Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული სამყარო "არაბული რომანის მამას" ემშვიდობება. გარდაიცვალა ნაგიბ მაჰფუზი


დღეს ქაიროში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ნაგიბ მაჰფუზი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ არაბულენოვან მწერალად ითვლება.

40-ზე მეტი რომანის ავტორმა სახელი გაითქვა უპირველეს ყოვლისა "ქაიროს ტრილოგიით", რომელიც 1956-57 წლებში გამოქვეყნდა.

მაჰფუზი ერთადერთი არაბულენოვანი მწერალია, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო მას 1988 წელს გადაეცა.

[ალენის ხმა] "დღეს არ არსებობს არაბი მწერალი, ვინც არ იტყოდა, რომ მაჰფუზი არის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს შესაძლებელია არაბულად რომანების წერა."

ეს გახლდათ ცნობილი არაბისტი, პროფესორი როჯერ ალენი, რომელმაც მაჰფუზი 1967 წელს გაიცნო და მას მერე 39 წლის მანძილზე იყო მისი მეგობარი.

[ალენის ხმა] "იგი კერპია. ეგვიპტეში მას ხშირად უწოდებენ ხოლმე მე-20 საუკუნის ეგვიპტურ პირამიდას. ეგვიპტეში არავის არ სცემენ მასავით პატივს, ვინაიდან იგი ყოველთვის დაუფარავად გამოთქვამდა თავის აზრს. იგი ძალიან გულწრფელია. შეუძლებელია, ოდესმე არ ისურვოს იმის გამოხატვა, რასაც ფიქრობს."

მაჰფუზმა ნოველებისა და რომანების წერა 30-იანი წლების დამდეგს დაიწყო, მაგრამ სახელი 45 წლის ასაკში გაითქვა ზემოხსენებული "ქაიროს ტრილოგიით".

ამ წიგნმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა თანამედროვე არაბულ სამყაროზე. ალენის თქმით, "ესაა თანამედროვე არაბული ლიტერატურის დიდი ძეგლი," ვინაიდან მასში ასახულია თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მნივშვნელოვანი გარდაქმნები.

წიგნი მოიცავს 1916-დან 1944 წლამდე პერიოდს. სამივე წიგნში ერთი ოჯახის ბედის ფონზე ნაჩვენებია ქვეყანაში მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ძვრები. ტრილოგია ერთგვარ ემბლემად იქცა თანამედროვე ეგვიპტეში.

მაჰფუზის შემოქმედებაში ვხვდებით ისეთ თემებს, როგორებიცაა ქალის როლი საზოგადოებაში, პოლიტიკური პატიმრები, ურთიერთობები დასავლეთთან. რეალიზმის ხარისხი, რომელიც ახასიათებს მის შემოქმედებას, მანამდე უცხო იყო არაბულენოვანი ლიტერატურისთვის.

ალენის თქმით, დასავლური თვალთახედვით, "ქაიროს ტრილოგია" არაბული რომანის დაბადებას მოასწავებდა. ამ წიგნით რომანი არაბულ ჟანრადაც იქცა. თანაც ეს არ იყო ევროპული იმპორტი.

80-იანი წლების ბოლოს ფრანგულად მის თარგმნას არაბული ლიტერატურისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1988 წელს ნობელის კომიტეტმა სწორედ ამ ფრანგული თარგმანის საფუძველზე დააჯილდოვა მაჰფუზი.

მაჰფუზმა ახალგაზრდა არაბი მწერლების მთელი თაობა შთააგონა, მათ შორის გამალ ალ-გიტანი, რომელიც სიყმაწვილეში "ქაიროს ტრილოგიის" მთელ თავებს იზეპირებდა.

1994 წელს მაჰფუზი მასზე განხორციელებულ თავდასხმას გადაურჩა. ტერაქტის მიზეზი იყო მისი რომანი "გებელავის შვილები". მასში პერსონიფიცირებული არიან მაჰმადიანი წინასწარმეტყველები, რაც მკრეხელობად ითვლება, წიგნის ბოლოს კი გმირი, რომელსაც ჰქვია "ცოდნა" კლავს გმირს სახელად "მმართველი", რომელიც ღმერთს განასახიერებს. ამ წიგნში მაჰფუზი ნიცშეს მსგავსად თანამედროვე სამყაროში ღმერთის სიკვდილზე საუბრობს.

რომანი ეგვიპტის გაზეთ "ალ-აჰრამში" იბეჭდებოდა, მაგრამ ეგვიპტეში წიგნად არ გამოსულა თავად ავტორის სურვილით. იგი ლიბანში გამოიცა 1959 წელს. მიუხედავად ამისა მის წინააღმდეგ ფატვა გამოაცხადა ეგვიპტელმა სასულიერო პირმა, ომარ აბდელ-რაჰმანმა, რომელიც, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში სამუდამო პატიმრობაში იმყოფება 1993 წელს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის აფეთქებასთან დაკავშირებით.

ფატვა მაჰფუზის ცხოვრების ბნელი ფურცელია, მაგრამ მას მწერლის პიროვენებასა და შემოქმედებაზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც ალენი ამბობს, მას სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს თავისი გამორჩეული იუმორის გრძნობა.
XS
SM
MD
LG