Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლის სეზონისთვის ბათუმი ახლავე ემზადება


აჭარაში მომავალი წლის

ზაფხულისთვის მზადება ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო. ბათუმი ხარაჩოებშია - ქალაქში ახალ სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს, ტურისტულ კომპლექსებს აშენებენ. რამდენად ითვალისწინებენ ინვესტორები, აჭარის ხელისუფლება, კულტურის ჩინოვნიკები ბათუმის იერს, დაზარალდება თუ არა მშენებლობის პროცესში აჭარის კულტურული მემკვიდრეობა?

[ნინო ინაიშვილის ხმა] (ფურცლავს დოკუმენტებს) ”აგერაა ბათუმი, სადაც კანონის სახე აქვს...2006 წელი...” (სტილი დაცულია)

ეს ბათუმელი არქეოლოგი ნინო ინაიშვილია. ქალბატონმა ნინომ ის ძეგლები ჩამოგვითვალა, რომელთაც უახლოეს ხანში ძეგლის სტატუსი უნდა მოეხსნათ, რათა შემდეგ უფრო ადვილად და, ნინო ინაიშვილის თქმით, უფრო იაფად გაიყიდოს... შენობა, რომელსაც ისტორიული თუ მხატვრული ღირებულება აქვს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ვერ გაიყიდება ... თუკი ძეგლს ”ძეგლის სტატუსს” მოუხსნიან, მისი ფასი დაიწევს და ინვესტორიც გამოჩნდება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება დანგრეულ და მიტოვებულ შენობას, რომელიც, დავუშვათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა, პატრონი გამოუჩნდეს და მის ნაცვლად ახალი, კომფორტული სასტუმრო ან ბანკი აშენდეს... ნინო ინაიშვილი დარწმუნებულია, რომ ბათუმის დაახლოებით ოცი შენობისთვის ”ძეგლის” სტატუსის მოხსნის იდეა თბილისში დაიბადა:

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”ეს არის ინიციატივა თბილისიდან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან ასეთ შენობებზე სწორედ თბილისი იძლევა მითითებებს... მათ ეს ხელს უშლით, რომ ეს არის ძეგლი, ძეგლის სტატუსი მოიხსნება და გაიყიდება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მიიღონ კანონი ძეგლის გაყიდვის შესახებ... არ გავყიდოთ კი არა, არამედ ის, რომ შეიძლება ძეგლის გაყიდვა. მაშინ უკვე ძეგლი დაცულია...როცა მომავალი მეპატრონე მას ყიდულობს როგორც ძეგლს, ე.ი. იგი ვალდებულია რაღაც პირობები შეასრულოს...” (სტილი დაცულია)

ჩვენს საუბარში ერთვება ბათუმელი ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი. ქალბატონ მაიას თქმით, როცა ძეგლი კანონით არ არის დაცული, მისი გაყიდვის შემთხვევაში ინვესტორს სრული უფლება აქვს შენობას სახე შეუცვალოს თავისი გემოვნების მიხედვით...ან, საერთოდ, დაანგრიოს და ისტორიული ძეგლის ადგილას ახალი სასტუმრო ან საცურაო აუზი ააშენოს... ბათუმში დღეს სწორედ ტერიტორიაზე, მიწაზეა მოთხოვნილება.

[მაია ჭიჭილეიშვილის ხმა] ”მთავარია, რომ ძეგლს იცავდეს კანონი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა გაიყიდება, პირობებში ჩადებული უნდა იყოს, რა ფორმით განხორციელდება მისი რეკონსტრუქცია და იქნება სპეციფიკა გათვალისწინებული... რაღაც საბჭო უნდა მუშაობდეს ამაზე, რომ არ დაიკარგოს მემკვიდრეობა. ნებისმიერი მშენებლობის დროს, როცა განაშენიანება მიდის, პროექტი ჩააქვთ თბილისში და მას ერთვის გეოლოგის, ხელოვნებათმცოდნის დასკვნები...უბრალოდ, ჩვენთან არ ფუნქციონირებს საბჭო... ადრე ვიყავი ასეთი საბჭოს წევრი, რამდენიმე თვის წინ დაიხურა.რადგან ნებისმიერს, ვისაც უნდა ახლის აშენება, თბილისში წასვლა უწევს. პრინციპში ჩვენ პროექტების შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს.” (სტილი დაცულია)

ნინო ინაიშვილის თქმით, სიტუაცია ისეთივეა, როგორიც თბილისში - ქალაქის იერსახეს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული კულტურის ჩინოვნიკები წყვეტენ...

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”რატომ უნდა წყვეტდეს ძეგლის სტატუსის მინიჭებას ან მოხსნას კულტურის სამინისტრო? ამას უნდა წყვეტდეს პროფესიონალთა საბჭო და მის დასკვნაზე უნდა მუშაობდეს სამინისტრო... აბა, რისთვის შეიკრიბა ის საბჭო? იყოს თბილისში, კი ბატონო... მაგრამ აქაც უნდა იყოს.” (სტილი დაცულია)

ბათუმელი ქალბატონები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, წყენას ვერ მალავენ. მათი თქმით, ახალი მშენებლობების პროცესში, აქაურ სპეციალისტებს მხოლოდ გაჭირვების დროს თუ ჰკითხავენ რამეს... ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ ეს უკვე ტენდენციაა, რომელიც კულტურის ყველა სფეროში წარმოჩნდება - არქეოლოგიაშიც კი:

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”ხანდახან არის ასეთი ზარები ხოლმე... იცით, რა...თქვენ გაამზადეთ და მოვდივართ...მე ვარ ”ყაზახგაზი”, მაგალითად. მე ვეუბნები, როგორ, მე ჩავიდე იქ - ფიჭვნარზე მეუბნებით? მსოფლიოში ცნობილ ანტიკურ ძეგლზე? უწინ ასე ხდებოდა: როცა რამეს აპირებდნენ, მოდიოდა წერილი - ჩვენ, გარემოს დაცვა, გეოლოგები... ერთად შეგვკრებდნენ, წაგვიყვანდნენ...” (სტილი დაცულია)

”ეს არის მომხმარებლური მიდგომა!” -აღნიშნავს არქეოლოგი ნინო ინაიშვილი. ქალბატონ ნინოს ვეკითხებით: ნუთუ ყველა ინვესტორი ერთნაირად იქცევა და ნუთუ არ შეიძლება ერთი პოზიტიური მაგალითის გახსენება მაინც იმ საქმეში, რასაც ბათუმის ახლებური განაშენიანება ჰქვია?

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”საბედნიეროდ, ვაგზლის შენობა იყიდა თბს ბანკმა... ხაზარაძეს თავისი ჯგუფი ჰყავს არქიტექტორების... მივაწოდეთ ინფორმაცია... აინტერესებს ყველაფერი, არქიტექტორი მეცნიერულად სწავლობს ამას და მერე აკეთებენ რეკონსტრუქციის პროექტს... ეს არის ნორმალური მიდგომა...იხვეწება ადამიანი, რაიმე ხომ არა გაქვთ იმდროინდელი ინტერიერისო.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ეს გამონაკლისია. ჩვენი თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ, შესაძლებელია, ძეგლის სტატუსი, ფაქტობრივად, ბათუმის მთელ კულტურულ მემკვიდრეობას მოუხსნან და ბათუმის უნიკალური ნაგებობები დამახინჯდეს ისე, როგორც სასტუმრო ”ინტურისტი” დამახინჯდა... დიახ, ”დამახინჯდაო” - ასე გვითხრა მაია ჭიჭილეიშვილმა შჩუსევის მიერ დაპროექტებულ ”ინტურისტზე”.

[მაია ჭიჭილეიშვილის ხმა] ”ინტურისტის” მაგალითზე პროგნოზი, მართლაც, შემაშფოთებელია, იმიტომ რომ დაირღვა უბნის მასშტაბი, გარეგნული იერი, შჩუსევის ბრწყინვალე არქიტექტურა - პროპორციებით, ფერადოვნებით, შიდა ეზოთი...დღეს ეს ყველაფერი იგნორირებულია - მივიღეთ ახალი შენობა, რომელიც საერთოდ არ იწერება ბათუმის სტრუქტურაში...” (სტილი დაცულია)

ასლან აბაშიძის დროს ერთპიროვნული მმართველობა იყო - ქალაქის სახეს ერთი ადამიანი წყვეტდა. თუმცა ნინო ინაიშვილის თქმით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა:

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”ასლანის დროს ასე იყო - სადაც ჰქონდა რეზიდენცია, იმის გარშემო არაფერი უნდა ყოფილიყო - მან მთელი ეს უბანი დაანგრია...იქ იყო ფოსტის შენობა, ძველი ფილარმონია, ძველი სახლები. მოშალა და ჩაკვდა ის ადგილი....ასლანს ეშინოდა... აქ სხვა ტენდენციაა, მაგრამ იქითკენ და უარესისკენ მივდივართ - ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს... მაგრამ ნუთუ რთულია, გაიყიდოს როგორც ძეგლი?” (სტილი დაცულია)

”რა არის უკეთესი - დაიგრეს თუ გაიყიდოს?” - მაია ჭიჭილეიშვილის თქმით, დღეს სწორედ ასეთია აჭარის ხელმძღვანელობის რიტორიკა... თუმცა ბათუმელი ხელოვნებათმცოდნე დარწმუნებულია, რომ თუკი ბათუმში უსისტემო მშენებლობა გაგრძელდა, ეს მშენებლობა ”დანგრევის” ტოლფასი იქნება:

[მაია ჭიჭილეიშვილის ხმა] ”ბათუმი რა არის, მისი არქიტექტურული სახე? - ესაა მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე შექმნილი ფსევდოკლასიციზმისა და საბჭოური სტილის სინთეზი... ეს არის მისი მიმზიდველობა და თუკი ეს არ იქნება, ჩათვალეთ, რომ ბათუმი აღარ იქნება. არ იქნება ძველი ქალაქი, მაშინ რაღაც სხვა ქალაქის აშენებაზე უნდა ვიფიქროთ.” (სტილი დაცულია)

ჩვენი საუბრის ბოლოს ნინო ინაიშვილმა ხელისუფლების ახალი იდეა გაგვიმხილა - ბათუმში მაღლივი ქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი:

[ნინო ინაიშვილის ხმა] ”მაშინ აღარაფერი შეგვრჩება... არადა, ტურიზმის განვითარება უნდათ... როცა ჩადიხარ ქალაქში, ”სიტი-ტურს” უწყობენ, ძველ ქალაქში ასეირნებენ - ამით შეიძლება ფულის გაკეთება.” (სტილი დაცულია)

ბუნებრივია, ბათუმში ყოფნის დროს ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციითაც დავინტერესდით. ინგრევა თუ შენდება ბათუმი? როგორ ქალაქს დაახვედრებს აჭარა კომფორტულ სასტუმროებში ”შესახლებულ” ტურისტებს? ამ კითხვებით მივმართეთ ბათუმის მერს, ირაკლი თავართქილაძეს. მასთან საუბარს ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს მომავალ ”კულტურულ მიმოხილვაში” შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG