Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპილბერგის იუბილე და “შინდლერის სიის” ძალა


ჰოლივუდი სტივენ სპილბერგის იუბილეს აღნიშნავს

– 18 დეკემბერს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეჟისორს 60 წელი უსრულდება. სპილბერგს საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს – ზოგს “ინდიანა ჯონსის” სერიალი უყვარს, ზოგი “იტის”, ე.ი. “უცხოპლანეტელს” ანიჭებს უპირატესობას... მაგრამ ჩვენში სპილბერგის ვერც ერთმა სხვა ფილმმა ვერ მოახდინა მაყურებელზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც “შინდლერის სიამ”... 1994 წელს სპილბერგის ანტიფაშისტური ფილმის ეკრანებზე გამოსვლა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა.

2004 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ ღია წერილით მიმართა სკოლებისა და კოლეჯების დირექციას – განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს ურჩია ჩაერთოთ სასწავლო პროგრამებში ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმი “შინდლერის სია”, რომელიც, საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, ადამიანებს უკეთ გააგებინებს ნაციზმისა და ანტისემიტიზმის არსს, ვიდრე თუნდაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია.

სხვათა შორის, სტივენ სპილბერგის ფილმის ისტორია სწორედ სკოლით დაიწყო – ამერიკული სკოლით. სპილბერგი, რომელსაც 80-იანი წლების ჰოლივუდში ხშირად “საბავშვო ფილმების რეჟისორად” იხსენიებდნენ, გააოცა ერთმა გამოკითხვამ, რომლის თანახმად ამერიკელ მოსწავლეთა 60 პროცენტს ხოლოკოსტის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი. სპილბერგისთვის, რომლის ებრაელი ბებია და პაპა ომის დროს პოლონეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცნენ, ხოლოკოსტის თემა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ამ გამოკითხვამ მტკიცედ გადააწყვეტინა – რადაც უნდა დასჯდომოდა, ეყიდა თომას კენილის რომანის, “შინდლერის კიდობნის”, ეკრანიზაციის უფლება, იმ რომანისა, რომლისთვისაც მწერალი 1982 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა და რომელმაც სპილბერგზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს ის დროა, როცა სპილბერგი “უცხოპლანეტელს” იღებს, ფანტასტიკის ჟანრში გადაწყვეტილ პირველ ამერიკულ ფილმს, რომელსაც, რეჟისორის თქმით, “ქსენოფობიური ინსტინქტები” უნდა დაეთრგუნა ბავშვებში. მოგვიანებით იგი აღიარებს, რომ “უცხოპლანეტელი”, “ინდიანა ჯონსი”, ყველაფერი, რაც გადაიღო 80-იან წლებში, “შინდლერის სიის” თავისებური რეპეტიცია იყო.

“შინდლერის სია” - ამბავი ჩეხეთის ნაცისტური პარტიის წევრზე, ოსკარ შინდლერზე, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი გადაარჩინა - ოსკარის 16 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. აქედან ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. “ათი წლის წინ, “უცხოპლანეტელის” გადაღების დროს, ჩემს თავს “პოლიტიკური ათეისტი” ვუწოდე”, “შინდლერის სიის” წარმატების შემდეგ კი მივხვდი, რომ პოლიტიკურ კინოს დღესაც შეუძლია ითამაშოს “სოციალური პედაგოგის” როლი, – აღნიშნა სტივენ სპილბერგმა ისრაელში, თავისი ფონდის პრეზენტაციაზე, 1994 წელს... სწორედ იმ დროს, როცა ქართველმა მაყურებელმა პირველად ნახა “შინდლერის სია”.

[მუსიკა]

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] “კულტურა არის რეპრესია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი არ არის ცხოველი. ანტისემიტიზმი არის სწორედ კულტურის დამხობის მცდელობა... ამიტომ ტოტალიტარული რეჟიმები, როგორც წესი, ანტისემიტურია.”

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ეს მოსაზრება შეგვიძლია კიდევ უფრო განვაზოგადოთ და დავასკვნათ, რომ ანტისემიტიზმი თავს იჩენს იქ, სადაც საზოგადოება “მტრის ხატებით” ცხოვრობს. “მტერი”, შესაძლოა, არც იყოს ებრაელი – უბრალოდ, იყოს “სხვა”, რომელსაც საზოგადოება “ურჯულოდ” მონათლავს ხოლმე. ამ სიტყვას, “ურჯულო”, 1994 წლის საქართველოში, როცა “შინდლერის სიამ” ჩვენამდეც მოაღწია, ძალიან ხშირად იყენებდნენ პოლიტიკოსები, მეცნიერები და, რამდენადაც არ უნდა შეესაბამებოდეს ეს ემზარ ჯგერენაიას ლოგიკას, – კულტურის მუშაკები...

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] “ფაშიზმი მიმართული იყო, პირველ რიგში, ებრაელების წინააღმდეგ, რომლებმაც ევროპაში გაავრცელეს ახალი რელიგია, ქრისტიანობის სახით. ამიტომ ეს არის გარკვეული ლაკმუსის ქაღალდი... ებრაელები, რომლებიც მოწყვეტილნი იყვნენ თავიანთ მიწას, ყველა ქვეყანაში ავსებდნენ რაღაც “პროფესიულ ნიშას”... ეს განაპირობებს ანტისემიტიზმს.. ებრაელი თან ისეთ საქმიანობას ეწევა, რომელსაც არ ეწევა უმრავლესობა, ამიტომ ევროპულ და რუსულ ანტისემიტიზმს ორი მომენტი კვებავს – ებრაელი, როგორც გარკვეული პროფესიის მიმდევარი, და ებრაელი, როგორც შემახსენებელი იმისა, რომ იგი ‘ახალი ებრაელია’.”

ერთი შეხედვით, “შინდლერის სია” 90-იანი წლების დასაწყისში ადეკვატურად აღიქვეს. ქვეყანა უკვე ემზადებოდა ქართველი და ებრაელი ხალხის, როგორც იმხანად ამბობდნენ, “26 საუკუნოვანი ძმობის აღსანიშნავად”... მაგრამ ცხინვალსა და სოხუმში განცდილი მარცხის შემდეგ უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლებოდა. ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საშუალო სკოლაში მასწავლებლად, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ “შინდლერის სია”, მართლაც, შეიძლება ჩავრთოთ სასწავლო პროგრამებში, როგორც “სოციალური თერაპიის” ერთ-ერთი საშუალება. სიმონ ჯანაშია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

[სიმონ ჯანაშიას ხმა] “კონკრეტულად ვაძლევთ ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსულმანებმა ებრაელებს და ქრისტიანებს ერთ ქალაქში აუშენეს ჩვეულებრივი გეტო, იკეტება ღამე, არ შეუძლიათ გამოსვლა... და მეუბნება ჩემი მოსწავლე, - გამოცდაზე, რა თქმა უნდა, - გადასარევი საშუალებაა. მოდით, ავლაბარში გავაკეთოთ კედელი, სომხები ისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ თბილისში. რა რეაქცია შეიძლება გქონდეს? ჩვენ არაფერი გვითქვამს...შემდეგ წელს წაიკითხეს ნაწარმოები ხოლოკოსტზე და ნახეს “შინდლერის სია”... ის ბავშვი მოვიდა და თქვა, მე მრცხვენია რომ ამას ვამბობდი.” (სტილი დაცულია)


სტივენ სპილბერგს უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა ჰოლივუდში შავ-თეთრი ფილმის გადასაღებად. პროდიუსერები ამბობდნენ, რომ ამერიკელი მაყურებელი არ წავა სამსაათიანი შავ-თეთრი ფილმის სანახავად. კინო - მით უმეტეს, ისტორიული კინო - ამერიკელისთვის დიდი ხანია “ისტორიულ ზმანებად” იქცა... და ამ სტერეოტიპის დამკვიდრებაში თავის დროზე სტივენ სპილბერგმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ ერთია “ზმანების განცდა” და მეორეა რეალობის შეგრძნება, რათა მაყურებელი ისტორიული ამბის თანამონაწილედ და არა უბრალო დამკვირვებლად იქცეს... შავ-თეთრი “შინდლერის სია” კი, რომელშიც არ თამაშობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელშიც დოკუმენტურობის ეფექტი, ფაქტობრივად, ნატურალიზმის ზღვარს აღწევს, რეალური ამბავი გახდა მილიონობით ადამიანისთვის, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც აქამდე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ “ურჯულო სახიფათოა, იგი ჩვენს კეთილდღეობას ემუქრება”.

თუმცა სპილბერგს, როგორც ჩანს, არ სჯერა, რომ კინოს მნიშვნელოვნად შეუძლია შეცვალოს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკა და მასში აგრესია დათრგუნოს. მისი შემოქმედების მთავარი ადრესატი ისევ ბავშვია. ახლახან 60 წლის სპილბერგმა - შესაძლოა, დღევანდელი ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანმა, ყველაზე წარმატებულმა რეჟისორმა - განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს ხოლოკოსტის თემაზე მუშაობა, სურს გადაიღოს ფილმი მოზარდებისთვის, რომლებმაც “შინდლერის სიის” პრემიერის შემდეგ უკვე იციან, რა არის ხოლოკოსტი, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რას ნიშნავს შემწყნარებლობა და სამართლიანობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG