Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესა გასულ კვირაში მრავალი პუბლიკაციით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და, ზოგადად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ყურადღების ცენტრში იდგა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან და ნატოსთან.

“ნატოს წევრი 2009 წელს?” ამ შეკითხვით არის დასათაურებული წერილი, რომელსაც საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუ” აქვეყნებს. მასში, უწინარეს ყოვლისა, ლაპარაკია საქართველოს ლიდერების ოპტიმიზმზე, რომ ქვეყანა, შესაძლოა, 2009 წლისთვის გაწევრიანდეს ნატოში. აღნიშნულია აგრეთვე, რომ ეს ოპტიმიზმი ჩასახა ნატოს გენერალური მდივნის 9 თებერვლის განცხადებამ, როცა მან ნატოს გაფართოების პერსპექტივაზე საუბრისას გამოთქვა სურვილი, რომ ნატომ “რაც შეიძლება მეტად გაითვალისწინოს უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებები”.

მაგრამ, როგორც “იურეიჟა ვიუს” კორეპსონდენტმა გაარკვია, დამოუკიდებელი ექსპერტები ხელისუფლებაზე უფრო ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მაგალითად, პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის შეფასებით, ნატოს გენერალურ მდივანს საქართველო არ უგულისხმია, როცა თქვა, რომ სურს “ნატოში მეტი ქვეყნის ხილვა 2009 წელს”. ფიჩხაძის აზრით, საქართველოს - საუკეთესო შემთხვევაში - ნატოში მიიწვევენ 2009 წელს.

ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებაზე საუბარია სტატიაშიც, რომელსაც გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალის” საინტერნეტო გამოცემა აქვეყნებს. მასში ჩამოთვლილია სანქციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა მიიღო გასული წლის შემოდგომაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების შეპყრობის საპასუხოდ. თუმცა, უფრო ზოგადად, განმარტავს სტატიის ავტორი მარკ ჩემპიონი, რუსეთი გაჯავრებულია საქართველოს მისწრაფებით, დაუახლოვდეს დასავლეთს, რაც ნატოში გაწევრიანების სურვილსაც მოიცავს.

“რუსეთის ემბარგოს შედეგად შეყოვნდა ეკონომიკური ზრდა საქართველოში, თუმცა ეკონომიკა შარშან მაინც გაიზარდა 8,6 პროცენტით და, როგორც მთავრობა ვარაუდობს, 2007 წელს ეკონომიკურ ზრდას ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი ექნება. უცხოური ინვესტიციები გაიზარდა - განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. კუვეიტის კომპანიებმა ხელი მოაწერეს, ან მოლაპარაკებას აწარმოებენ 853 მილიონ დოლარად შეფასებულ ახალ ინვესტიციებზე. “სულ ვამბობ - დიდი მადლობა ამ ემბარგოსთვის და ამას გულწრფელად ვამბობო”, ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი. მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომ, მაგალითად, ხელი შეუწყო დასავლეთ ევროპასთან მეტი ავიარეისების დაწესებას”, -ვკითხულობთ გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში”.

ასევე ამერიკულმა გამოცემა “ვაშინგტონ ტაიმსმა” კი 27 თებერვალის ნომერში დაბეჭდა სტატია, რომლის ავტორიცაა ცნობილი ქართველი იურისტი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი მისი მმართველი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე. სტატია ასე იწყება:

“კარგი ახალი ამბავია ის, რომ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკა საქართველომ, სადაც 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” შედეგად ხელისუფლებას სათავეში მოექცა ე.წ. რეფორმისტი მიხეილ სააკაშვილი - სულ ცოტა ხნის წინ 65 მლნ დოლარი დახარჯა დედაქალაქ თბილისში ახალი აეროპორტის ასაგებად. ცუდი ახალი ამბავი კი არის ის, რომ აეროპორტი ნახვრეტებით არის სავსე. ძლიერი წვიმა მეტისმტად ძლიერი აღმოჩნდა სახურავისთვის: მან შენობაში შეაღწია და ახალთახალ იატაკზე ვედროების დადგმა გახდა საჭირო წვიმის წვეთების შესაგროვებლად. ეს ამბავი მშვენიერი მეტაფორაა პრეზიდენტ სააკაშვილის უხეირო მთავრობისთვის, რომელიც ამჟამად კრიზისის მწვავე სიმპტომებს ამჟღავნებს”.

ანა დოლიძის სტატია კრიტიკული სულისკვეთებითვე გრძელდება: ქართველი იურისტი, რომელიც “ვაშინგტონ ტაიმსის” ინფორმაციით, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს მეუღლესთან, ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, წერს მძიმე ვითარებაზე საქართველოს ციხეებში, წერს როგორ დააკავეს მისი მეუღლე “ხულიგნობის ბრალდებით”, რა განუკითხავად ხმარობენ ძალას ქართველი პოლიციელები ეჭვმიტანილების დევნისას... ანა დოლიძე წერს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაზეც, თუმცა, ერთი არა-გახმაურებული დეტალიც მოჰყავს: “ის (გირგვლიანი) გაიტაცა, აწამა და მოკლა “სიკვდილის ბრიგადამ” იმის გამო, რომ, როგორც ამბობენ, რომ ის ბარში გაეარშიყა შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლს”, წერს ანა დოლიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სტატიაში, რომელიც "ვაშინგტონ ტაიმსის" 27 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა.

დაბოლოს, მიმოვიხილავთ წერილს, რომელიც მოსკოვში გამომავალმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა “მოსკოუ ტაიმსმა” გამოაქვეყნა სათაურით“მარცხისთვის განწირული თამაში”. ამ, მარცხისთვის განწირულ თამაშს, სტატიის ავტორ ტომას დე ვაალის შეფასებით, რუსეთი თამაშობს კავკასიაში, რაც, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ეხება:

“ქვეყანამ, რომელსაც რუსეთთან 200-წლიანი ისტორიული, კულტურული, ენობრივი და რელიგიური კავშირები აქვს, მტკიცედ აიღო კურსი ნატოში გაწევრიანებისაკენ და აშშ-ის მოკავშირეობისაკენ. ეს არ იყო გარდაუვალი პროცესი. თავის დროზე სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი იყო ის, ვის შუამავლობასაც მოჰყვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და 2003 წელს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ჩადგომა. მე თვითონ მსმენია სააკაშვილისგან მის პირველსავე პრეს-კონფერენციაზე ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთან”, - წერს ტომას დე ვაალი და მოჰყავს არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, რომ მოსკოვი სამხრეთი კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანასთანაც იფუჭებს ურთიერთობას. სომხეთშიც კი - რუსეთის ტრადიციულად ერთგული მოკავშირე ქვეყანაში - საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთის საელჩოსთან უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. მათმა მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს რუსეთში პოლიციის მიერ ეთნიკური სომხების დევნა-შევიწროვების შემთხვევების გახშირების გამო.

ტომას დე ვაალი რუსეთზე განაწყენებულ სხვა მოკავშირეებზეც წერს: აფხაზ სეპარატისტებზე. “აფხაზები რუსეთმა იხსნა 1993 წელს საქართველოს არმიასთან მარცხისაგან, აფხაზთა უმრავლესობას ახლა რუსული პასპორტები აქვს, ხანდაზმული მოქალაქეები - რუსულ პენსიებს იღებენ. მაგრამ აფხაზებიც კავკასიელები არიან და რუსეთისადმი მათი მხარდაჭერის მიზეზი პრაგმატიზმია და არა სიყვარული. და შესაძლებელია, რუსეთსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა გაუარესების გზას ადგეს. მიზეზი ის არის, რომ ბევრი აფხაზი რახანია, მოელის რუსეთისაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით ცნობას. მაგრამ ისინი ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მოსკოვი თამაშობს, მათი დამოუკიდებლობის ცნობას იყენებს მხოლოდ ინსტრუმენტად საქართველოსა და დასავლეთის წინააღმდეგ თამაშში. აფხაზებს ეს არ მოსწონთ და ზოგი მათგანი ამას უკვე ხმამაღლა ამბობს. ეს არ ნიშნავს, რომ პირს ისევ საქართველოსკენ იბრუნებენ, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა დაუახლოვდნენ თურქეთსა და ევროპას, ნაკლებად დაეყრდნონ რუსეთს”.
XS
SM
MD
LG