Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძველი საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა


ვინც მოახერხებდა ამ კვირაში თვალი გადაევლო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებისთვის,

თავი კრიმინალურ რომანში ან ასეთსავე ფილმში ეგონებოდა. 700 გვერდზეა აღწერილი, როგორ კითხულობდა მალულად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამერიკისვე მოქალაქეების წერილებს, როგორ უსმენდა ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებს, როგორ უკვეთავდა მკვლელებს უხერხული სახელმწიფო ლიდერების მოსპობას, როგორ ცდიდა ადამიანებზე ჰალუცინოგენებს.

კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო, რომელმაც ამერიკიდან 100 კილომეტრში კომუნიზმის მშენებლობა დაიწყო, ამერიკის ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაში მოხვედრილი, ძებნილი ბოროტმოქმედების, მაფიოზების მსხვერპლი უნდა გამხდარიყო - ის უნდა მოეწამლათ და დანაშაული იმ პირებისთვის დაებრალებინათ, რომლებმაც სიმდიდრე დაკარგეს.

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ეს ოპერაცია ვერ განახორციელა. შემსრულებელმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ უარი თქვა თანამშრომლობაზე. კასტროს გარდა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მსხვერპლთა სიაში იყო კონგოს ლიდერი პატრის ლუმუმბა, ასევე დომინიკელთა რესპუბლიკის პრეზიდენტი. დოკუმენტი, რომელიც ახლა გავრცელდა, ასახავს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში. “უოტერგეიტის” სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, როცა დემოკრატიული პარტიის საარჩევნო შტაბბინაში სამმართველოს თანამშრომლებმა შეაღწიეს, დაზვერვის სამსახურის მაშინდელმა ახალმა ხელმძღვანელმა ჯეიმს შლეზინგერმა თანამშრომლებს დეტალური ანგარიში მოსთხოვა იმ უკანონო ოპერაციების შესახებ, რომლებიც სამმართველომ ჩაატარა და რომელიც სამომავლოდ იყო დაგეგმილი. მასალებში იმდენი სკანდალური ინფორმაცია აღმოჩნდა, რომ ეს ანგარიში, შემდგომ ”საოჯახო საგანძურის” სახელით ცნობილი, სეიფში ჩაიკეტა და ზესაიდუმლო დოკუმენტად იქცა. შემთხვევითი არაა, რომ სადაზვერვო უწყების ახლანდელი ხელმძღვანელი მაიკლ ჰაიდენი დოკუმენტში აღწერილ მოვლენებზე ამბობს, ისინი იმ საქმეებს გვახსენებს, რომლებიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არ უნდა ჩაედინაო.

“ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი კორესპონდენტი რონალდ კესლერი, რომელსაც არაერთი წიგნი აქვს დაწერილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შესახებ, სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ამბობს, ადრევე უნდა გამოექვეყნებინათო:

(კესლერის ხმა) “მართლაც, დაგვიანებულია. “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” თანახმად, ამ ტიპის მასალები ადრე უნდა გამოექვეყნებინათ. ხომ 45 წლის წინანდელ მასალებზეა ლაპარაკი და უმეტესობა, ვინც იქაა ნახსენები, გარდაცვლილია. ასე რომ, საფუძველი გამოუქვეყნებლობისათვის არ ჰქონდათ.”

კესლერის მიერ ნახსენები “ინფორმაციის თავისუფლების აქტი” აშშ-ში მოქმედი კანონია, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება სამთავრობო დოკუმენტების ნახვისა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანგარიშში მოხმობილ სკანდალურ ინფორმაციებს:

საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში გაქცეული პირის დაპატიმრება ორი წლით, იმ მოტივით, რომ სამმართვლომ მისი ჯაშუშობა იეჭვა.
საგანგებო ჯგუფის შექმნა აშშ-სა და ევროპაში სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტების თვალთვალის მიზნით.

აშშ-ის მოქალაქეებისთვის საბჭოთა კავშირიდან და ჩინეთიდან გაგზავნილი პირადი წერილების მალულად კითხვა, ანტისაომარი მოძრაობის მონაწილეებზე დოსიეების შექმნა, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებთან ინფორმაციის გაცვლა, იმ ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების მოსმენა, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყნენ დაკავებული.
კესლერი ამბობს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ზოგიერთი ოპერაცია “აღმაშფოთებელია”:

(კესლერის ხმა) “მაშინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შედიოდა ბი- ნებში ჩხრეკის უფლების გარეშე; უსმენდა ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებს ინფორმაციის მოსაპოვებლად; უკანონოდ აპატიმრებდა რუსეთიდან გამოქცეულ პირებს; ამზადებდა მართლაც უგუნურ თავდასხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებზე; მათი თანხმობისა და ინფორმირების გარეშე, აძლევდა ხალხს ჰალუცინოგენებს. ეს აღმაშფოთებელია!”

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახლანდელი ხელმძღვანელი მაიკლ ჰაიდენი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ის, რაც ამ დოკუმენტშია აღწერილი, სხვა დროსა და სრულიად სხვა უწყებაში ხდებოდა. კესლერი ეთანხმება ამ განცხადებას და ამბობს, ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ყველა ნაბიჯი კონგრესმა დაამტკიცა; ახლა სხვა ვითარებაა, კონგრესი სრულადაა ინფორმირებული და ეს დიდი განსხვავებააო.

მაგრამ ამ პოზიციას არ ეთანხმება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, იქ მუშაობის 29-წლიანი სტაჟის მქონე ბრუს რიდელი. ის იზიარებს ჰაიდენის მტკიცებას, რომ სამმართველო ახლა სხვაგვარად მუშაობს, მაგრამ ამბობს, რომ არ შეცვლილა თეთრ სახლთან მისი ურთიერთობის ფორმა:

(რიდელის ხმა) “შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ოპერაციები იყო გონივრული ან არა, მაგრამ ისინი არასოდეს ყოფილა არამზადული. ცენტრალური სადაზვერვო სამსახური არასოდეს მოქმედებდა თვითნებურად. მეტიც, ეს ქმედებები აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტების დირექტივებს ეყრდნობოდა.”

ეს პრეზიდენტები იყვნენ დუაიტ აიზენჰაუერი, ჯონ კენედი, ლინდონ ჯონსონი და რიჩარდ ნიქსონი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რიდელი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბუში, მიუხედავად ახალი კანონისა იმის თაობაზე, თუ რა შეუძლია დაავალოს პრეზიდენტმა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, ცდილობდა მძაფრი წინააღმდეგობა გაეწია ამგვარი შეზღუდვებისთვის. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, ბუში ცდილობდა ეს უწყება ადვილად სამართავი ყოფილიყოო, და ამატებს, ალბათ, ამის გამოა, რომ ბევრ შემთხვევაში შორს წავიდა ეს უწყება, რაც იქნებ მომავალში უკან მოგვიბრუნდესო. ბუშის ადმინისტრაციას ბრალად სდებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში უფლებების დარღვევას, დაკავებულთა წამებას, უკანონო დაკავებას კუბაზე, საპატიმროში. მაიკლ რიდელი ამბობს, ვშიშობ, რომ 25 წელიწადში ხალხი გაეცნობა სხვა საიდუმლო ანგარიშს, რომელშიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დღევანდელ უკანონო ქმედებაზე იქნება ლაპარაკიო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG