Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ლტოლვილების საკითხზე საქართველოს არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას უგზავნის


საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების დახმარების თხოვნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროსაბჭოს, ევროკავშირსა და საქართველოში

აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს უკვე დაეგზავნათ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის ერთობლივი მიმართვა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად არ რეაგირებენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე და ამ ინერტულობით მას ჩეჩენი ხალხის მიმართ რეპრესიების გატარების უფლებას აძლევენ. საქართველოს მესამე სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან იმისათვის, რომ რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აღიაროს ჩეჩენი ხალხის გენოციდი. არანაკლებ თამამია მიმართვის ის პუნქტიც, რომლიც ჩეჩნეთში რუსეთის ფედერაციის ჯარების დემოკრატიული ქვეყნების სამშვიდობო დანაყოფებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ახმეტის რაიონის სოფელ დუისის საექიმო ამბულატორიის ერთ-ერთ პალატაში უკვე მეექვსე დღეა ჩეჩნეთიდან დევნილი და პანკისის ხეობის დროებითი მკვიდრი ორი ქალბატონი შიმშილობს. მათგან, ანამნეზის თანახმად, განსაკუთრებით საგანგაშოა ერთ-ერთის, კერძოდ, 51 წლის ხალისათ ოკუევას, მდგომარეობა.

[მაყვალა ქავთარაშვილის ხმა]” ფსორიაზი აქვს, ასთმა აქვს ბრონქიალური, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება და ამ თვეში გაკეთებული აქვს ქოლეცისტექტომია. ამის მდგომარეობა მაწუხებს მე, როგორც ექიმს. სისუსტეს უჩივის, რა თქმა უნდა. მაგისი შიმშილობა მაგ ოპერაციის მერე არ შეიძლებოდა და ცოტა მაღალი წნევები წავიდა ახლა. სულ ვეუბნები, შეწყვიტე შიმშილობა-მეთქი და ჯერჯერობით არ წყვეტს. უარს აცხადებს. “

დუისის ამბულატორიის მთავარი ექიმის მაყვალა ქავთარაშვილის თქმით, ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია 42 წლის ზულა ოზუევას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიზეზი, რის გამოც ეს ქალბატონები შიმშილობენ, ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა და მესამე ქვეყანაში გადაყვანაა. ეს მოთხოვნა, რასაკვირველია, ჩამოყალიბებულია იმ მიმართვაშიც, რომელიც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მიმართვაში საუბარია იმაზეც, რომ უკანასკნელ წლებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში საგრძნობლად გაუარესდა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მდგომარეობა. საყვედურები ვრცელდება საქართველოს ხელისუფლებაზეც.

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”გასული წლის ნოემბერში გამოიცა ზეპირი განკარგულება, რომელიც ეხება სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩნური და არაბული წარმოშობის მოქალაქეების დეპორტაციას. რამდენიმე ასეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიაზე. მთლიანობაში, საქმე გვაქვს რაღაც ერთიან პოლიტიკასთან, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის ხარკის გადახდას და ჩეჩნების შეწირვას მსხვერპლად.”
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ჩეჩენი ლტოლვილების შევიწროების კულმინაცია იყო გასული წლის 3 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი - ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომლის შემდეგაც 11 მშვიდობიანი ჩეჩენი აღმოჩნდა ახმეტის საავადმყოფოში. ნაცემთა შორის იყო ორსული ქალიც. ამ ფაქტის შემდეგ კი კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოსა და სხვა ჩეჩნური გაერთიანებების მოთხოვნებმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. ამ ორიოდე თვის წინათ საქართველოდან ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გადაყვანის თხოვნით საგანგებო წერილები დაიგზავნა როგორც ევროკავშირში, ევროსაბჭოში, გაეროში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სახელზეც. ძირითადი პრეტენზია მაინც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის მიმართ გაისმის, თუმცა საყვედურები არც ქვეყნის ხელისუფლებას აკლია. საუბარია, უმთავრესად, იმაზე, რომ არ არსებობს ჩეჩნეთიდან დევნილების უსაფრთხოების გარანტიები და ელემენტარული საციცოცხლო პირობები, მათ შორის, დასაქმების პირობები.

[მექა ხანგოშვილის ხმა]” ახლა თავისთავად შემცირდა ლტოლვილების რაოდენობა საქართველოში და, ჩემი ინფორმაციით, ალბათ, რამდენიმე თვეში საერთოდ წავლენ აქედან. წავლენ, ალბათ, ან დაბრუნდებიან ჩეჩნეთში, ან თურქეთში გადავლენ და აზერბაიჯანში. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, წასვლას ფიქრობენ. “

კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ლტოლვილთა მდგომარეობის გაუარესებაა.

[ეთერ ასტემიროვას ხმა]” აი, რასთან დაკავშირებით გაუარესდა. მე, საერთოდ, არ მესმის ამ თემის აჟიტირება. მე მითხრეს პირდაპირ, ზამთრამდე მოგვეცით ტერიტორია და ჩვენ კარვებს გავშლით და მერე დავსახლდებითო. მე ვუთხარი, რომ საქართველოს არა აქვს ტერიტორია საცხოვრებელი ფართის გასაცემად. ძალიან ეწყინათ ეს ამბავი და ჩვენ არ დავრჩებითო. თუ არ დარჩებიან, ეს მათი ნება არის.”

ასე მიიჩნევს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ქალბატონი ეთერ ასტემიროვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოფიციალური თბილისი მოხარული იქნება, თუ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გადაყვანას, მართლაც, უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG