Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს


ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებას.

ამის თაობაზე გუშინ, არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო “ფრანს პრესმა” გაავრცელა ინფორმაცია. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, ისევ და ისევ არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ადასტურებს ამ ცნობას. ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ცნობა 21 სექტემბერს ნიუ-იორკში გახმაურდება, როცა იქ ნატოს საგარეო სქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან.

რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოსგან ინტენსიური დიალოგის ფაზაზე გადასვლის შესახებ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება. გელა ბეჟუაშვილის განმარტებით, ინტენსიურ დიალოგზე გადასვლა “პრაქტიკულად ნიშნავს ნატოში გაწევრიანების პირველ ნაბიჯს”. ნატოს კულუარებში ცნობილი გახდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყებას თანხმდებიან. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი, რომელსაც ბრიუსელში დღეს დავუკავშირდი, ჰყვება:
[ლობიაკასის ხმა]
“საკითხი გასულ კვირაში მას შემდეგ დადგა, რაც ბრიუსელში მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას არ სჭირდება “გაწევრიანების სამოქმედო გეგმა”. სწორედ ამის შემდეგ წამოიჭრა კითხვა – მიიღებს თუ არა უკრაინის გარეშე დარჩენილი საქართველო ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას იმ გეგმებში, რაც მას აქვს დასახული ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. პასუხი იყო ხმამაღალი – “დიახ”. გასულ კვირაში, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იმყოფებოდა აქ, ნატოს ელჩებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ინდივიდუალური დიალოგის რეჟიმის მინიჭების შესახებ.”

ჩვენი კორესპონდენტი აზუსტებს, რომ გასულ კვირაში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ე.წ. “დუმილის პროცედურა” გაიარა, ანუ ნატოს წევრ არც ერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე. 21 სექტემბერს კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში შეიკრიბებიან და ოფიციალურად გაახმაურებენ ალიანსის გადაწყვეტილებას.

რას ნიშნავს საქართველო-ნატოს ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ურთიერთობაზე გადასვლა? შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “საქართველო ნატოში”, განმარტავს:

[ფიჩხაძის ხმა]
“ინტენსიური დიალოგის რეჟიმზე გადასვლა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც საქართველო ოქტომბერში ასრულებს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას. ჩვენ ადრეც გვქონია ამაზე საუბარი, რომ, ვთქვათ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის დაწყება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ ხერხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო. მათ შორის, ალბათ, ჩვენს გამოც. მაგრამ ინტენსიური დიალოგი, ცხადია, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, უფრო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ველოდი.”

ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლამდე საქართველოს არც ისე დიდი დრო ჰქონდეს დარჩენილი:

[შარაშენიძის ხმა]
“იყო ამის პრეცედენტი, რომ ინტენსიური დიალოგი გაუვლიათ ძალიან სწრაფად, სამ-ოთხ თვეში, ქვეყნებს. ბალტიისპირეთს გაუვლია ძალიან სწრაფად ინტენსიური დიალოგი. პრინციპში, ყველამ ძალიან სწრაფად გაიარა ინტენსიური დიალოგი. ეს არის, ასე ვთქვათ, პრელუდია გაწევრიანების სამოქმედო გეგმისთვის. იგი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს არანაირ გარანტიას და არანაირ ვალდებულებას ნატოს მხრიდან, რომ მიგვიღონ ჩვენ ნატოში. იგი არ წარმოადგენს, მეტსაც გეტყვით, ფორმალურად ნატოში გაწევრიანების ეტაპს, არამედ წარმოადგენს ინდივიდუალური თანამშრომლობის ერთ-ერთ ეტაპს.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ნატოსკენ სავალი გზების გაყრას, თორნიკე შარაშენიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოზიციაში ვერაფერს მოულოდნელს ვერ ხედავს. შალვა ფიჩხაძე კი ვარაუდობს, რომ უკრაინის შეგნებულმა შეფერხებამ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება ხელიც კი შეუწყოს საქართველოს სვლას ალიანსისკენ:

[ფიჩხაძის ხმა]
“შესაძლოა, უკრაინა-ნატოს შორის ურთიერთობების ერთგვარმა გაგრილებამ, პირიქით, ხელი შეუწყოს საქართველოს უფრო სწრაფ ინტეგრაციას ორი მიზეზის გამო: პირველი – იმიტომ რომ ნატო, დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, დაინტერესებულია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტეგრაციაში, თუმცა იქ არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მთლად ასე არაა განწყობილი, მაგრამ, ძირითადად, ეს ასეა. და უკრაინის მოვლენებმა შეიძლება დააფიქროს ნატო – ღირს კი დაყოვნება საქართველოსთან დაკავშირებით? ხომ არ ღირს საქართველოს, პირიქით, უფრო სწრაფად ინტეგრირება, რათა საქართველოშიც არ შეიცვალოს განწყობილებები ნატოს საზიანოდ; და მეორე – თუკი ნატომ პერსპექტივაში დაკარგა უკრაინა, როგორც მოკავშირე, მით უფრო გაიზრდება საქართველოს, როგორც შესაძლო მოკავშირის როლი და ადგილი ამ რეგიონში და მით უფრო საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა ხელსაყრელი გახდება საქართველოსთვის.”

ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ექსპერტი შალვა ფიჩხაძე. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ნატოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გახმაურებამდე შეფასებებისგან თავს იკავებენ. მით უმეტეს, რომ ნიუ-იორკში ახლა საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG