Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო თვალჭრელიძეს ბენზინის მორიგი გაძვირება სპეკულაციად მიაჩნია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და მომხმარებელთა ასოციაცია ავტომფლობელებს აფრთხილებს, რომ ბენზინზე ფასები მოიმატებს. საწვავი უკვე მიმდინარე

თვიდან დაიწყებს მატებას და იგი, ასოციაციის წარმომადგენელთა ვარაუდით, 10-15 თეთრით გაძვირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისაგან რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს მორიგ სპეკულაციასთან. რით არის გამოწვეული ბენზინის ამგვარი გაძვირება და იმოქმედებს თუ არა იგი სხვა პროდუქტების ფასების მატებაზე?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საქართველოში საწვავის ფასების მორიგ მატებას წინასწარმეტყველებენ. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და მომხმარებელთა ასოციაციის გათვლებით, უკვე მიმდინარე თვიდან ერთი ლიტრი ბენზინი, შესაძლოა, 15 თეთრით გაძვირდეს, რის მიზეზადაც, მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებასთან ერთად, აზერბაიჯანში ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერება და, შესაბამისად, ამ ქვეყნიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირება სახელდება. ასოციაციის ინფორმაციით, თუ აზერბაიჯანიდან იმპორტი თვეში 18-20 ათასი ტონა იყო, ამჯერად მხოლოდ 1500-2000 ტონა შემოვა.

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს მიაჩნია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა უფლებების დამცველთა მიერ დასახელებული ბენზინის გაძვირების მიზეზები ამჯერადაც ისევე არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც არ შეესაბამებოდა შემოდგომით, ბენზინის გაძვირების პირველი ტალღისას, და, მისი ვარაუდით, საქმე წმინდა წყლის სპეკულაციასთან გვაქვს.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”მე არ შემიცვლია აზრი. მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს სპეკულაციას. იმიტომ რომ განცხადებები ბენზინის იმპორტიორთა უფლებების დაცვის ასოციაციისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლ ნავთობზე გაძვირდა ფასი და ამიტომ ჩვენთან ნავთობპროდუქტები გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როცა გაიაფდა, ჩვენთან ფასები არ დაწეულა.”(სტილი დაცულია)

გარდა ამისა, ბენზინის ბაზარზე საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი მსხვილი იმპორტიორი ოპერირებს, რომელთა იმპორტში აზერბაიჯანული ნავთობის წილი, სანდრო თვალჭრელიძის ინფორმაციით, უმნიშვნელოა:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”ჩვენთან აზერბაიჯანის წილი არ იყო ძალიან მაღალი. ნუ გავიწყდებათ, რომ ძირითადი ბაზარი უკავია სამ დიდ კომპანიას - “კანარგოს”, ”ლუკოილის” და ”ეკო ჯორჯიას”. მათი შემოტანილი წილი აზერბაიჯანიდან არცთუ ისე დიდია.”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორები, ბუნებრივია, ბენზინის გაძვირების სხვა მიზეზს ასახელებენ და მას, ტრადიციულად, მსოფლიო კონიუნქტურასა და აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას უკავშირებენ. ისეთ სტრატეგიულ პროდუქტზე ფასის მატება, როგორიც ბენზინია, ჩვეულებრივ, ადეკვატურად აისახება ხოლმე სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, ანუ, სავარაუდოდ, შესაბამისად გაძვირდება ყველა სხვა საქონელი თუ მომსახურება. ამდენად, მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც ბაზარი ძვირდება, ალბათ, უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვისი მიზეზით ხდება ეს.
XS
SM
MD
LG