Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


თანამედროვე მუსიკის მოყვარულები

დიდი ზეიმისთვის ემზადებიან: კვირას, 20 მაისს, ეთნოგრაფიის მუზეუმის ტერიტორიაზე პირველი ქართული ახალგაზრდული მუსიკალური ჟურნალის, ”ოზონის”, დაბადების დღე უნდა აღინიშნოს. ”ოზონის” პირველი ნომერი ერთი წლის წინ გამოვიდა. მას შემდეგ ჟურნალის ტირაჟი განუწყვეტლივ იზრდება - ”ოზონი” სწრაფად იყიდება. არ ღირს ძვირი, ამიტომ ახალგაზრდები ყიდულობენ. თუმცა ”ოზონი” მხოლოდ თინეიჯერებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო. აქ ყველანაირ მუსიკაზე წერენ - როგორც ჟურნალის დღევანდელი რედაქტორი სერგი გვარჯალაძე ამბობს, ყველანაირ, მაგრამ კარგ მუსიკაზე.

თავდაპირველად ”ოზონის” რედაქტორი ნიკო ნერგაძე იყო. მას შემდეგ, რაც ჟურნალს სათავეში სერგი გვარჯალაძე ჩაუდგა, ”ოზონის” შინაარსი ოდნავ შეიცვალა, თუმცა პრინციპი იგივე დარჩა - ხარისხიანი მუსიკის პროპაგანდა, მრავალფეროვნება და უბრალოება... ჰოდა, სწორედ ამ პრინციპის მიხედვით აღინიშნება ”ოზონის” დაბადების დღე - ამბობს ჩვენთან საუბარში სერგი გვარჯალაძე:

[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”ჩვენი პირველი მცდელობაა, ვუჩვენოთ მკითხველს, რომ ჩვენი ჟურნალი არ იფარგლება მხოლოდ ”პრინტ-მედიას” ჩარჩოებით... მკითხველი, ალბათ, ხვდება, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ძირითადი მუსიკალური ჟანრების პოპულარიზაციას და ვცდილობთ, უფრო ინოვატორული მუსიკა წარმოვადგინოთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ დამოუკიდებელ მუსიკას. ამიტომ გადავწყვიტეთ წარვადგინოთ ჯგუფები, რომლებიც ჟურნალში, ასე თუ ისე, უკვე გავაშუქეთ.”

კონცერტზე, რომელიც დილის 11 საათზე დაიწყება, თექვსმეტამდე ანსამბლის გამოსვლაა დაგეგმილი.

[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”სურვილი გვაქვს, რომ წამოიყვანონ ბავშვები, მშობლებთან ერთად მოვიდნენ ეთნოგრაფიის მუზეუმში. ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ავტორებმა თავი გააცნონ მკითხველს, პატარა ბლოკი გვექნება, სადაც ფილმებს ვაჩვენებთ, მოვუყვებით ხალხს დამოუკიდებელი მუსიკის შესახებ.”

[მუსიკა. ”ჯორჯიან ლოლიტაზ”]


დაბადების დღეს ”ოზონი” მხოლოდ მუსიკით არ აღნიშნავს. სერგი გვარჯალაძის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ”ორეულებს” – ”ოზონის” მკითხველი გაეცნობა ადამიანებს, რომლებიც ცნობილ როკ-ვარსკვლავებს ჰგვანან. თავად მუსიკოსებს კი საშუალება ექნებათ გაყიდონ თავიანთი დისკები, მაისურები და მოუსმინონ როგორც თავიანთ ”ფანატებს”, ასევე ოპონენტებს.

[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”აქ ქუჩის მუსიკოსებსაც ექნებათ საშუალება თავი წარმოადგინონ. ეს მუსიკა ახლოსაა ჟურნალის კომპოზიციასთან. გვინდა, რომ ეს დღე ერთად გავატაროთ. ყველა ავტორი აქ იქნება და ჟურნალის მკითხველებს საშუალება ექნებათ თავიანთი კრიტიკული აზრიც გამოხატონ, შეიძლება იდეები მოგვაწოდონ... მოკლედ, გვინდა ყველაფერს ”კომუნის” სახე მივცეთ.”

კიდევ ერთ სიურპრიზს ამზადებს ”ოზონი”. კონცერტის ბოლოს გაიმართება გელა წულაძის ახალი ფილმის პრემიერა, ჟაკ პრევერის ლექსების მიხედვით გადაღებული მუსიკალური ფილმისა ჰიპ-ჰოპის რიტმზე - სერგი გვარჯალაძის თქმით, ”მისტერიული ფილმის”, რომელშიც გელა წულაძის, ნიკა მაჩაიძისა და გოგი ძოძუაშვილის მუსიკა ჟღერს.

სერგი გვარჯალაძის თქმით, ეს ჟურნალი კეთდება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არა მარტო მუსიკის ”მოხმარება”, არამედ მუსიკალურ სამყაროში ცხოვრება უნდათ... და, რაც მთავარია, ”ოზონი” განსხვავებული თაობებისთვის კეთდება, ამიტომ თავის დაბადების დღეზე ”ოზონი” ელოდება როგორც შვილებს, ასევე მამებს...

[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება თინეიჯერების ღონისძიება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არა ვართ თინეიჯერები... და რადგან ეს ჟურნალი საქართველოში ერთადერთია, რომელიც სერიოზულად აშუქებს მუსიკას, იძულებულნი ვართ კიდეც, რომ არ მოხდეს სეგმენტაცია... ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი თაობის ადამიანებიც მოვლენ შვილებთან ერთად. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მამაჩემთან ერთად წავსულიყავი რაღაც როკ-კონცერტზე. ამის შესაძლებლობას მივცემთ ჩვენს მკითხველს.”

[მუსიკა. ”ჯორჯიან ლოლიტაზ”]


ჯაზი და ფოლკლორი ”ოზონის” კონცერტზე არ იქნება. სერგი გვარჯალაძის თქმით, არ განმეორდება ის, რასაც ”არტ-გენი” აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი კარგად ორგანიზებული იქნება, ორგანიზატორებს უნდათ, რომ ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყოს აგებული. მრავალფეროვანმა მუსიკამ იმპროვიზაციას ხელი უნდა შეუწყოს. ”ოზონის” დაბადების დღეზე უნდა გამოჩნდეს, რაოდენ განსხვავებულია თანამედროვე როკ-მუსიკის შესაძლებლობები.



[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”დაწყებული პანკიდან, იქნება უფრო პოპ-ზე ორიენტირებული მუსიკა, ახალი შემსრულებლები, ბალადური ტიპის მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, ოღონდ არა დიჯეებით, არამედ ადამიანებით, რომლებიც მუსიკას ქმნიან.”


[მუსიკა]

სერგი გვარჯალაძეს ვკითხეთ, როგორ აპირებენ ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიის ათვისებას. ”არტ-გენი” - სხვაა. ამ ფესტივალზე ფორმა და შინაარსი გაერთიანებულია - ფოკლორი ეთნოგრაფიის მუზეუმში. მაგრამ როგორ დაუკავშირდება როკი ეთნოგრაფიული მუზეუმის სახეს?

[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”ძალიან რთული ლოკაციაა ეთნოგრაფიული მუზეუმი. ჩვენ ამოვირჩიეთ ეს ადგილი, რადგან სასიამოვნო გარემოა იქ - ინტეგრაცია ეთნოგრაფიასთან, რასაკვირველია, რთულია. მაგრამ ეს პრეტენზია ჩვენ დავთმეთ.”

ჩვენი საუბრის დასასრულს ჟურნალ ”ოზონის” რედაქტორს სერგი გვარჯალაძეს ვკითხეთ, რა მოხდება, თუკი 20 მაისს ორგანიზატორებს ამინდი უმტყუნებს - ჩაიშლება თუ არა ”ოზონის” დაბადების დღე წვიმიან ამინდში. აქ სერგი გვარჯალაძემ პირველად ახსენა სიტყვა, რომელსაც ინტერვიუს ჩაწერის პირველივე წუთიდან ველოდით - ”ვუდსტოკი”...
[სერგი გვარჯალაძის ხმა] ”ჩვენ წვიმის მუსიკოსებიც ხომ გვყავს. წვიმა თუ მოვიდა, რასაკვირველია, კარგი არ იქნება ჩვენთვის, რადგან ღია ცის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი... ვცდილობთ, მაინც შესაფერისი კარავი ვიპოვოთ...ამინდი კარგი უნდა იყოს, თუ არადა, მოგვიწევს ყველაფერს ”ვუდსტოკური ხასიათი” მივცეთ.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG