Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე დემოკრატიული, თუ კონკრეტული პიროვნების საწინააღმდეგო კანონპროექტი


ოთხშაბათს აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრები საზაფხულო არდადეგებს დროებით შეწყვეტენ და რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბებიან. საკითხი, რომელიც დეპუტატებმა

უნდა გადაწყვიტონ, მათსავე სტატუსს შეეხება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატად კენჭისყრას გადაწყვეტს, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. მოახლოებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი იდეის გაჩენას ოპოზიცია მის საწინააღმდეგო მოქმედებად აფასებს, კანონპროექტის ავტორი კი - თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების მცდელობად.
მინდა საქართველოს ზღვისპირეთში წარმოქმნილ საკანონმდებლო ინიციატივაზე მოგითხროთ.


ორი წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებში თბილისის საკრებულოს რამდენიმე წევრმა - მათ შორის, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - კენჭი ისე იყარა, რომ საკრებულოში უფლებამოსილება არ შეუწყვეტია. არც ერთ მათგანს კანონი არ დაურღვევია, რადგან საქართველოში იკრძალება ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობა და არა კანდიდატობა.
კანონპროექტით, რომელიც ბათუმში მომზადდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატობა სურთ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.
ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას აპირებს აჭარის უმაღლესი საბჭოს რესპუბლიკელი წევრი გიორგი მასალკინი. მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ბათუმურ კანონპროექტს მასალკინის საწინააღმდეგო ნოუ-ჰაუს უწოდებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს არის კანონი მასალკინის წინააღმდეგ. არ არის ეს უცხო. შარშან აჭარის არჩევნებში მე ამიკრძალეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა, ახლა მასალკინს უკრძალავენ უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში წამოსვლას. ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ პარლამენტში დაისმება საკითხი, ხომ არ ავუკრძალოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს თბილისის, ბათუმის და სხვა საკრებულოებში კენჭისყრა, მერობაზე პრეტენზიები და ა.შ.” (სტილი დაცულია)

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ კანონპროექტი კონკრეტული პიროვნების ან პარტიის საწინააღმდეგოდ მოამზადა. ერთ-ერთ არგუმენტად ავტორს ის მოჰყავს, რომ ანალოგიური ინიციატივა მაშინაც ჰქონდა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭო მისსავე წევრთა სტატუსის კანონპროექტს განიხილავდა:

[პეტრე ზამბახიძის ხმა] ,,ეს არ კეთდება არავის საწინააღმდეგოდ. მით უმეტეს, როცა მე ამ საკითხს ვაყენებდი, როცა კანონს ვიღებდით ჩვენ ადრე, მხარი არ დამიჭირეს. მაშინ, მით უმეტეს, არ ვიცოდი მე, რომ ეს ვინმე კონკრეტულის წინააღმდეგ გაკეთდებოდა.” (სტილი დაცულია)

თავად რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოს პრეროგატივა არ არის იმის გადაწყვეტა, თუ ვის აქვს საქართველოს პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება და ვის არა.
ახალ იდეას რესპუბლიკელები უკავშირებენ ხელისუფლების შიშს, რომ, მიუხედავად ბათუმში საკმაოდ ძლიერი კანდიდატის ჯემალ ინაიშვილის დასახელებისა, გიორგი მასალკინს გამარჯვების რეალური შანსი აქვს. პირადად მასალკინისთვის გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, მსგავსი კანონპროექტი არა აჭარის უმაღლეს საბჭოს, არამედ ქვეყნის პარლამენტს მოემზადებინა:

[გიორგი მასალკინის ხმა] ,,თბილისს ეტყობა, შერცხვა ამ კანონის მიღება. ნუ, იქ სერიოზული იურისტები სხედან მაინც, პრესაც იქვე ხართ. იფიქრეს, რომ აქ ისე ჩატარდება ეს ყველაფერი, რომ ნაკლებად გახმაურდებაო. ბუნებრივია, ეს არის ცენტრის ინიციატივა.” (სტილი დაცულია)


თბილისისა და მმართველი პარტიის ინიციატივის გამხმოვანებლად გიორგი მასალკინი პეტრე ზამბახიძეს მიიჩნევს, რასაც თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე უარყოფს, ისევე, როგორც უარყოფს თვის მიერ მომზადებული კანონპროექტის არაკონსტიტუციურობას.
ზამბახიძე თავის მიზნად თანასწორუფლებიანობის პრინციპის დამკვიდრებას ასახელებს და განმარტავს, რომ თუ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებისას უფლებამოსილება მინისტრებს, გამგებლებს და თანამდებობის სხვა პირებს უწყდებათ, ანალოგიური წესი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებზეც უნდა გავრცელდეს.
იმის, რომ ახალი ინიციატივა დემოკრატიის დამკვიდრების სურვილით გამოითქვა, გიორგი მასალკინს არ სჯერა:

[გიორგი მასალკინის ხმა] ,,ჩვენ ისევ და ისევ საქმე გვაქვს სიტუაციური ხასიათის პოლიტიკასთან. სტრატეგიულ ხედვას - მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და, საერთოდ, დემოკრეტიული ორიენტირების განსაზღვრის მხრივ - ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, აი, ახლა ასეთი კანონია საჭირო. საერთოდ, ამ მაგიური ფრაზის ფარგლებს ვერ გავცდით - ასეა ახლა საჭირო.” (სტილი დაცულია)

ის, თუ რა არის საჭირო თავად რესპუბლიკელი მასალკინისთვის, პარტია მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც აჭარის უმაღლესი საბჭო კენჭს ნაციონალი ზამბახიძის კანონპროექტს უყრის. ამ იდეას მოწინააღმდეგენი თავად უმრავლესობაშიც ჰყავს, რადგან მის არაერთ წარმომადგენელს მომავალში პარლამენტის დეპუტატობა სურს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG