Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის გამოსვლა ევროპის პარლამენტში


ოთხშაბათს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომლის ქვეყანა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა, კავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მათ შორისაა სამეზობლო პოლიტიკის განვითარება და რუსეთთან ურთიერთობები. მერკელმა ილაპარაკა აგრეთვე ტოლერანტობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც ევროპის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, რომელთა ხელშეწყობასაც აპირებს იგი მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში.
ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

გერმანიამ ევროპის კავშირის თავმჯდომარეობა პირველ იანვარს გადაიბარა ექვსი თვით. კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში გამოსვლაში არაორაზროვნად განაცხადა, რომ ამ პერიოდში ძირეულად შეიცვლება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პირობები.
მერკელის თქმით, ევროკავშირი ამ პოლიტიკას უფრო შემოქმედებითად უნდა მოეკიდოს და ხანგრძლივი პერიოდით მასში დაინახოს გაწევრიანების ალტერნატივა.

[მერკელის ხმა] "სამეზობლო პოლიტიკა არის გაწევრიანების გონიერი და მიმზიდველი ალტერნატივა. და ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ამ სამეზობლო პოლიტიკას განსაკუთრებით განვავითარებთ შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის."

ევროკავშირმა სამეზობლო პროლიტიკა 2003 წელს შემოიღო. მას მერე ევროპელი პოლიტიკოსები ყოველ ღონეს ხმარობდნენ იმის ხაზგასასმელად, რომ ეს პოლიტიკა არ ეხება მონაწილეთა შესაძლო გაწევრიანებას.
თავის დროზე ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ოპტიმიზმით აღავსო გერმანიის პოზიციამ, რომ აღმოსავლეთი ევროპა გამოცალკევებულ იქნეს სამხრეთი ხმელთაშუა რეგიონისგან, რომელსაც აგრეთვე მოიცავს სამეზობლო პოლიტიკა. ამ რეგიონისთვის ევროკავშირმა მკაფიოდ გამორიცხა გაწევრიანება.
მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის გავრცელება ცენტრალურ აზიაზეც, რომელში შემავალი ქვეყნები ასევე არ არიან ევროკავშირის კანდიდატები, იმედგაცრუებაა უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის.
ბრიუსელში გამოსვლაზე მერკელი შეეხო რუსეთთან ურთიერთობების საკითხსაც.
მისი თქმით, რუსეთთან აუცილებელია სანდო პარტნიორული ურთიერთოების ქონა, რომელშიც ცენტრალური ადგილი ენერგიის სფეროში თანამშრომლობას ეკავება.

[მერკელის ხმა] "ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვამბობთ: რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება. მხოლოდ ასე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთნდობა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არ უნდა უგულებელვყოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება ანდა რუსეთის კონფლიქტები მეზობლებთან."
კანცლერის თქმით, გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი რუსეთთან პარტნიორობის ახალი შეთანხმების თაობაზე.
ამ მოლაპარაკბებს აფერხებს პოლონეთი, რომელსაც რუსეთთან დავა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშრებით.
თავის გამოსვლაში მერკელმა ისაუბრა აგრეთვე თავისუფლებაზე და ტოლერანტობაზე, როგორც ძირითად ევროპულ ღირებულებებზე. კანცლერით თქმით, მას სურს, რომ ამ ღირებულებებმა ასახვა ჰპოვოს ევროპის კავშირის კონსტიტუციაშიც, რომლის მიღებაზეც მისი ქვეყანა გააგრეძლებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG