Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული სამუშაო კვირის მთავარ

პოლიტიკურ მოვლენად საქართველოში ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ მიღწეული ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქცა. პარლამენტის პოლიტიკურმა სპექტრმა 5 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე „ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ კანონპროექტი“ პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი კონფლიქტის ზონაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს ადგენს. ამ წესის თანახმად, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული ხელს შეუწყობს რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას,კონფლიქტის ზონის სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნებისათვის საჭირო პირობების შექმნას. კანონპროექტის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი ქმნის. სამოქმედო ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებს პრეზიდენტი განსაზღვრავს და დასამტკიცებლად კვლავ პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტი, შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილებას ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს ანიჭებს.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ ერთ–ერთი სერიოზული ცვლილება ამ ინიციატივის შედეგად იქნება ის, რომ მართლაც რეგიონის მოსახლეობას ექნება საშუალება რეალურად, იმ ადამიანების საშუალებით, ვინც სარგებლობს ავტორიტეტით და მხარდაჭერით რეგიონში და არა კრიმინალების საშუალებით, რომლებიც იარაღის ძალით იმყარებენ მდგომარეობას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში და მართლაც ვისაუბროთ რეალურ ინტერესებზე, რა რეალური ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს ოს თანამოქალაქეებს.“(სტილი დაცულია)

თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კანონპოროექტის საპარლამენტო განხილვისას. წინასწარი ინფორმაციით, დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის ადგილს სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი დაიკავებს, რითაც მისი არაღიარებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოხდება. თუმცა, როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, ჯერჯერობით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვინაობაზე საუბარი ნაადრევია:

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ ჯერ არ ეხება კანონპროექტი არც სანაკოევს, არც რომელიმე სხვა ჯგუფს. ეს იქნება შემდგომი პოლიტიკური პროცესის შედეგი, როდესაც უკვე დაზუსტდება, თუ რომელი მხარე იქნება მზად ამ მიმართულებით თანამშრომლობისათვის.“

ამთავითვე ცხადია, რომ მომავალ ადმინისტრაციასთან არანაირი ფორმით თანამშრომლობას არ გეგმავს ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. მის ადმინისტრაციაში თბილისის ინიციატივას აფასებენ, როგორც მორიგ პროვოკაციას, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლისა და მოლაპარაკებათა პროცესიდან რუსეთის ჩამოცილების მცდელობას. თუმცა ცხინვალში მშვიდად მაინც რომ არ არიან, კარგად გამოჩნდა მიმდინარე კვირაში ედუარდ კოკოითის მიერ დიმიტრი სანაკოევისა და ალტერნატიული მთავრობის წევრებისადმი განკუთვნილ გზავნილში – მოღალატეობრივი საქმიანობის შეწყვეტის სანაცვლოდ, ედუარდ კოკოითიმ დიმიტრი სანაკოევს, ძმებ ქარქუსოვებსა და მათ მომხრეებს, რომლებზეც ოფიციალურად თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების მიერ ძებნაა გამოცხადებული, ამნისტია და შეწყალება შესთავაზა.

[ურუზმაგ ქარქუსოვის ხმა]“ მე არ მჭირდება ბანდიტების ამნისტია, ბოდიში მან უნდა მოიხადოს ჩემსა და ხალხის წინაშე.“

განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის პრემიერ–მინისტრმა ურუზმაგ ქარქუსოვმა. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ დიმიტრი სანაკოევსა და ძმებ ქარქუსოვებზე სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლითაა აძღრული.

თვითაღიარებული რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის - პრეზიდენტები 10 აპრილს სოხუმში იკრიბებიან. დე ფაქტო პრეზიდენტებს აფხაზეთის პარლამენტი უკვე დაკომპლექტებული სტრუქტურებით ხვდება. მიმდინარე კვირაში დასრულდა სახალხო კრების თვმჯდომარის, ვიცე–სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევნები – 3 აპრილს თვითაღიარებული აფხაზეთის სახალხო კრება მუშაობას შეუდგა. 10 აპრილს კი თბილისი და სოხუმი გამძაფრებული ინტერესითა და განსხვავებული ოპტიმიზმით ელიან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელმაც ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შესახებ მორიგი რეზოლუცია უნდა მიიღოს. თბილისი ქართული მხარისათვის ხელსაყრელი რეზოლუციის მოლოდინშია, სოხუმი კი გაეროს უშიშროების საბჭოს წინასწარ ადანაშაულებს მიკერძოებაში. საქმე ისაა, რომ გაეროში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის მცდელობამ ფუჭად ჩაიარა და უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლება კვლავ არ მიეცა აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. 6 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში გასული, საანგარიშო ექვსი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და ტენდენციების შეფასება გაუგზავნა. სავარაუდოდ, რეზოლუციის საფუძველი სწორედ ეს მოხსენება გახდება, რომელშიც გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს კონფლიქტის ზონაში გაეროს მანდატის კიდევ ექვსი თვით გაგრძელების რეკომენდაციას აძლევს, ხოლო კონფლიქტის მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისაკენ მოუწოდებს.

[თემურ მჟავიას ხმა]“ აფხაზური რეჟიმის წარმომადგენლები ჰყავს მხედველობაში და საქართველოს ხელისუფლება, აწარმოონ უშუალო დიალოგი ერთმანეთთან, რაც ითვალისწინებს მესამე მხარის, ალბათ, გვერდზე მიჩოჩება–დატოვებას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ ველოდებით, როგორი სახის იქნება თვით რეზოლუცია დ(სტილი დაცულია)

გვითხრა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ, რომელიც ვარაუდობს, რომ აქცენტები, რომლებიც ბან კი მუნის ანგარიშში ჩაიდო, კერძოდ, 2006 წლის ოქტომბრის რეზოლუციის შესრულების საკითხში მიღწეული პროგრესი, კოდორის ხეობაში ერთობლივი პატრულირების შედეგები, მძიმე საბრძოლო ტექნიკის არარსებობა, შეიარაღებული პერსონალის მკვეთრად შემცირება, ზემო აფხაზეთის დაბომბვის ინციდენტი და სხვა საქართველოსთვის პოზიტიურად აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაში. ბან კი მუნის მოხსენების გავრცელების მეორე დღეს კი გალის რაიონში გაეროს ოფისი გაიძარცვა – ყაჩაღებმა ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით სცემეს თარჯიმანს და დარაჯს, გატაცებულია ოფისის ინვენტარი. საქმეს გაეროს საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს.

„ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული მისიის შესრულება. შარშან აშშ–ის მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობდა და ვაშინგტონი კონფლიქტურ რეგიონებში დევნილების დასაბრუნებლად ძალისხმევას არც მიმდინარე წელს დაიშურებს“–ეს კი ამონარიდია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური მოხსენებიდან, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისათვის გაწეული დახმარების შედეგებს ასახავს. გასულ სამუშაო კვირაში ვაშინგტონმა, კერძოდ, ამერიკის კონგრესმა, საქართველოში დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის განმტკიცების პროგრამის ფარგლებში, თბილისში საგანგებო დელეგაცია მოავლინა.

[დევიდ პრაისის ხმა]“ სახელმწიფოთშორისი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალ დონეზეა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ მთელ რიგ საკითხებში. ქართველ პარლამენტართა და პარლამენტის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი შეერთებულ შტატებს შარშან ეწვია. ეს ჩვენი საპასუხო ვიზიტია. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირადად ვიხილოთ საკანონმდებლო მუშაობის დეტალები.“

განაცხადა დემოკრატიული კონგრესის საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი პირველი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის ხელშეწყობის კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ პრაისმა. ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის პოლიტიკური კრიზისი გასულ კვირაში ერთ–ერთი მთავარი მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს და თანადგომა გამოუცხადა მას, 5 აპრილს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოფიციალურად განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ უკრაინის პრეზიდენტს კონსტიტუციით ჰქონდა ყოველგვარი უფლება დაეთხოვა უკრაინის პარლამენტი და, ბუნებრივია, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში პარლამენტი პრეზიდენტის ბრძანებას დათხოვნის შესახებ ეთანხმება. არჩევნები დემოკრატიული საზოგადოებისათვის ნორმალური პროცესია, მათ შორის - რიგგარეშე არჩევნები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს პრეტენზია აქვს უკრაინაში, რომ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, ამ არჩევნებს მზად უნდა შეხვდეს და დაამტკიცოს არჩევნების გზით, რომ მას ისევ აქვს თავისი მოსახლეობის და ხალხის მხარდაჭერა.”

უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პარლამენტისგან რადიკალურად განსხვავებულად შეაფასა რუსეთის დუმამ, რომელმაც გასულ სამუშაო კვირაში საქართველოსა და უკრაინის თაობაზე საგანგებო განცხადებები მიიღო. 359 ხმით დუმამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესში ფინანსური მხარდაჭერით ვაშინგტონი ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა. რაც შეეხება რუსეთ–საქართველოს შიდა საქმეებს, კვირის ბოლოს ნავსი გატყდა და, მრავალთვიანი შესვენების შემდეგ, გამონაკლისისი სახით, თბილისი–მოსკოვის საჰაერო მიმოსვლა აღდგა. აირზენა–საქართველოს ავიახაზები სამდღიან ფრენას ახორციელებენ. ფრენის აღდგენა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით მოხდა.
XS
SM
MD
LG