Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს რუსეთის მიერ წითელუბნის ინციდენტის გამოძიების პროცესი


16 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდეგ, რუსეთის ექსპერტთა დელეგაცია დღეს სოფელ წითელუბანს, კონკრეტულად კი, ანტისარადარო რაკეტის ჩამოგდების ადგილს ეწვია.

ექსპერტების დასკვნაზეა დამოკიდებული გაეროს მიერ წითელუბნის დაბომბვის ფაქტის შეფასება. თუმცა ჯერჯერობით რუსეთის დელეგაცია დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობს და დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვს. როგორ მიმდინარეობს რუსეთის მიერ წითელუბნის ინციდენტის გამოძიება? წითელუბანში რუსეთის ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდლის მამუკა ყურაშვილის გამოკითხვით დაიწყო.

[გამოკითხვის ხმა]
რუსი ექსპერტი: თქვენ შეგიძლიათ პირადად მომახსენოთ, რადგან თქვენ ხართ ამ საკითხის მოწმე... განსაზღვრეთ რაკეტის კოორდინატები. გაქვთ ასეთი ვარიანტი?
მამუკა ყურაშვილი: გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაქვს მონიტორინგის დასკვნაც, ძირითადი დოკუმენტი...”

ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომელზეც მამუკა ყურაშვილი მიუთითებდა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების გამოძიების მასალები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარედგინა.

როგორც ცნობილია, 16 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე წითელუბნის ინციდენტზე იმსჯელა. უშიშროების საბჭოს წევრებმა რეზოლუციისა და განცხადების პროექტიც კი მოამზადეს, თუმცა მათი მიღება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის მოთხოვნის გამო ვერ მოხერხდა.

[ვიტალი ჩურკინის ხმა] ”ზოგიერთი კოლეგა შეეცადა გაეკეთებინა მომხდარის პოლტიკური შეფასება და მათ წინადადებაც წამოაყენეს, რომ უშიშროების საბჭოს გარკვეული რეაგირება მოეხდინა ამ ინციდენტზე. მაგრამ ჩვენ ავუხსენით საბჭოს, რომ, ვინაიდან დღეს რუსეთის მაღალი რანგის დელეგაციამ შეძლო თბილისში ჩასვლა და ამ ინციდენტის თაობაზე სერიოზულ, კონსტრუქციულ და არსებით მოლაპარაკებებს მოველით ქართველ სპეციალისტებთან, მისი მხრიდან ნაადრევი იქნებოდა რაიმე პოზიციის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით."

ვიტალი ჩურკინისავე განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭო დამატებით მასალებს დაელოდება. უშიშროების საბჭოსგან უფრო მეტს ელოდა ოფიციალური თბილისი, თუმცა გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ალასანია მაინც კმაყოფილია იმით, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. ალასანიამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს”. ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ”ბუნებრივია, როდესაც რუსეთის ფედერაცია არის რეალურად უშიშროების საბჭოს წევრი, სწრაფ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ დღის წესრიგში დარჩა ეს თემა და უახლოეს მომავალში დაიწყება გამოძიების სხვა დეტალების განხილვა უშიშროების საბჭოზე.”

დამატებითი დეტალები გაეროს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ უნდა მიაწოდოს. ოფიციალურ თბილისს ხელთ აქვს ეუთოს მონიტორინგის ჯფგუფისა და საერთაშორისო გამოძიების მასალები რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და წითელუბანში მართვადი რაკეტის ჩამოგდების შესახებ. რუსეთის ექსპერტთა ჯგუფი მაინც არ აღიარებს რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს დაბომბვის ფაქტს. ამ ჯგუფის წევრია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსი იგორ ხვოროვი:

[იგორ ხვოროვის ხმა] ”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იყო შიდა აფეთქება. ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა ადგილზე და, უბრალოდ, აქ მოიტანეს, დაალაგეს და მორჩა.”

რუსეთის ექსპერტებმა ეს პოზიცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნივთმტკიცებულების, ჩამოგდებული რაკეტის ნარჩენების მონახულების შემდეგ შეიცვალეს. მათი აზრით, რუსეთის ობიექტური კონტროლის სისტემის მონაცემებით მტკიცდება, რომ საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთიდან არავის დაურღვევია. ოფიციალური მოსკოვის საბოლოო პოზიცია კი რუსი ექსპერტების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG