Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთის ოპოზიციური პარტიების გამოსვლები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთის ოპოზიციური პარტიების გამოსვლები ხელისუფლებამ ომონის დახმარებით დაშალა,

რუსეთის პრესაში განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა ე.წ. ფერადი რევოლუციების მიმართ. მართალია, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთში მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობის არც საფუძველი არსებობს და არც საშუალება, როგორც ჩანს, ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლებისგან არც რუსეთი იქნება დაზღვეული. რას წერს რუსეთის პრესა პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მომხდარი ფერადი რევოლუციების შესახებ?

ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუ” საკმაოდ ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს ფრანგი კინოდოკუმენტალისტების ფილმზე - ” რევოლუცია.ქომ.აშშ. აღმოსავლეთის დაპყრობა”, რომელიც რამდენიმე დღის წინ უჩვენა რუსეთის ტელეკომპანია ”როსიამ” და რომელიც ე.წ. ფერადი რევოლუციების თემას ეხება. ფრანგი ჟურნალისტების ვარაუდით, მილოშევიჩის რეჟიმის დამხობა 2000 წელს, 2003 წლის ვარდების რევოლუცია საქართველოში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში და ტიტებისა ყირგიზეთში - ერთი ჯაჭვის რგოლებია. ჟურნალისტების მტკიცებით, უკრაინისა და ყირგიზეთის რევოლუციების მოწყობისთვის აშშ-მა 110 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მომავალში არც ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა არ არის დაცული მორიგი ფერადი რევოლუციისგან, - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ფრანგულ ფილმში მონაწილეობენ ისინიც, ვისი სახელიც გარკვეულწილად უკავშირდება პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებს. მაგალითად, სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ დემოკრატიაზე საუბარი არ ნიშნავს, ხალხს ხელისუფლების ჩამოგდებისკენ მოუწოდო: ”დარწმუნებული ვარ, ამერიკული ფონდების დახმარების გარეშეც, ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაში, საქართველოსა და ლიბანში რევოლუციები მაინც მოხდებოდა”.

” პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციების ახალი ტალღა იწყება” - ასეთი სათაურით აქვეყნებს 16 აპრილის ”ნეზავისიმაია გაზეტა”სტატიას, რომლის ავტორიც, სვეტლანა გამოვა, ჟურნალისტის რანგში, თითქმის ყველა ბოლოდროინდელი რევოლუციის თვითმხილველი იყო. მისი აზრით, ყველაზე არააგრესიული იყო ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, ყველაზე აგრესიული - რუმინეთის მოვლენები, რომლის შედეგადაც რევოლუციონერებმა სიკვდილით დასაჯეს ჩაუშესკუ და მისი მეუღლე. სვეტლანა გამოვას აზრით, დიდი იყო შანსი, ბუქარესტის მოვლენები თბილისშიც განმეორებულიყო, სადაც უკმაყოფილო ადამიანები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მაგრამ ძალადობის თავიდან აცილება ორი მიზეზით მოხდა: პირველი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა და, მეორე - არმია და მილიცია უკმაყოფილოთა მხარეს გადავიდა. ავტორის აზრით, რუმინეთში, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი რამ ჰქონდათ საერთო - რუსეთის ფაქტორი. რუმინეთსა და საქართველოში რევოლუციურ დღეებში რუსეთისადმი განწყობილება პოზიტიური იყო - თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მიტინგზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვიც კი გამოვიდა. განსხვავებული სიტუაცია იყო უკრაინაში, სადაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის იანუკოვიჩის მხარდაჭერა მტკივნეულად აღიქვეს, - წერს რუსი ჟურნალისტი. მისი დაკვირვებით, კიდევ ერთი საერთო მომენტი, რომელიც ე.წ. ფერად რევოლუციებს აერთიანებდა, ეს ახალგაზრდობის აქტიურობა გახლდათ.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს პუბლიკაცია, რომელსაც 16 აპრილის გაზეთი ”გუდოკი” აქვეყნებს. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი აღიარებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არაეფექტური გაერთიანება აღმოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა თავისით ქრება, რადგან ვერ მოხერხდა გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება: ”ყოფილი მოძმე რესპუბლიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუახლოვდებიან რუსეთს, თუ იგრძნობენ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში რუსეთის უანგარო დახმარებას. ჯერჯერობით ამას ვერავინ გრძნობს.”
XS
SM
MD
LG