Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში


9 მაისს, ღამით, საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი ესტუმრა. მას თან ახლავს მეუღლე ინგრიდ რუუტელი. ოფიციალურ დელეგაციაში შედიან ესტონეთის

ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ბოლოს 4 მაისს ვილნიუსში შეხვდნენ. ამ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. საქართველოში რუუტელი ბოლოს არც ისე დიდი ხნის წინ, გასული წლის ნოემბერში, იმყოფებოდა.
არნოლდ რუუტელს 10 მაისს 78 წელი შეუსრულდა. პროფესიით ის აგრონომი გახლავთ. 1969 წელს ის ესტონეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის რექტორი გახდა. 1977 წლიდან კი არაერთი სახელმწიფო მნიშვნელობის თანამდებობა ეკავა: 1983 წელს ის ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს. რუუტელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ესტონეთის სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მომზადებასა და მიღებაში, რითაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის საფუძველი შექმნა. 1990 წელს რუუტელი ესტონეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პერიოდში მან დიდად შეუწყო ხელი რეზოლუციის მიღებას “ესტონეთის სახელმწიფო სტატუსის შესახებ”. ამ დოკუმენტით საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ძალაუფლება ესტონეთში მისი შემოღების დღიდანვე უკანონოდ გამოცხადდა. არნოლდ რუუტელისავე ინიციატივით, 1990 წლის 12 მაისს შეიქმნა ბალტიის ქვეყნების საბჭო. 1991 წლის 20 აგვისტოს ესტონეთის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ესტონეთის ინტენსიური და, ამავე დროს, უსისხლო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის წარმატებით დასრულდა. ამ პერიოდში არნოლდ რუუტელი ესტონეთის სახელმწიფოს მეთაური იყო და საერთო მიზნის მისაღწევად ხალხისა და პოლიტიკური ძალების გამთლიანებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ესტონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი არნოლდ რუუტელი პირველად 1992 წელს იყო და ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტი მიიღო. მაშინ ესტონეთის პრეზიდენტი ლენარტ მერი გახდა. 1994-2000 წლებში არნოლდ რუუტელი სათავეში ედგა ესტონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას – “ესტონეთის სოფლის მოსახლეობის პარტიას”, რომელსაც 1999 წელს “ესტონეთის სახალხო კავშირი” ეწოდა. არნოლდ რუუტელი ესტონეთის პრეზიდენტი 2001 წლის ოქტომბერში გახდა.

4 მაისს ვილნიუსში გამართულ ფორუმზე რუუტელმა განაცხადა:
“ესტონეთი ინტერესით ადევნებდა თვალყურს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და სიხარულით ხვდება იქ მიმდინარე დემოკრატიულ განვითარებას. თქვენი ქვეყნების მშენებლობის თანმხლებ ბევრ პრობლემას ჩვენ კარგად ვიცნობთ. ბოლო 15 წლის მანძილზე დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის მრავალმხრივი, სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ, რამაც ევროკავშირსა და ნატოში შეგვიყვანა. ამ გამოცდილებას სხვებსაც სიამოვნებით გავუზიარებთ.

დემოკრატიის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხს ამის რწმენა და ძლიერი ნება აქვს,” - აღნიშნა ვილნიუსის ფორუმზე ესტონეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ყველაზე მეტად ესტონეთის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გამოცდილება აინტერესებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროსაბჭოს წევრი საქართველო ესტონეთის თავმჯდომარეობის დროს გახდა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში თავად ესტონეთის წარმატებული გაწევრიანება კი დიდად განაპირობა ეკონომიკური რეფორმების წარმატებულობამ. იმის მოკლედ განსამარტად, თუ როგორ მოახერხა ესტონეთის მთავრობამ ეკონომიკის გარდაქმნა, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარტ ლაარის სიტყვებს გაგახსენებთ. მიმდინარე წლის დასაწყისში ის ჩვენს რადიოს სტუმრობდა:

[ლაარის ხმა]
“ჩვენ გულწრფელად გვსურდა ესტონეთის აყვავება და მისი დასავლეთში ინტეგრაცია. იმდენად ახალგაზრდები ვიყავით, რომ დიდად არ დავეძებდით პოლიტიკოსობას. კარგად გვესმოდა, რომ რეფორმების გატარების გამო ძალიან მალე გაგვყრიდნენ, რადგან არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას არ ძალუძს ამდენი ცვლილების გადატანა. საკუთარ თავს კამიკაძეებს ვადარებდით. მიგვაჩნდა, რომ უნდა შეგვესრულებინა ჩვენი საქმე და დაგვეტოვებინა ხელისუფლება.”

ეს გახლდათ ნაწყვეტი ინტერვიუდან ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარტ ლაართან.

10 მაისს ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს გახსნის. როგორც საექსპორტო ბაზარი, საქართველო ესტონეთისთვის 110-ე ადგილზე დგას, ესტონეთში იმპორტიორ ქვეყნებს შორის კი საქართველოს 75-ე ადგილი უკავია. ამგვარი არაშთამბეჭდავი მაჩვენებლის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებითა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენებით.

ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ხუთშაბათს შედგება. პარასკევს ესტონეთის დელეგაცია კახეთს მოინახულებს, მოგვიანებით კი კათალიკოს-პატრიარქს შეხვდება. არნოლდ რუუტელი საქართველოს 13 მაისს დატოვებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG