Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირების ერთწლიანი ვადის ნახევარი უკვე გალეულია – განათლების სამინისტრო შუალედურ შედეგებზე საუბრობს


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 100 საშუალო სკოლაში მიმდინარეობს. განსაკუთრებული დაკვირვების

ობიექტები არიან აღნიშნული სკოლების პირველი, მეშვიდე და მეათე კლასები, სადაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პრინციპებისა და სასწავლო პროგრამების გამოცდა მიმდინარეობს. ექსპერიმენტის ერთწლიანი ვადის ნახევარი უკვე გალეულია. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ,რომ, საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, ერთნაირად ღირებულია, როგორც პილოტირების პროცესში გამოვლენილი წარმატებები, ისე წარუმატებლობები.

კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება საქართველოს 100 სკოლის პირველ,მეშვიდე და მეათე კლასებში მიმდინარეობს. მომავალ წელს სასწავლო პროგრამები გამოიცდება მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასებში, ხოლო ექსპერიმენტის მესამე წელს - მესამე და მეცხრე კლასებში. ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების საფუძველია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც დოკუმენტის ფორმატში აღწერს, თუ როგორი მოქალაქის აღზრდა და ფორმირება ევალება განათლების სისტემას.

[სიმონ ჯანაშიას ხმა]“ ეს ადამიანი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე. ანუ მას უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობები და უფლებებიც, რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბუნებრივ გარემოსთან ეფექტურად ურთიერთობა, ასევე ინფორმაციასთან ეფექტურად ურთიერთობა. უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს ცხოვრების განმავლობაში, იყოს შემოქმედებითი და უნდა შეძლოს განათლების სისტემების გარეშეც საკუთარი თავის განათლება უწყვეტად.“

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტ “ილია ჭავჭავაძის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების” შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელის სიმონ ჯანაშიას მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მთავარი კი ისაა, რომ ახალი, რეფორმირებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კურსდამთავრებული პრაქტიკული უნარ–ჩვევებით გამორჩეული ინდივიდი უნდა იყოს და განათლებასაც სწორედ ამ მიზნით უნდა ეწაფებოდეს. თუმცა ერთია შორს მიმავალი გეგმები და მეორე კი რეალობა და საფრთხე იმისა, რომ ძველი სისტემით მომუშავე პედაგოგებისათვის უფრო რთული გამოდგეს სიახლეების აღქმა და ხორცშესხმა, ვიდრე თავად მოსწავლეებისათვის.
როგორც განათლების მინისტრი განმარტავს, პედაგოგების გადამზადება უწყვეტი პროცესი იქნება, სწავლების პროცესში მათთვის მინიჭებული თავისუფლება კი -პასუხისმგებლობა, რომელიც, გარკვეულწილად, მაინც კონტროლირებადია:

[კახა ლომაიას ხმა]“მოდით, ვთქვათ ასე: ეს არის რეგულირებული თავისუფლება. ეს არ არის “აკეთე, რაც გინდა”. ეს არის ის, რომ არსებითად ჩვენ პროცესის კონტროლიდან გადავდივართ შედეგის კონტროლზე, მაგრამ პროცესიდანაც არ გამოვდივართ. ანუ ის, რომ საბჭოთა სკოლის სასწავლო პროგრამაში ეწერა, რომ მეჩვიდმეტე სასწავლო კვირის მესამე დღეს ყველა ასწავლის კვადრატული ფესვის ამოღებას, აი, ეს აბსურდი, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგრამაში არ იქნება. ჩვენს პროგრამაში იქნება, რომ მეხუთე კლასის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს კვადრატული ფესვის ამოღება.“

დაბოლოს, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აღნიშნავს, ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ რთული თემაა საიმისოდ, მარტივად რომ ილაპარაკო. თუმცა ის, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ევროპული სტანდარტებით რეფორმირებას ალტერნატივა არა აქვს, კახა ლომაიასა და მისი კოლეგებისთვის აღარავითარ ეჭვს არ იწვევს. პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანის დეფიციტის პრობლემა შეიძლება დაძლეულ იქნეს, თუმცა სასწავლო გეგემების პილოტირების ნახევარწლიანი დაკვირვების შემდეგაც ნათელია, რომ ეს იოლი არ იქნება.

[კახა ლომაიას ხმა]“ როდესაც ეკითხები მეოთხეკლასელ ბავშვს, რამდენია 20–ს გამოვაკლოთ სამი, პრაქტიკულად ყველა გეუბნება ჩვიდმეტიო. მაგრამ როდესაც ეკითხები, რომ აკაკი წერეთელმა “ძმანი ხერხეულიძეები” დაწერა მეოცე საუკუნეში, სინამდვილეში ეს ამბავი სამი საუკუნით ადრე მოხდა, რომელ საუკუნეში მოხდა ეს ამბავი, აი აქ იჭედებიან. ესე იგი მათემატიკაში მიღებული ცოდნა, რომ მათ სჭირდებათ ცხოვრებისთვის, რომ ელემენტარული ხურდა დაითვალო, ბანკში პროცენტი ისესხოს და გაიანგარიშოს, რომ განვადებით უკეთესია მისთვის გადახდა თუ ერთბაშად, აი, ამისათვის, ამ პრაქტიკული დანიშნულებისათვის ვერ იყენებენ.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG