Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პროკურატურის ფონდთან” დაკავშირებული შეკითხვები უპასუხოდ რჩება


საქართველოში ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსთვის მსხვილი თანხების გადახდის კანონიერებასა და ამ ფულის ხარჯვას ბოლო დროს ათასგვარი შეკითხვა და ეჭვი დაუკავშირდა. თუმცა მას შემდეგ,

რაც 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა ეგრეთ წოდებული “პროკურატურის ფონდი” ”ხარკით” შევსებულ ფონდად მოიხსენია, ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიგა ბოკერიას მტკიცებით, ფონდის მიერ დახარჯული ფულის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო არავისთვის არის. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ ექსპერტები, რომლებმაც ხსენებული ინფორმაციის მოპოვება არაერთხელ სცადეს. ხუთშაბათს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობაზე პარლამენტშიც საუბრობდნენ.

პროკურატურის ფონდს, რომელზეც 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობდა, 2004 წლის 11 ივნისის რეგისტრაციის დოკუმენტში ”სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი” ჰქვია. დოკუმენტი იუწყება ფონდის საქმიანობის მიზანსაც - ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს. დამფუძნებელთა შორის მოიხსენიება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (წარმომადგენელი - ივანე მერაბიშვილი) და საქართველოს გენერალური პროკურატურა (წარმომადგენელი - ზურაბ ადეიშვილი). ბუნებრივია, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმ 160 მილიონ ლარზე, რომელიც, ბადრი პატარკაციშვილის ინფორმაციით, ფონდში ბიზნესმენებმა სრულიად გაურკვეველ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ჩარიცხეს:

(ბადრი პატარკაციშვილის ხმა) ’”ეს იყო ხარკის სახით აღებული თანხები ბიზნესმენებისგან და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს.” (სტილი დაცულია)

აკრეფილ ხარკთან დაკავშირებით ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარეს სავსებით კონკრეტული შეკითხვები აქვს:

(ბადრი პატარკაციშვილის ხმა) ”რატომ იღებდნენ ჩვენგან ამ ფულს, ვინ განკარგავდა ამას და სად წავიდა, საბოლოო ჯამში, ეს თანხები, რას მოხმარდა?” (სტილი დაცულია)

შეკითხვები 29 მარტს დაისვა. იმავე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის თვალსაჩინო წარმომადგენელი გიგა ბოკერია ირწმუნებოდა, რომ პასუხები დასმულ შეკითხვებზე ძალიან ადვილი მოსაპოვებელია და, რაც მთავარია, ყველასთვის:

(გიგა ბოკერიას ხმა) ”ამ ხარჯების შესახებ ინფორმაცია არის ღია ყველასთვის და ყველას შეუძლია მოიკითხოს და ნახოს, რაში დაიხარჯა ეს ფული.” (სტილი დაცულია)

ინფორმაცია ყველასათვის გამჭვირვალე რომ არ არის, ამის დამტკიცებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ცდილობს. ანა დოლიძე აბსოლუტურად უშედეგოდ გავლილ რთულ გზაზე საუბრობს და ფონდის აღმასრულებელი საბჭოსთვის გაგზავნილ წერილებს ითვლის:

(ანა დოლიძის ხმა) ”გაგზავნილი გვაქვს 15 განცხადება ერთი წლის განმავლობაში, ანუ მიღებული გვაქვს 15 უარი, ხან - ერთი ფორმულირებით, ხან - მეორე ფორმულირებით. ხან ზოგადი ინფორმაცია მოვითხოვეთ. ყველაფერზე გვაქვს უარი. ამის შემდეგ ჩვენ დავწერეთ 2 საჩივარი. გავასაჩივრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გენერალურ პროკურატურასთან და იქიდან გვიპასუხეს, რომ ეს დამოუკიდებელი იურიდიული პირიაო და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მის ქცევაზეო. გავასაჩივრეთ ეს უარები ჩვენ საქართველოს საერთო სასამართლოებში, სადაც მოპასუხე მხარე - ფონდის წარმომადგენელი - დავობდა, რომ ეს კერძო დაწესებულებაა, შესაბამისად, ჩვენ გარეშე პირებზე ინფორმაციას ვერ გავცემთო და სასამართლომაც დაუდასტურა, სამწუხაროდ.” (სტილი დაცულია)

ანა დოლიძის თქმით, პროკურატურის ფონდს კერძო იმიტომ დაერქვა, რომ მას თავი აერიდებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობის მკაცრი მოთხოვნისთვის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი შეახსენებს ყველას, რომ ფონდი კანონდარღვევით შეიქმნა, რადგანაც ადმინისტრაციულ ორგანოებს და, მით უმეტეს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს სამოქალაქო კოდექსი ასეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნის უფლებას არ აძლევს. ნიკო ორველაშვილი იხსენებს ფონდის საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მიღებულ არაერთ უარს და იმასაც, რომ ბიზნესმენებს თანხების გადახდასთან დაკავშირებით მასთან არაერთხელ გამოუხატავთ პროტესტის გრძნობა. ექსპერტი ამბობს, რომ თუკი ვარდების რევოლუციის ცხელ ნაკვალევზე თანხების გადახდა ნებაყოფლობით ხდებოდა, თანდათან ამან ძალდატანების სახე მიიღო:

(ნიკო ორველაშვილის ხმა) ”ამათ დაინახეს საიდან წამოვიდა ეს თანხები, ისწავლეს გზა და წავიდნენ მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ... იქამდე მივიდა საქმე, რომ, ნუ, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი დღეს შეწუხებულია, ელემენტარულად, ამათი მუდმივად მზარდი მადით.” (სტილი დაცულია)

ეგრეთ წოდებულ “პროკურატურის ფონდის” საქმიანობის გამჭვირვალობაზე ხუთშაბათს პარლამენტშიც საუბრობდნენ. მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ საკითხის შესწავლა მოითხოვა:

(მანანა ნაჭყებიას ხმა) ”პარლამენტმა - გნებავთ, მისმა რომელიმე კომიტეტმა - შეისწავლოს, მართლა შესაძლებელია თუ არა პროკურატურის, აი, იმ ავადსახსენებელ ფონდში ჩარიცხული თანხების გამჭვირვალობის დანახვა.” (სტილი დაცულია)

დეპუტატის ინიციატივას ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG