Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


რუსუდან ბოლქვაძე განვლილი კვირის მანძილზე ნანახსა და განცდილს,

რადიო "თავისუფლების" თხოვნით, მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე ინიშნავდა.

25 თებერვალი, კვირა
დღეს საქართველოს გასაბჭოების დღეა. ბავშვობაში ტვინი გვქონდა წაღებული ამ თარიღით. უქმე იყო. ბებიაჩემი სულ ბურდღუნებდა: "პოშლი ონი კ ჩორტუ!" ხალხი ქეიფობდა - ქართველს საბაბი მიეცი და... ერთი ძალიან ქართული სიმღერა არსებობს ამ დღესთან დაკავშირებული. შინაარსი ასეთია: "ეგ ოხრები შემოვიდნენ (როგორც ბებიაჩემი იტყოდა), დაიქცა ქვეყანა, დაემხო მთავრობა, ხალხი გარბის, გემზე ადიან და საით მიდიან, კაცმა არ იცის, ემშვიდობებიან სამშობლოს... მისამღერი კი ასეთია:
"მაშ, ხუხე, ძმობილო,
მსწრაფლ გამოსცალეეეე..."
რაც მთავარია, მელოდიაა ძალიან ხალისიანი, დარდიმანდული და ჩაგვირისტინებული!.. რობაქიძის ნათქვამი მახსენდება: "ქართველთა გასაძლისი თვისებაა - ესთეტური უდარდელობა."
დღისით კინოს სახლში რამდენიმე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა იყო. მათ შორის, თემო ბუტიკაშვილის ფილმის - "ჩამოფასებულები". რა ზუსტი და საშინელი სათაურია! გარეთ გამოვედი. ქუჩა ისეთივე ჩამოფასებული, დაუფასებელი, გადაფასებული, თვალებდაფსობილი და თავლაფდასხმული ადამიანებით იყო სავსე. ციოდა. აბუზულები მიმოდიოდნენ. დავიზაფრე. ვიფიქრე, ფეხით ჩავალ თეატრში, ცოტას გავნიავდები-მეთქი, მაგრამ გაციების შემეშინდა: მთელი ქალაქი ვირუსის ბურუსშია გახვეული. მესამე დღეა, საშინელი ქარია, ძაღლს რომ არ გააგდებენ... გუშინდელმა ქარმა კი ჩვენს საამაყო, ახლახან ფურთხით აშენებულ აეროპორტს "ნამუსი ახადა!"
თეატრი საკიდიდან იწყება, ქვეყანა - სადგურიდან და აეროპორტიდან! ჰოდა, ასეთი სახურავახდილი და "ქარწაღებული" ქვეყანა გვაქვს!
ძალიან არ მინდოდა ცუდ ხასიათზე დადგომა. ბედად ქეთო შემხვდა, დედამისთან მიდიოდა. ავედით. ცოტა გავმხიარულდით.
საღამოს "ბაკულას ღორები" ვითამაშეთ. რა საოცარი სპექტაკლია! 29 წლის წინ დაიდგა და როგორი აქტუალურია! რამდენმა წყალმა, თაობამ და მთავრობამ ჩაიარა ჩვენს თვალწინ, "ბაკულა" კი ყველა მოვლენას პასუხობს, თითქოს დღეს დაწერა იმ დალოცვილმა კლდიაშვილმა და დღეს დადგა ამ დალოცვილმა თუმანიშვილმა. ეს იმიტომ, რომ ქართული ხასიათის, ქართული პრობლემის ზუსტი მოდელია შექმნილი და ხელოვნება ხომ მოვლენის ზუსტი მოდელის შექმნაა და არა ზუსტი ასახვა. დღეს ამის დასტურად კიდევ ერთხელ გაიჭედა დარბაზი და, ალბათ, სულ გაიჭედება, სანამ არ შევიცვლებით; ჩვენ კი რა შეგვცვლის! ასე რომ, სპექტაკლს დიდი ხნის სიცოცხლე გარანტირებული აქვს!
სპექტაკლის მერე მზია არაბულის ჩანაწერი მოვისმინე. "მზეო, ამოდი, ამოდი..." რაღაც უცნაურად მღერის, არქაულად. თანაც სრული იმპროვიზაციაა - უცებ მომაწვა და ამოვიმღერეო. მომეწონა.
გვიან ღამით ქეთინოსთან და ლევანთან ავედი. უახლოესი მეგობარი დაკრძალეს გუშინ და ძალიან დარდობენ. აბა, მე რას ვუშველიდი, მაგრამ მინდოდა, გვერდით ვყოფილიყავი. არ დამავიწყდება, თაზო რომ გარდაიცვალა, როგორ მეფერებოდა ორივე.
ძალიან გვიან დავბრუნდი სახლში და გამახსენდა, რომ დღიურის წერა უნდა დამეწყო. ვეცი რვეულს და დავიწყე, თუმცა დღე უკვე დიდი ხანია, დამთავრდა!
ძალიან გვიანია! არა უშავს, ხვალ ორშაბათია და გამოვიძინებ! როგორც ჭეშმარიტი ქართველი, ორშაბათიდან გამოსწორებას ვაპირებ.
ფრიად ემოციური დღე მქონდა...

26 თებერვალი, ორშაბათი
გამოძინება არ გამომივიდა! ათის ნახევარზე სანდრიკამ დამირეკა. სანდრო შენგელაია ჩემი ძალიან დიდი ხნის და ძალიან ძვირფასი მეგობარია, განსაკუთრებული! დილით გასაუბრება ჩვენი 20 წლის რიტუალია. ბევრჯერ გადავურჩენივარ რეპეტიციაზე დაგვიანებას. ოღონდ დღეს - არა!
ანი სამშობიაროში წააცუნცულეს! არის დიდი ღელვა-ფუსფუსი! მე ისევ ვერ ვიღებ მონაწილეობას ოჯახურ მოვლენაში, რადგან "ტელეიმედში" მივდივარ ჩაწერაზე. მომღერლების და მსახიობების დუეტების კონკურსია. ვარსკვლავებს ქულები უნდა მივცე. მოკლედ - ვარსკვლავთმრიცხველი ვარ! არ მიყვარს კონკურსები, როცა რაღაცის მოსაპოვებლად იბრძვი. რაღაცის დასაცავად ბრძოლა, კიდევ ჰო; მაგრამ ეს კონკურსი ნახევრად თამაშია. ძალიან სახალისო იყო, თუმცა გავიტანჯე: ყველა კარგია, ზოგი - ძალიან კარგი. მიდი და აირჩიე!
ოხ, ოხ! რა ძნელი პროფესიაა მსახიობობა! ინსტიტუტში, სწავლის უმძიმეს წლებში ქალბატონმა ლილიმ იცოდა ხოლმე: გაიღიმებდა, თვალებს მოჭუტავდა და ოდნავი ნიშნისმოგებით, კეთილგანწყობისა და შეუბრალებლობის ვირტუოზულად გაზავებული ინტონაციით იტყოდა: "არტისტობა არაა ადვილი, ბავშვებო!"
9 საათზე დამთავრდა ჩაწერა. მარიამმა დამირეკა გზაში - ბიჭი გვყავსო, ნიკოლოზი! გახარებულია - დეიდა გახდა, გიოს კი მთელი დღე "გიორგი ბიძიას" ეძახიანო. მარიამი 7 წლისაა, გიორგი - რვის. მართალია, სერიოზული სტატუსი აქვთ დღეიდან, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა და მთხოვეს, დაგვაძინეო. უარს როგორ ვეტყოდი, მეც ხომ გადმომკრა ბებიობის ნიავმა, ჰოდა "პროგრამულ ზღაპრებს" იავნანაც მივაყოლე.
"მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო,
ქალ-ვაჟი დაგვბადებია, მზევ, შინ შემოდიო..."
რა დიდებული სიმღერაა, სადა, უბრალო, ნამდვილი. ერთადერთი მუსიკალური ფრაზაა უზარმაზარ ტექსტზე და არ გბეზრდება. პირიქით, ზევით და ზევით აჰყავხარ - მზევ, შინ შემოდიო!
ჩემი მეცხრე ნათლულის, მარიამ გაბუნიას დაბადების დღეა. ვერ მოვახერხე "ახლოდან მილოცვა" და დავურეკე. "მადლობთ, მადლობთო" - ჩქარჩქარა მპასუხობდა. სტუმრები ჰყავდა და ვგრძნობდი, დროზე უნდოდა ჩემგან გათავისუფლება, ოღონდ ცდილობდა, არ შეტყობოდა, მე რომ არ მწყენოდა! კარგი ბავშვია, ჩემი უსაყვარლესი მეგობრების შვილი. მე მას საჩუქრად ყურმილი დავუკიდე, ანუ ვაჩუქე ჩაი და თავისუფლება!

27 თებერვალი, სამშაბათი
მთელი კვირა თავისუფალი ვარ თეატრიდან. დილას არ მეჩქარება. ღამით გვიან ვიძინებ და გვიან ვიღვიძებ.
დღეს მთელი დღე ბავშვებთან გავატარე. ნუცა ანის საქმეებზე დარბის, თანაც გუშინდელი ნანერვიულები და გადაღლილია. ტელევიზორში ვნახეთ ჩვენი პატარა: ნიკა მივარდნილა სამშობიაროში კამერით, როგორც უკანასკნელი პაპარაცო, და გადაუღია. რა საყვარელია, ლოყები "პაგონებივით" აქვს მხრებზე გადმოფენილი....
ცხოვრების პროზა თავისას ითხოვს. კომუნალური გადასახადების რიგში, მეგონა,1 საათს მაინც გავატარებდი, მაგრამ - ჰოი, საოცრებავ! - დაკეტილი სარკმელი გაიღო და ქალმა დამიძახა. ეტყობა, თვითონაც ჩქარობდა და სამ წუთში გამისწორა ანგარიში "თელასთან"! მივედი, გადავიხადე, წამოვედი - veni, vidi, vici! დანარჩენი 57 წუთი "შატალოზე" წავედი.
მაღაზიის გარეთ ხილი და ბოსტნეულია გამოტანილი. გამყიდველი არ ჩანს. სამი ლიმონი ავიღე (კარგია C ვიტამინი!) და მაღაზიაში შევიხედე.
- აი, გარეთ სამი ლიმონი ავიღე და რამდენი გადავიხადო?
- ვაი, გენაცვა, ეხლავე, ეხლავე... არ ვიცი... (გასძახა) იზო, იზო!
- ჰოო!
- ლიმონი რა ღირს!
- რაა?
- ლიმონი რა ღირს? რა ღირს ლიმონიი!
- ოც-და-ხუ-თიი!
- (მე მომიბრუნდა) ოცდახუთი, გენაცვა. ტუალეტშია და...
- ჰოოო? მაშინ ოთხს ავიღებ, აი, ლარიანი. კარგად!
- კარგად!.. ტუალეტშია და!..

28 თებერვალი, ოთხშაბათი
ტელევიზიით აჩვენეს ტანგოს ფესტივალი ბუენოს-აირესის ქუჩებში. მთელი ქალაქი გარეთაა. ცეკვავენ, მსურველებს უფასოდ ასწავლიან, კასეტებს ყიდიან... ქვეყანა დიდ ფულს ხარჯავს თავისი კულტურის პროპაგანდაზე. და არა მარტო არგენტინელები. ინგლისში ჩაის ჭიქით და მაისურით დაწყებული, ანკესით დამთავრებული, ყველაფერს "შექსპირი" აწერია. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს? რამხელა განძის პატრონები ვართ და სულ სხვას ვბაძავთ, სხვის ჰანგებს ვმღერით, სხვის ცეკვებს ვცეკვავთ, სხვის დღესასწაულებს აღვნიშნავთ... "ღორის წელი" ჩინელებზე ადრე ვიზეიმეთ... შოტლანდიელს კილტი რომ აცვია, ვამბობთ, ჯიგარიაო, ჩოხით სიარული კი ან "გოიმობად" ითვლება ან "პოზიორობად"!
შობა-ახალ წელს "ჯინგლ ბელსს" ვმღერით, დაბადების დღეებზე - "ჰეპი ბერსდეის", თანაც, ხმებში და ქართული ტექსტით! პოზიორობა კი სწორედ ეს არის! ამ დროს, საშობაო ალილოების მილიონი ვარიანტიც გვაქვს და "დღეს ვიღაცის დღეობააც"! "ჩაკრულო" კი კოსმოსში ტრიალებს, როგორც კაცობრიობის მონაპოვარი.
დღეს ხიტას - გურამ ქუთათელაძის - სახელოსნოში ვიყავი. ნანამ თავისი სტუდენტები მიიყვანა და მეც ვისარგებლე შემთხვევით. რა საოცარი პეიზაჟებია, რა ფერები - ყვითელი, ცისფერი, წითელი... ერთ-ერთ პეიზაჟს მზე მოადგა და გამახსენდა, ერთხელ, რკონიდან მოვდიოდით, მზე ჩადიოდა და გაყვითლებულ ნათესებს უცნაურად ანათებდა. ზუსტად ასე მოიქცა მზე ახლაც და ის ნამუშევარი კედელზე ზუსტად ისევე გაანათა. ერთაწმინდიდან რკონისკენ რომ გადაუხვევ, იმ პეიზაჟს მაგონებს-მეთქი. ეს არისო, მიპასუხა წუპამ ანუ თეამ, რომელსაც ზუსტად ისეთი ცისფერი თვალები აქვს, მამამისი რომ ხატავდა. სულ ქართლის პეიზაჟებიაო. აი, ნამდვილი მხატვარი! ყვითელი ლაქებით მინდორს ხატავს და შენ ხვდები, რომ ეს სწორედ "ქართლის მინდვრებია".
ძალიან კარგი სერია აქვს ფიროსმანზე - მისი ბოლო ნამუშევრები. პერსონალურ გამოფენას სიცოცხლეში ვერ ეღირსა, მხოლოდ გარდაცვალების მერე გამოფინეს თბილისში და ისიც ერთხელ. აი, კიდევ ერთი მაგალითი ქართველების დაუდევრობისა საკუთარი განძის მიმართ. თუმცა, რა: ესეც, ფიროსმანისა არ იყოს, ნამდვილ ხელოვანთა ბედია...
მახსოვს, ფარჯიანის გარდაცვალების ამბავი თეატრში მოიტანა ვიღაცამ. თუმანიშვილმა იკითხა, რისგან გარდაიცვალაო - უყვარდა ირაკლი. - ჭლექითო. - ასეა, ნამდვილი მხატვრები ჭლექით კვდებიანო, - თქვა და პაწაწინა სავარცხლით ულვაშები ჩამოივარცხნა...
თეამ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა მამამისზე: თუ როგორ გაგიჟდა ტონინო გუერა და 1 საათით მისული 7 საათს დარჩა სახელოსნოში; როგორ დაანება თავი ხიტამ სამედიცინო ფაკულტეტს და მოსკოვში, სურიკოვის ინსტიტუტში ჩააბარა, იქ კი რექტორს, რომელმაც უხეშად მოიხსენია საქართველო, სახეში გაარტყა და დიპლომის ნაცვლად, "მგლის ბილეთით" დაუბრუნდა სამშობლოს... ნეტა, დღეს რომელიმე ახალგაზრდა თუ მოიქცეოდა ასე?!
ახლა, ამას რომ ვწერ, ტელევიზიით მიდის ძველი ჩანაწერი: ერთი მეორეზე უკეთესი კაცები - გოგი დოლიძე, გია ჭირაქაძე, თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე, თემო ნაცვლიშვილი - მღერიან: "მინდვრები, ქართლის მინდვრები... სხვა საქართველო სად არი..."

1 მარტი, ხუთშაბათი
ნუცა "ბებიურ" რეჟიმში მუშაობს ბოლო ოთხი დღეა. ანუ, როგორც ტელემუშაკები იტყვიან, "სტატუსშეცვლილი ფორმატით გადის ეთერში". მეც ხომ გავხდი ცოტათი ბებია! ქეთის გავყევი რაღაც საქმეზე და მერე კაფეში შევიარეთ ჩაის დასალევად და გასათბობად. ცოტა ხანში მაგიდასთან თმაგაბურძგნული გამხდარი ბიჭი მოვიდა, გაჩერდა და გაიღიმა. ვერ ვიცანი, რა თქმა უნდა (ჩემი ბოლოდროინდელი გაჭირვებაა), ვიფიქრე, რომელიმე ნაცნობის გაზრდილი შვილია-მეთქი და გულითადი ღიმილით შევეგებე, რომ არ "დავიწვა", რომ ვერ ვიცანი.
- როგორ ხარ, ჩემო კარგო?
- გმადლობთ, თქვენ როგორ? (ძალიან ზრდილობიანად)
- ვარ რა, არა მიშავს... თქვენები რას შვრებიან, რა ხდება ახალი და საინტერესო?
შეიშმუშნა, გაიღიმა. მე გავაქტიურდი, რომ უკეთ შევინიღბო.
- კინაღამ ვერ გიცანი, რა შეცვლილი ხარ, გაზრდილი.
- არა უშავს... (იღიმება, დგას)
- ეს ქეთია, ეს კი ჩემი... აუუუჰ (მრავალმნიშვნელოვანი ჟესტი, ბევრის და არაფრის მთქმელი).
- ხომ არაფერს ინებებთ?
- არა, გენაცვალე, დიდი მადლობა, ცოტა ხნით შემოვედით, უკვე წასვლას ვაპირებთ...
- ანგარიში მოგართვათ?..
რა კარგი იყო, ადრე მომსახურე პერსონალს განსხვავებულად რომ ეცვა. აფსუს ძველი დრო! არც სკლეროზი გვაწუხებდა და არც ამხანაგებს ჰყავდათ ამხელა შვილები... აფსუს კომუნისტების დრო!!!..
...ჩვენი საამაყო "სამკუთხედის" ვაკის ნაწილში "საცობი" იყო. ვიფიქრე, იუშჩენკომ ხომ არ უნდა ჩამოიაროს-მეთქი, მაგრამ არსად ჩანდა ჩამოვლილი იუშჩენკო. სამაგიეროდ, ჩაის სახლთან, სკვერში იჯდა ტარას შევჩენკო! როდის დასვეს, ვერ შევამჩნიე, თითქმის ყოველდღე მიწევს აქ გავლა. რა უიღბლოა ეს სკვერი! ვერა და ვერ მოუძებნეს ფუნქცია. ადრე ჩვეულებრივი სკვერი იყო, მერე, მთელი ვაკის მანქანები იქით რომ მიუშვეს, იქ ჯდომა შეუძლებელი შეიქნა. მერე ვითომ ყვავილები დარგეს. იქნებ ტარასმა ივაჟკაცოს და ცოტა მეტ ხანს გაძლოს ქართულ-უკრაინული მეგობრობის ნიშნად...
თუმცა, მე პირადად - და, დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვასაც - უძეგლოდაც მიყვარს უკრაინელები. ჩემი სტუდენტობის საუკეთესო მოგონება კიევის თეატრალურ ინსტიტუტში სტუმრობაა. მაშინ შეძენილ მეგობრებს 93 წელს ედინბურგის ფესტივალზე შევხვდით და ისეთი ყიჟინა დავცხეთ, გადაირია შოტლანდია. მსგავს სიყვარულს და მეგობრობას სულაც არ სჭირდება მტკიცება, თანაც ამ საეჭვო მხატვრული ღირებულების ძეგლის დადგმით. მით უმეტეს, უნივერსიტეტის წინ, სადაც მელიქიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩები ხვდება ერთმანეთს. აკი გვაქვს თბილისში შევჩენკოს ქუჩა, ლესია უკრაინკასი, გოგოლის და კიევისაც, მაგრამ, ქართველები აი, ასეთი ჯიგრები ვართ. მაშ, ხუხე, ძმობილო!
თეატრიდან დამირეკეს. 8-ში "ჰარალეთი" დაუნიშნავთ. ძალიან გამეხარდა. ახალი სპექტაკლია და მინდა, ხშირად ვითამაშოთ. ჩვენზეა, ქართველებზე, ანუ ჰარალეთელებზე. ახლა ვიწყებ "ჩემი ქალის" შეყვარებას. ძალაუნებურად, სულ მასზე ვფიქრობ, "შეხვედრის" საშუალება კი იშვიათად მაქვს. მთელი კვირა გიჟივით ვარ. როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო, თუ თეატრში არ დავდივარ, სულ მგონია, რომ ვუსაქმურობ. არადა, ტყუილად მისვლაც არ მინდა: არ ვარგა თეატრში უსაქმოდ ბოდიალი... მოკლედ, "ლუიზა", გენაცვალე, 8-ში 7 საათზე გელოდები აღმაშენებლის 164-ში.
ქეთის დედა ნანამ რამდენიმე დღის წინ თავისი დაწერილი პატარა პიესა მათხოვა წასაკითხად. დღეს საღამოს მოვახერხე მხოლოდ წაკითხვა. თავისი ბავშვობის ისტორია აქვს აღწერილი ემოციურად და ლაკონურად. კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა... მერე ქეთის დავურეკე შთაბეჭდილების გასაზიარებლად და შევრჩი ტელეფონს, სანამ ბოლო წუთამდე არ ამოვწურე გაზაფხულის პირველი დღე.

2 მარტი, პარასკევი
დღეს ჩვენი პაწაწინა გამოყავთ სამშობიაროდან. მთელი ოჯახი გაიკრიფა. მე სახლში დავრჩი და ბრწყინვალედ შევასრულე დამლაგებლის როლი. მრეცხავიც კარგად გამომივიდა. ცოტა მზარეულობაში "გავახალტურე". მოვიკოჭლებ - ვაღიარებ. არ მაძლევდნენ გასაქანს, ბატონო! ჯერ ბებია მართმევდა ამ როლს, მერე - დედა, ახლა - რძალი. მე კი როლის გულისთვის ბრძოლა არ შემიძლია და დავრჩი ესე.
წავედი გიოს მოსაყვანად. ძიძა მართლაც შეუდარებელი ვარ! ყოჩივარდები ვიყიდეთ მოხუცი რუსი ქალისგან რიგის ქუჩის კუთხეში. ახალი მიწის სუნი ჰქონდა. თბილი ქარი უბერავდა. ნამდვილი გაზაფხულის ამინდია. ადრე არ მიყვარდა გაზაფხული, ახლა - ვგიჟდები. 90-იანი წლების აუტანელი ზამთრების მერე განსაკუთრებულად დავაფასე. თანაც - ასაკი, ჩემო ბატონო!
დედაჩემს სკოლის მეგობარი გარდაეცვალა. ვერ წავიდა პანაშვიდებზე - ჯერ კიდევ ახველებს. ძალიან დარდობს. შეფუთული ზის სახლში და სლუკუნებს, კარგი ბიჭი იყო შოთაო. თვითონ კი პატარა გოგოსავითაა. ბავშვობის მეგობრობა ხო ეგეთია - გაბავშვებს! მეც ასე ვარ კახას, ნინიჩკას, მაიას, მაიას, ტაბიძეს, ბუთიკოს, ნატალიას, ჭიას რომ ვხვდები - თითქოს ისევ მეშვიდე კლასში ვართ, ვსულელდებით, გვიხარია ერთად ყოფნა. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმიტომ.
რადიო "უცნობში" წავედი ლექსების ჩასაწერად. ქართველი პოეტები და პუშკინი, ვერლენი, რემბო... ვერლენი ქეთინოს თარგმანია. ძალიან მომწონს. ღირსეულად გამოიყურება პაოლოს, ანას და სხვა მთარგმნელთა გვერდით.
გვერდითა სტუდიიდან, პაუზებს შორის ჭიჭიკოს და ბიჭიკოს მხიარული სიცილი ისმოდა. მათ რომ ვუსმენ, მგონია, ჩემი თაობის ბიჭები უნდა იყვნენ. თურმე, ყველა ამას ამბობს. ყველას თავისი ჰგონია!
საღამოს ქალბატონ ლილისთან ავედი. რახანია, აღარ მინახავს. მოტეხილი ხელი დაუზიანებია. მგონი, პატარა შერყევაც მაქვსო, ყურებში კი ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს მთელი სიმძლავრითო. რამდენს უძლებს ეს სიფრიფანა ქალბატონი და რა ვაჟკაცურად! ცოტა კი წაიწუწუნა - აღარ შემიძლია, დავიღალეო, მაგრამ მერე საუბარში გაერთო და იმისთანა ენერგია გამოაჩინა, რომ ვიფიქრე, სამ თეატრს ეყოფა-მეთქი.
გენიალური ქალია, დიდებული. მენანება ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება არ ჰქონია. განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს დეფიციტად ქცეული ზნეობის, ღირსების, პროფესიონალიზმის, ადამიანის სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი! თურმე, ტონინო გუერას უთქვამს ანტონიონიზე, უაღრესად დახვეწილი გემოვნების ადამიანმა ისეთი ჩაცმა იცოდა, ვერ შეამჩნევდი და თუ შეამჩნევდი - თვალს ვერ მოწყვეტდიო. ყველაფერი დახვეწილი და ნამდვილიც ხომ ასეა. მშვიდად არსებობს, თავის საქმეს ჩუმად აკეთებს და ყურადღებას არ იქცევს. თუ ღმერთმა მოგცა თვალი და ყური, დაინახავ და შენვე ივსები. ასეთია ქალბატონი ლილი. ლილი იოსელიანი.

3 მარტი, შაბათი
გიორგისთანაც მობრძანდნენ "ბატონები". იმდენი კოცნა ჩუთყვავილიანი მარიამი, რომ გადაედო კიდეც. ახლა წევს დაწინწკლული და ბედნიერი, რომ სკოლაში არ დადის.
გია აბესალას დაბადების დღეა. მივულოცე, გაეხარდა. მიყვარს აბესალა, ჩემი მეთოთხმეტე ნათლიმამაა.
თეატრების დირექტორები დაუნიშნავთ - სამსაათიან საინფორმაციოში გამოაცხადეს. დიდი ვნებათაღელვა ახლდა ამ საკითხს. ჩემი აზრით, თეატრს საკუთარი შემოქმედებითი ინტერესებისგან თავისუფალი ადამიანი უნდა მართავდეს. ოღონდ, უნდა იყოს თეატრისთვის თავდადებული, საქმის მცოდნე და პატიოსანი ადამიანი... ცოტა ბევრია ერთი კაცისთვის, მაგრამ, რას იზამ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
დღიური გავავიკითხე. მთელი კვირის განმავლობაში დღის ბოლოს ჩაწერილი შთაბეჭდილებები. რამდენჯერ დამიწერია დღიური, განსაკუთრებით გასტროლებზე, უცხო ქვეყნებში, უზარმაზარი და ათასნაირი შთაბეჭდილებებით რომ ივსები და იწერ ყველაფერს - ამბებს, ფრაზებს, ემოციებს, ფიქრებს... იხატავ კიდეც შენთვის. აქ კი ცოტა სხვანაირადაა საქმე. სხვა თვალიც იგულისხმება. თუმცა, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით, მომწონს ეს იდეა, როცა ერთ წიგნად იკვრება ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები და ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიური თავგადასავლები.
...ტაქსში ვზივარ. უზარმაზარ ხმაზე აქვს მუსიკა. ვთხოვ, ჩაუწიოს. უწევს. ოღონდ, ოდნავ - თითქმის არა. ვიღაც ნაწყენი კაცი მღერის: "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!" არც მეტი, არც ნაკლები - "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!" აშკარად გულგატეხილია ცხოვრებაზე და რომ არ უჩერებენ, ხვეწნას უმატებს, მერე კი რეჩიტატივზე გადადის: ეი, ძმაკაც, გამიჩერე, რა?! აღარ მინდა, კაცი არა ხარ? გამიჩერე ეგ დედამიწა, უნდა ჩავიდეო. ამასობაში ჩემი ჩასვლის დროც მოდის, მაგრამ როგორ გინდა მძღოლს უთხრა - "აქ გამიჩერეთ, ჩავდივარ????" ვაცდი, სანამ სიმღერა დამთავრდება და მერე ფრთხილად ვეუბნები: "აი, შუქნიშანთან, თუ შეიძლება..." რადგან იმ ჩემი ცოდვით სავსემ ხვეწნა დიდხანს არ დაამთავრა, ტაქსმა ორი კვარტლით შორს გამაქანა და ცოტა ძვირიც კი დამიჯდა ეს მგზავრობა, მაგრამ, სამაგიეროდ, მისგან განსხვავებით, მე გამიჩერეს!
ასეა, ძვირია თავისუფლება...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG