Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წლიური ანგარიში


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა, ორშაბათს წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში 55 ჟურნალისტი დაიღუპა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ერაყში, სადაც 2006 წელს 32 ჟურნალისტი იქნა მოკლული.

მაგრამ პრესის მუშაკები მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაშიც განიცდიდნენ შევიწროებას. ანგარიშის ავტორთა თანახმად, ჟურნალისტებზე ზეწოლის მეთოდები განსხვავებულია და ხშირად დემოკრატიის ფასადით არის შენიღბული.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში შეინიშნებოდა საერთო ტენდენცია - მმართველი წრეები სულ უფრო შეფარულად, არაპირდაპირი გზებით ცდილობენ მასმედიაზე ზეწოლას.

300-გვერდიან ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ თვით შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი "ძველმოდურს" უწოდებენ ჟენევის კონვენციებს, რომლებიც ჟურნალისტების უფლებებს იცავს. ასეთ ვითარებაში, პრესის წარმომადგენლებს მხოლოდ ნომინალურადღა იცავს საერთაშორისო სამართლიო, ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის სათაურია " პრესაზე თავდასხმები".

რუსეთს გამორჩეული ადგილი უჭირავს ანგარიშში. მასში პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ვენესუელელი კოლეგა უგო ჩავესი ყველაზე მეტად არიან გაკრიტიკებული პრესაზე ზეწოლისთვის. ანგარიშში ისინი მოხსენიებული არიან "დემოკრატატორებად", ანუ ხალხის მიერ არჩეულ ავტოკრატებად. ანგარიშის ავტორთა თქმით, ისინი დემოკრატიის ფასადით არიან შენიღბულნი და ძირითადად კანონების მეშვეობით ახორციელებენ მასმედიის მანიპულაციას.

ცხადია, არსებობს ქვეყნები, სადაც ჯერაც უხეშ ძალას იყენებნენ, მაგალითად, კუბასა და ერითრეაში. მაგრამ იქაც არაპირდაპირი რეპრესიები სულ უფრო მეტად უთმობს ადგილს სხვა, უფრო შეფარულ მეთოდებს.

რაც შეეხება პრესის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, განსაკუთრებით სავალალო ვითარებაა ერაყში, სადაც მეამბოხეები შეგნებულად ესხმიან თავს ჟურნალისტებს. გასულ წელს ამ ქვეყანაში 32 ჟურნალსტი დაიღუპა. აქიდან მხოლოდ ერთი მესამედი - საომარი მოქმედებების შედეგად. დანარჩენები კი გამიზნულად იქნენ მოკლული.

საერთო ჯამში შარშან მსოფლიო მასშტატაბით 55 ჟურნალისტი დაიღუპა. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას. პოლიტკოვსკაია მოურიდებლად აკრიტიკებდა პუტინის მთავრობას ჩეჩნეთში წარმოებული კამპანიისთვის.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლას საქართველოში, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია "სერიოზულ დარტყმებს განიცდიდა მთავრობის მხრიდან ზეწოლის, ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და, მრავალთა აზრით, საკუთარი მოქმედებებით გამოწვეული სკანდალის გამო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია აგრესიულად არეგულირებდა ტელევიზიით გაშუქებას, რისთვისაც კრიტიკულად განწყობილ ტელეჟურნალისტებზე ზეწოლას ახორციელებდა და დევნიდა მათ."

ხელისუფლების მხრიდან მასმედიის მანიპულირების მაგალითად წლიურ ანგარიშში მოტანილია ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებები და ამის პარალელურად გატარებული ცვლილებები რუსთავი-2-ის ხელმძღვანელობაში.

ანგარიშის თანახმად, 2006 წელს ხელისუფლების მხრიდან ასევე განიცდიდნენ ზეწოლას ტელეკომპანია "იმედი" და ტელეარხი "202", თუმცა ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ მათ მიერ გამოკითუხთაგან ბევრი ეჭვქვეშ არ აყენებს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის მართებულებას.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოელ საიმონმა თქვა, რომ საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, სადაც დემოკრატიული რევოლუციების გზით მოხდა მთავრობების შეცვლა, მიუხედავად წარმატებებისა, ჟურნალისტები კვლავაც განიცდიან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას.

[საიმონის ხმა] " სამივე ქვეყანაში მედია უფრო თავისუფალი და უფრო ენერგიულია. ჯერაც ფიქრობენ ხოლმე, რომ ამ დემოკრატიული რევოლუციების წყალობით მედია უკვე აღარ განიცდის ზეწოლას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვების სხვადასხვა ხარისხი არსებობობს. ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინაში მეტი რეფორმა განხორციელდა, ვიდრე ყირგიზეთში. მაგრამ ამ სამი ქვეყნიდან არცერთი არ ყოფილა ბოლომდე თანმიმდევრული იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც მართლაც შეუზღუდავდა მთავრობას მასმედიის გაკოტროლებისა და მასზე გავლენის მოხდენის უნარს."

ჯოელ საიმონი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში მასმედიის მდგომარეობას, მაგრამ, მისს აზრით, მთელი რიგი რეფორმების გაუტარებლად შეუძლებელი იქნება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის თავიდან აცილება.

[საიმონის ხმა] "საქართველოში დემოკრატიული ამბოხებისა და მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა რეალური იმედი, რომ მასმედიის მიმართ დამოკიდებულების ლიბერალიზაცია მოხდებოდა და გარკვეულწილად ეს მოხდა კიდეც. საქართველოს ძალიან ცოცხალი, ენერგიული მედია მოეპოვება. მაგრამ ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ველოდით, ჯერაც ჭიანურდება და იმედი გვაქვს, რომ ისინი მომავალი წლების მანძილზე განხორციელდება."

ანგარიშის ავტორების აზრით, არ უნდა მოგვატყუოს იმ გარემოებამ, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით ინფორმაცია ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა რიგითი მომხმარებლისთვის. "ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის მოზღვავებამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს იმის დანახვაში, რომ პრესის თავისუფლების მოწინააღმეგეები ჯერაც წარმატებით ახერხებენ საზოგადოების მზერისგან სასიცოცხლო მნიშვნეოლბის ამბების დაფარვას. ჩვენ განვიცდით ინფორმაციის სიჭარბეს მაგრამ ხშირად ხელი არ მიგვიწვდება ძირითად ამბებზე," დაასკვნის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ჯოელ საიმონი.
XS
SM
MD
LG