Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგულ ბავშვთა დღე


25 მაისს მსოფლიოში დაკარგულ ბავშვთა დღე აღინიშნება. ტრაგედია, რომელიც ყოველი მშობლისთვის, ალბათ წარმოსადგენადაც კი საზარელია,

ყოველ წელს ათასობით ადამიანს ატყდება თავს, როცა უცებ საკუთარ შვილს ვეღარ პოულობს. ზოგი ბავშვი თავად გარბის შინიდან, ზოგი - განქორწინების შემდეგ ერთ-ერთ მშობელს უცხოეთში მიჰყავს, ზოგი - მოტაცებისა და ძალადობის მსხვერპლი ხდება.

25თ მაისს მსოფლიოში დაკარგულ ბავშვთა დღე აღინიშნება, რათა ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიექცეს. წელს ყურადღების ცენტრში დგას 3 მაისს პორტუგალიაში დაკარგული ბრიტანელი გოგონა, 4 წლის მედლინი. მშობლებს, კეიტ და გერი მაკკენებს, ერთი დღეც არ შეუწყვეტიათ ბავშვის ძებნა.

[პოლ სედონის ხმა] “კეიტი და გერი და ყოველი ჩვენგანი, ვინც მათ მხარდაჭერას ვუწევთ, პორტუგალიაში თუ აქ, სამშობლოში, არ შევაჩერებთ ძებნას, სანამ გოგონას არ ვიპოვით. მშობლების სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ძვირფასი, საოცარი პატარა გოგონას მოძებნაში”, - ეს სიტყვები წარმოთქვა სასულიერო პირმა, პოლ სედონმა, რომელმაც თავის დროზე მედლინი მონათლა, ახლა კი თანადგომას უწევს სასოწარკვეთილ მშობლებს.

20 წელიწადზე მეტია გასული მას მერე, რაც პირველად აღინიშნა დაკარგულ ბავშვთა დღე - ეს შეერთებულ შტატებში მოხდა. 25 მაისი კი ერთი გახმაურებული ამბის გამო შეარჩიეს - იმ დღეს პატარა ბიჭუნას დაკარგვის გამო. მას შემდეგ დაკარგულ ბავშვთა დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.

[დირკ დეპოუვერის ხმა] “წარმოიდგინეთ, რა ტრაგედიაა მშობლებისთვის, როცა უცებ საკუთარ შვილს ვეღარ პოულობ. ერთ დღეს ადგები და აღმოაჩენ, რომ შენი შვილი გაქრა, ან შვებულებაში ხარ და ბავშვის კვალს ვეღარ პოულობ. ამის ატანა, ადამიანურად, უბრალოდ შეუძლებელია”, - ამბობს დირკ დეპოუვერი, რომელსაც ხშირად აქვს შეხება ასეთ ტრაგიკულ ისტორიებთან. ის მუშაობს ორგანიზაციაში “ევროპის დაკარგული ბავშვები” - 16 ქვეყანაში მოქმედ ჯგუფთა ფედერაციაში, რომელიც თანადგომას და დახმარებას უწევს შვილებდაკარგულ ოჯახებს. ორგანიზაციას არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია დაკარგული ბავშვების რაოდენობაზე თითოეულ წევრ ქვეყანაში, მაგრამ, დირკ დეპოუვერის თქმით, ასოციაცია ბელგიაში, მაგალითად, წელიწადში 3000-მდე შემთხვევაზე მუშაობს.

ბავშვების დაკარგვას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: კონფლიქტურ რეგიონებში (ეს უწინაერს ყოვლისა აფრიკას ეხება) ბავშვებს იტაცებენ ჯარისკაცებად, მუშა ხელად, იძულებით პროსტიტუციაში გამოსაყენებლად. ევროპაში გატაცების შემთხვევები გაცილებით უფრო ნაკლებია - ბავშვები, უმეტესწილად მოზარდები, შინიდან თვითონ გარბიან და მათი დაბრუნება რამდენიმე თვეში ხერხდება. თუმცა, არის რასაკვირველია გატაცების შემთხვევებიც.

დაკარგულთა პრობლემაზე მომუშავე ბრიტანული ფონდის წარმომადგენლის, როსს მილერის განმარტებით, ინფორმაციის გავრცელება - როგორც 4 წლის ბრიტანელი გოგონას, პორტუგალიაში დაკარგული მედლინის შემთხვევაში ხდება მედიის, პლაკატების, მოწოდებების მეშვეობით - ეფექტიანი გზაა, მაგრამ საჭიროა ზომიერების დაცვა, რადგან სწორი არც ის იქნებოდა, რომ დააფრთხო საზოგადოება.
[როს მილერის ხმა] “ინფორმაციის გავრცელება ხელს უწყობს დაკარგულთა პოვნას - რა ასაკის ადამიანებზეც უნდა იყოს ლაპარაკი. ყოველ კვირას 10 დაკარგულს ვპოულობთ და მათი ნაწილი სწორედ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების მეშვეობით ხერხდება. მაგრამ, რასაკვირველია, არ გვინდა საზოგადოების დაშინება, რადგან გატაცება - იშვიათად ხდება. თუმცა დაკარგვით, ნებისმიერის შვილი შეიძლება დაიკარგოს”.
ამას, რომ იტყვიან, მტერსაც არ უსურვებ.

ამასობაში, 4 წლის მედლინის ძებნა გრძელდება. მისი მაგალითი ამასწინათ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მოიყვანა არგუმენტად, რომ აუცილებელია ევროპამ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ბავშვებისადმი ძალადობის წინააღმდეგ. გერმანელი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მედლინი მოიტაცა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც ბავშვებით, ასე ვთქვათ, ამარაგებს იმათ, ვინც მათ სხვადასხვა სახის ექსპლუატაციას უწევს.
XS
SM
MD
LG