Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკინო ვისკონტი - 100


2 თებერვალს დიდ იტალიელ კინორეჟისორს

ლუკინო ვისკონტის ასი წელი შეუსრულდებოდა. მეოცე საუკუნის კინოსა და თეატრის კლასიკოსის იუბილეს დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ – კინოთეატრებსა და კინოს მუზეუმებში ხელახლა უჩვენებენ ვისკონტის შედევრებს: “მიწა ცახცახებს”, “როკო და მისი ძმები”, “ლეოპარდი”, “ღმერთების დაღუპვა”, “სიკვდილი ვენეციაში”. საბჭოთა კავშირში კინოს მოყვარულებს გამუდმებით უმეორებდნენ, რომ ამ ფილმების ავტორი იტალიელი კომუნისტია. თუმცა იმას კი არ ამბობდნენ, რომ ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლუკინო ვისკონტი, იტალიელი ჰერცოგების პირდაპირი მემკვიდრე იყო და რომ ჰერცოგმა ვისკონტიმ თანამედროვე კინოში აღორძინების ეპოქის კულტურა აღადგინა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც ლუკინო ვისკონტის იუბილეს ეძღვნება, სწორედ კულტურის, მხატვრული ტრადიციების მიმართ ამ დიდი მხატვრის დამოკიდებულებაზე გესაუბრებით.

[გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონია]

ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში, როცა ვისკონტის გვარის წარმომადგენლები მილანის ჰერცოგები გახდნენ, მათ სასახლეს თვით ჯოტო აფორმებდა. მოგვიანებით ლუკინო ვისკონტის კიდევ ერთი შთამომავალი, იმხანად ცნობილი დრამატურგი, თავის პიესებს ლეონარდო და ვინჩის დეკორაციებში ადგმევინებდა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ლუკინო ვისკონტის მამა, ჯუზეპე ვისკონტი, თავად დგამდა სპექტაკლებს ლა სკალაში. ასე რომ, კულტურა და ტრადიციები ვისკონტის, როგორც იტყვიან, “სისხლში” ჰქონდა... და სწორედ ეს ტრადიციები წარმოადგენდა ამ ჭეშმარიტად რენესანსული ტალანტის, მეოცე საუკუნის კინოში თითქოს აღორძინების ეპოქიდან მოვლენილი მხატვრის, სულიერი სამყაროს ძირებს.

კრიტიკოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ ახერხებდა ვისკონტი გადაექცია ყველაზე ვულგარული რეალობაც კი – ოპერის მიზანსცენად და კლასიკური ტრაგედიის სახედ. ამ ეფექტს იგი, ალბათ, იმით აღწევდა, რომ ნებისმიერ მოვლენაში, საგანში, ადამიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წარსულს, ფესვებს, არსს ეძებდა. ტრადიციისა და კულტურის დაკარგვა ვისკონტისთვის, სწორედაც რომ, საკუთარ ფესვებს მოწყვეტაა, როგორც, მაგალითად, ფილმში “როკო და მისი ძმები”, სადაც უსახლობა, უმამობა, “უწარსულობა” ბადებს ორ უკიდურესობას – განწირულ იდეალისტ როკოს და ასევე განწირულ მხეცს – სიმონეს...

“როკო და მისი ძმების” პრემიერის შემდეგ იტალიაში მას ოპონენტები “წითელ არისტოკრატს” დაუძახებენ. კონსერვატორებს არ ესმოდათ, რატომ დაუჭირა მხარი ამ ფილმში ვისკონტიმ მილანში პროლეტარებად ქცეულ სიცილიელ გლეხებს... კომუნისტებს კი მისი ესთეტიზმი, წარსული კულტურის მიმართ ტრფობა აღიზიანებდათ. 60-იანი წლების დასაწყისში, როცა იტალიურ კინოში ახალი თაობა მოვიდა, ბევრი ვერ მიხვდა, რომ წინააღმდეგობები და მათი ჰარმონიული გაერთიანების ცდა აღორძინების კულტურის არსია - ის, რის აღდგენასაც დაჟინებით ცდილობდა მაესტრო ვისკონტი. აკი თავადაც წერდა:

[ვისკონტის ტექსტი] “ულმობელი სიმართლეა, რომ ადამიანის ცხოვრება მუდამ საწინააღმდეგო, საპირისპირო მოვლენებად იყოფა – დღე და ღამე, დაბადება და სიკვდილი, ბედნიერება და ხიფათი, კეთილი და ბოროტი - და შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდობა და სიბერე ერკინება – მომხიბლავი, ძალ-ღონით სავსე, ურწმუნო ახალგაზრდები და ილუზიებს მოკლებული, მოგონებებში ჩაფლული, თავიანთი გამოცდილებითა და კულტურით თავმომწონე მოხუცები.”

იტალიური ლიტერატურის სპეციალისტი ნოდარ ლადარია, რომელმაც ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას რომანი “ლეოპარდი” თარგმნა, ის “ლეოპარდი”, რომელიც ვისკონტიმ “როკო და მისი ძმების” შემდეგ გადაიღო, დიდი რეჟისორის ამ ფილმს ადარებს ვისკონტის “გერმანული ტრილოგიის” პირველ სურათს, ანტიფაშისტურ ტრაგედიას “ღმერთების დაღუპვა”:

[ნოდარ ლადარიას ხმა] “ვისკონტი, მოგეხსენებათ, მილანის ჰერცოგების შთამომავალი იყო, ასევე ლამპედუზა იყო დიდგვაროვანი სიცილიელი ჰერცოგი და ორივემ ძალიან კარგად იცის, რა არის არისტოკრატია, თუმცა დამოკიდებულება ამის მიმართ აქვთ სხვადასხვანაირი. ლეოპარდი, ანუ თავადი ფაბრიციო სალინა, ის ადამიანია, რომელსაც უნარი შესწევს, თავისი გონების ძალით და აღზრდითაც, აბსტრაჰირება მოახდინოს საკუთარი თავისა სიტუაციიდან, ამაღლდეს სიტუაციაზე და განიხილოს ის გარედან; ამას ვერ ახერხებენ “ღმერთების დაღუპვის” გმირები, ჩაძირულნი არიან მასში.”

ნოდარ ლადარიას თქმით, ვისკონტისა და ლამპედუზას დამოკიდებულება ისტორიის მიმართ ჭეშმარიტად არისტოკრატულია – ორივე მათგანი კატეგორიულად უარყოფს “ფლობას” და რაიმეს მიმართ - მათ შორის, დროის მიმართ - მიჯაჭვულობას “ბურჟუაზიულ ინსტინქტს” უწოდებს. მაგრამ ამ ორ დიდ ხელოვანს შორის არის პრინციპულო განსხვავებაც:

[ნოდარ ლადარიას ხმა] “ვისკონტისთან არის ძალიან ბევრი ფსიქოანალიზი, რაზედაც შეგნებულად და გადაჭრით ამბობს უარს ლამპედუზა... ცნობილია, სადაც მოქმედებს რიტორიკა, იქ ნაკლებად მოქმედებს ფსიქოანალიზი... ლამპედუზას რომანში მოქმედებს სწორედ რიტორიკა, სიტყვიერი კულტურა, მეტყველების კულტურა, რაც ესენბეკების ოჯახს არ ეტყობა... წარმოუდგენელია, რომ ფაბრიციო სალინას რომელიმე ვაჟს ჩაეცვა მარლენ დიტრიხის ტანსაცმელი და რაღაც ემღერა... იქ არის გამოყვანილი არისტოკრატი პიროვნება, რომელიც მზადაა დაკარგოს რაღაც... თუნდაც არ უნდოდეს ეს. როცა განვიხილავთ ხოლმე ისეთ მოვლენას, როგორიცაა ფაშიზმი, სახიფათოა ფსიქოანალიზის გამოყენება... ფსიქოანალიზი ხსნის, ეს პიროვნება იქცევა ასე იმიტომ, რომ... ამგვარი ახსნა ყოველთვის შეიცავს თავის თავში გამართლებას...”

მაგრამ ფსიქოანალიზი ვისკონტის პოეტიკის მხოლოდ ერთი მხარეა. მას, როგორც ისტორიკოსს, არ შეეძლო მაღალის მდაბალ ფორმამდე დაყვანა, ის ყოველთვის ცდილობდა ფსიქოანალიტიკოსებზე უფრო ღრმად ჩასწვდომოდა ტრაგედიის არსს – ამიტომაცაა, რომ მის ფილმებში უსაფუძვლოდ არავინ ისჯება – ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერი სამყაროს ორგანიზებულ წესრიგს გამოხატავს.

სწორედ ამ წესრიგს, ანუ აბსოლუტურ მშვენიერებას, ეძებს გუსტავ ფონ აშენბახი ლუკინო ვისკონტის ყველაზე პოპულარულ ფილმში “სიკვდილი ვენეციაში”, იქ, სადაც ევროპული ცივილიზაციის, აღორძინების კულტურის თავისებური სიმბოლო – ვენეცია - იხატება, როგორც “სიკვდილის ქალაქი”, ავადმყოფი, და ამიტომ კიდევ უფრო მშვენიერი, კიდევ უფრო იდუმალი. სწორედ აქ დასრულდება აშენბახის მოგზაურობა, სწორედ აქ შეერწყმება მშვენიერებას ვისკონტის, თომას მანისა და გუსტავ მალერის “ლეოპარდი” – გუსტავ ფონ აშენბახი, სილამაზის ძიებაში გონება რომ დაკარგა, სილამაზის ძიებაში მთელი თავისი ცხოვრება რომ გადააფასა.

[მუსიკა. მალერის მეხუთე სიმფონია]

ლუკინო ვისკონტიმ ერთადერთი ანდერძი დატოვა, სთხოვა მეგობრებს, მის საფლავზე დაეწერათ: “მას უყვარდა შექსპირი, ვერდი და ჩეხოვი...”. მაგრამ კიდევ რამდენი რამ უყვარდა მაესტრო ვისკონტის... გოეთე და ვაგნერი, დოსტოევსკი და თომას მანი, მალერი და ბრუკნერი, დანტე და მიქელანჯელო, პრუსტი და ჯოისი... უყვარდა ყველაფერი. უყვარდა სიცოცხლე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG