Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბისეკის სამიტი და საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია სტამბოლში


შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას, ჩვეულებრივ, აბრევიატურით მოვიხსენიებთ ხოლმე - როგორც ბისეკს (BSEC).

ორგანიზაცია 15 წლის წინ დაარსდა და 12 ქვეყანას აერთიანებს - უშუალოდ შავი ზღვის მოსაზღვრე საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და რუსეთის გარდა, მათს 6 მეზობელ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდავეთს, საბერძნეთს, სერბიასა და ალბანეთს. და აი, ბისეკის დაარსების წლევანდელ, 15-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, მისი გუშინდელი სამიტი სტამბოლში გამორჩეულად წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში მრავალი პრეზიდენტი, მათ შორის საქართველოსა და რუსეთის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

სამიტზე ჩვენს გადაცემებში უკვე იყო ლაპარაკი და აღინიშნა ისიც, რომ ყურადღების ცენტრში ბისეკის წევრებს შორის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება და ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები მოექცა. დღეს კი სტამბოლში მყოფი ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე საუბარი ენერგოუსაფრთხოებასა და რეგიონის ახალ ენერგეტიკულ პროექტებს შეეხო, მათ შორის “სამხრეთის ნაკადს”, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი ლობირებს. ამ დღეებში ენერგეტიკის საკითხებზე - რუსეთთან მიმართებაში - ფაქტობრივად განუწყვეტლივ ვრცელდება ცნობები. შაბათს რუსეთის “გაზპრომმა” და იტალიის კომპანია “ენიმ” ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის გაყვანის შესახებ. ეს გაზსადენი (რუსეთსა და ბულგარეთს შორის) პროექტ “სამხრეთის ნაკადის” შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, “სამხრეთის ნაკადი” კი არის გაზსადენი, რომლითაც რუსული გაზის იტალიისთვის და ცენტრალური ევროპისთვის მიწოდება იგეგმება.

კვირას პუტინმა “სამხრეთის ნაკადზე” ილაპარაკა ზაგრებში, ენერგეტიკის საკითხებზე ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე. ზაგრებში შეკრებილებს პუტინი არწმუნებდა, რომ რუსეთი სანდო პარტნიორია. როგორც ჩანს ზოგი დაარწმუნა კიდეც, რადგან სტამბოლში ბისეკის სამიტზე ჩასულმა საბერძნეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის პროექტში მონაწილეობისთვის.

უნდა ითქვას, ზაგრების სამიტზე პუტინი ბალკანეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის სასარგებლო არგუმენტად იშველიებდა ისტორიულ მეგობრობას, რომელიც, პუტინის თქმით, რუსეთს ამ რეგიონთან აკავშირებს. ეს არგუმენტი პუტინმა სტამბოლშიც, ბისეკის სამიტთან დაკავშირებით ვიზიტის დროსაც მოიშველია: [პუტინის ხმა] “ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბალკანეთი და შავი ზღვისპირა რეგიონი ყოველთვის იყო ჩვენი განსაკუთრებული ინტერესების ზონა და ამ რეგიონის ქვეყნებთან ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები - როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური. ეს განპირობებულია ისტორიული, თუ გნებავთ ეთნიკური და ადამიანური ფაქტორებით და ის, რომ რუსეთი - თავისი მზარდი შესაძლებლობებით - ბრუნდება ამ რეგიონებში, იწყებს უფრო შესამჩნევი როლის შესრულებას, ამას მოითხოვს არა მარტო ჩვენი ინტერესები, არამედ ჩვენი პარტნიორების ინტერესებიც”.

სტამბოლშივე, ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა შავი ზღვის რეგიონში ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას, რაც, მისი რწმენით, სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა. გარდა ამისა, დასძინა სააკაშვილმა, საქართველოს აქვს სათანადო რესურსები ენერგოპროექტების განსახორციელებლად. აი, რა თქვა პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “რა თქმა უნდა, რუსეთი აშენებს სხვადასხვა გაზსადენებს და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიც ააშენებენ სხვადასხვა გაზსადენებს. რა თქმა უნდა, საქართველო ამაში ითამაშებს მნიშვნელოვან როლს და, რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით გარანტირებული. ჩვენ უკვე ვართ გარანტირებული. ამაზე შეგვიძლია, არ ვინერვიულოთ. ჩვენ უკვე, პრინციპში, კატასტროფა აღარ გვემუქრება. ეხლა ეს არის სხვების საზრუნავი და იმისთვის ვართ, რომ სხვებსაც დავეხმაროთ. ეგ არის და ეგ”.

სტამბოლში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა არაფორმალური შეხვედრისთვისაც მოიცალა - ის თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პატივსაცემად საგანგებო კონცერტი გაიმართა, შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “თქვენ ხართ თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული ელიტის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი”.

დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობა სტამბოლიდან: საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდავეთი, რუსეთი და თურქეთი აპირებენ შავი ზღვის გარშემო ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებას. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტებმა სტამბოლში, ბისეკის სამიტზე მიიღეს. ავტომაგისტრალი, წინასწარი ინფორმაციით 7100 კილომეტრი სიგრძის იქნება. ასე რომ, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება ბისეკის რეგიონში - რეგიონში, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა ნავთობისა და გაზის რესურსების სიმდიდრით.
XS
SM
MD
LG