Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქალი - სახე და პრობლემა”: ახალი ორტომეული ქართული ლიტერატურის ნიმუშებს გენდერული კრიტიკის ჭრილში აანალიზებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენა, მისი გადაკითხვა, ნაცნობი წიგნების ახალი თვალსაზრისებით განხილვა, ღირებულებათა გადაფასება -

დღევანდელ ბიბლიოთეკაში წარმოგიდგენთ გამოცემას, რომელსაც აქვს პრეტენზია, სწორედ ასე მოექცეს ქართულ პროზაულ ტექსტებს - ცხადია, მათ ნაწილს. ”ქალი - სახე და პრობლემა” ორტომეულია. პირველი ტომი ანთოლოგიაა, აერთიანებს 30-მდე ქართველი ავტორის მოთხრობებს, მე-19 საუკუნიდან 21 საუკუნემდე. მეორე ტომი კი 15 მოზრდილ პუბლიკაციას შეიცავს და ქართულ ლიტერატურის (არა მხოლოდ პირველ ტომში გამოქვეყნებულ) ამა თუ იმ ძეგლს გენდერული თვალსაზრისით აანალიზებს. წიგნები კავკასიურმა სახლმა გამოსცა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით. მინდა ”ქალი - სახე და პრობლემის” შესახებ მის ორ თანაავტორთან ერთად გესაუბროთ.

”არ ვიცი, საქართველოში პირველად ვინ დაფიქრდა ქალზე სრულიად სერიოზულად: პირველად ვინ აღმოაჩინა, რომ თურმე არსებობს ქალის სოციალური და სქესობრივი დისკრიმინაცია; რომ მასკულინური ისტორიასა და კულტურას ქალი დაქვემდებარებულ, უუფლებო და დაუცველ არსებად უქცევია, გადაუკეტია გზა ნამდვილი განათლების, პროფესიული ცოდნისა და საზოგადოებრივი საქმიანობისაკენ” - ეს სიტყვები ეკუთვნის მწერალ ნაირა გელაშვილს, ”კავკასიური სახლის” ხელმძვანელს, პროექტის ”ქალი - სახე და სიმბოლო”-ს ავტორს. ვინ იყო პირველი - ამის კვლევას პროექტის მონაწილეებმა არჩიეს საქართველოს შედარებით ახლო წარსულში ეკვლიათ ინტერესი თუ მგრძნობელობა გენდერული პრობლემატიკისადმი. ეს ახლო წარსული გამოდგა მე-19 საუკუნე.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”მთავარი პროვოკატორი ჩემი კვლევისათვის იყო საერთოდ, დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კი იწყებოდა ეს დისკუსიები, საზოგადოების უმრავლესობას ახსენდებოდა თამარ მეფე. მე გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა: რატომ გვახსოვს ჩვენ აქტუალურად უშორესი წარსული - მე-12 საუკუნე და და რატომ არ გვახსოვს უახლოესი წარსული? ნუთუ აგერ, ჩვენს ახლოს, არ იყო არავინ, ვინც აქტუალურად შეიძება გაგვახსენდეს დისკუსიის დროს? რა თქმა უნდა, ქალები იყვნენ, იყვნენ ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. იყვნენ უმნიშვნელოვანესი მოღვაწეები ქართული კულტურის”.

ეს ლელა გაფრინდაშვილია, ფილოსოფოსი და ფემინისტი, წარმოდგენილი წიგნის ერთ-ერთი ავტორი. მის წერილში შეხვდებით როგორც ნაცნობ, ისე უცნობ სახელებსაც მე-19 საუკუნიდან (მაგალითად, მელანია მამაცაშვილ-ბადრიძისას), რომელთა საქმიანობისა თუ შემოქმედების განხილვა უჩვეულოდ მოეჩვენება ტრადიციულ კვლევებსა და ინტერპრეტაციებს მიჩვეულ მკითხველს. მაგრამ უჩვეულობა არ ნიშნავს, რომ განხილვა ზედაპირულად ეფექტურია და არგუმენტებს არ შეიცავს. ეგებ ყველაზე მკვეთრ სიახლედ გვეჩვენოს დოკუმენტები, რომელთაც ემყარება დასაბუთება. ეს დოკუმენტები, დაწერილი ტექსტები არათუ არ გვახსოვდა, არამედ არც ვიცოდით. აი, როგორ ხსნის ამას ლელა გაფრინდაშვილი:

[გაფრინდაშვილის ხმა] ”ჩვენს მეხსიერებას აქვს ორი დეფექტი: ერთი, საერთოდ არ გვახსოვს ვიღაცეები და მეორე - ვინც გვახსოვს, მის შესახებ ვიცით ან ძალიან უმნიშვნელო რამ, ან ვიცით ისეთი რამ, რასაც თვითონ ეს ადამიანი არ ანიჭებდა მნიშვნელობას. და რასაც ის ანიჭებდა მნიშვნელობას, ის აბსოლუტურად იგნორირებულია. ავიღოთ ეკატერინე გაბაშვილის შემთხვევა. ეკატერინე გაბაშვილის ისეთი ტექსტები, რომელსაც ის ანიჭებდა მნიშვნელობას (პიესები, შეიძლება ითქვას, ფემინისტური ხასიათისა და ქალთა უფლებებისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე), არც განიხილება და არც დაბეჭდილა.”

პოსტსაბჭოთა საქართველოში ათიოდე წელი თუ იქნება, ცდილობენ, ახლო წარსულში მოიძიონ ქართულ კულტურაში დარჩენილი ნამოქმედარი თუ ნააზრევი, რომელიც შეიძლება განიხილო დღევანდელი, ახალი პრაქტიკების წინამორბედად, ერთგვარ საფუძვლად. ასეთ ძიებათა შედეგები არგუმენტია იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სამოქალაქო აქტივობა უცხო, დასავლეთიდან ბრმად იმპორტირებულ, ხშირად მტრულ საქციელად ესახება. ორტომეული ”ქალი - სახე და პრობლემა” ქართული კულტურისათვის სწორედ ამ ახლებური მიდგომებისა და კვლევების ნიმუშია. ქალებთან დაკავშირებულ ერთ საკითხზე ლელა გაფრინდაშვილი შენიშნავს:

[გაფრინდაშვილის ხმა] ”უმნიშვნელოვანესია, რომ ქალებისათვის განათლების მიცემა საქართველოში არის არა სოციალიზმის მონაპოვარი, არამედ ქალთა მოძრაობის მონაპოვარი. ეს არის ეკატერინე გაბაშვილი და მისი ჯგუფი: ანასტასია თუმანიშვილი -წერეთლისა, ბევრი სხვა ქალი... ვერავინ იტყვის, რომ ქალის განათლებასთან დაკავშირებული იდეები რუსეთიდან არის შემოტანილი. ქალთა მოღვაწეობის შესახებ არსებობს ამ პერიოდში ნათარგმნი ტექსტები, რომლებიც პირდაპირ ევროპიდან შემოდიოდა საქართველოში.”

მე-19 საუკუნის, ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისის ავტორებიდან, რომელთა ნაწერები იძლევა საშუალებას, განიხილო ისინი გენდერის თვალსაზრისით, წიგნში შეხვდებით ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ყაზბეგს, ვაჟა-ფშაველას, დავით კლდიაშვილს, შიო არაგვისპირელს, ნინო ნაკაშიძეს. ცოტა მოგვიანო წლებისა და საბჭოთა პერიოდის ქართული მწერლობიდან კი წაიკითხავთ მიხეილ ჯავახიშვილის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა ტექსტებს. დამაჯერებლად არის წარმოდგენილი უახლესი ქართული პროზაც - ბოლო 15 წლის მოთხრობები. გენდერული ბალანსიც დაცულია - როგორც მხატვრული ტექსტების, ისე კრიტიკული წერილებისა და კვლევების ავტორთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ.

ერთი ავტორი გახლავთ ეკა აღდგომელაშვილი, რომლის წერილი ”ორნაირი სიმართლე” ანუ ”მიუღწევლის მიღწევა” ოთარ ჭილაძის პროზაში ქალისადმი დამოკიდებულების საკითხს ეხება და, შეიძლება ითქვას, უაღრესად კრიტიკულია. მაგრამ ეკა აღდგომელაშვილთან ვარჩიე არ მესაუბრა მხოლოდ ოთარ ჭილაძეზე და მისთვის საინტერესო თვალსაზრისით შევხებოდით ბოლო პერიოდის ქართულ პროზას. ეკა ამბობს, რომ ქართულ ლიტერატურას დღემდე ახასიათებდა ორგვარი დამოკიდებულება ქალისადმი - როგორც წმინდანის და როგორც მაცდურის მიმართ. დღეს დარჩა მხოლოდ მაცდური, სექსუალური ობიექტი. ეკა აღდგომელაშვილი მსჯელობისას თანამედროვე ქართული პროზის მცირე ფორმებს ეყრდნობა, რადგან, მისი აზრით, რომანებში ქალი, როგორც სახე, საერთოდ არ ჩანს.

[აღდგომელაშვილის ხმა] ”რაც შეეხება პატარა მოთხრობებს, ძირითადად ორი ტიპი გამოიკვეთა: ქალი, რომელსაც აქვს კარიერა, ფული, გარკვეულწილად, ძალაუფლება, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება მოახდინა და ამ ფონზე საწყალი კაცები როგორ დაჩაგრულად გამოიყურებიან და მეორე: ქალს რატომღაც ხშირად აღწერენ, როგორც მეძავს. მახსენდება ბესო ხვედელიძის პროზა: გამოკვეთლი ხაზი აქვს ქალი-ურჩხულის.”

ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ფემინისტური კრიტიკა არა მხოლოდ გადახედავს ტრადიციულ წაკითხვებს, არამედ საგანგებო ყურადღებას უთმობს ქალის რეპრეზენტირებას ქალებისავე შექმნილ ლიტერატურაში. ამ მხრივ თანამედროვე ქართულ სიტყვიერებაში საინტერესო ავტორებად მიიჩნევს ცირა ყურაშვილს, რუსუდან კაიშაურს, ანა კორძაია-სამადაშვილს. ამ ავტორის შემოქმედებას ლევან ბრეგაძის წერილი ეძღვნება ”ქალი - სახე და პრობლემის” მეორე ტომში სათაურით ”ცხოვრებაწაგებული ქალები”. ანა კორძაია-სამადაშვილის პროზაზე ეკა აღდგომელაშვილიც მელაპარაკება, ოღონდ ლევან ბრეგაძისგან განსხვავებულად:

[აღდგომელაშვილის ხმა] ”ტიპაჟი ყოველთვის ერთია, რომელსაც იმეორებს. ეს არის ქალი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ არ აქვს მთავარი: არ ჰყავს კაცი და ეს ტრაგედიაა. ანუ, ისევ და ისევ ვრჩებით იმის ამარა, რომ ქალი სექსუალური ობიექტია მხოლოდ და მხოლოდ, ოღონდ - არამიმზიდველი სექსუალური ობიექტი; გადაცილებულია ოცდაათს, აღარ არის მამაკაცისთვის სასურველი და ამას რატომღაც ტრაგედიად აღიქვამს. ცალკე საკითხია ავტორის ფემინოფობიური დამოკიდებულება ქალის მიმართ.”

ეკა აღდგომელაშვილი ლაპარაკობს კიდევ ერთ განსხვავებაზე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მამაკაც და ქალ მწერალთა ნაწერებს შორის. კერძოდ, შენიშნავს, რომ 90-ანი წლების უმძიმესი დრო ძალიან განსხვავებულად აისახა მათ ტექსტებში:

[აღდგომელაშვილის ხმა] ”ძალიან ბევრი მოთხრობა დაიწერა აფხაზეთის ომზე და მთავარი გმირი, 90-ანი წლებიდან მოყოლებული, არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის თავს ეძებს რატომღაც აუცილებლად ბრძოლის ველზე და აქედან გამომდინარე - კაცის ვერგადახარშული დამარცხება, გამუდმებული პრობლემა და წუწუნი ამის თაობაზე 15 თუ 16 წლის განმავლობაში... სრულიად განსხვავებულია მიდგომა იმავე ყურაშვილის მოთხრობაში. აქ ჩანს, როგორ აისახება სინამდვილე არა მხოლოდ ერთ პერსონაჟზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, გარემო როგორ იცვლება... მოდი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაკარგულია ცენტრი. რაკი ქალურ პროზაზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით საინტერესოა ავტობიოგრაფიული თხრობა. მამაკაცის ავტობიოგრაფიულ თხრობაში ყოველთვის ხაზგასმულია წარმატება, რას და როგორ მიაღწია, როგორ მოხდა მისი რეალიზაცია. ქალის ავტობიოგრაფიული თხრობა უფრო ორიენტირებულია განცდაზე, გრძნობაზე... ეს არის პერიოდი, როცა, შეიძლება ითქვას, ქალმა ხელახლა აღმოაჩინა სხეული”.

ბიბლიოთეკაში უპირატესად ქალ ავტორებზე ვილაპარაკეთ და ქალი ავტორები ვალაპარაკეთ. რაც შეეხება მამაკაც ავტორებს, აი რას წერს ნაირა გელაშვილი ”ქალი - სახე და პრობლემის” მეორე წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც კრიტიკულ წერილებს უძღვის: ისინი ”ქალის პრობლემისადმი ფსიქოლოგიურ, ემოციურ დისტანციას უფრო ამჟღავნებენ, ვიდრე სიახლოვეს. იგრძნობა, რომ ეს მათი პრობლემა ჯერ ნაკლებადაა”.
XS
SM
MD
LG