Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებისთვის მზადების პროცესში ოპოზიციისთვის ბარიერების შექმნის ტენდენცია შეინიშნება


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის 5 მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას

განაგრძობს. ამ პროცესში კომისიას უკვე გაუჩნდა გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე პარტიის რეგისტრირებით, შესაძლოა, კანონი დაარღვიოს.
ამავე არჩევნებთან დაკავშირებული ერთი ცვლილების განხილვას ხუთშაბათს გეგმავს აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭო, რომელმაც თავისი წევრების შემდგომ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფორმულირება შეცვალა. ვის რა შეიძლება აეკრძალოს?

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე კვლავ აქტუალური გახდა არაერთხელ შეცვლილი საარჩევნო კოდექსის ახალი დეტალებით შევსების საკითხი. ამჯერად ინიციატორად გვევლინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, უფრო კონკრეტულად კი, საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. მისი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტისგან საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლის შესწორებას ითხოვს. თუ პარლამენტი ბათუმში ოთხშაბათს გამოთქმულ ინიციატივაზე დათანხმდება, ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალებათ. პეტრე ზამბახიძის ინიციატივას ოთხშაბათამდე სხვა სახე ჰქონდა. საკითხი იმის თაობაზე, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას ვერ შეძლებდა, თავად საბჭოს რიგგარეშე სხდომას უნდა გადაეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა, იურიდიულმა კომიტეტმა ინიციატივის ფორმულირება შეცვალა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,ბოლო ბოლო, მიხვდნენ, რომ იურიდიულად სრულ სისულელეს აკეთებდნენ. აჭარის პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი და ამიტომ რაღაცნაირად შემოატრიალეს აქეთ.” (სტილი დაცულია)

რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის თანაპარტიელი გიორგი მასალკინი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯერჯერობით ერთადერთი წევრია, რომელიც შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას გეგმავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აჭარის ადგილობრივ პარლამენტში წარმოქმნილ იდეას რესპუბლიკური პარტია მასალკინის საწინააღმდეგო კანონპროექტად მოიხსენიებს:

[გიორგი მასალკინის ხმა] ,,აშკარად არჩევანის წინაშე მაყენებენ. ძალიან სარისკოა. ისედაც რისკი იყო და ახლა დაემატა ის, რომ შეიძლება აჭარის პარლამენტიც დაკარგო და საქართველოს პარლამენტშიც ვერ მოხვდე. ამიტომ მე მომიწევს ძალიან სერიოზული კონსულტაციები ხელმძღვანელობასთან პარტიის.” (სტილი დაცულია)

გიორგი მასალკინის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების საკითხი საბოლოოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა.
მანამდე კი ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ერთი სიახლე შეიტყო. კომისია ვარაუდობს, რომ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე პარტიის მონაწილეობა უკანონობა იქნება, რადგან ამ პარტიების წევრები გასული წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიით იყრიდნენ. მათ შორის, ვისზეც კომისიის ეჭვები ვრცელდება, კონსერვატორები და რესპუბლიკელები არიან:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ,,ცსკ დღეს სხვაგვარად კითხულობს კანონებს, ვიდრე ამას აკეთებდა ერთი წლის წინ. იმიტომ რომ ერთი წლის წინ, როდესაც ბათუმში, აი, ის არჩევნები, რაც ახლაა დანიშნული, უნდა ჩატარებულიყო, რესპუბლიკური პარტია გაატარეს რეგისტრაციაში, როგორც საარჩევნო სუბიექტი, და ეს რეგისტრაციის დოკუმენტი არსებობს.” (სტილი დაცულია)

დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ რესპუბლიკური პარტიის რეგისტრაციის დოკუმენტი შარშანდელი სექტემბრითაა დათარიღებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმჟამინდელმა შემადგენლობამ რომ შეცდომა დაუშვა და ის გამოსასწორებელია, ამას კომისიის ამჟამინდელი წევრები ამბობენ. როგორც ჩანს, საშემოდგომო არჩევნებთან დაკავშირებული წინასწარი პროცედურების დასრულებამდე თავს კიდევ არაერთი საარჩევნო ინტერპრეტაცია იჩენს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG