Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბრბოს მართვა და კონტროლი” ქართულად


თბილისთან ახლოს, კრწანისის სასწავლო პოლიგონზე, დასრულდა ახალი ქართულ-ამერიკული პროგრამის პირველი ფაზა, რომლის შემდეგაც ქართველი მებრძოლები ვაზიანის ბაზაზე გადაისროლეს

საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნების სამხედრო-ჰუმანიტარული ასპექტების შესათვისებლად. “ბრბოს მართვა და კონტროლი” კონფლიქტურ ზონაში - ასე ჰქვია სახელად იმ ეპიზოდს, რომლის დემონსტრირებაც ვაზიანის პოლიგონზე ბათუმის 13 ბატალიონის მებრძოლებს მოუწიათ. უკვე გადაწყვეტილია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ აღნიშნული ქვედანაყოფი ერაყში მყოფ ქართულ კონტინგენტს ჩაანაცვლებს.

სამწყობრო, ფიზიკური, საცეცხლე მომზადება, თეორიული კურსი ტაქტიკაში, რუკაზე მუშაობა, ტექნიკის მართვა - ასეთი გახლდათ მოკლედ ის სპეციალობები, რომელთა ათვისებასაც ახალი ტალღის ქართველმა სამხედრო პროფესიონალებმა თითქმის სამი თვე მოანდომეს კრწანისის საწვრთნელ პოლიგონზე. თუმცა სამხედოსთვის გაცილებით იოლია ამ საბრძოლო ელემენტების გამოყენება შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ, ვიდრე გაავებული ბრბოს მართვა, რომლის რიგებში შესაძლოა სნაიპერი ან ტერორისტი თვითმკვლელიც იმყოფებოდეს. როგორც ბათუმის 23-ე ბატალიონის შტაბის უფროსმა, უფროსმა ლეიტენანტმა თენგიზ მეფარიშვილმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, სწავლების სცენარი ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა შეიმუშავეს და ძალიან წააგავდა რეალურ სამხედრო ოპერაციას.

[თენგიზ მეფარიშვილის ხმა] “სადაც ტერორისტები “შემოიჭრნენ” და ჩვენ უნდა შეგვეკავებინა ისინი და შემდეგ “განვაიარაღეთ” ისინი, “ტყვედ ავიყვანეთ” და, რა თქმა უნდა, როგორც ჟენევის კონვენცია მოითხოვს, ისე მოვიქეცით. ეხლა გვყავს დატყვევებულები და როცა მეცადინეობა დამთავრდება, შემდეგ უკვე “გავუშვებთ” და გადავალთ სწავლების შემდეგ ფაზაზე.”

ცნობისათვის, ბათუმის 23-ბატალიონი, ეს ის ქვედანაყოფია, რომელმაც შარშან გაზაფხულზე უნდობლობა გამოუცხადა აჭარის მაშინდელ ლიდერ ასლან აბაშიძეს და ცენტრალური ხელისუფლების ერთგული დარჩა. მოგვიანებით აღნიშნული ბატალიონის მხრებზე გადაიარა სამშვიდობო მისიამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. 2004 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ 23-ე ბატალიონმა კონფლიქტის ზონაში 4 თვე დაჰყო და მუდმივი დისლოკაციის ადგილს მხოლოდ მარტის დასაწყისში დაუბრუნდა. ხოლო მას შემდეგ, რაც კრწანისის პოლიგონზე საერთაშორისო სტაბლიურობის შენარჩუნების ქართულ-ამერიკულ საწვრთნელ პროგრამას დაასრულებს, ქვედანაყოფს კიდევ უფრო პასუხსაგები ამოცანის შესრულება ელოდებაო, უთხრა უფროსმა ლეიტენანტმა თენგიზ მეფარიშვილმა რადიო “თავისუფლებას”.

[თენგიზ მეფარიშვილის ხმა] “ჩვენ ახალი შემოსული ვართ ვაზიანში და თითონ ტერიტორიაც ისეა შერჩეული, რომ მიახლოებულია ერაყის რელიეფთან და, ვინაიდან, დაგეგმილია ჩვენი ერაყში წასვლა, ამიტომ გავდივართ ახლა ამ საბრძოლო მომზადებას.”

ქვედანაყოფი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კიდევ ორ კვირას დაჰყოფს, საიდანაც 23-ე ბატალიონი ბათუმში დაბრუნდება და იქ დაელოდება ერაყში გამგზავრების ბრძანებას. ამ დროისათვის ერაყში 850 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. რაოდენობით ყველაზე დიდი “შავნაბადას” ბატალიონი კი, რომელიც სადამ ჰუსეინის ყოფილ სასახლეშია განლაგებული, საბრძოლო ამოცანას უშუალოდ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ასრულებს: იცავს ე.წ. “მწვანე ზონას” და წვრთნის ერყის არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG