"კავკასიური სახლის" ოსური სექტორის გამგე, ფილოლოგი ნაირა ბეპიევი.
22 ივლისი, კვირა
კვირას ოსურად "ხვშავ ბონ" ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით "ღვთის დღეს" ნიშნავს. მთელი კვირის დაღლილ-დაქანცულმა ამ დღეს უნდა მოიცალო სულის სიმშვიდისათვის, ანუ ეს დღე ღმერთს უნდა მიუძღვნა - ასე იყო ტრადიციულად. ახლა აღარც დასვენების დღეა და აღარც მოსვენებისა.
დილით მიშა ფილიევმა დამირეკა, სიუჟეტს ზოგმა ვერ უყურა და იქნებ მისი გადაწერა შეიძლებოდესო. ეს ის მიშაა, რომელმაც ნინოს ფილმის განხილვაზე თქვა, რატომ არავინ დაინტერესდა თეთრი წყაროს რაიონის იმ სოფლებით, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ნასოფლარებად იქცაო. ასეთი კი ათზე მეტი ყოფილა!
წავედით გადაღებაზე. წავიყვანე მიშაც და მტერს, მე იქ სურათი ვნახე! ზოგიერთი ოსური სოფლის ნასახლარიც აღარ ჩანდა. ზოგან კი ჩამოქცეული კედლები და ჭინჭარ-ეკალში ჩაკარგული სახლების საძირკვლებიღა დარჩენილიყო. ჩვენ სულ მაღლა-მაღლა ავდიოდით და ერთგან მიშამ, აქ გადავუხვიოთო. იქ თუ ოდესმე გზა იყო, ისიც აღარ ჩანდა. ნაგზაურსაც რომ ვერ მივაგენით ვერანაირად, ტელევიზიის "ნივამ" პირდაპირ გაუკვალავი გზით განაგრძო სვლა ნასოფლარისაკენ. ერთგან კინაღამ გადაყირავდა კიდეც: ბალახს დაეფარა რაღაცა თხრილი თუ სახლის ნაფუძარი და აღარაფერი ჩანდა. ჩვენი მძღოლის სიმარჯვე, რომ გადავრჩით! ("ჩაპაევი" გვყავდა თან - ძალიან კარგი მძღოლი და კიდევ უკეთესი ადამიანი.)
აღარც სახლებთან მისასვლელი ბილიკები ჩანდა - ყველაფერი ჯაგნარს დაეფარა. ერთ სახლთან ძლივს მივედით; სახლთან კი არა, სახლის ნანგრევთან. მიშა გადმოვიდა. კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა, გამშრალი, გაფითრებული იყურებოდა აქეთ-იქით, თითქოს ვიღაცას თუ ვიღაცებს დაეძებსო, და ფეხით ნერვიულად ჯეგავდა სახლის შესასვლელ კართან ამოსულ ხან ერთ ბარდს და ხან მეორეს; ჭინჭრებს შიშველი ხელით გლეჯდა და სიმწრით აქეთ-იქით ისროდა. მერე რაღაც დამამშვიდებელი წამლები დალია - თან წამოეღო. შემეცოდა სამჯერ ნაინფარქტალი კაცი ამ საშინელი განცდებისთვის, მაგრამ ამას ვეღარაფერს ვუშველიდი და ოპერატორს ხან ამ დაბორიალებული კაცის კადრებს ვაღებინებდი, ხან კი დროდადრო სინქრონებს ვიწერდი ამ ბოღმითა და სიმწარით შეპყრობილი კაცისას, რომელიც უცრემლოდ ტიროდა, დასტიროდა იმ ნასახლარებს; შორს წასულ თანამოძმეებს, რომლებისთვისაც, კარგა ხანია, ხმაც ვეღარ მიეწვდინა. ყრუ, ჩაგუდული ხმით გვიყვებოდა მიშა (რომელიც აქ, ამ სახლებში გაიზარდა, ამ ხალხში გაიზარდა და ყველა კენჭი იცოდა ამ სოფლისა, ყველას ბაღჩა-ბილიკი და ყველას ხილის გემო ახსოვდა): "ეს ჩემი ბიძაშვილის გიორგი ფილიევის ნასახლარია. კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მშენებელი კაცი იყო. თბილისის უნივერმაღი, გრიბოედოვის თეატრის შენობა და ვინ მოთვლის, რამდენი კარგი შენობა ააგო, რამდენი კარგი საქმე გააკეთა და ასე გაუცამტვერეს საკუთარი სახლი და გააგდეს."
ცოტა ხანს ჩუმდება მიშა, ერიდება, აქ, ბიძაშვილის ნაფუძართან, ცოცხალ კაცზე ისე რომ საუბრობს, როგორც გარდაცვლილზე. არადა, მართლაც სიკვდილზე უარესია, ასე სამარცხვინოდ აყრა და გაგდება ხალხისა, რომელმაც ქართული ენაც ძალიან კარგად იცოდა, ქართველებიც უყვარდა და საქართველოც, ზოგიერთებივით, მარტო სადღეგრძელოს თქმის დროს არ ახსენდებოდა. საქართველო, ბევრისთვის სიზმრადქცეული საქართველო, რომლის ხატება სამუდამოდ დაჰყვებათ მასა და მისნაირ გადახვეწილთ თუ ძალით განდევნილთ...
"გააგდეს გიორგი (გერგი – როგორც მისიანები ეძახდნენ) თავის ძმებიან-დედმამიშვილებიანად, ნათესავ-მოყვრებიანად, მეზობელ-ნაცნობიანად და ახლა რომ ამბობენ, დაბრუნდნენო, ვიღასთან დაბრუნდეს, რაღასთან დაბრუნდეს, როგორ დაბრუნდეს?! - განაგრძობს მიშა. - ღვთით, გამრჯე კაცი იყო და არ გასჭირვებია იქ ცხოვრების თავიდან დაწყება. უსამშობლოოდ კი გაუჭირდა, სიზმრებში თურმე სულ აქ ტრიალებს, მაგრამ ის კოშმარი, რაც მის გარშემო დატრიალდა იმ წლებში, ბევრ რამეს შლის. ბევრს, ძალიან ბევრს... თუმცა, ქართველი ხალხის სიყვარული მაინც ვერაფერმა წაშალა, ვერც გადაასხვაფერა. მის ეზოში არაჩვეულებრივი მუხნარია. დაღლილს ძალიან უყვარდა ამ მუხნარის ქვეშ პირდაპირ მდელოზე წამოკოტრიალება, ან მათ ქვეშ ხის დიდი მაგიდის (რომლის კვალიც აღარ ჩანს) ირგვლივ მსხდომ მეგობრებთან ერთად ყოფნა. ის მუხნარი ენატრება თურმე ძალიან..."
მიშას ხმა გაებზარა, ნაღველმორეულს ისეთი ხველება აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო...
"კიდევ კარგი, ამ სახლის პატრონები ვერ ხედავენ ამ საშინელებას... ოფლი კი არა, სისხლი ჩააქციეს, ისე ააშენეს ეს სახლები ოდესღაც. როგორ გაუდაბურდა აქაურობა", - განაგრძობს მიშა თხრობას. - "აქ ისეთი მოსავალი მოჰყავდათ, საკავშირო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე პირველობას არავის უთმობდნენ. 75-კილოიანი გოგრა, აქ მოწეული, მოსკოვის გამოფენაზე წაიღეს... ახლა ყველაფერს ბალახი ფარავს... მიწა ჩვენიაო, წადით აქედანო და იმ მიწას რატომ აღარ ამუშავებენ?! ერთი გოჯიც აღარავის დაუმუშავებია, ან ამ სახლებს რატომ ანგრევდნენ, მოეხმარათ, შესულიყვნენ და ეცხოვრათ", - მოთქვამდა ახოვანი, მაგრამ ჯავრით მოხრილი კაცი და ისეთ ოხვრას ამოაყოლებდა ხოლმე, რომ მერე კარგა ხანს ხმის ამოღება უჭირდა...
დავდიოდით, როგორც სასაფლაოზე დადიან, მდუმარედ, წუხილით სავსენი. ოღონდ, ეს სახლების სასაფლაო იყო, რომელთა პატრონებიც ცოცხლები არიან, მაგრამ სულ სხვა ცხოვრებაში, სულ სხვა რეალობაში გადასახლებულთ, თურმე სიტყვა სამშობლოზე ეს სახლების სასაფლაოდ ქცეული ზემო ახაშენი აგონდებათ, რომელიც აგერ უკვე 17 წელია, მხოლოდ ტურა-მგლის თავშესაფარია...
ერთი ასეთივე გულსაკლავი სურათი ვნახე ქარელის რაიონში. მაშინაც ეს მძღოლი ("ჩაპაევი") გაგვაყოლეს ტელევიზიიდან და ოპერატორიც დათო იყო - ბეროზა ან, უფრო სწორად, ტყუპი, როგორც მასა და მის ტყუპისცალს ეძახიან ტელევიზიაში. 2006 წლის დეკემბერია, თბილისში მზე ჩახჩახებს და თბილა, გაზაფხული გეგონება. იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, თოვლი დევს, მანქანა ვეღარ მიდის და ფეხით მივუყვებით გზას. დათო უკვე დაიღალა და ბუზღუნებს, მე ვერაფერს მეუბნება, ისე, თავისთვის ამბობს: "ჯერაც არა ჩანს არაფერი, ნეტავი სადღა მივდივართ?" რა ქნას, მანქანა სადღაც აღმართზე გაიჩხირა და რას აღარ ეწვალა ჩვენი მძღოლი, მაგრამ მანქანის ადგილზე ბღუილისა და "ბუქსაობის" მერე ანება თავი და იქ დატოვა. შტატივით და კამერით კი არა, ისე სიარული ჭირს ამ აღმართზე, რომელიც მართლაც აღარ მთავრდება. "ჩაპაევი" მიეხმარა, შტატივი გამოართვა, ისევ მივდივართ. ავალთ ერთ ბორცვზე, გვგონია, ახლა გამოჩნდება ნასოფლარი, ისევ აღმართი გრძელდება მოსახვევის შემდეგ. არადა, მითხრეს, ულამაზესი სოფელი იყო აქ ერთ დროსო. რაღა ერთ დროს, კონფლიქტამდე. იქ ძირითადად ქუმარიტოვები ცხოვრობდნენ და სხვა გვარის ხალხიც ბლომად იყო. ახლა იქ არც იმ ხალხის სანახავად მივდიოდი (ვიცოდი, რომ იქ აღარავინ ცხოვრობდა), არც მათთან სასაუბროდ. ტკივილად დარჩენილი ის ნასოფლარი და კიდევ სხვების მონათხრობით წარმოდგენილი ძაძვის მონასტერი უნდა მენახა...
წინ "ჩაპაევი" მიდის, მერე მე მივყვები (უკვე სადღაც მოძებნილ ჯოხზე დაყრდნობილი, თანაც სვენებ-სვენებით), ბოლოს დათო მოდის. თან გზადაგზა კადრებს იღებს. გვიღამდება, დავიღალეთ და მკერდში რამდენიმე ძლიერი ჩხვლეტაც ვიგრძენი, უკვე ხშირ-ხშირად ვისვენებ, მიჭირს... ერთმანეთს თანაგრძნობით უყურებენ და თვალებით ელაპარაკებიან: "ნეტა ამ ქალს რა ძალა ადგა, ან მადლობას ვინ ეუბნება, ან ვინ ავალებს?.. ან ჩვენ რისთვის გვაწვალებს, ან თვითონ რას იწვალებს თავს, დაბლა სადმე გადაგვეღო სიუჟეტი და აქამდე თბილისში ვიქნებოდით..." ვხვდები მათ სათქმელს და ისიც ვიცი, რომ გაბრუნების დროა; ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა, ვნახო ის ოდესღაც აჟრიამულებული სოფელი (აქაც უკვე ნასოფლარი!) და არაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, მივიწევ წინ. დავწინაურდი, მინდა დავინახო რაიმე და გავამხნევო, რომ უკვე თითქმის მივედით. გზაზე, თოვლში, მგლის ნაკვალევი ჩანს... პატარა ტბას გავცდით, მოჩანს რაღაც ნასოფლარის მსგავსი.
ირგვლივ სამარისებური მდუმარებაა, აი, ისეთი, მთაში რომ იცის. ბარში, შებინდებისას, რაღაც შებუდების ფართქალ-ფაციფუცია, რაღაცნაირი საქმიანი ხმებია ხოლმე ჰაერში, მიძინებამდელი, დაბუდებამდელი, ყველა რომ თავის ადგილს ეძებს... აქ - არაფერი. ეს მთაა და აქ სხვა კანონებია. აქ სადაც დაუღამდებათ, იქვე რჩებიან, პატრონი ამათ არ დაეძებს და ბუნაგს შუაღამისას მიაკითხავენ თუ გათენებისას, მათი ნებაა. აქაური ბინადარნი სხვა კანონებით ცხოვრობენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქ აღარავინაა, აქ ახლა მოულოდნელად, უცბად გაყრილების ნასახლარებიღაა - ბუ-მიკიოტებისა და ჭოტების საბუდრად ქცეული ნასახლარები...
თანამგზავრების თვალებით ნათქვამმა - ნეტავ რას დავბორიალობთ აქ, კაციშვილს რომ ამდენი ხანია, ფეხი არ დაუდგამსო - თავისი გაიტანა, უკვე შემოპარულმა ბინდმაც გამართლება უპოვა მათ და დავბრუნდით. დავბრუნდი კიდევ უფრო დამძიმებული იმით, რომ ვერ მივედი ახლოს ძაძვის მონასტერთან, მერე კი ეს სიმძიმე ამ სტრიქონებში გადმოვიდა:
აღმართ-აღმართ გზები,
მაღლა მთათა წვერი,
ნაშენები გზნებით,
ძაძვის მონასტერი.
მწვანე, მწვანე მთები,
ცა ფირუზის ფერი,
მერცხლის ბუდედ მოჩანს
ძაძვის მონასტერი.
აღმართ-აღმართ გზები,
სიო მონაბერი,
ცას ეკიდა მძივად
ძაძვის მონასტერი.
დღეს ნანგრევი სახლთა,
ჩანგრეული ჭერი,
კუნელი და ღიჭი
ასკილს შენაფერი.
სიოც აღარ დაქრის,
ღელეც აღარ მღერის,
აქ ატყვია ხელი
ვიღაც შინამტერის...
აღარ ისმის არსად
ჟრიამული ძველი,
გართხმულია მიწას
ძაძვის მონასტერი...
ქვითინი და გმინვა...
მოხარხარე მტერი...
მდუმარება ირგვლივ,
ნისლი ლეგაფერი.
ტირის ხეც და მიწაც,
ტირის ყველაფერი,
ძაძვის მონასტერი...
ძაძვის მონასტერი.
ნასოფლარად იქცა
ეს სოფელი ძველი...
ციდან ისმის ზარი
ძაძვის მონასტერის.
მე ვფიქრობ, დღიურები, საერთოდ, ახალგაზრდებმა უნდა წერონ - ხალისით, მომავლის იმედით სავსე სტრიქონების წაკითხვას რა სჯობს! ცხოვრებაგავლილ ადამიანებს უფრო მეტად სევდა ეძალებათ და ნაღველი უბზარავთ ხმას... ჰოდა, სად წკრიალა, ბაგეს ახლად ამომსკდარი ხმები და სად გაბზარული, უკვე დაღლილი სახმო სიმებიდან ძლივს ამოტანილი, სიტყვად ქცეული ჰაერის ნაკადი (საერთოდ, ბოლო ხანებში აღმოვაჩინე, რომ ყოველდღე უკან-უკანაც ვიყურები, ანუ ფიქრს მომავალზე რომ ვიწყებ, წარსული უფრო მეტად მეწევა თავისკენ და ათასი რამ ცოცხლდება ჩემს გონებაში. ზოგი რომ უკვე მეგონა, სულ დამავიწყდა-მეთქი, ახლა მთელი სიცხადითა და სიკაშკაშით ამოტივტივდება ხოლმე გონებაში და წარსულში ვბრუნდები, იქა ვტრიალებ. ეს, ალბათ, ასაკის ბრალია და კიდევ იმისიც, რომ მე თავის დროზე სულ მქონდა რაღაც სათქმელი - ზოგჯერ ლექსად, ზოგჯერ პროზად - და ვერ ვთქვი: დავით გურამიშვილის სიტყვები მახსენდება: "...მოცდას ვუცდიდი, ნეტამცა არ მომეცადა". არა, გურამიშვილისას კი არ ვადარებ ჩემს სათქმელს, "ვით მარგალიტს ჩალის ძირსა"... ისე ვთქვი, ალბათ უფრო თავის გასამართლებლად, თორემ რა დიდი საქმეები მე მიკეთებია, რომ მოუცლელობა მოვიმიზეზო?!).
მაგრამ, მეორე მხრივ, ხანშიშესულებისათვის ეს დღიურები ერთგვარი ამოსუნთქვა და განთავისუფლებაა, რაღაცა იმისთანისაგან, რომელიც წლების განმავლობაში სულში გროვდება, ცნობიერებაში ილექება და სიმძიმესავით გაწვება, სანამ თავის გზას არ ნახავს და არ გადმოიღვრება მოგონებებად, დღიურებად, მემუარებად, შენი ცხოვრების გარკვეული დღეების მემატიანედ.
...ისე კი ჯერ მხოლოდ კვირა დილაა: ხვშავ ბონ - ღვთის დღე - როგორც ამას ოსები ეძახიან.
დღეს ჩემი დიდი ტკივილის დღეა - დებისაგან განებივრებული, მაგრამ ცხოვრებისაგან მწარედ დასჯილი ჩემი უმცროსი ძმის, ნოდარის დაღუპვის დღე. ბედისმწერალმა მაისში მოსკოვიდან ჩამოიყვანა და საკუთარი სოფლის მახლობლად თავისივე მანქანაში, სხვა მანქანასთან შეჯახებისას, ამოხადა სული. მეგობრები უყვარდა და მეგობრებიანად გაისტუმრა ბედისწერამ იქ, სადაც ჯერ მისი წასვლა ძალიან ნაადრევი იყო, ჯერ ხომ ოცდათოთხმეტი წლისა იყო. ისე წავიდა, მასზე ვერც ნეკროლოგი დავწერე, ვერც გაზეთებს ვანდე ჩემი საშინელი განცდები (როგორც სხვებმა იციან; ორმოცი დღის მერე, ერთი წლის მერე... კარგსაც აკეთებენ. მე ეს ვერც ავთოზე გავაკეთე, ვერც დათო-კახაზე...) ან რა სიტყვებით გადმომეცა, როგორ დამცვივდა ნაფლეთ-ნაფლეთ გულის ნაწილები, სადაც ერთგან ნოდარი იჯდა, მეორეგან ავთო, მესამეგან დათო და კახა... გულში ჩაბუდებული "მენატრები, ძმაო" სიტყვებით კი არა, ბღავილით რომ მინდა გამოვხატო, სასაფლაოზე მარტო დარჩენილს რომ მჩვევია..
დედა ძალიან მოხუცდა, არ ახსოვს, რომ ნოდარის დაღუპვის დღეა (უფრო სწორად, ათი წლისთავი). არც მინდა გავახსენო, მე ვეტყვი შესანდობარს და კიდევ ჩემგან შორს მყოფი ჩემი ძმა-დები.
მახსენდება, როგორ შემოდგამდა ხოლმე დედაჩემი დიდი ქვაბით წყალს და რიგ-რიგობით აბანავებდა პატარებს. ერთხელ ჩემი უმცროსი დის, ციალას შემდეგ ორი წლის ნოდარი დაბანა. გაამშრალა, სწრაფად გადააცვა ციალას ჩითის კაბა (რომ მერე ლოგინში ჩაეწვინა) და კიბეზე დასვა (სახლი ორსართულიანი გვქონდა და მაღლა უნდა აეყვანა), თვითონ კი წყლის გადასაღვრელად მიბრუნდა. ძალიან კარგი ძაღლი გვყავდა, კავკასიური ნაგაზი, ეზოში უცხოს არ შემოუშვებდა. გოგოს კაბაში გახვეული ნოდარი ვერ იცნო და ეცა ბავშვს. მისი ღრიალი და ძაღლის ელდანაცემივით შეჩერება ერთი იყო. ნოდარი ისევ ტიროდა, ძაღლი მიხვდა, რომ შეეშალა, დაწვა მიწაზე და ისიც ატირდა. ტიროდა ძაღლი და თან ბავშვს ცრემლიან თვალს არ აცილებდა, თითქოს პატიებას სთხოვდა, თან ჩვენ გვიყურებდა, თითქოს გვეუბნებოდა: აქა ვარ, როგორც გინდათ, ისე დამსაჯეთ, ღირსიც ვიქნებიო... ნეტა ზოგიერთ ადამიანს შეეძლოს დანაშაულის მონანიების ასე გულწრფელი გამჟღავნება! გიკბენენ და მერე ტკბებიან შენი გამწარებით... რის მონანიება?!
ჩვენს მეზობლად ერთი და-ძმა ცხოვრობდა, ბაიდოშვილები. მამა არ ჰყავდათ. ნოდარმა აიარა და დაინახა, მარტო ლობიოს ჭამდნენ, პური არ ჰქონდათ. შებრუნდა სახლში, აიღო ერთი ტომარა ფქვილი და მიუტანა. ნოდარს ავარია რომ მოუვიდა, ეს ბიჭიც მის მანქანაში იჯდა, ოთხი ბიჭიდან მარტო ის გადარჩა...
ვინ მოთვლის, ნოდარს რამდენი სიკეთე გაუწევია. ერთხელ მენაყინეს გამოუვლია (აქ, თბილისში). გაუჩერებია ნოდარს, იმ უბნის ბავშვებისათვის დაუძახია (სულ უცხო უბანში და სულ უცხო ბავშვებისთვის), გადაუხდია მთელი კალათი ნაყინის თანხა და ბავშვებისათვის უთქვამს, ჭამეთ, რამდენიც გინდათო. რიგი დამდგარა, ამ უცხო ძიას გაოცებით შეჰყურებდნენ და პირს იტკბარუნებდნენ (ერთმა, სრულიად შემთხვევით შემსწრემ მიამბო ეს ამბავი). ლეგენდებად ჰყვებიან მის ამბებს, ალბათ ის მადლი გაუნათებს გზას მას იქ და აქ - მის ერთადერთ შვილს, ირაკლის, ასეთი ვაჟკაცი მამის ალერსიც რომ ვერ დაამახსოვრდა, რადგან მაშინ ორი წლისა ძლივს იყო.
23 ივლისი, ორშაბათი
დილას აივანზე რომ გავედი, გავოცდი. რამდენი ხანია, ბათუმიდან ჩამოტანილი ყვავილი, რომელზეც გვითხრეს, მალე გაიშლებაო, გაკერპებული, ფოთლებმოკუმული იდგა, არც იშლებოდა და თითქოს არც აპირებდა. გუშინ სულ ცოტა ხნით გადავდგი მზეზე, სულ ცოტა ხნით (მეშინოდა, ცხარე მზეზე არ დაფუფქულიყო) და... უკვე ყვავილები! ნინოს გავახარებ, ყოველდღე მეკითხება, რა ქნა, არ გაიშალაო?
რამდენი შეძლებია თურმე მზეს და სინათლეს! უფრო სწორად, რა სასწაულები შეძლებია თურმე მზეს, სინათლეს და სითბოს! მხოლოდ ყველაფერში ზომიერებაა ალბათ საჭირო.
ახალი ამბავი ის არის, რომ დღეს კიდევ უნდა დავურეკო ხალხს და 27 ივლისისათვის პრეზენტაციაზე მივიწვიო უნივერსიტეტში. 27 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ოსოლოგიის მიმართულება იხსნება უნივერსიტეტში, საფუძველი ეყრება საბაკალავრო პროგრამას. ეს ისტორიული მოვლენაა ქართულ-ოსური ურთიერთობის საქმეში. ლინგვო-კულტურული პროგრამა, კომპლექსური შესწავლა ოსურისა ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც დავურეკე, აღფრთოვანდნენ. ჰაერივით გვჭირდება ოსური ენის სპეციალისტები, განსწავლული კადრები, რომლებიც უკუღმართი პოლიტიკის გამო აღარა გვყავს. სადღაც, შორს არიან. აღარც მინდა ამაზე საუბარი. უნდა გაგრძელდეს, უფრო სწორად, აღდგეს გიორგი ახვლედიანის, ვასილ აბაევისა და სხვათა მიერ საფუძველჩაყრილი სამეცნიერო-კვლევითი სკოლა.
დღეს ოსური "მოამბის" ხვალინდელი გადაცემის სიუჟეტები დავამონტაჟეთ და ჩავწერეთ, ნინომ გააკეთა ყველაფერი, მე სახალხო დამცველის ოფისში კადრების შესარჩევი კონკურსის კომისიაში ვიღებდი მონაწილეობას და იქ ვიყავი. მერე ნანას შევხვდი და სამეცნიერო კონგრესზე მოსაწვევები გავატანე ვლადიკავკაზში უნივერსიტეტის რექტორთან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან. გზაში, ვიცი, ბევრგან გამჩხრეკენო, მეუბნებოდა.
ალანა ისევ ცუდად არის. ვაჟა ჩავწერეთ გადაცემის წამყვანად.
დღეს ნინო ძალიან დაიღალა. ტელევიზიაშიც ბევრი საქმე ჰქონდა და ეროვნულ გამოცდებზეც საქმიანობს გამსწორებლად. მაგრამ რამხელა პასუხისმგებლობაა, თან რა სასიამოვნო დაღლილობაა იმ სისუფთავეში ტრიალი! როგორ უხარია, ბავშვის ცოდნა ახლაღა დაფასდა, რამხელა ჭუჭყი იყო მისაღებ გამოცდებზეო! ყველას მისამართით არ ვამბობ, მაგრამ ხომ მართლაც საშინელი კორუფცია ტრიალებდა სულ რამდენიმე წლის წინ მისაღებ გამოცდებზე! დაილოცონ ამ ახალი რეფორმის შემომღებ-გამტარებელნი, რომელთაც, სამწუხაროდ, ბევრი დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება ხვდათ უმეცართაგან.
სახლში გვიან, ღამის ორ საათზე მოგვიყვანა ტელევიზიის მანქანამ. როცა ტელევიზიაში გადაცემის ჩაწერა გვაქვს, ყოველთვის ასე გვიან ვბრუნდებით.
24 ივლისი, სამშაბათი
11 საათზე სახალხო დამცველის ოფისში მრგვალი მაგიდაა. განათლების საკითხებზე, უფრო ზუსტად კი, დირექტორების არჩევნებზეა საუბარი. რა უცნაურია ზოგიერთი: ყველა სომხურსა და აზერბაიჯანულ სკოლას, მათი აზრით, ამ ეროვნების დირექტორები უნდა ჰყავდეთო, - თქვა ერთმა. სად გაგონილა ეროვნული ნიშნით დირექტორის შერჩევა? თანაც მოითხოვეს, ქართული არ იციან და გამოცდები თავიანთ ენაზე ჩააბარებინეთო. მე ვკითხე, საინგილოში თუ დანიშნავდნენ ადამიანს დირექტორად, რომელმაც აზერბაიჯანული არ იცის, ან თუ მისცემდნენ უფლებას, ტესტური გამოცდა ქართულ ენაზე ჩაებარებინა-მეთქი? ვერაფერი მიპასუხეს.
რა საინტერესოდ ისაუბრა სიკო ჯანაშიამ, ძალიან განათლებული და ერუდირებული პიროვნებაა. ქალბატონ თინათინ ბოლქვაძის გამოსვლაც მომეწონა.
"კავკასიურ სახლში" ვიყავი. ანიკო გამოკეთებულა. თამრიკოს ოსური "ვეფხისტყაოსანი" სჭირდება და ცხინვალში დავრეკე. ბესთაუთის თარგმანი მაქვს, სავლოხთისა ვერ ვიშოვე.
ნაირა გელაშვილმა დამირეკა, კვლავ დიღმის ტყე-პარკის ბედი აწუხებდა, ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ეს ტყე-პარკი უკვე გადავარჩინეთ.
თამუნამ დამირეკა გერმანიიდან. ძალიან დაღონებული ხმა ჰქონდა. პატარაზე, ანა-მარიაზე, უთხრეს, ცალი თირკმელი ცოტა შეშუპებულია, უნდა გამოვიკვლიოთო. ღმერთო, ჯანმრთელად გვიმყოფე! ჯერ ძალიან პატარაა, თვენახევრისა, და ასე სერიოზული გამოკვლევა სჭირდება. ნეტავი ყველაფერი ნორმაში აღმოაჩნდეს! ნინო ელაპარაკა, ცოტა დაამშვიდა. ისედაც სულ მარტო ზრდის ბავშვებს. მიშელი მთელი დღე სამსახურშია. ნინუცასაც ყურადღება უნდა, ძალიან ჭკვიანია, ქართული უცბად ისწავლა. ოთხი წლისაა და ორივე ენაზე თავისუფლად საუბრობს. თამუნა ბევრს წვალობს. დამხმარე არავინა ჰყავს და წვალობს. მაგრამ აქედან რა შემიძლია, რით დავეხმარო. ღმერთო, შენ დაეხმარე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ჯანმრთელები მიმყოფე, ამას შეგთხოვ!
25 ივლისი, ოთხშაბათი
მთელი ეს დღეები ყველაზე მეტად პრეზენტაციის საქმეებით ვიყავი დაკავებული. დღეს, 12 საათზე, რექტორს, გია ხუბუას შევხვდი ცირა ბარამიძესთან და ნინოსთან ერთად. ზოგიერთი დეტალი დავაზუსტეთ. მოწვეულ სტუმრებზე ვისაუბრეთ. ცუდია, რომ ვლადიკავკაზიდან გურიევი და სხვა სტუმრები ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. ცოტა დრო იყო და ვერ მოასწრეს ბილეთების აღება, ვიზების გაფორმება... სხვები კი ჩამოვლენ.
დღეს გაირკვა, რომ იზო ჩამოვა, ის ალბათ შვილებსაც წამოიყვანს, სტუდენტები არიან...
ცხინვალიდანაც ველოდები ჩამომსვლელებს, ვნახოთ, ჩამოვლენ თუ ვერა, სურვილი კი დიდი აქვთ, მაგრამ... რა დრო დადგა!
გავასწორე ნაწერები და ქულებიც დავაჯამე, ნინო დამეხმარა.
ლევან ბრეგაძემ; მამსუროვის მასალებს წავიღებ, გადავხედავო. რამდენი უმუშავია! სკრუპულოზურად ჩაასწორა, დეფისის ადგილზე რომ ტირეა საჭირო, ისიც კი არ გამორჩენია. დავურეკე, მადლობა გადავუხადე. შევიტანე შესწორებები ტექსტში.
ლევან შენგელიას "ფლეშზე" გადავუტანე თარგმანი, ოსური შრიფტიც მინდაო. გავატანე.
დედაჩემმა დარეკა. გამგებელს რაღაც საპენსიო საბუთი მიუტანია და ნაირას გაუგზავნე, მიიტანოს და ხელი მოაწერინოსო. ის კი არ უთქვამს, სად უნდა მივიტანო და ვის მოვაწერინო ხელი. ვეცადე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი.
26 ივლისი, ხუთშაბათი
დღეს დილით, 11 საათზე, გასაუბრებაზე ვიყავი (კომისიის წევრი ვარ). შევარჩიეთ აღმასრულებელი დირექტორი და მდივანი. კონკურსი საკმაოდ დიდი იყო. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მივიღეთ. რამხელა ცოდნის მიღება მოუსწრია! მოსკოვის უნივერსიტეტი, ამერიკის უნივერსიტეტი და რა ვიცი, რა აღარ დაუმთავრებია. ყველაფერზე გარკვეული პასუხი გაგვცა, ძალიან განათლებულია. მესიამოვნა, რომ ასეთი კარგი ახალგაზრდები გვყავს. მდივნადაც კარგი გოგონა შევარჩიეთ. ერთმა გოგონამ გამაოცა. ინგლისურს მშვენივრად ჭიკჭიკებდა (კომისიის წევრი ინგლისელი გვყავდა და მას ინგლისურად პასუხობდა), ვკითხე, ჩრდილოეთ კავკასია რა ქვეყნებს მოიცავს-მეთქი და არ ვიციო, სამხრეთ კავკასია-მეთქი და არ ვიციო – თურმე ისიც არ იცის, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაა. გაოცებულები დავრჩით. სოზარი მეუბნებოდა, ეგ კითხვა საიდანღა მოგაფიქრდა, მაგას ვინ წარმოიდგენდა, რომ არ ეცოდინებოდაო.
ხუთის ნახევარზე ამერიკის საელჩოში ევას ნახატების გამოფენაზე ვიყავით. რამდენჯერაც ვნახულობ, იმდენად მეტად ვიხიბლები ამ ნახატებით. მათგან სიცოცხლის ხალისი მოდის, მკვეთრი, ცოცხალი ფერებია.
როზას ვთხოვე, ოსური ხაბიზგინები, შახარაჯინები გააკეთოს და ცოტა ლუდი მოხარშოს. ყველს და ჭარხლის ფოთოლს მე ვიყიდი-მეთქი. გავაკეთებო. სვია ვერ ვიშოვეთ. უფრო სწორად, დრო არ მქონდა, წავსულიყავი და მომეტანა. სვიის გარეშე არ ვიცი, რა გამოვა. არადა, ოსურ ღონისძიებაზე ხაბიზგინი და ლუდი აუცილებელია.
მერაბთან დავრეკე, მინიატურული კომპოზიცია უნდა გაეკეთებინა კოსტა ხეთაგუროვისა და მიხეილ ყიფიანისა. რა დიდი მეგობრები იყვნენ!
უნივერსიტეტში ვარ. საღამოს ცხრა საათია. ჟურნალისტები ინტერვიუებს იღებენ. ოთხი თუ ხუთი ტელევიზია იყო... რექტორი, ქალბატონი ცირა, ქალბატონი დარეჯანი და მე.
მანქანა დილის 7 საათზე უნდა გავგზავნოთ სტუმრების ჩამოსაყვანად.
სახლში გვიან მოვედით. ახლა სახვალიო მოხსენება უნდა დავამთავრო, დავიწყე და დამთავრება ვეღარ მოვასწარი. მინდა რომ კარგი გამომივიდეს.
ღამის სამი საათია. დავამთავრე მოხსენება, მონაწილეების სია გადავბეჭდე. ცალკე დავწერე ჩამომსვლელთა სია, გზის თანხა რომ აუნაზღაურონ. ამოვბეჭდე, რომ დილით მზად მქონდეს.
27 ივლისი, პარასკევი
გამოფენა ძალიან ლამაზია. უამრავი სტუმარია, გამოფენა მოეწონათ. მოცეკვავეები და მომღერლები სანამ გამოვიყვანე, დაბლა ჩავიდეთ დარბაზშიო. მოხსენებები: რექტორი, მერე ქ-ნი დარეჯანი - პროგრამის პრეზენტაცია, ქ-ნი ცირა - ოსურის შესწავლის ისტორია და მე - საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელობა...
სიტყვითაც ბევრი გამოვიდა. მარიკა ლორთქიფანიძე, რამაზ ქურდაძე, მიშა ქურდიანი, გოჩა ძასოხოვი, ნიკო ჯავახიშვილი, ჩამოსულები; თინა, მერი... მეუფე ისაიამ დაგვლოცა. გოჩასა და მიშა ქურდიანის გამოსვლები ძალიან კარგი იყო. მერი და იზოც ემოციურად გამოვიდნენ. მერე სადილზე წავედით. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.
ექვსი შვილის დედამ დამირეკა, დუდაევი ნათელა ვარო და სათხოვარი მაქვს თქვენთანო. სადილიდან პირდაპირ მასთან წავედი შესახვედრად. მერიასთან შევხვდი. ბავშვებისთვის სახელმწიფო დახმარება მოუხსნიათ, შვილი საოპერაციო ჰყავს. მართლა ძალიან სჭირდება დახმარება. შევეცდები, რა თქმა უნდა...
28 ივლისი, შაბათი
დღეს სიუჟეტები უნდა გავაკეთო. ორი სიუჟეტი მოფიქრებული მაქვს. გასაშიფრი მექნება. ალბათ, დღის მეორე ნახევარში გავაკეთებ. ისე, ეს დღიურები ვინღა მოიგონა?! ერთი მხრივ კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, კაცმა საქმე აკეთო თუ წერო? ამიტომაა, რომ მწერალი მარტო წერს, მეტს არაფერს აკეთებს. ეგეც ხომ საქმეა, თანაც დიდი საქმე! მაგრამ თან კონფერენციები მოაწყო, თან სიუჟეტები გადაიღო, თან ათასი გაჭირვებული მიიღო და უპასუხო... მერე დაწერო? ეს თითქმის შეუძლებელია! ჩემი ნინო რომ არ მეხმარებოდეს, ჩემს საქმეებსაც ვერ მოვასწრებდი. ის კი თავის საქმესაც უძღვება და მეც მეხმარება. კიდევ კარგი, ასეთი უნარიანი, ყოჩაღი და მარჯვეა! თან ყველა ამ საქმის პროფესიონალი და აკადემიურად შემსრულებელი. ნეტავი შვილი ეყოლოთ, როგორ ძალიან მინდა... წელიწადი გადის უკვე, რაც გათხოვდა.
და ბოლოს: ჩემი სახლის აივანთან აკაკის ხეა, წმინდა ხე (იქ, შილდაში, ჩემს დედულეთში, ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში დგას ასეთი ხე და პატარა ვიყავი, ამ ეკლესიაში ბებიამ რომ წამიყვანა. მითხრა, ეს წმინდა ხეა, კიწის მოტეხვაც არ შეიძლებაო). დღესაც რაღაცნაირი მოწიწების შეგრძნება მაქვს ამ ხის მიმართ, რომელიც მესამე სართულამდე, ჩემს აივნამდე ამოზიდულა და აქ, სწორედ ჩემი აივნის ირგვლივ, გადაუბარჯღია ტოტები. ეს ხე სხვაგან არსად მინახავს. არა, როგორ არ იქნება სხვაგანაც, მაგრამ მე ორგან შემხვდა: ერთი ჩემს დედულეთში, ეკლესიის ეზოში, ბავშვობისას, და ერთიც აქ, ჩემს საცხოვრისთან, უფრო სწორად, ჩემს აივანთან, თბილისში. რაღაც საგანგებო დანიშნულება აქვს ამ ხეს ჩემთვის. გახვალ აივანზე, ივსები სიწმინდით. მას შემდეგ, რაც ფისო აღარ გვყავს, აქ ჩიტებიც, ზეციური მგალობლებიც შემოგვეჩვივნენ. ჰოდა, დილით ფოთლებიდან ნაირ-ნაირი გალობა ისმის: მსტვენავი, ხალისიანი, ჩაჟრიკჟრიკებული, რვიანივით ერთმანეთში გადაწნული ხმები. შენც ივსები ხალისით, ენერგიით... ამ ხის სიწმინდე და ეს ზეციური ხმები გავსებენ და გახსენებენ რაღაც მთავარს, რაღაც იდუმალს, რასაც ბუნება მათი მეშვეობით გაწვდის და შენ სახელს ვერ უძებნი, მაგრამ იცი კი, რომ ის არის შეხსენება იმისა, რისთვისაც მოხვედი, რისთვისაც გაჩნდი ამ ქვეყანაზე. ეს არის შენი დანიშნულება, მოვალეობა შენი ხალხის, შენი ერისა და შენი ქვეყნის წინაშე. ის გახსენებს, რომ რაღაც უნდა აკეთო, უნდა შეძლო, სხვებს ცხოვრება ცოტათი მაინც გაუხალისო, როგორც ამას წმინდა აკაკის ხეზე შემომჯდარი ფრინველები ზეციური ხმებით შთაგაგონებენ...
გივი გაგლოევმა დამირეკა, დახმარება მინდაო. შევხვდი ტელევიზიის ფოიეში. დავიღალე, ცხოვრება მშრალ ხიდზე გავატარე, აღარ შემიძლია, იქნებ რამე სამსახური მაშოვნინოთო. ხატავს და მშრალ ხიდზე ყიდის ნახატებს, ლუკმა-პურს შოულობს. სამსახურში კი შეიძლება 60-70 ლარი მისცენ და ეს რას ეყოფა მის ოჯახს?! ისე, თვითონ განსაჯოს, რა ჯობია: სამსახურში მივდივარო, თქვას, და მშიერი იყოს, თუ იჯახიროს და ოჯახი გამოკვებოს? აი, ესეც ერთი წყევლა-კრულვიანი საკითხავი, როგორც დიდი ილია ბრძანებდა...
საღამოს რადიო "თავისუფლებაში" უნდა მივიტანო ჩემი რადიოდღიურები და ნინოსთან და ბოკასთან ერთად ჩემი მოხუცი, მარტოდარჩენილი დედის სანახავად გავწიოთ ყვარლისკენ. ხვალ დილით ისევ გამოვბრუნდებით, ნინო გამოცდაზეა მისასვლელი.
ახლაღა გამახსენდა: ხვალ ჩემი დაბადების დღეა, რომელიც არასდროს აღმინიშნავს. 59 წლისა ვხდები.
ამბობენ, ქალები მალავენ წლოვანებასო. ნეტავ, ვის უმალავენ? ვინც ამ წლებს გვჩუქნის, მას ხომ ვერაფერს დაუმალავ... მან ყველაფერი იცის, ძალიან კარგად იცის ჩვენი წლების წუთებიც, წამებიც; იცის, ვინ რაში და როგორ ვხარჯავთ ამას. მაღლით ნაბოძებ წლებში იქ წასაღები რა მეტი დავაგროვეთ - კარგი თუ ცუდი. ყველაფერი მისხალ-მისხალ აიწონება და გაიზომება. აიწონება წერამწერელის უჩინარი ხელით და გაიზომება ყველგანმხედველის თვალით...