Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მეზობლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებს


“ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე” ჩვენს გადაცემებში ხშირად გვიწევს საუბარი , ვინაიდან ის ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასაც ეხება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკა 2004 წელს შეიმუშავა, დღეს პირველად გაიმართა შეხვედრა ყველა პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით. თვით ევროკავშირი, როგორც ცნობილია, 27 ქვეყანას მოიცავს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა კი 16 ქვეყანას ეხება, მათ შორის არის საქართველოც.

სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებზე ვრცელდება. ამდენად მათს შორის, გარდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების - უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოსი - აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნებიც არიან: ალჟირი, ეგვიპტე, ლიბია, ტუნისი, მაროკო, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში მდებარე ისრაელი, იორდანია, ლიბანი, პალესტინელთა ადმინისტრაცია, სირია.

შესაბამისად, საქმე ეხება როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ისე ისტორიული გზით განსხვავებულ რეგიონებს. თუმცა, საერთო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ევროკავშირი ყოველ მათგანს, 16-ვე ქვეყანას სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გზებით საერთო მიზნების მიღწევას. რაც შეეხება განსხვავებებს ამ ქვეყნებს შორის, მათ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღევანდელი შეხვედრის დასასწყისშივე აღნიშნა, პატივისცემით ეკიდებიან.

[ბაროზუს ხმა] “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპია დიფერენციაცია, განსხვავებული მიდგომა. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა არ არის და არც არასდროს ყოფილა პოლიტიკა, რომელიც ყველასადმი ერთნაირ მიდგომას ითვალისწინებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის იმდენივე ვარიაცია არსებობს, რამდენი პარტნიორი ქვეყანაც გვყავს. არ შეგვიძლია და არც გვსურს ჩვენს პარნტიორებს შორის განსხვავებათა იგნორირება”.

და მაინც, საერთოს დავუბრუნდეთ. საერთოა ის, რომ სამეზობლო პოლიტიკის წევრებს არ გააჩნიათ ევროკავშირში ახლო მომავალში გაწევრიანების პერსპექტივა, რომ საქმე ეხება საერთო ინტერესებზე დაფუნძებულ, პრაქტიკული სარგებლის მომტან თანამშრომლობას და არა პოლიტიკურ ინტეგრაციას. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ისაუბრა ევროკავშირის წარმოდგენაზე, როგორი უნდა იყოს ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობა მომავალში: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩვენ წარმოგვესახება ეკონომიკურად ინტეგრირებული არეა, რომელიც გადაჭიმულია მთელს ევროკავშირზე და მის უხლოეს ევროპელ და ხმელთაშუაზღვის პირა პარტნიორებზე. ეს უნდა იყოს არეა, რომელშიც თავისუფლად გადაადგილდება ნაწარმი, მომსახურება და კაპიტალი”.

ამ მიზნის მისაღწევად, დასძინა ფერერო-ვალდნერმა, ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების დადებას. გარდა ამისა, მიზანშეწონილია სავიზო რეჟიმის გამარტივება: მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის ვიზების “უფრო მარტივად, უფრო იაფად და უფრო სწრაფად” გაცემა.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ევროპის კომისია პარტნიორებს სთავაზობს “სამიგრაციო პარტნიორობის” ახალ სისტემას, რომლის დაწყებასაც, ვიმედოვნებთ, შევძლებთ სამეზბლო პოლიტიკის ქვეყნებთან. მიზანია, როგორც სახელწოდებაც ცხადჰყოფს, ყურადღების გამახვილება ყველა ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაზე მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. ასე რომ, ახალი სისტემა ითვალისწინებს ორივე ეტაპს: როგორც, რასაკვირველია, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ისე მეტი შესაძლებლობის გამონახვას მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში კანონიერი მიგრაციისთვის”.

ბრიუსელის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც (ევროკავშირი გაზისა და ნავთობის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია). დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზუმაც და ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმაც ახსენეს ენერგეტიკის სფეროში უკრაინასთან და აზერბაიჯანთან ბოლოხანს გაფორმებული შეთანხმებები. დღესვე იყო ლაპარაკი ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი უწევს სამეზობლო პოლიტიკის წევრ სახელმწიფოებს.

დაბოლოს, საქართველოს რაც შეეხება: ბრიუსელიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ზემოხსენებული ვიზების საკითხზე. ითქვა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შედეგად, რაც უკვე ძალაშია შესული, რუსული პასპორტის მქონე პირები სეპერტისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფრო ადვილად ხვდებიან ევროკავშირში, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ამდენად, საქართველო ევროკავშირისაგან ამ ეტაპზე, უწინაერს ყოვლისა, სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვს.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა არ მოიცავს რუსეთს: მასთან ევროკავშირის ურთიერთობა სხვა პროგრამით არის დარეგულირებული.
XS
SM
MD
LG