Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 640-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გეპატიჟებით "მეათე სტუდიაში". ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 640-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ პოლიტიკურ რიტორიკასა და პრაქტიკაზე თანამედროვე საქართველოში; გიამბობთ ერთი რეგიონული გაზეთის დიდ წარმატებაზე; გავიხსენებთ სამ ღვაწლმოსილ თბილისელს და ვეცდებით გავარკვიოთ, რა იციან მათზე მათივე თანაქალაქელებმა დღეს; დღესვე მოგითხრობთ "იუდას სახარებად" ცნობილ ხელნაწერზე, რომელიც იუდა წარმოდგენილია არა მოღალატედ, არამედ იესო ქრისტეს განდობილად; დღეს ჩვენი სტუმარია კონსტანტინე რუხაძე - ჰოლანდიაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი გიტარისტი და მომღერალი; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

პოლიტიკური რიტორიკა და პრაქტიკა თანამედროვე საქართველოში

დავით კაკაბაძე:
ბოლო ხანს ცნობილი პოლიტიკოსები იშვიათად თუ ჩნდებიან ისეთ დისკუსიებზე, რომელთაც მედია ფართოდ არ აშუქებს ან სულაც პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. თუმცა, გამონაკლისი ამ ტენდენციასაც ახლავს. და როცა ასეთი გამონაკლისი ხდება, საჯარო დისკუსიებზე თავმოყრილი საზოგადოება ყურადღებას, შეკითხვებსა და პრეტენზიებს უპირატესად იქვე დამსწრე პოლიტიკოსისკენ მიმართავს, მით უმეტეს, თუ ის ხელისუფლების წარმომადგენელია. "პოლიტიკური რიტორიკა და პრაქტიკა თანამედროვე საქართველოში" - ორიოდე დღის წინათ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში ამ თემაზე გაიმართა დებატები, რომელშიც - სხვებთან ერთად - მონაწილეობდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკა გვარამია. დავით პაიჭაძის სიუჟეტიც სწორედ ხელისუფლებაში რიტორიკისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას ეხება.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ პოლიტიკაში მემარჯვენეები არიან. თუმცა იდეოლოგიურ კუთვნილებას მთელ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის გასაგებად და დამაჯერებლად არ გამოხატავენ. შინაარსზე უფრო ცხადი არის ის ფორმა, ყალიბი, რომელშიც ქართველი პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვებსა და ქცევას ჩამოასხამს:

[ნიკა გვარამიას ხმა] "აკადემიურ ტონალობას პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკა, ვერ იტანს. ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ დაადასტურონ, რომ განსხვავებული ტიპები არიან სწორედ თავისი მემარჯვენე განცდებით, იმიტომ რომ მემარცხენე ტიპაჟი - ჯანსაღი და არა ლეიბორისტული - არის შემოქმედებითი ინტელიგენტის ტიპაჟი. ქართველი პოლიტიკოსი, ჩემთვის ტრაგიკულად, ცდილობს დაამტკიცოს, რომ არ არის ასეთი. ეს არის თეიმურაზ ხევისთავის ტიპი და ქართველ პოლიტიკოსს ყოველთვის აქვს მოტივაცია, ამტკიცოს, რომ არ არის თეიმურაზ ხევისთავი, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ არის ჯაყო."

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია არ მალავს, რომ ასეთი ქცევა გათვლილია არა ელიტებზე, არამედ ფართო ამომრჩეველზე:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც უნდა, რომ გაიგოს ელექტორატის ყურმა - კოლექტიურმა ყურმა. სამწუხაროდ, კოლექტიური ყური არ იქმნება თუნდაც გამორჩეული ინდივიდებისგან. ის იქმნება რაოდენობრივი მაჩვენებლით და ძალიან ხშირად აგებს ხარისხობრივი მაჩვენებლის თვალსაზრისით. მაგრამ, როგორ უნდა აიწიოს ხარისხობრივმა მაჩვენებელმა, თუ არა პოლიტიკოსთა მაღალი გემოვნებით? აქ ჩაკეტილი წრეა. არ მგონია, რომ ქართველი პოლიტიკოსები მაღალი გემოვნებით გამოირჩეოდნენ, არ ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებულ კულტურას ეზიარა და ევოლუცია განიცადა."

მოქალაქეები ხედავენ, რომ, ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურის მიუხედავად, ხელისუფლება თავდაჯერებულია. ხელისუფლების ამ თვისებას ხშირად მისი კრიტიკისათვის იყენებს ოპოზიციაც. ნიკა გვარამია განმარტავს, რა აძლევს ხელისუფლებას საფუძველს, იყოს თავდაჯერებული:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც ბევრი ძალიან დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება, დისტანცირებულია სახალხო ნებისგან. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ხალხის სახელით, ხალხის ინტერესებში, და შეიძლება ეს იმწუთას ხალხის აზრს არ შეესაბამებოდეს. ისეთი საშინელი ციკლური წრებრუნვა, როგორიცაა არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს ხალხის მონაწილეობას და ამ კომპონენტით 4, 5 ან 7 წელიწადში ერთხელ ხელისუფლება გადის ლეგიტიმაციას. ეს უკვე საკმარისი საფუძველია გამუდმებით ილაპარაკო, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში შენ ხალხის სახელით იღებ გადაწყვეტილებას."

რაც შეეხება რიტორიკისა და პრაქტიკის კავშირს პოლიტიკაში, პარლამენტარი ნიკა გვარამია ეხება იმ ერთგვარ მაგიურ მანიპულაციებს, უმრავლესობის ზოგიერთი წევრი რომ მიმართავს:

[ნიკა გვარამიას ხმა] "მე მყავს მეგობრები პოლიტიკურ უმრავლესობაში, რომლებიც არიან ფაკირები, პოლიტიკური მჭევრმეტყველების თვალსაზრისით. ისინი აქრობენ ნებისმიერ პრობლემას. კონკრეტულ ადამიანებს აქვთ უნარი, პრობლემა აღარ არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში, მასთან საუბრისას გჯეროდეს, რომ არ არის და მხოლოდ მეექვსე თუ რომელიმე სხვა გრძნობით ხვდებოდე, რომ არის. ეს დიდი ფასეულობაა, ამგვარი ადამიანები ქმნიან ახალ პოლიტიკურ რეალიებს. ის, რომ ადამიანი რიტორიკით პრობლემას აქრობს, შეიძლება მართლა აქრობდეს ამ პრობლემას. ანუ ზღვარი პოლიტიკაში რიტორიკასა და პრაქტიკას შორის ძალიან მყიფეა."

მოუხელთებელი ზღვარი არ გამორიცხავს კომუნიკაციურ პრობლემებს, რომ არა ვთქვათ, კრიზისს პოლიტიკურ სექტორსა და მოქალაქეებს შორის. საგულისმოა ნიკა გვარამიას ეს აღიარება:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ხელისუფლებას, ფართო გაგებით, ზოგადად, დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას აკლია კონტაქტი ხალხთან. ვაღიარებ, რომ ხელისუფლებას აქვს პრობლემა, შეფუთოს თავისი გადაწყვეტილებები, ახსნას და განმარტოს ისინი, რადგან ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას იღებს სენსუალურ დონეზე, ანუ როცა გრძნობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სწორი. სენსუალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება საარტიკულაციოდ და გასამართლებლად არ არის მარტივი, რადგან შეიძლება მხოლოდ იცოდე - ამას იმიტომ აკეთებ, რომ სწორია და მეტი არაფერი."

ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია დასრულდება. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა გადავიდეს უფრო რაციონალური მოქმედების ფაზაში. ხელისუფლება მგრძნობიარეა საზოგადოებრივი დაკვეთის მიმართ და როგორც კი გაჩნდება ასეთი დაკვეთა, ხელისუფლება ამას შეისმენს და გაითვალისწინებს, ირწმუნება ნიკა გვარამია. რაც შეეხება რიტორიკისა და პრაქტიკის მიმართებას დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში, გვარამიას აზრით, რიტორიკა გაცილებით მწირია პრაქტიკაზე, რაც ასევე საზოგადოებრივი ყოფის ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ.

გაზეთი "კახეთის ხმა" - ევროპული კონკურსის ლაურეატი

დავით კაკაბაძე:
იმისთვის, რათა რიტორიკასა და პრაქტიკას შორის უფსკრული არ გაჩნდეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ბევრს აკეთებენ. აკეთებენ არა მხოლოდ დედაქალაქში. სამწუხაროა, რომ საქართველოში რეგიონულ მედიას - იმ ერთი კონკრეტული რეგიონის გარეთ - თითქმის არ იცნობენ. არადა, რეგიონულ ჟურნალისტებს თბილისელ კოლეგებთან შედარებით ხშირად გაცილებით უფრო მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა. დღეს თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ გურჯაანში გამომავალ გაზეთ "კახეთის ხმაზე", რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ მეტად პრესტიჟული საერთაშორისო ჟურნალისტური კონკურსის ლაურეატი გახდა.

თამარ ჩიქოვანი:
[მაია მამულაშვილის ხმა] "ეს იყო ფანტასტიკა. ცოტა ხანი თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ნამდვილად ამ მაღალი დონის მედიასაშუალებებს შორის მოხვდა საქართველოდან "კახეთის ხმა".

გაზეთ "კახეთის ხმის" რედაქტორს მაია მამულაშვილს სიამაყისთვის საფუძველი ნამდვილად აქვს: მაიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ჟურნალისტურ კონკურსში, რომელიც ლორენცო ნატალის სახელს ატარებს - ეს პრემია ყოველწლიურად ენიჭებათ იმ ჟურნალისტებს, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. მაია მამულაშვილმა კონკურსზე ის ჟურნალისტური გამოძიება გაგზავნა, რომელმაც მანამდე ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და რომელიც სარწყავი მაგისტრალების უკანონო გაყიდვის პრობლემას შეეხება. როცა თავის დროზე სტატია ”კახეთის ხმაში” გამოქვეყნდა, გაზეთის რედაქცია მიხვდა, რომ მხოლოდ პუბლიკაციით საჭირო საზოგადოებრივ აზრს ვერ შექმნიდა. როგორც მაია იხსენებს:

[მაია მამულაშვილის ხმა] "სულ ერთი დღის გამოსული იყო გაზეთი, როდესაც მოვიწვიეთ პრესკონფერენცია, მოვიპატიჟეთ ყველა მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ძალოვანი სტრუქტურები - პროკურატურა, პოლიცია - და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, გუბერნატორიც. არასოდეს "კახეთის ხმის" არც ერთ სტატიას ისეთი შედეგი არ მოჰყოლია, როგორიც მოჰყვა ამ სტატიას: ხუთი გამგებელი დააპატიმრეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ფართომასშტაბიანი შედეგი ჰქონდა პუბლიკაციას. თუმცა, ადამიანური თვალსაზრისით, ჩვენთვის ნამდვილად არ იყო სასიხარულო, რომ 5 ადამიანი დააპატიმრეს, მაგრამ ეს იყო მოსახლეობისთვის იმდენად შემაშფოთებელი, რომ, უბრალოდ, ხალხი დარჩა ელემენტარული სახსრების გარეშე." (სტილი დაცულია)

საერთოდ, როგორც ჩანს, რეგიონული მედია სულ უფრო აქტიურდება. მართალია, პერიოდულად შიდა პრობლემები იქაც იჩენს თავს, მაგრამ, მთლიანობაში, პროფესიული სოლიდარობის თვალსაზრისით, კახეთში, როგორც ირკვევა, ვითარება თბილისისას სჯობს. გემახსოვრებათ ამ ცოტა ხნის წინ კახეთში მოწყობილი აქცია, როცა, ცენზურის პროტესტის ნიშნად, რამდენიმე გაზეთი ცარიელი ფურცლებით გამოვიდა. ამ აქციაში გაზეთი ”კახეთის ხმაც” მონაწილეობდა და, მაია მამულაშვილის აზრით, აქციას შედეგი მოჰყვა:

[მაია მამულაშვილის ხმა] "მას შემდეგ, რაც ცარიელი ფურცლები დაიბეჭდა, - "კახეთის ხმის" და "სპექტრის" ერთობლივი აქცია გახლდათ - იმდენად დიდი იყო ყურადღება საზოგადოების მხრიდან, - მხოლოდ მათ არ ვგულისხმობ, ვისაც ესმის, მედიის ასეთი პროტესტი რამ შეიძლება გამოიწვიოს, ვგულისმობ უბრალო მოქალაქეებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ოჯახი შიმშილს გადაარჩინოს, - აი, ეს ადამიანები დაგვიდგნენ მაშინ გვერდით. ეს ადამიანები კითხულობდნენ: რატომ? - ყველაზე მთავარი მიზანი ამ აქციის ის იყო, რომ მოგვეპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. ეს შევძელით. შევძელით ის, რომ ხალხი დაფიქრებულიყო, რატომ შეიძლება მედიასაშუალებას არ მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რატომ შეიძლება ჟურნალისტს შეექმნას პრობლემა ინფორმაციის მოპოვებისას." (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ლორენცო ნატალის პრემია სწორედ იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რიმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თვითგამოხატვის თავისუფლებისთვისაა აუცილებელი, რომ ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიის, მყარი და დაბალანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა.

თბილისის ტოპონიმიკაში დამკვიდრებული სამი სომეხი მოქალაქის ისტორია

დავით კაკაბაძე:
ვულოცავთ ჩვენს გურჯაანელ კოლეგას საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობას და კახეთიდან ქართლში - თბილისში ვბრუნდებით. ეს ქალაქი დაარსების დღიდან, შეიძლება ითქვას, მრავალეთნიკური ქალაქი იყო, რაც, ბუნებრივია, მის ტოპონიმიკაზეც აისახებოდა. მართალია, საუკუნეების მანძილზე ტოპონიმიკა იცვლებოდა, მაგრამ დღევანდელ თბილისში მაინც მრავლად შეხვდებით სომხებთან, ირანელებთან, რუსებთან თუ ებრაელებთან დაკავშირებულ ტოპონიმებს. დღეს გიამბობთ თანამედროვე თბილისის ტოპონიმიკაში დარჩენილი სამი ცნობილი სომეხი მოქალაქის - ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის, მიქაელ არამიანცისა და ნიკოლოზ ხუდადოვის შესახებ. რადიო "თავისუფლების" თბილისელმა კორესპონდენტმა ალექსანდრე ელისაშვილმა სცადა გაერკვია, რა იციან დღევანდელმა თბილისელებმა ამ ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

[გამვლელ-გამოვლელთა ხმები]
- რომელ სახლზე მეკითხებით? აზრზე არა ვარ. კაზარიანცის სახლი იყო. თავადი იყო, სომეხი.
- მელიქ კაზარიანცს ეძახიან და რა ვიცი, სინამდვილეში ვისია. მე მგონი მაგისი არც ყოფილა, ასე მაქვს გაგონილი. ვინმე ძველი კაპიტალისტი იყო ალბათ, ვაჭარი კაცი იქნებოდა.
- მოიცა გავიხსენებ... აუ, ვისი იყო ეს სახლი? ხო, კაზარიანცის იყო. მე, როგორც ვიცი მერი არ ერქვა, მაგრამ დაახლოებით მერი იყო. (სტილი დაცულია).

ალექსანდრე ელისაშვილი:
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი თბილისის ქალაქის თავი არასდროს ყოფილა, თუმცა იგი ნამდვილად იყო კაპიტალისტი. მის მთავარ შემოსავლის წყაროს სომხეთში, ალავერდის სპილენძის საბადოები წარმოადგენდა. მელიქ-აზარიანცს ბიზნესი თბილისშიც ჰქონდა. მაგალითად, სწორედ მას ეკუთვნოდა ქალაქის პირველი სატელეფონო ქსელი, სხვების მსგავსად, მასაც ჰქონდა ე.წ. "შემოსავლიანი სახლები". ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში მდებარე თბილისის გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა - "მელიქ-აზარიანცის სახლის" სახელით ცნობილი შენობა. ქართველ სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ მიხეილ ავაქიანმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა ერთი ამბავი, რომლის თანახმად, სახელგანთმული სახლის მშენებლობის დროს მელიქ-ზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი დაღუპვია. დამკვეთის მწუხარება კი არქიტექტორებს შენობის ფასადზე აუსახავთ.

[მიხეილ ავაქიანის ხმა] "თუ დავაკვირდებით ამ სახლს, ზემოდან აქვს ლენტებივით... დასრულებამდე რომ დაეღუპა ქალიშვილი, ამ ქალიშვილს მიუძღვნა ლენტები და გვირგვინები."

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კაპიტალისტ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცს, სხვების მსგავსად, მთელი ქონება ჩამოართვეს. გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილ შემოსავლიან სახლში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა განათავსეს. თავად მელიქ-აზარიანცი კი რამდენიმე წლის შემდეგ სიღარიბეში გარდაიცვალა. იგი ზემო ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ვერის სასაფლაოზევე განისვენებს მელიქ-აზარიანცზე გაცილებით მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, მიქაელ არამიანცი - ბაქოს ნავთობსაბადოების ერთ-ერთი მსხვილი მეპატრონე და მრეწველი. დღევანდელ თბილისში არამიანცის სახელი ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთანაა ასოცირებული და არცთუ უსაფუძვლოდ. გასული საუკუნის დასაწყისში მეცენატმა არამიანცმა საავადმყოფო ააშენა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა. ამ ქველმოქმედებისათვის, მიხელ ავაქიანის მონაცემებით, 1913 წელს მიქაელ არამიანცმა მადლობა პირადად რუსეთის იმპერატორისაგან დაიმსახურა:

[მიხეილ ავაქიანის ხმა] "ეს შენობა მოინახულა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი სიგელი, სადაც შექებულია არამიანცი ასეთი ქველმოქმედებისთვის."

ქველმოქმედების გარდა არამიანცი თბილისში ბიზნესსაქმიანობსაც ეწეოდა. მაგალითად, მას ეკუთვნოდა სასტუმრო "მაჟესტიკი", - დღევანდელი "თბილისი მერიოტი" - ასევე, კინოთეატრების ქსელი, მათ შორის კავკასიაში ყველაზე დიდი კინოთეატრი "აპოლო" და სხვა. ბოლშევიკების მიერ ქონების ჩამორთმევას მიქაელ არამიანცი ვერ მოესწრო, იგი მანამდე გაცილებით ადრე გარდაიცვალა.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა ნიკოლოზ ხუდადოვიც, რომელიც, მართალია, არამიანცსა და მელიქ-აზარიანცს ფულითა და გავლენით დიდად ჩამორჩებოდა, მაგრამ თბილისის ტოპონიმიკაში მყარი ადგილი მაინც დაიმკვიდრა, პირველ რიგში კი ეს ნაძალადევის მთიან ფერდობზე თბილისში პირველი ხელოვნური ტყე-პარკის გაშენებით მოახერხა. პროფესიით ექიმი, ხუდადოვი, ნაძალადევში მდებარე ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. მისი სურვილი იყო, კლინიკის გარშემო ჰაერი გაჯანსაღებულიყო, ამიტომაც განიზრახა მთის ფერდობების გამწვანება. რევოლუციონერთა სიმპათიით ცნობილი ექიმის ინიციატივას განსაკურებით ნაძალადევში მცხოვრები მუშები გამოეხმაურნენ. მოგვიანებით ეს ტყე არაერთელ გამხდარა სწორედ რევოლუციონერი მუშების შეკრების საყვარელი ადგილი. ალბათ ამიტომაცაა, რომ დღემდე ხუდადოვს ბევრი თავადაც რევოლუციონერად მიიჩნევს.

[საავადმყოფოს დარაჯის ხმა] "მე ესე მგონია, რომ რევოლუციონერი იყო. რევოლუციონერი იქნებოდა. ხუდადოვ! ხო, ალბათ ეგრეა, რევოლუციონერი იყო. აგერ ამ სასაფლაოზეც სულ რევოლუციონერები არა მარხიან?" (სტილი დაცულია)

დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა და, პირველ რიგში, ქალაქის მოსახლეობის მეხსიერებამ, დღემდე შემოინახა არამიანცის, მელიქ-აზარიანცისა და ხუდადოვის სახელები. თუმცა, რატომღაც ამ ადამიანებისათვის არ აღმოჩნდა ადგილი 2002 წელს გამოცემულ თბილისის ენციკლოპედიაში. მისმა ავტორებმა სქელტანიან ნაშრომში ზემოთ ჩამოთვლილ თბილისელ სომეხთაგან არც ერთი არ მოიხსენიეს. ერთდაერთი, შეიძლება ხუდადოვის ტყეზე მიაგნოთ მცირე განმარტებას. თუმცა, 2002 წელს გამოცემული თბილისის ენციკლოპედია საუბრის ცალკე თემაა და მასზე სხვა დროს აუცილებლად დაწვრილებით მოგითხრობთ.

"იუდას სახარება" - ხელნაწერი, რომელიც 1700 წლისაა

დავით კაკაბაძე:
2000 წელია, ქრისტინულ სამყაროში იუდას სახელი მოღალატის, გამყიდველის სინონიმად იმხარება. იუდამ გასცა იესო, რის შემდეგაც იგი ჯვარს აცვეს. მაგრამ 1700 წლის წინ დაწერილი ტექსტი, რომელი ამერიკის ერთ-ერთმა კერძო საზოგადოებამ შეისწავლა, იუდას ახლებურად წარმოადგენს. "იუდას სახარებად" წოდებულ ამ ხელნაწერში იუდა წარმოდგენილია არა მოღალატედ, არამედ მოკავშირედ და განდობილად, რომელმაც შესაძლებლობა მისცა იესოს თავისი მისია აღესრულებინა. ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ ამ ხელნაწერის შესახებ.

ბიძინა რამიშვილი:
როგორც ახალი აღთქმის კანონიკური ტექსტებიდან არის ცნობილი, იუდამ 30 ვერცხლი მიიღო გასამრჯელოდ ქრისტეს გაცემისთვის. მაგრამ შემდეგ სინდისის ქენჯნა ვეღარ აიტანა, ფული დააბრუნა და თავი მოიკლა.

"იუდას სახარებად" წოდებულ ტექსტში კი ქრისტე დაპატიმრებამდე ეუბნება იუდას: "შენ ყველა მოციქულზე აღმატებული იქნები, ვინაიდან შენ მსხვერპლად გასცემ კაცს, რომელშიც ვარ განსხეულებული."

ქრისტიანობა ქადაგებს, რომ ქრისტეს მხოლოდ სიკვდილით შეეძლო გამოესყიდა კაცობრიობის ცოდვები და აღედგინა დაცემული ადამიანი.
"იუდას სახარების" ტექსტის შესწავლასა და დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის კერძო საზოგადოება "ნეიშნელ ჯიოგრაფიკმა". 6 აპრილს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მისი ინგლისური თარგმანი წარმოადგინეს.

საინტერესოა, რომ "იუდას სახარებაში" არა მხოლოდ მოციქული იუდა არის წარმოდგენილი დადებითად, არამედ, საერთოდ, ებრაელები.

[მალვინ მაიერის ხმა] "იუდას ხშირად წარმოსახავდნენ, როგორც ბოროტ იუდეველს, რომლის ღალატის შემდეგაც ქრისტე დააპატიმრეს და მოკლეს. ამიტომაც იუდას ტრადიციული სახე კვებავდა ანტისემიტიზმს. "იუდას სახარებაში" იუდას სახემ შეიძლება ამ ანტისემიტურ ტენდენციას ხელი შეუშალოს" - ფიქრობს მალვინ მაიერი, კალიფორნიის ჩეპმენის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კვლევის ცენტრის პროფესორი. ხელნაწერის აღმოჩენა ნათელს ჰფენს იმასაც, თუ როგორი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში სარწმუნოებისადმი დამოკიდებულება.

მოუსმინეთ პრინსტონის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის პროფესორს, ელეინ პეიგელსს.

[ელეინ პეიგელსის ხმა] "დღეს "იუდას სახარება", რომელიც ბევრ მოულოდენლობას შეიცავს, ემატება იმ აღმოჩენათა რიგს, რომლებიც ანგრევს მითს მონოლითური ქრისტიანობის შესახებ. ისინი გვიჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო სინამდვილეში ადრექრისტიანული მოძრაობა."

"იუდას სახარების" ავტორი უცნობია. იგი დაწერილია ძველ ეგვიპტურ ენაზე, კოპტურზე. ხელნაწერი შესრულებულია პაპირუსზე, ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 300 წელს. იგი ეგვიპტის უდაბნოში, გამოქვაბულში აღმოჩნდა 30 წლის წინ.

აღმოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი შეიძინა სიძველეებით მოვაჭრე ერთმა ეგვიპტელმა, რომელმაც მყიდველი ვერ იპოვა და ბოლოს და ბოლოს იგი ამერიკის ერთ-ერთ ბანკში მიიტანა შესანახად.

საბოლოოდ საქმეში ჩაერია "National Geographic Society", რომლის ინიციატივით, ხელნაწერი სპეციალისტებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტექსტი მართლაც 1700 წლის წინ არის დაწერილი.

"National Geographic"-მა "იუდას სახარების" თაობაზე მოამზადა სატელევიზიო პროგრამა და გამოაქვეყნა ორი წიგნი, რამაც მას და სიძველეებით მოვაჭრეს შეიძლება ფინანსური მოგება მოუტანოს.
და პრობლემაც სწორედ ამაშია, როგორც ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯეინ ვალდბაუმი ამბობს.

ინსტიტუტის ეთიკური კოდექსი მისი წევრებისგან მოითხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ისეთ საქმიანობაში, რაც არადოკუმენტირებული სიძველეების ღირებულებას გაზრდიდა.

ამასობაში გადაწყდა, რომ ხელნაწერი მალე დაბრუნდება შინ და ქაიროს კოპტურ მუზეუმში გამოიფინება. როგორც ვალდბაუმი ამბობს, მუზეუმი შეიძლება ამით ძალიან არ გამდიდრდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მის ხელში გადავა ის, რაც კანონიერად ეკუთვნის ეგვიპტეს.

კონსტანტინე რუხაძე: "მუსიკას შესწევს უნარი, ადამიანებს თავისუფლების განცდა მიანიჭოს"

დავით კაკაბაძე:
გავრცელებული და დღეს უკვე ერთგვარად გაცვეთილი აზრით, მეოცე საუკუნეში გაჩენილი მუსიკის ფორმები - უწინარესად, ჯაზი და როკი - საკუთრივ მუსიკის გარდა, გარკვეულ მსოფლმხედველობას, სუბკულტურულ ცხოვრების წესს მოიცავდა. როკის თანმხლები მახასიათებლები 60-იანი წლებიდანვე იყო ახალგაზრდული ამბოხი, ნონკონფორმიზმი და ანტიავტორიტარული შეხედულებები. კლასიკური როკის სოციალურ გავლენებზე დასავლეთში დღეს უკვე უნივერსიტეტებში საუბრობენ სოციოლოგიისა და კულტუროლოგიის პროფესორები. თუმცა ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ კულტურის ინდუსტრიამ მაინც თავისი ქნა და ნონკონფორმისტული როკი ძალიან მალე გადააქცია კომერციულ, კაპიტალისტური კულტურის სამსახურში ჩამდგარ მუსიკად. თუმცა ეს, ალბათ, ფართო თემაა, რომლის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანდა. მთავარი ის არის, რომ მუსიკოსი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, თავს სწორედ ნონკონფორმისტული მუსიკის ტრადიციების გამგრძელებლად მიიჩნევს. თუ რატომ, ამას ჩვენი სიუჟეტის მოსმენის შემდეგ თავადვე მიხვდებით. ჰოლანდიაში მცხოვრებ, წარმოშობით ქართველ როკ-მუსიკოსს კონსტანტინე რუხაძეს სალომე ასათიანი ესაუბრება.

[Amsterdam Blues]

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "დავიბადე 1950 წელს მოსკოვში. ერთი წლის ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავედი. დედაჩემი მოსკოველი ებრაელია, მამა კი ქართველი მყავდა, თბილისელი. საქართველოში 5 წელიწადი ვცხოვრობდით. მერე ისევ მოსკოვში დავბრუნდით. სკოლაში იქ ვიარე. შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს გასცილდნენ და დედაჩემმა გაიცნო ჩეხი სტუდენტი, რომელიც პრაღის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და 1963 წელს საცხოვრებლად ჩეხოსლოვაკიაში გადავედით."

სალომე ასათიანი:
ასე დაიწყო თავისი ბიოგრაფიის თხრობა ჩვენთან სტუდიაში სტუმრად მოსულმა კონსტანტინე - ან, როგორც მას ნაცნობები მიმართავენ, კოსტია - რუხაძემ. მასთან ერთად, ჩვენთან შესახვედრად მისი ჯგუფის გიტარისტი ლუკაშ მარტინეკი მოვიდა. რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინაში არც ისე ხშირია გრძელთმიანი როკ-მუსიკოსების სტუმრობა - მით უფრო, აკუსტიკური გიტარით და უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლით ხელში. შესაბამისად, მათთან ინტერვიუსთვის მზადებას - საშვის საკითხის მოგვარებას და, უკვე სტუდიაში, ხმის გამაძლიერებლისა და თავად გიტარის დაყენებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. თუმცა ბოლოს ყველაფერი მოგვარდა და კოსტიას მუსიკისა თუ ცხოვრების ისტორიის მოსასმენად სტუდიაში შევიკრიბეთ:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "პრაღაში პირველად მოვუსმინე "ბითლზს" და "როლინგ სტოუნზს" და გადავწყვიტე მუსიკოსი გავმხდარიყავი. მანამდე ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მალე გადავიფიქრე."

[Let It Be]

სალომე ასათიანი:
საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მცხოვრები ძალიან ბევრი ახალგაზრდის მსგავსად, კოსტიამ 60-იან წლებში საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ჯგუფი დასავლეთში პოპულარული მუსიკოსებისა და ჯგუფების ჰიტებს ასრულებდა - ძირითადად, ჯეიმს ბრაუნის, ბი ბი კინგის და "ჩიკაგოს" სიმღერებს. თუმცა ცოტა ხანში ამ ჯგუფის არსებობას - ისევე როგორც ჩეხოსლოვაკიაში დასავლური კულტურის გავლენის ნებისმიერ გამოვლინებას - საფრთხე შეექმნა. ჩეხეთში ”პრაღის გაზაფხულად” წოდებული ლიბერალური პერიოდი 1968 წელს ქვეყანაში საბჭოთა ტანკების შესვლით დასრულდა:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "ამან სერიოზულად დამაფიქრა მომავალზე. უნდა გადამეწყვიტა, როგორ გავმკლავებოდი შექმნილ სიტუაციას. ბოლოს ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. ჩეხოსლოვაკიაში დარჩენით მნიშვნელოვანი პრობლემები შემექმნებოდა. სიტუაცია იქ სულ უფრო უარესდებოდა. ერთხელაც ჩემს ჯგუფთან ერთად ტურნეს ვატარებდი და ერთ-ერთ კონცერტს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საბჭოთა საელჩოს გაუგზავნეს წერილები. ცოტა ხანში საელჩოში დამიბარეს და ციმბირში გადასახლებით დამემუქრნენ. იმ დროს ხომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი."

[Illusion]

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "მითხრეს, ასე თუ გააგრძელებ, დიდი პრობლემები შეგექმნება, მაგრამ თუ შეიცვლები, გამოსწორდები და საბჭოთა ან ჩეხური მუსიკის დაკვრას დაიწყებ, მაშინ დაგეხმარებითო. ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. მათ ვუპასუხე, რომ შევიცვლებოდი და გამოვსწორდებოდი. მადლობაც გადავუხადე რჩევისათვის. სახლში მოსვლისთანავე კი ნივთები ჩავალაგე და ქვეყანა პირველივე შესაძლებლობისთანავე დავტოვე."

სალომე ასათიანი:
თავდაპირველად კოსტია რუხაძე ავსტრიაში მოხვდა და იქ სხვა მუსიკოსებთან ერთად ორიგინალური მუსიკის შექმნა და დაკვრა დაიწყო. თუმცა უფულობამ და ცხოვრების რთულმა პირობებმა თავისი ქნა და კოსტია სერიოზულად გახდა ავად. გამოჯანმრთელების შემდეგ კოსტია რუხაძე საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს, - ჰოლანდიაში გადასვლიდან ძალიან მალე მან, გიტარით ხელში, ოთხი წლის განმავლობაში მთელი ესპანეთი მოიარა, - ამ ქალაქს დღესაც თავის "სახლად" მიიჩნევს:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "იმ დროს ჰოლანდია ყველაზე თავისუფალი ქვეყანა იყო. ბევრი რამ, რაც სხვა ქვეყნებში იკრძალებოდა, იქ დაშვებული იყო. ამსტერდამი დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქალაქია."

[Amsterdam Blues]

სალომე ასათიანი:
ჰოლანდიაში კოსტია რუხაძემ ახალი ჯგუფი, "Hot Bolshevik"-ი, ჩამოაყალიბა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კი ის ჩეხოსლოვაკიაშიც დაბრუნდა, სადაც კიდევ ერთი ჯგუფი შექმნა, რომელიც უკვე წლებია ძალიან პოპულარულია ჩეხ მუსიკის მოყვარულებს შორის. კოსტიასთან ერთად ჩვენს სტუდიაში მოსული გიტარისტი ლუკაშ მარტინეკი სწორედ ჩეხეთში ჩამოყალიბებულ ჯგუფში მისული ახალი თაობაა. მიუხედავად იმისა, რომ კოსტიას და ლუკაშს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 30 წელია, ლუკაშის თქმით, მათ არასოდეს გასძნელებიათ საერთო ენის პოვნა:

[ლუკაშის ხმა] "ჩვენ ყველას გვიყვარს ბლუზი. ამ მუსიკას მე ყველაზე კარგად ვიცნობ - მამაჩემი გიტარისტია და მუსიკას ბავშვობიდან ვუსმენდი. "Allman Brothers"-ის, სტივი რეი ვოენის და ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკაზე გავიზარდე და ამ მუსიკის უარყოფას ვერასოდეს შევძლებ."

[Blues]

სალომე ასათიანი:
თუმცა, ლუკაშ მარტინეკი აღიარებს, რომ როკს თუ ბლუზს კოსტია რუხაძის ახალგაზრდობის წლებში მაინც განსხვავებული, დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ნონკონფორმისტული დატვირთვა ჰქონდა:

[ლუკაშის ხმა] "ამ თემებზე ტურნეში ყოფნისას ვლაპარაკობთ ხოლმე. კოსტია ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება და ხანდახან მეც და ჯგუფის სხვა ახალგაზრდა წევრებსაც ძალიან გვიკვირს ხოლმე, რომ ასეთი ცხოვრების წესი, საერთოდ, შესაძლებელი იყო. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენს თაობებს შორის. მათ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი თავგადასავალი იყო."

სალომე ასათიანი:
ლუკაშს კოსტიაც დაეთანხმა და დაამატა, რომ დღევანდელ დღეს არა მხოლოდ მუსიკოსების ცხოვრების სტილმა, არამედ საკუთრივ მუსიკამაც დაკარგა მაშინდელი დატვირთვა:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "დღეს მუსიკა უფრო გართობის ფუნქციას ასრულებს. გარკვეული თავლსაზრისით, ის საღეჭ რეზინასაც შეგვიძლია შევადაროთ. ჩვენ დროს კი მუსიკას რევოლუციური დატვირთვა ჰქონდა."

[Cansas City]

სალომე ასათიანი:
საუბარში, ცხადია, კოსტია რუხაძის ქართულ ფესვებსაც შევეხეთ. საქართველოს დატოვების შემდეგ კოსტა იქ ხანმოკლე ვიზიტით ბევრჯერ ჩასულა. ორჯერ - 1990 და 2001 წელს - თბილისში ჯგუფთან ერთად იყო და პატარა სცენებზე კონცერტებიც გამართა. ამჟამად ის ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ჩეხურ, რუსულ და ესპანურ მუსიკასთან ერთად ინტენსიურად ეყრდნობა ქართულ ფოლკლორს. კოსტა ამბობს, რომ ძალიან უნდა ამ ახალი პროგრამით საქართველოში ჩავიდეს:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "აჭარულ და მეგრულ სიმღერებზე ვმუშაობ. ამსტერდამში ქართული ფოლკლორული მუსიკის დიდი კოლექცია მაქვს."

[სულიკო]

სალომე ასათიანი:
საუბრის ბოლოს კოსტია, მუსიკასთან მიმართებით, თავის მსოფლმხედველობაზეც გვესაუბრა. მუსიკოსი ამაყობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავ სამოციანი წლების სულისკვეთების - უწინარესად, ნონკონფორმისტული ცხოვრების სტილის - ერთგული რჩება:

[კონსტანტინე რუხაძის ხმა] "გათავისუფლების პროცესი გრძელდება. სამყარო ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და მე მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია ადამიანებს თავისუფლების განცდა მიანიჭოს. მუსიკას ჩემი პირადი გათავისუფლებაც მოაქვს - და ძალიან მინდა, რომ ჩემი მუსიკის სმენისას ადამიანებს იმაზე დაფიქრების საშუალება მიეცეთ, თუ როგორ გაიუმჯობესონ არსებობა მეტი სულიერებით და მატერიალურ საკითხებზე ნაკლები ფიქრით.”

[Shivaya]

დავით კაკაბაძე:
ჰოლანდიაში მცხოვრებ, წარმოშობით ქართველ როკ-მუსიკოსს, კონსტანტინე რუხაძეს (მისი ინტერნეტგვერდის მისამართია www.kostjamusic.com ) რადიო "თავისუფლების" "მეათე სტუდიაში" სალომე ასათიანი ესაუბრებოდა. ამით ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალი დამთავრდა. "მეათე სტუდია" მოამზადეს სალომე ასათიანმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. ხმის ოპერატორები იყვნენ თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - იულია საიკო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG