Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამზე ორიენტირებული პარტიის ტრიუმფი თურქეთში: რა მოჰყვება საპარლამენტო არჩევნების ამ შედეგს?


თურქეთში 22 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” გაიმარჯვა.

ეს არის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტია. გასულ დღეებში შემოგთავაზეთ ამ ქარიზმატული და ძლიერი ლიდერის პოლიტიკური პორტრეტი, ისიც გავიხსენეთ, რომ ერდოანი წარმოშობით საქართველოდან არის, ბათუმიდან, საიდანაც მისი წინაპრები თურქეთის ქალაქ რიზეში გადასახლდნენ. დღეს კი ვისაუბრებთ ზოგად ვითარებაზე თურქეთში და ამოცანებზე, რომელთა წინაშეც მმართველი ძალა დგას არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ.

ერდოანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 50-მდე პროცენტი მიიღო, რაც ცხადჰყოფს, რომ თურქეთშის მოსახლეობა მთლიანობაში კმაყოფილია ერდოანის მთავრობის მუშაობით - წარმატებული ეკონომიკური კურსით, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების პირობები გააუმჯობესა და ევროკავშირზე ორიენტაციით. 60-ანი წლების შემდეგ თურქეთში ასეთი საარჩევნო წარმატებისთვის არც ერთ სხვა პარტიას არ მიუღწევია.

[აკგუნის ხმა] “ახლა ცხადია, რომ ერდოანის პარტია თურქეთის საზოგადოების უმრავლესობის აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს და შედეგად პარტია გაცილებით უფრო მეტ გაბედულებას გამოიჩენს ცვლილებების თვალსაზრისით. თუმცა არა მგონია მოსალოდნელი იყოს - ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში - პოლიტიკური კურსის დრამატული, რადიკალური ცვლილება”. ეს შეფასება გამოთქვა თურქმა პოლიტოლოგმა მურატ აკგუნმა “როიტერსის” ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მართლაც, პრემიერ-მინისტრი ერდოანი ირწმუნება, რომ არ აპირებს პოლიტიკური კურსის შეცვლას, რომ გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართულ ძალსიხმევას და არ უღალატებს არც სეკულარიზმის პრინციპს. [ერდოანის ხმა] “როგორც ხედავთ, ის, რაც გვაერთიანებს არის ჩვენი საერთო მიზანი. ჩვენ სოციალური კანონების საფუძველზე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული, სეკულარული მთავრობა”.

თუმცა სეკულარიზმის - ანუ სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევების - ერთგული მომხრეები შიშობენ, რომ არჩევნებში წარმატებით გაძლიერებული ერდოანის პარტია, სეკულერიზმის ერთგულების მაგივრად, პოლიტიკურ ისლამსაც გააძლიერებს. თურქეთში არ დავიწყებიათ, რომ ერდოანი ერთ დროს თავგამოდებული ისლამისტი იყო და მითუმეტეს არ დავიწყებიათ, რას მოჰყვა 22 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები: თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე ერდოანმა პოლიტიკური მოკავშირისა და თანამოაზრის, რელიგიურობით ცნობილი აბდულა გიულის კანდიდატურა წამოაყენა, რაც (სწორედ მისი რელიგიური იმიჯის გამო) პარლამენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ახლა, არჩევნებში გამარჯვებული ერდოანის უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა პრეზიდენტის ვინაობასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება. ისევ გიულის კანდიდატურის წამოყენებას თურქეთში შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს. [ზამანის ხმა] “ერდოანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ პირველივე განცხადებაში მიმართა ადამიანებს, ვინც მას არ მიმხრობია: “ჩვენთვის გასაგებია თქვენი შეშფოთება და არ გვინდა დაძაბულობის გამწვავება, გვინდა ანგარიში გავუწიოთ თქვენს პოზიციასო”. ამის შემდეგ რა დატვირვა მიეცემოდა აბდულა გიულის კანდიდატურის თავიდან წამოყენებას? ამით ერდოანი პრინციპში იტყოდა, რომ გულწრფელი არ ყოფილა”, - ამბობს ავტორიტეტიან ჟურნალ “ეკონომისტის” კორესპონდენტი თურქეთში, ამბერინ ზამანი.

როგორც იუწყებიან, პრემიერ-მინისტრმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა რწმენა, რომ პრეზიდენტის საკითხი “დაძაბულობის გარეშე” მოგვარდება. როგორ - ამას ახლო მომავალი აჩვენებს.

მალევე უნდა გაირკვეს ახალი მთავრობის შემადგენლობა: მისი ამოცანაა რეფორმების გაგრძელება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა. როგორც ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა ორშაბათს უთხრა ჟურნალისტებს: [რენის ხმა] “მოველით ახალი მთავრობის მალე შექმნას თურქეთში და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალმა მთავრობამ განაახლოს სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები კონკრეტული შედეგების მისაღწევად”.

დაბოლოს რამდენიმე სიტყვა სეპარატიზმის პრობლემაზე: საქმე ეხება ქურთების რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. 22 ივლისის არჩევნების შედეგად, პირველად ბოლო წლების მანძილზე, პარლამენტში 27 ქურთი დეპუტატიც იმუშავებს. ექსპერტების შეფასებით, ისინი რთული ამოცანის წინაშე დგანან: უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ქურთების საკითხის მოგვარება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG