Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს


24 ნოემბერს ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობენ

- დღეს, რომელიც ნამდვილი სახალხო დღესასწაულია, თავისი სუფრით, სიმბოლოთი და ტრადიციით. ამერიკა დიდია, მრავალფეროვანია მისი მოქალაქეების კულტურული წარმომავლობა, მაგრამ, როგორც ჩემმა კოლეგამ რიკ პირანმა დამიდასტურა, ეს დღე მათ განსაკუთრებით აერთიანებს. ამერიკელი, ქრისტიანი იქნება თუ იუდეველი, ბუდისტი თუ მაჰმადიანი, ყველა აღნიშნავს ამ, მართლაც, ამერიკულ დღესასწაულს, რომელსაც ერთმანეთს ულოცავენ, ერთად მიირთმევენ მადლიერების დღისთვის საგანგებოდ მომზადებულ კერძს და გამოხატავენ მადლიერებას იმისთვის, რომ ღმერთმა ისინი არ გაწირა, ბუნებამ საკვები მისცა.
მადლიერების დღე, როგორც მას ევროპაში აღნიშნავენ, მოსავლის, ჭირნახულის დღეა. ანუ ადამიანი მადლიერია იმისათვის, რომ დედაბუნებამ, სულიერმა თუ ფიზიკურმა ძალამ, მას მისცა პური არსობისა. ამერიკულ დღესასწაულს თავისი კონკრეტული ისტორია აქვს - ის, ევროპულ დღესასწაულებთან შედარებით, ახალია და დაკავშირებულია მე-17 საუკუნის 20-იან წლებში მომცრო გემით, რომელსაც სახელად “მეიფლაუერ” ერქვა, ბრიტანელი პილიგრიმების ჩასვლასთან ახალ კონტინენტზე. ჩემი კოლეგა რიკ პინარი ჰყვება, თუ ვინ იყვნენ ისინი და რა გადახდათ თავს:

(პინარის ხმა) “პროტესტანტები, - არ ვიტყოდი ექტრემისტები, მაგრამ ძალიან კონსერვატორი პროტესტანტები, - რომლებმაც დატოვეს ბრიტანეთი, 1620 წელს ჩავიდნენ ახალ კონტინენტზე. ისინი ღრმად მორწმუნენი, მაგრამ არაპრაქტიკული ადამიანები იყვნენ და როცა იქ ჩავიდნენ, - დეკემბრის თვე იყო, - თან არ ჰქონდათ არაფერი, ანკესი თუ სხვა რამ, რითაც შეიძლებოდა საკვები მოეპოვებინათ. ასე რომ, ზამთარში მათი ნახევარი, თუ არ ვცდები, დაიხოცა. იქ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ინდიელებს რომ ვუწოდებთ ხოლმე, და ისინი დაეხმარნენ - მათ გარეშე მთლიანად ამოწყდებოდნენ. ერთად დაამუშავეს მიწა და შემოდგომაზე, უკვე1621 წელს, გადაწყვიტეს ღმერთისთვის მადლობა ეთქვათ იმისათვის, რაც მოსავლის სახით მოიწიეს. მათ თავიანთ ინდიელ მეგობრებთან ერთად აღნიშნეს ეს დიდი დღესასწაული.”

დროთა განმავლობაში ეს დღე მთელი ამერიკის, ყველა ამერიკელის დღედ იქცა. მას კანადაშიც აღნიშნავენ, ოღონდ სხვა დღეს. სიტყვამ მოიტანა და აქვე გეტყვით, რომ მადლიერების დღე ნოემბრის ბოლო ხუთშაბათია ხოლმე. თუკი ბოლო ხუთშაბათი თვის უკიდურეს ბოლოს აღმოჩნდა და ამით ძალიან მიუახლოვდა შობას, ბოლოსწინა ხუთშაბათს აღნიშნავენ მადლიერების დღეს. საბოლოოდ, 1863 წელს, აბრაჰამ ლინკოლმა დაადგინა, რომ ეს დღე სახელმწიფო დღესასწაული გამხდარიყო. მადლიერების დღედ ხუთშაბათის დაკანონებაც მისივე დამსახურებაა.
პირველი ევროპელების იქ ჩასვლისას, ეს საყოველთაოდ ცნობილია, ფართოდ გავრცელებული ფრინველი ყოფილა ინდაური, ველური ფრინველი, რომელსაც ეს სახელი, ალბათ, სწორედ იქიდან აქვს, რომ ინდიელებმა გააცნეს ის მსოფლიოს. მადლიერების დღის მთავარი კერძი სწორედ ინდაურისგან მზადდება, ინდაური გახდა ამ დღესაწაულის სიმბოლო.

(სიმღერის ნაწილი)

ასე, ნახევრად ხუმრობით, უმღერიან ამ ფრინველს - უფრო, ალბათ, კერძს - ამერიკაში. ჰყვებიან, რომ 1947 წელს ინდაურის ეროვნულ ფედერაციას უჩუქებია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისთვის ერთი ცოცხალი ინდაური, ორი კი, უკვე კერძის სახით მომზადებული. ამბობენ, რომ ტრუმენს ინდაური შეუწყალებია და ის აღარ დაუკლავთ. ამბობენ, ასევე, რომ ეს ისტორია სათავეს ჯერ კიდევ ლინკოლნის დროს იღებს, როცა დასაკლავად პრეზიდენტის ვაჟის პატარა ინდაური არ გაუმეტებიათ. ყოველ შემთხვევაში, საქმე იქამდე მივიდა, რომ 2003 წლიდან ორ ინდაურს სახელს არქმევენ ხოლმე. წლევანდელ დღეს რომ შეიწყალეს, მარშმელოუ და იამი ჰქვიათ.


როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელი ამბობს, ზოგიერთი გადმოცემით, ინდაური ამერიკის სიმბოლოდაც კი სურდათ ექციათ - ამ მხრივ, ის არწივის კონკურენტი ყოფილა. მაგრამ რაკი ინდაური არ არის აგრესიული, არც ამაყია და, საერთოდ, არაეფექტური არსებაა, მისი გერბზე გამოსახვა, რიკ პირანის აზრით, ალბათ, არ იქნებოდა სწორი, თუმცა კი ის ნამდვილი ამერიკული ფრინველია.
ამერიკის სხვა მოქალაქეს, ჩემს კოლეგა კეთი რეინსს, ვკითხე, ეს დღესაწაული, მართლაც, ღვთის მიმართ მადლიერების სერიოზული გამოხატვაა თუ მისი მიზანი მხოლოდ მხიარულება და გართობაა-მეთქი.

(რეინსის ხმა) “მადლიერების დღე ამერიკელებისთვის წარმოადგენს რაღაც სერიოზულისა და რაღაც მსუბუქის, გასართობის ნაზავს. ეს არის სასიამოვნო დრო, რომელსაც ოჯახთან ერთად ატარებენ და მთელი დღე მიირთმევენ. გარკვეულ ხანს სერიოზულებიც არიან და მადლობას უხდიან ღმერთს საზრდოსთვის, არსებობისთვის, ერთად ყოფნისათვის; მადლობას უხდიან ერთმანეთსაც.”

რიკ პინარი ამბობს, რომ ეს დღე არ არის ზუსტად ისეთი დღე,როგორიცაა შობა, აღდგომა თუ ჰანუკასა, რომ ის განსხვავდება მათგან:

(პინარის ხმა) “ვერ ვიტყოდი, რომ ეს დღე ზუსტად იგივეა, რაც შობა, აღდგომა თუ ჰანუკა. იმიტომ რომ მას არა აქვს სპეციფიკური რელიგური ფონი. მაგრამ მნიშვნელობით ის ამერიკელებისთვის აღდგომასა და შობას უტოლდება.”

ამერიკელი ახალგაზრდები კი, ქეთი რეინსის თქმით, არამხოლოდ ინდაურის კერძების გამო ხარობენ ამ დღეს:

(რეინსის ხმა)“ახალგაზრდებისთვის ეს, პირველ რიგში, დღეა, როცა ბევრს ჭამენ. მეორე რიგში, ამ დღეს ბევრი ახალგაზრდა ამერიკელი ტელევიზორში ამერიკულ ფეხბურთს უყურებს. მადლიერების დღის დიდი ნაწილი იმისგან შედგება, რომ ოჯახი ჯერ ჭამს ინდაურს, თავისი გარნირით, სალათს, ბოსტნეულს, ნამცხვარს და შემდეგ, ჭამას როცა მორჩებიან, ტელევიზორს უყურებენ. ამ დღეს დიდი თამაშებია პროფესიონალთა ლიგაშიც და მოყვარულთა შორისაც.”

ჩვენს თანამოსაუბრეებს პირის გემოც კარგი აქვთ. რიკ პინარი არ დამზარდა გაეზიარებინა, თუ ინდაურის რომელი კერძი მოსწონს ყველაზე მეტად:

(პინარის ხმა) “მე მიყვარს კომბინაცია, რომელიც არცთუ ისეთი სასარგებლოა, მაგრამ ძალიან გემრიელი კია: ინდაურს ამოავსებთ პურით და სუნელებით და გამოაცხობთ; ეს პური ცხიმს შეიწოვს, შემდეგ თეთრ ხორცს ჩამოაჭრით და წითელი მოცვის საწებელსა და შინ გამომცხვარ პურთან ერთად, მართლაც, ღვთიური რამ არის.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG