Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მარინა ჯანაშია დღიურებს ამ კვირაში მსახიობი

მარინა ჯანაშია წერდა.

15 აპრილი, კვირა
კვირა დღე უჩვეულოდ დამეწყო. დილით, ადრე, ბექა მოვიდა. მოვიდა და მაშინვე გული გამინათდა. და დღეც სხვანაირი გახდა. ასე იცის ამ საოცარმა ადამიანმა. ყველაფერს ათბობს. მერე წავიდა.
ცუდი ამინდი იყო. რუხი და საშინლად მოწყენილი. და არ მესიამოვნა. ცოტა ხანში სრულიად მოულოდნელად მზემ გამოანათა და ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. არც ერთი ყვავილის სახელი არ ვიცი, რომელიც დილით იშლება და ღამით იხურება. შეიძლება გადაჭარბებულად გამომდის, მაგრამ მეც ასე ვარ: როცა კარგი ამინდია, ძალიან კარგი ვხვდები, ხოლო ცუდი ამინდის დროს ძალიან ცუდი ვარ - ვიშლები და ვიხურები, ვიშლები და ვიხურები.
ერთი კვირის წინ ჩემს უსაყვარლეს რუსთაველის თეატრში საპატრიარქომ საქველმოქმედო საღამო ჩაატარა. ბოლოს სცენაზე პატრიარქი ამობრძანდა და ერის და ბერის სიტყვა თქვა - საოცარი, ძალიან დამაფიქრებელი და ბრძნული. მერე ასეთი რამ გვიამბო: "დიდი ხნის წინ ლექსი წავიკითხე. არც ავტორი მახსოვს და აღარც ის, ვინ თარგმნა. შინაარსი ასეთი იყო: მოვიდა გაზაფხული და ალუბალი აყვავდა. შემდეგ მოვიდა თოვლი და ალუბლის ყვავილი დაფარა. ასეთი დასასრული არ მომეწონა და მე ასე გავაგრძელე ეს ლექსი: შემდეგ ამოვიდა მზე და თოვლი დაადნო. ყვავილი ისევ ჰყვაოდა!"
აი, როგორი გასაოცარი პატრიარქი გვყავს! იმ საღამოს ვიგრძენი, რომ ჩემზე დიდი მადლი გადმოვიდა და მას შემდეგ არ გასულა დღე, ეს ნაამბობი რომ არ გამახსენდეს. იმედი! იმედი საოცარი რამ არის!
გუშინ "თავისუფალ თეატრში" "ჯინსების თაობა" მქონდა. სპექტაკლის დღე ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაც უცნაური განცდა მეორე დღესაც გადმომყვება ხოლმე: ერთდროულად სავსეც ხარ და დაცლილიც. თუმცა, არც გუშინდელ დღეს ჩაუვლია ჩემი მორიგი სისულელის გარეშე. ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო სპექტაკლზე. სპექტაკლის შემდეგ შინ წაყვანა შევთავაზე, რადგან მანქანით ვიყავი. ცოტა ციოდა. უამრავი ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ ამ სიცივეში გარკვეული მანძილი ფეხით უნდა გაგვევლო, თანაც ტალახში და სამშენებლო მასალით სავსე ეზოში. გავედით იმ ეზოში, სადაც მანქანა მეგულებოდა და აღმოვაჩინე, რომ მანქანა არ დგას... და უცებ დამცეცხლა: მივხვდი, რომ უმანქანოდ ვარ მოსული. თავი მაქვს ჩარგული და გააფთრებული ვფიქრობ, როგორ გავამხილო ეს საშინელება. მოვიკრიბე ძალა, ღრმად ჩავისუნთქე, ავწიე თავი და... რას ვხედავ?! ჩემი მანქანა დგას ზუსტად თეატრის ეზოში, თეატრის წინ, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას! ამივარდა უნებლიე სიცილი, რაც ჩემი სოფიკოს დაბნეულმა მზერამ უფრო გააძლიერა. სხვა რა გზა მქონდა? ვაღიარე ჩემი მორიგი სისულელე და კვლავ ამ ტალახში, სამშენებლო მასალებში და, რაც მთავარია, სიცივეში უკან დავბრუნდით... მაგრამ ეს არაფერია. თურმე, ყველაფერ ამას დღეს გაგრძელება ეწერა: საქართველოს ბანკის ბანკომატში აქტიურად ვკრეფდი "ქართუს" ძველ ნომერს და აღშფოთებას ვერ ვფარავდი იმის გამო, რომ ავტომატი მემუდარებოდა, სწორად აკრიფე ნომერიო. გავგიჟდი, ამას რას მეუბნება, სულ ასე ვიღებ ხელფასს-მეთქი. მოკლედ, მე ჩემი არ დავიშალე, ბანკომატმა - თავისი და მესამე აკრეფის შემდეგ ჩამიყლაპა ბარათი. აი!.. რა დამემართებოდა? საშინელება! ამ სიკეთის ჟამს დავრჩი უფულოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი დავტოვე მშიერი! ყოჩაღ, მარინა!
მარიტა!.. მა-რი-ტაა!!! მე-ნა-ტრე-ბი!

16 აპრილი, ორშაბათი
დილით წვიმის ხმა ჩამესმა. ძალიან მესიამოვნა. თვალებს განგებ არ ვახელდი და ასეთ "ნებიერ" მდგომარეობაში წვიმით მოგვრილ სიამოვნებას ვიხანგრძლივებდი. ჰო, წელიწადის ყველა დროს მიყვარს წვიმა. მაშინაც კი, როცა რუხი და მოსაწყენია. ისევე, როგორც ზღვა მიყვარს ყოველთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "სეზონი" არ არის.
სკოლის პერიოდში, როგორც კი წვიმა წამოვიდოდა, მაშინვე რატომღაც მაინცდამაინც პურს ვმალავდი და ჩემებს ვეუბნებოდი: პური აღარ გვქონია, წავალ, მოვიტან-მეთქი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გამიშვებდნენ, მე კი წვიმაში დავტყაპუნებდი... სხვათა შორის, ახლაც ასე ვარ!
ბოლოს და ბოლოს გავახილე ჩემი ზარმაცი თვალები და რას ვხედავ?! წვიმა კი არა, თოვლი მოდის! ჰო, 16 აპრილია და თოვს...
ჩემს თავზე გავბრაზდი. იმის ნაცვლად, რომ ამ სიამოვნებით დავმტკბარიყავი, გული კინაღამ გამისკდა, რადგან არც მანქანის საბურავები გვივარგა და, მგონი, არც ფეხსაცმლის. ისე, ძალიან ლამაზად ბარდნიდა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, დნებოდა.
ჰოდა, ასეთ ამინდში შინ რა გამაჩერებდა! გავვარდი გარეთ, საქმეებზე!
მერე მზემ გამოანათა და თოვლი დაადნო, მერე მეორე მზემ - მარიტამ - გამოანათა და მე დამადნო. მერე წავიდა ჩემი მარიტუნა და მეც მოვიღრუბლე.

17 აპრილი, სამშაბათი
დედაჩემმა თქვა: სანამ "ნასესხები" არ გაივლის, სულ ასეთი ცვალებადი ამინდი იქნებაო. დილით მოღრუბლული იყო, მერე მზემ გამოანათა და დაათბო ყველაფერი. ნელი ელენიკოს პანაშვიდს იხდიდა და ამიტომ კიდევ უფრო მესიამოვნა მზე.
მართლაც საოცარი პანაშვიდი გადაიხადა მამა გიორგიმ - ძალიან ღრმა და საინტერესო, თან ისეთი გასაგები!.. დაბალი წვერი ჰქონდა, მოკლედ გაკრეჭილი თმა, ძალიან ლამაზი კაბა ეცვა და შიგნიდან თეთრი საყელო და მანჟეტები მოუჩანდა. აი, ასეთი მოძღვარი მომწონს და ვენდობი. გარეგნულად და შინაგანად სუფთა და კრიალა, საეროშიც და საეკლესიოშიც განათლებული და ღრმად განსწავლული.
მერე სასაფლაოდან ნელიკოსთან დავბრუნდით. სამი თუ ოთხი ადამიანი ვიყავით და ელენიკოს ვიხსენებდით. ძალიან მიჭირს ელდარის ყურება. თვალსა და ხელს შუა გაილია... სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ: რა უქნა ამ ბავშვმა ან თავის თავს, ან ამ ოჯახს? ისე ვუბრაზდები ხოლმე, თითქოს სადღაც აქვეა და შინ მოსვლას აგვიანებს...
მე ასეთი ღირსეული გლოვა (თუ შეიძლება ასე ითქვას!) არსად მინახავს. მიდიხარ ამ ორ საოცარ ადამიანთან დამძიმებული და ისეთნაირად გექცევიან, რომ საოცრად ნასიამოვნები და შემსუბუქებული ბრუნდები. თუმცა, როცა გვიან დავურეკავ-ხოლმე, ხმით ვხვდები, რა მდგომარეობაში არიან.
ეჰ, ჩემო ნელიკო, როგორ არ მემეტები ასეთი მწუხარებისთვის! როგორ მინდა, გავიღვიძო და ელენე ისევ აქ იყოს, შენი და შენი ელდარიკოს გვერდით...
ისევ წვიმს!.. ფანჯრიდან შხაპუნა წვიმის ხმა და სასიამოვნო სურნელი შემოდის. რაღაც ამინდის ბიუროსავით მხოლოდ ამინდზე ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ "ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო!!!" ძალიან ხშირად იცვლება.
უწინ, როცა ვიტყოდი: "წვიმს", ოთარ ჭილაძის ლექსს მივაყოლებდი ხოლმე:
"მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის..."
ახლა კი, როგორც კი ვიტყვი: "წვიმს", მაშინვე მივაყოლებ ხოლმე ანა კალანდაძის ლექსს:
"წვიმს!.. ფაფანაგა სველდება,
ჭრელის მაშარის ძირისა."
წესით, პირიქით უნდა დამმართნოდა, მაგრამ მე ხომ ყველაფერი ყირამალა მაქვს - საერთოდ!
არ ვიცი, ამდენი რა დავწერე, მესამე კალმისტარი ავიღე!
ღამე მშვიდობისა, დღეო!..
ღამე მშვიდობისა, ადამიანებო!..
ხვალ უკეთესი დღე იქნება, აი, ნახავთ!

18 აპრილი, ოთხშაბათი
საგიჟეთი, ნამდვილი საგიჟეთი მქონდა! თემიკოსთან სტუმრები უნდა მოსულიყვნენ, ამიტომ მე ვახშამი უნდა მომემზადებინა.
ჰოდა, უხილავ ღილაკს დავაჭირე თითი და... დავბზრიალდი. კვლავ წვიმს, თანაც უკვე შხაპუნა წვიმა მოდის. სწორედ ამ წვიმაში დავქროდი და ვაკეთებდი იმას, რაც დიდად არ მიყვარს: პროდუქტს ვყიდულობდი. მაგრამ, რადგან ეს წვიმაში ხდებოდა, მაინც მსიამოვნებდა. 4 საათამდე ყველაფერი მოვასწარი: ხუთი დასახელების კერძი, დალაგება და სუფრის გაშლაც კი. შუალედში ნანა ჯორჯაძის ნახვაც მოვახერხე - ცხადია, სრულიად შემთხვევით. ახალ პროექტზე მუშაობს და მალე გადაღებას დაიწყებს. "ქართული აკადემიით" დაინტერესდა. პარასკევს გრიგოლიას "რეაქცია" უნახავს და მასაც გაუჩნდა აქ გაერთიანების სურვილი. კინოსტუდიის ბედზეც ვისაუბრეთ. ისეთი რამ მიამბო, რომ, ცოტა არ იყოს, სახტად დავრჩი. როგორც ირკვევა, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე გასაშენებელი კინოქალაქის ფუნქცია იმით ამოიწურება, რომ, მაგალითად, იქ მდებარე კაფეს დაერქმევა "კაფე ფელინი", რესტორანს - "ანტონიონი", სუპერმარკეტს - "ჰოლივუდ-ბულვარი" და ა.შ. ეს რა არის, ვერ გავიგე.
სხვათა შორის, საკმაოდ გვიან გავიგე ეს ამბავი - მაშინ, როდესაც დავინახე, რომ იმ არაჩვეულებრივ პავილიონს ანგრევდნენ. ეს "სამი სიცოცხლის" ფულით აშენებული ისტორიული პავილიონია, "კავშირის" მასშტაბით პირველი და თავისი აგებულებით უბრწყინვალესი. გარკვეულმა ადამიანებმა რაღაც პროტესტი განაცხადეს, მაგრამ, რადგან ითქვა, რომ ქართული კინო აღორძინდება, ფული ჩაიდება და კინოქალაქი აშენდებაო, ყველა გაჩერდა. თუკი, რაც ნანამ თქვა, სიმართლეა, ეს საშინელება იქნება! მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი მიკვირს, ეს მაინც წარმოუდგენელი საშინელება იქნება!..
მოკლედ, სუფრის გაშლის შემდეგ, წყლის გადავლებაც და ცოტა დასვენებაც მოვასწარი და სპექტაკლზე გავვარდი.
"ჯინსების თაობა" - სპექტაკლი, რომელიც, გარკვეული მოსაზრებით, ნანახიც კი არ მქონდა. როდესაც ავთომ დამირეკა და ამ სპექტაკლში შესვლა მთხოვა, ჩემი პრინციპული მოსაზრება ჩამოვუყალიბე. ავთომ მთხოვა, "პრინციპული მოსაზრება" ერთი წუთით გვერდით გადამეგო და ამ წინადადებისთვის შემეხედა, როგორც კომერციული პროექტისთვის. და მითხრა, რომ ყოველ სპექტაკლში გადამიხდის... ამდენს! და უცებ ჩემი "პრინციპულობა" სადღაც გაუჩინარდა, გაქრა, აორთქლდა და... მაშინვე დავთანხმდი. ვაღიარებ, ნამდვილად უკეთესი წარმოდგენა მქონდა საკუთარ თავზე!
სამაგიეროდ, ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ! იმიტომ, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რუხი გახდა და ნელ-ნელა საკუთარ თავს ვკარგავდი. ამ ბავშვებმა, ნიჭიერმა და საინტერესო ადამიანებმა ფერად-ფერადი თვალები შემომანათეს, ნაირ-ნაირი ღიმილით გამანათეს, გამაცოცხლეს და გამაფერადეს და... ჩემს პროფესიას აზრი დაუბრუნდა. ჩემში, რა თქმა უნდა!
შინ დაღლილი, სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი და თემიკოს დანიელები დამხვდნენ: მარტინო და კატერინა. წითური თმა აქვს და ცეცხლოვან კატერინას ვეძახით. ორ საათზე წავიდნენ. ყველაფერი დავალაგე და როცა ვწვებოდი, დედაჩემმა რაღაცის საკითხავად შემომაკითხა. უცებ დაინახა, რომ მძინარე თემოს სათვალე უკეთია და მკითხა, სათვალე რატომ უკეთიაო. მე ძალიან სერიოზულად ვუპასუხე: სიზმრები რომ უკეთ დაინახოს-მეთქი და... დედაჩემი აღარ არის! თურმე, საწოლთან ჩაცუცქულა და სიცილით იგუდება! აი, ასეთი თამრიკო მყავს. მიყვარს!
ერთხელ ავლიპ ზურაბაშვილზე დოკუმენტური ფილმი ვნახე, სადაც მას ერთი პაციენტი ეუბნება: "Да, это моя мама." ავლიპი ეკითხება, მაშინ რატომ მითხარი ჩემი შვილიაო? ეს პაციენტი კი პასუხობს: "Потому, что моя мама – моя дочь" - აი, ასე. იმ ქალს სულით ავადმყოფი ერქვა, მაგრამ მეც რომ ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს ჩემს მშვენიერ და სათნო თამრიკოზე?! Да, моя мама – моя дочь.
როგორ დამავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი! სპექტაკლზე წასვლამდე ჩემმა უსაყვარლესმა გიორგიმ დამირეკა: მალინა, შენი მოდელი მანქანა და თვითმფლინავი შენახული მაქვსო. "მალინას" მეძახის მაგარი "ლას"-ით. შეყვარებულის ამბავი ვკითხე - მისი სახელის გაგონებაც ალ მინდა, მიმატოვაო. გავგიჟდი, ისეთი ტკივილით და, ამავე დროს, კაცური ბრაზით მელაპარაკებოდა. გავიკვირვე, როგორ მიგატოვა-მეთქი? სხვა ბაღში გადავიდა და მიმატოვაო! გენაცვალე, ჩემო სიხარულო! მერე თომამ გამოართვა ყურმილი, მასაც ჰყოლია შეყვარებული და საუბარი საქართველოს ჰიმნით დავამთავრეთ. ისე, რა კარგი ფაქტია, არა? მეც და ჩემს პაწაწუნა, მაგრამ დიდ კაცს, თომასაც, ერთნაირად რომ გვიყვარს ჩვენი ჰიმნი! კარგია. ჰო, მე ჩემი ჰიმნი მიყვარს და ვმღერი!

19 აპრილი, ხუთშაბათი
მგონი, ჩვენი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ან სხვა ქვეყანაზე გველაპარაკება. ახლა ვუსმენდი. "ქორთიარდ მარიოტში" ნატოს წევრი ქვეყნების სემინარი დაიწყო, რომელიც მან გახსნა და ისეთ რამეებს ანდა რამე-რუმეებს გვიამბობდა, რომ გაოგნებული ვუსმენდი - ნეტა, რომელ ქვეყანაზე გვიამბობს-მეთქი?
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, გუშინ რაღაც ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ბავშვებს შეხვედრია და ვრცლად ულაპარაკია "ქართულ აკადემიაზე" და კონკრეტულად იმ ადამიანებზე (მეც მათ რიცხვში ვარ), ვინც ინგა გრიგოლიასთან "რე-აქციაში" მიიღო მონაწილეობა. უწინ თუკი ინტელიგენციას უწოდებდა "წითლებს", "კორუმპირებულებს", "ხულიგნებს" და ა.შ., ახლა "საზოგადოების სირცხვილი" გვიწოდა, რომლებმაც, თურმე, ქვეყანას ომი წავაგებინეთ. უთქვამს: "საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, ეხილა რამდენიმე ადამიანი, რომელიც თავის თავს საზოგადოების ელიტად მიიჩნევს. მინდა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა და მოქალაქემ, ვთქვა, რომ ეს ხალხი ამაზრზენი მოვლენაა და უნდა ჩაირეცხოს!" - აი, ეს არის "გამარჯვებული ხალხის" პრეზიდენტის საუბრის სტილი და მომავალ თაობასთან საუბრის პათოსი!
თავისთავად ცხადია, მაშინვე დაიწყეს რეკვა ჟურნალისტებმა, მაგრამ მე მათთან არ მისაუბრია - რადიო "უცნობში" მივდიოდი. თემოს ერთი სატელეფონო ინტერვიუ მესმოდა, ვიდრე ვემზადებოდი. მან თქვა, რომ სანდრო ახმეტელის სახელი დღემდე ყველა ქართველისთვის საამაყო და სანუკვარია, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ის უმსგავსობა ჩაიდინეს, დღეს მხოლოდ "ბოროტების მანქანად" მოიხსენიებენ, მხოლოდ ასეთი სახით არიან ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილიო... ჟდანოვის გვარი აღარავის ახსოვს, მაგრამ ახმატოვას მთელი მსოფლიო კითხულობს და ეთაყვანებაო. ყოჩაღ, თემო! დიახ, სწორედაც!
ახლა - უფრო სასიამოვნო თემაზე. მშვენიერმა ირინა ჯავახაძემ დამირეკა რადიო "უცნობიდან". არაჩვეულებრივი პროექტი მოიფიქრეს. რამდენიმე მსახიობი კითხულობს ჩვენი კლასიკოსების ლექსებს. რა კარგია, არა? სამწუხაროდ, ისეთი დრო მოვიდა, რომ ადამიანისთვის ლექსის კითხვა ფუფუნებად იქცა, რადგან ლექსს ხომ შესაფერისი განწყობა სჭირდება?! სამაგიეროდ, ჩართავ რადიოს შინ ან მანქანაში და უცებ ამ საგანძურს მოისმენ. ცოტა ხნით მაინც ხომ განათდები შინაგანად, გაიწმინდები, გამდიდრდები და დროებით მაინც დაგანებებს ყოფა თავს!..
ჰოდა, მშვენიერმა ირინამ მეც შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა. კატეგორიული უარი განვუცხადე. ვუთხარი, რომ ლექსი ჩემთვის ინტიმია და რომ სხვის გასაგონად ვერ წავიკითხავ. ირინამ მოახერხა ჩემი დათანხმება და ახლა ძალიან მადლობელი ვარ. ისეთი გარემო შემიქმნეს, რომ მართლა მგონია, რომ მხოლოდ ჩემთვის ვკითხულობ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამას წინათ თემომაც მითხრა - რა უცნაურად მიხვედი ლექსთანო. მანაც იცოდა ლექსისასდმი ჩემი დამოკიდებულება და ძალიან გაუკვირდა. ჰო, აი, ასე მივედი და ახლა ძალიანაც მიხარია. დღეს ბოლო დღე მქონდა და, ცოტა არ იყოს, გულიც კი დამწყდა, რომ დამთავრდა. გულწრფელი მადლობა გადავუხადე და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ეს იყო ლირიკა, ახლა კი - პროზა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორც სპექტაკლის შემდეგ: სისავსის და სიცარიელის. ამ დროს სახლში ადგილის ძებნას ვიწყებ ხოლმე. ოჯახის ყველა წევრს თავისი ტელევიზორი აქვს და ცალ-ცალკე ოთახი დაკავებული. ჩემი ტელევიზორიც და საწოლიც ავადმყოფობის შემდეგ დედაჩემს აქვს ოკუპირებული. ერთი წევრი ფეხბურთს უყურებს, მეორე იახტებს და სამეცნიერო გადაცემებს, მესამე კი - ყველა სერიალს ყველა არხზე. მე ვარ უოთახოდ, უტელევიზოროდ და ღამემდე, ანუ დაძინებამდე, უსაწოლოდ, და იძულებული ვარ, პერიოდულად დედაჩემის სერიალებში ჩავერთო... და ამის შემდეგ მიკვირს კიდეც, რომ წიგნს ვეღარ ვკითხულობ! ჰო, სრულ დეგენერატად გადავიქეცი. საერთოდ ვეღარ ვკითხულობ ვერაფერს. თავთან 2-3 საინტერესო წასაკითხი მიდევს, მაგრამ ამაოდ. გადავშლი 2-3 გვერდს, თავში არ შედის და გაწბილებული ვხურავ წიგნს. რა მინდა, არ ვიცი! არა, ვიცი! მუშაობა მინდა, თანაც - ჩემს საყვარელ თეატრში. და... სიმშვიდე მინდა. კიდევ - ფული, მაგრამ არაფერი ჩანს - სამწუხაროდ!
"ქვეყანაში (კი) ფერებია მუქი!.."

20 აპრილი, პარასკევი
ოოო! როგორ მძიმედ დაიწყო დღე! რეკავდა ყველა არხი, ყველა გაზეთი, რადიო, მეგობარი, გულშემატკივარი... და ეს ყველაფერი სააკაშვილის გამოსვლის გამო ხდებოდა. ზოგს ტელეფონით მივეცი ინტერვიუ, ზოგთან ვერ წავედი, მაგრამ რადიო "უცნობში" ეკა ხოფერიასთან, ნიშნად ჩემი დიდი პატივისცემისა, მაინც წავედი. თურმე ზაზა აბაშიძეც ყოფილა მიწვეული და ძალიან გამეხარდა, რადგან უსაზღვროდ დიდი სიმპათია მაქვს ამ ადამიანის მიმართ. მგონი, საინტერესო გადაცემა გამოვიდა. რეკავდნენ ადამიანები, რომლებიც გვთხოვდნენ, ყურადღება არ მიგვექცია არც პრეზიდენტის და არც მისი გუნდის არც ერთი წევრის კომენტარისთვის. რა საშინელებაა, რომ მაინცდამაინც ჩვენს ქვეყანაზე უთქვამს ესაია წინასწარმეტყველს: "სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი - მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს". აი! სწორედ ამ ტექსტით იწყება "ქართული აკადემიის" მიმართვა საზოგადოებისადმი.
დღეს ყველა არხი ატრიალებს სააკაშვილის 18 აპრილის სამარცხვინო გამოსვლას. დიახ, სწორედ რომ სამარცხვინოს, რადგან მან უდიერად მოიხსენია ისეთი ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, იაპონიაში ეროვნულ საგანძურად მიიჩნევენ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ლამის სიცოცხლეშივე დაუდგამდნენ ძეგლს.
ისე, რა საოცრებაა, როგორც მოვიდნენ ჯიქურ, ისეთივე პოლიტიკას აწარმოებენ. მახსოვს, საარჩევნო კამპანიის დროს (განსაკუთრებით -"ნაციონალების") სადაც კი ჩადიოდნენ, ცემა-ტყეპითა და სისხლისღვრით აძევებდნენ უკან. ფაქტიურად, თავისი ქმედებით ყველა სფეროში, უდიერი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ, არაპროფესიონალიზმით, არაკომპეტენტურობით, ცინიზმით, სამუდამოდ გაიძევეს თავი საზოგადოებისგან. უკვე ისეთი ნაპრალია ჩვენს შორის, რომ მას ვეღარაფერი ამოავსებს.
სწორედ ასეთ დროს, ალბათ, კვლავ საზოგადოებას ჰმართებს სიბრძნე, ბალანსი შეინარჩუნოს, რომ ერთხელ მაინც მოვიქცეთ, ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად და კანონიერი გზით მოვიყვანოთ ღირსეული ადამიანები.
ღმერთო! მე, ასეთი არაპოლიტიკური, უფრო სწორად, სამზარეულოს დებატების დონის "პოლიტიკოსი" რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ძილის წინაც ამაზე ვსაუბრობ. ჰო, სერიოზულად ცუდი მდგომარეობაა და იმიტომ. ხელახლა გორდება და ზვირთდება ყველაფერი. სფერო არ დარჩა, სადაც ხალხი ოდნავ მაინც კმაყოფილი იყოს.
რადიო "უცნობიდან" "თავისუფალ თეტარში" წავედი, ავთო ვარსიმაშვილის "ძალიან, ძალიან სასაცილო კომედიაზე". ეს იყო მართლაც ძალიან, ძალიან, ძალიან სასაცილო კომედია, ვოდევილი თუ რა ვუწოდო, არც ვიცი და არც არის საჭირო. ყველა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჯერ ნიკო გომელაურმა დაიწყო და შემდეგ მიშა ჯოჯუამ დააგვირგვინა ყველაფერი. ეს იყო კომედიის ჟანრში უმაღლესი პილოტაჟი. უსაქციელოდ, უზრდელად ვიცინოდი და ასეთივე მდგომარეობაში იყო მთელი დარბაზი. რა ბედნიერებაა, რომ მოვერიე თავს და ასეთი რთული, დაძაბული დღის შემდეგ სპექტაკლზე წავედი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არც არაფერი მომხდარა ცუდი.
მაჯა მეტკინა ისევ. მეგონა, მომირჩა. რაღაც "Ванька встань-ка" გავხდი, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სათამაშო. "კატაზე" უკვე მეორედ დავეცი. ფინალში გავდიოდი და კვლავ ძუას გამოვდე ფეხი. დავეცი. მაყურებელმა შეიცხადა და წამოვხტი - რა სამარცხვინოა! და კიდევ რაღაც პრეტენზია მაქვს არტისტობაზე?!
ამასობაში დამათენდა! წავედი, თორემ დილით გამიჭირდება ადგომა. რა კარგია - ჩიტების ხმა მესმის!

21 აპრილი, შაბათი
უცბად გავაცნობიერე, რომ აპრილიც გასულა. როგორ დაუნდობლად გარბის დრო! არადა, თითქოს ახლახან, გუშინ თუ გუშინწინ შემოვიდა ახალი წელი ქალაქში. თითქოს ფიზიკურად შევიგრძენი მისი შემოსვლა: ჯერ პატარა გუნდასავით მოგორავს, მერე ნელ-ნელა დიდდება და კუთხე-კუნჭულს იპყრობს... კარგი შეგრძნებაა!
ყველაფერი კარგად იქნება! 2007 - ძალიან მომწონს ციფრების ასეთი განლაგება! 2006 არ მომწონდა რატომღაც. 2007 ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG