Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ნატო: ინტენსიური დიალოგი თუ გაწევრიანების გეგმა?


13-14 აპრილს ნატოს წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა შესრულებულად მიიჩნიეს საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები

და შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვით განმარტოვდნენ. მაგრამ ვიდრე ალიანსი უშუალოდ გაწევრიანების შემდგომ მექანიზმზე საბოლოო სიტყვას იტყოდეს, საქართველოში უკვე საუბრობენ პროცესის შეუქცევადობაზე და ემზადებიან “ახალი სიმაღლის” დასაპყრობად.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მაღალმა შეფასებამ საქართველოს ხელისუფლებას ფრთები შეასხა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადადის:

[პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა ჩვენი დელეგაციის მიერ, პრაქტიკულად, გამოცდის ჩაბარებამ ნატოში. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ძალიან კარგად დამტკიცდა. ალბათ, ერთ-ერთი წარმატებული იყო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ითქვა, რომ საქართველომ თავდაცვის სფეროში თითქმის სასწაული მოახდინა. და ჩვენ გადავდივართ ამ ორგანიზაციასთან ინტეგრაციის საბოლოო ეტაპზე. ეს ეტაპი არის ჩვენი ნატოში გაწევრიანების შეუქცევადობის დასაწყისი.”

საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან უყვარს ოპტიმისტური პროგნოზების კეთება, ამჯერად აღარ დაუსახელებია არც ნატოში საბოლოო გაწევრიანების ვადა და არც ის, თუ რა მექანიზმით მოხდება გაწევრიანების შეუქცევადი პროცესის გაგრძელება. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ალიანსთან შემდგომი ინტეგრაცია წარიმართება “ინტენსიური დიალოგის ფორმატში”, რომლის შემდეგაც ქვეყანა, შესაძლებელია, უშუალოდ ჩაერთოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში(MAP-ში). სწორედ ასე წარმოუდგენია ალიანსთან თანამშრომლობა “ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელ თორნიკე შარაშენიძეს:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] “ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ
MAP-ს მივიღებთ მალე და ამას ხელს არ უშლის ინტენსიური დიალოგის გავლა, რადგან ეს ყველამ გაიარა MAP-ის მიღებამდე. ზოგს ინტენსიური დიალოგი გაუვლია ერთ წელში. ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი გავიაროთ ძალიან მოკლე დროში, სწრაფად და წლის ბოლოს ისევ შეიძლება MAP-ის მიღება.”

ღირს აღინიშნოს, რომ შარშანდელი 21 აპრილიდან ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს უკრაინა. მაგრამ, ასეთი დაწინაურებული თანამშრომლობის მიუხედავადაც, უკრაინაში პოლიტიკური სპექტრისა და მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი ალიანსში გაწევრიანების მიმართ. თანაც, ე.წ. MAP -ის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, დამტკიცებაც არ ნიშნავს აუცილებელ პირობას, რომ ქვეყანას სწრაფად მიიღებენ ნატოში, ამბობს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ერთი კვირის წინ იმყოფებოდა ნატოს შტაბბინაში:

[ელენე ხოშტარიას ხმა] “სულ არ ნიშნავს MAP-ში ჩართვა, რომ შენ ორ დღეში ხარ ნატოში. უბრალოდ, ეს გაძლევს საშუალებას, რომ, თუ, მართლაც, გაქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი, გაიარო მთელი ეს რეფორმირების ეტაპი.”

ალიანსში შემდგომ წევრებს, სავარაუდოდ, 2008 წელს მიიღებენ ნატოს სამიტზე. წევრობის რეალური კანდიდატებია არიან ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია, რომლებიც 4 წელია დგანან რიგში. შესაბამისად, საქართველოს 100 მილიანი ნაბიჯებით მოუწევს სიარული, რათა შემდგომი სამიტისათვის დაასრულოს ინტენსიური დიალოგი, ჩაერთოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაინც მოიპოვოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG