვილებს. საუბარია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს, გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს – ქურთი, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში შიიტი აჯანყებულების მასობრივ ხოცვაზე:
(ამარ შაბანდერის ხმა) "საერთოდ, ბაათის მმართველობის დროს, სადამის მიერ 500-ზე მეტი დანაშაულია ჩადენილი. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, მისი ბრალეულობის დამტკიცება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის 12 ბრალდება კი, რომლებზეც საუბრობენ, ადვილი დასამტკიცებელია და საერთაშორისო პრეცედენტიც მოეპოვება". ამარ შაბანდერი ამბობს, რომ ბაათის პარტიის მიერ გამოცემულ - ადამიანთა ჟლეტის განკარგულებებს - კონკრეტული პირის ხელმოწერა ძალიან იშვიათად ახლდა. უმრავლეს შემთხვევაში, დოკუმენტზე მითითებული იყო მხოლოდ ჩინი, რის მიხედვითაც, წლების შემდეგ, კონკრეტული პიროვნებების მიკვლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა არსებობს არაერთი გამონაკლისი, რომლებიც სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მყარ მტკიცებულებას წარმოადგენს:
(ამარ შაბანდერის ხმა) "ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც სადამმა მართლაც მოაწერა ხელი, ეს იყო რევოლუციური სამეთაურო საბჭოს განკარგულება. რომლის მიხედვითაც, 80-იან წლებში, სიკვდილი მიესაჯა შიიტთა ოპოზიციური პარტიის, დავას პარტიის უკლებლივ ყველა წევრს – განურჩევლად იმისა, დამნაშავე იყო ის თუ არა".
თუკი, სასამართლო სადამ ჰუსეინს დანაშაულთა მთელ ჩამონათვალს დაუმტკიცებს, მას სიკვდილით დასჯა ელის. უნდა ითქვას, რომ ერაყში სასჯელის უკიდურესი ზომა ხელახლა შემოიღეს. 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ადმინისტრაციას ამერიკელები ედგნენ სათავეში, სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
მოსამართლე რაიდ ჯუჰი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ დაკავებული სადამი მორალურად მას შემდეგ წახდა, რაც მიხვდა, რომ მას ბრალდებათა საკმაოდ ფართო ჩამონათვალის წაყენებას უპირებენ. შარშან ივლისში კი, როდესაც დიქტატორი ტრიბუნალის წინაშე პირველად წარსდგა, ის ხან წყნარად იქცეოდა და ხანაც – აგრესიულად. თუმცა საკუთარ თავს ერაყის პრეზიდენტს უწოდებდა, ხოლო ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდებოდა – დადგმულ სპექტაკლს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG