Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენიდან საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი მიიღო


გასული კვირის მიწურულს საქართველომ, რომელიც თავის




უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან კიდევ ერთი სიგნალი მიიღო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გამოთქვა სურვილი, რომ 2009 წელს უფრო მეტი ქვეყანა იხილოს ნატოში, ხოლო საქართველო და უკრაინა მიუახლოვდნენ ”ამბიციების დაკმაყოფილებას”. რატომ დაუკავშირდა ეს სურვილი 2009 წელს და რამდენად ახლოს დგას საქართველო ნატოში გაწევრიანების ამბიციასთან?

2009 წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს. ორგანიზაციის საიუბილეო თარიღზე, როგორც ეს ნატოს ბოლო, რიგის სამიტის კულუარებშიც ითქვა, მიპატიჟებული იქნება რამდენიმე ახალი წევრი, ხოლო რამდენიმე დაწინაურებული ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ნატოში გაწევრიანების ყველაზე რეალური კანდიდატები არიან მაკედონია, ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც 6 წელია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - MAP-ის - წევრები არიან. იმავე რიგის სამიტზე მძლავრი სიგნალი მიიღო საქართველომ, რომლის ხელისუფლებამ მოკლე დროში მიაღწია პროგრესს ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ”ინტენსიური დიალოგის” წევრი გახდა. პროგრესზე საუბარია რიგის დეკლარაციაში, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა. ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ვითარებაში, რიგის სამიტზე საპატიო სტუმრად ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოს, საქართველოს, დელეგაცია აღმოჩნდა მიწვეული.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ეს მოწვევა, ჩემი აქ ყოფნა ნიშნავდა ჩემი ქვეყნის ძალიან დიდ მხარდაჭერას, საგანგებოდ ხაზგასმას იმისა, რომ საქართველოს ადგილი არის აქ, სადაც არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც არიან ნატოს წევრი ქვეყნები.”

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში მაშინ ისიც თქვა, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ. საერთაშორისო უსაფრთხოების 43-ე კონფერენცია მიუნხენში ამის თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში კონფერენციის ტრიბუნიდან ყველაზე რადიკალური ფორმით გაილაშქრა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ და მას ნდობის შემცირებისკენ მიმართული ”მაპროვოცირებელი ფაქტორი” უწოდა. მიუნხენში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლამ აუდიტორიაზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი სენატორების და პრეზიდენტების გვერდით სადილის დროს. ბევრი ამბობდა, რომ მათთვის ძალიან ბევრი რამ გახდა კიდევ უფრო ნათელი. და ჩემს ნათქვამზე, რომ, აი, ახლა ხომ უფრო ნათელია, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, როგორც დემოკრატიას, დაცვა რუსეთისგან, ისინი მეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ, რა თქმა უნდა, რომ ეს მთელი აუდიტორიისათვის კიდევ უფრო ნათელი გახდა.” [სტილი დაცულია]

რუსეთის ლიდერის მიერ”ცივი ომის” სტილში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ნატოს კავშირის გაფართოების სტრატეგია უცვლელი დარჩა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა მიუნხენში განაცხადა, რომ ”ისურვებდა უფრო მეტი ქვეყნის ხილვას ნატოში”. ითქვა, რომ ეს სურვილები უკავშირდება უკრაინას და საქართველოს, რომლებიც 2009 წლისთვის ალიანსში გაწევრიანების ყველაზე რეალურ შანსებს ინარჩუნებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG