Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კვლავ განახლდა საპროტესტო აქციები სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენების წინააღმდეგ


თბილისში 15 საათზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ შეიკრიბნენ ბაზრობებისა თუ სხვა ტიპის მცირე სავაჭრო ობიექტების მოვაჭრეები, რომლებიც სალარო აპარატების

სავალდებულო გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს რეგიონებშიც. მიუხედავად ამ საპროტესტო ტალღისა, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. ეს 15 მარტს საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ საკომიტეტო განხილვაზეც გამოჩნდა.

საქართველოს პარლამენტის წინ მოვაჭრეთა საპროტესტო აქციის დაწყებამდე სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენების წესის გადავადებას ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს შიგნით შეეცადა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ფრაქცია ”დემოკრატიულმა ფრონტმა” 3 მუხლიანი კანონპროექტი შესთავაზა. პროექტი საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების 2 თვით შეჩერებას ითვალისწინებს, რომელთა ძალით 1 მარტიდან სალარო აპარატის გარეშე მოვაჭრე 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმდება.

[კახა კუკავას ხმა] ”ამ უმრავლესობას არ გაქვთ პოლიტიკური ნება, რომ ამ ხალხს შეღავათი გაუკეთოთ. როცა ჟურნალ-გაზეთებზე იყო პრობლემა და გქონდათ პოლიტიკური ნება, მაშინ ხო მოიძებნა გამოსავალი. ახლა ნუ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნება გაქვთ და ფორმულირება ვერ იძებნება.”(სტილი დაცულია)

აი, ასეთი პასუხებით ცდილობდა კანონპროექტის ინიციატორი კახა კუკავა საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლების დარწმუნებას, რომ, სურვილის შემთხვევაში, კანონის 2 თვით გადავადება შეუძლებელი არ არის. კუკავა პარლამენტს ამ ხნის მანძილზე რეალობაზე მორგებული ისეთი კანონის შემუშავებას სთავაზობდა, რომელიც სალარო აპარატების მომხმარებელთა დიფერენციაციას უზრუნველყოფს. ოპოზიციის არგუმენტებს უმრავლესობამ ხმამაღალი კამათითა და შეურაცხყოფითაც კი უპასუხა.

[ხმაური]

ამ აყალმაყალის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სალარო აპარატების სავალდებულო მოხმარების გადავადებას მხარი არ დაუჭირა. მე იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით იჩენს ასეთ პრინციპულობას საპარლამენტო უმრავლესობა, მის ერთ-ერთ წევრს, შოთა გვენეტაძეს გავესაუბრე.

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”დღეს არის ეტაპი, როდესაც სალარო აპარატები უნდა გავრცელდეს თბილისის ბაზრობებზე და, საერთოდ, ყველგან. რთული საკითხია, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ არის ჯიხურები, სადაც 5 ლარიანი ბრუნვაა. ეს არასწორია, იმიტომ რომ შეუძლებელია 5 ლარის ბრუნვის შემთხვევაში რაიმე ეკონომიკური აზრი ჰქონდეს ჯიხურის ფუნქციონირებას.”(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობენ ჯიხურში თუ ბაზრობებზე მდგარი მოვაჭრეები, რომელთათვისაც ვაჭრობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა და რომლებიც 15 მარტს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ.

[აქციის მონაწილის ხმა] ”გაჭირვებული ხალხი ვართ მოსული, ძმაო, და იმ 2 კაპიკს, ჩვენ რომ ვშოულობთ, რათა ოჯახები ვარჩინოთ, იმასაც გვართმევს ჩვენი პრეზიდენტი. და ვართ ამის საწინააღმდეგოდ შეკრებილი.”

[აქციის მონაწილის ხმა] ”არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და აპარატები არაფერში გვჭირდება. ჩვენი მთავრობა ჩვენი არჩეულია და ჯობია ეს ვარდების რევოლუცია ეკლების რევოლუციად არ გადაგვიქციოს. ვთხოვთ დიალოგზე წამოსვლას.”

ამავე მოთხოვნებით საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მისი მონაწილენი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვა, მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომასაც კი მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG