Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას ტყვიით მოწამვლის საშიშროება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 მილიონი ადამიანი იწამლება ტყვიით. ტოქსიკოლოგთა მტკიცებით, ტყვიით მოწამვლა გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე



და იგი შეიძლება გახდეს ადამიანის გონებრივი განვითარების შეფერხების, ანემიის, კრუნჩხვებისა და სიკვდილის მიზეზიც კი. ირკვევა, რომ მოწამვლის წყარო შეიძლება იყოს ტყვიის შემცველი ბენზინი, საღებავი, სასმელი წყალი, სათამაშოები, კერამიკული ნაკეთობები, კოსმეტიკური ნაწარმი, გალვანური ელემენტები და ბევრი სხვა რამ. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას ტყვიით მოწამვლის საშიშროება და როგორ დავიცვათ თავი ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნივთიერებისაგან?

მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ტყვია და მისი შენაერთები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევიან. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგიტა გეგელაშვილი ამბობს, რომ ტყვიას, იმავე პლუმბუმს, ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენებდნენ:

[გოგიტა გეგელაშვილის ხმა] „სერთოდ, სიტყვა „პლუმბუმ“ მოდის იქიდან, რომ თიხის მილებთან ერთად წყალგაყვანილობის სისტემაში გამოიყენებოდა ტყვიის მილებიც. ეს სიტყვა ნიშნავს გამაგრებას, შედუღებას, გადაბმას... დღესაც უცხოეთში ადამიანს, რომელიც სანტექნიკას უვლის, „პლამბერი“ ჰქვია.“

გოგიტა გეგელაშვილის თქმით, წყალმომარაგების სისტემებში ტყვიის გამოყენებამ მილიონობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. სულ რაღაც ორიოდე საუკუნის წინ ტყვიის შემცველი ნივთიერებები კვების მრეწველობაშიც გამოიყენებოდა.

[გოგიტა გეგელაშვილის ხმა] „მაგალითად, პორტვეინს ატკბობდნენ ტყვიის აცეტატით, რომელსაც ტკბილი გემო ჰქონდა და სასიამოვნო დასალევი იყო. ამით იწამლებოდა ხალხი. ასეთი რამ განსაკუთრებით გავრცელებული იყო დევონშირში და ამიტომ დევონის კოლიკა დაარქვეს ავადმყოფობას, რომელიც ხასიათდებოდა მუცლის ტკივილით. ამ პორტვეინმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ეს იყო მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში... ბეთჰოვენია ტყვიით გარდაცვლილი, ჰენდელი და ადმირალი ფრანკლინი.“

თუმცა ირკვევა, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგად ადამიანები 21-ე საუკუნეშიც იღუპებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მაკა დანელია ამბობს, რომ საფრთხე შეიძლება იყოს ყველგან, მათ შორის, ჰაერში, წყალსა და ნიადაგში:

[მაკა დანელიას ხმა] „ჰაერში ეს არის, როგორც წესი, მტვერი. მტვრის ნაწილაკები შეიცავენ ტყვიას, რომელიც არის როგორც ინდუსტრიულ, ასევე ავტომობილის გამონაბოლქვ ჰაერში. წყალში ის ხვდება მილებიდან, რომელიც შეიცავს ტყვიას... ასევე ვინილის შემცვლელი პლასტმასებისგან დამზადებული სათამაშოები, ჟალუზები, ბატარეები...“

მაკა დანელიას თქმით, ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია ილექება ძვლებში და, ხანგრძლივი მოქმედების შედეგად, იწვევს მთელი ორგანიზმის მოშლას, თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი განმარტავს, ტყვიით ინტოქსიკაციას არა აქვს სპეციფიკური სიმპტომები:

[მაკა დანელიას ხმა] „იგივე უძილობა, თავბრუსხვევა, წნევის მატება, სმენის დაქვეითება, კრუნჩხვები და კომაც კი მრავალ სხვა დაავადებასაც ახასიათებს. ამიტომ, როგორც წესი, იგი ამოუცნობი რჩება. ერთადერთი შესაძლებლობა დიაგნოზის დასმისა არის ანალიზის ჩატარება. სხვა შემთხვევაში სიმპტომები მიმდინარეობს ისე, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რაც ორგანიზმის საკმაოდ მძიმე დაზიანებას იწვევს და შეიძლება ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს.“(სტილი დაცულია)

ასეთ სავალალო შედეგამდე კი, როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენებას მივყავართ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის“ მენეჯერი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი სტანდარტით დადგენილია საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობის ზედა ზღვარი:

[ზაზა ჭელიძის ხმა] „დღეისათვის მოქმედებს მთავრობის დადგენილება, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ბენზინის ხარისხზე. დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. დაიწყო იქიდან, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობა უნდა ყოფილიყო ერთი წლის განმავლობაში 0, 0013 გრამი ლიტრში, შემდეგ ეს შემცირდა 0,0005 გრამი ლიტრზე. დღეს ესაა ნებადართული, ხოლო 2009 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება იკრძალება.“

ზაზა ჭელიძის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტყვიისგან თავისუფალი ბენზინის წარმოება პროდუქტის თვითღირებულებას საშუალოდ ერთიდან სამ ცენტამდე აძვირებს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც ტყვიით დაბინძურებული საწვავის გამოყენას შეიძლება მოჰყვეს, ხარჯი გამართლებულია. და კიდევ, ტყვიით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, ტოქსიკოლოგები მოქალაქეებს ურჩევენ, პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაიტარონ. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად სისხლის ანალიზია საჭირო.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG