Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მატულობს ძალადობა ინგუშეთში?


ბოლო რამდენიმე კვირაა, იშვიათად თუ ჩაუვლია დღეს ისე, რომ არ გავრცელებულიყო ცნობა ინგუშეთში ძალადობის შესახებ.

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ეთნიკური რუსები და ბოშები, დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ პოლიციელები, გახშირდა ადამიანის გატაცების შემთხვევები, ივნისში ინგუშეთის პრეზიდენტის მოკვლაც კი სცადეს. რა არის ინგუშეთში დაძაბულობის მიზეზი?

ჯერ რამდენიმე ფაქტი: ბოლო სამი დღის მანძილზე ინგუშეთში ორი პოლიციელი ჩაცხრილეს მათსავე მანქანაში; მეჩეთთან სიცოცხლეს გამოასალმეს რაიონული სამართალამცავი ორგანოს ხელმძღვანელი; ორი ჯარისკაცი მოკლეს, რომ იტყვიან, დღისით-მზისით განხორციელებული იერიშისას; დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლისას.

[დემონსტრაციის ხმაური]
ეს საპროტესტო გამოსვლა გუშინ გაიმართა ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანის ცენტრალურ მოედანზე. შეკრებილებმა პროტესტი გამოთქვეს ადამიანების გატაცების გახშირების გამო. პოლიციამ ჰაერში გაისროლა დემონსტრაციის დასაშლელად, რის შემდეგაც ზოგმა დემონსტრანტმა ქვების სროლა დაიწყო. ისინი ადამიანების გატაცებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებენ ფედერალურ და რეგიონულ სამხედრო ძალებს, აგრეთვე უშიშროების ძალებს, მოითხოვენ პრეზიდენტს მურატ ზიაზიკოვის გადადგომას. აქვე უნდა ითქვას, რომ ზიაზიკოვი არის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი და ინგუშეთში, რბილად რომ ითქვას, პოპულარობით არ სარგებლობს.

დამოუკიდებელ ჟურნალისტ მაგომედ იევლოევის შეფასებით, უკმაყოფილოება მოსახლეობაში არც ახლა ჩაცხრება: [იევლოევის ხმა] “გუშინ ინგუშეთი ამბოხების პირას იყო - ეს 100 პროცენტით! ღამის 3 საათზე ორგანიზატორებს მიტინგი რომ არ შეეწყვიტათ, დღეს მაგალბეკიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან ას-ას, ორას-ორასკაციანი ჯგუფები, ახალგაზრდები აპირებდნენ ნალჩიკში ჩასვლას. ანუ, ხალხი მზად იყო ამ, სუსტი ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებისთვის. ეს ყველაფერი დროებით ჩააწყნარეს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ისევ დაიძაბოს”.

ინგუში ჟურნალისტის ამ შეფასებას აშკარაა, რომ არ იზიარებს პრეზიდენტი ზიაზიკოვი: მან დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე “ფრიად გაზვიადებული” უწოდა ცნობებს ინგუშეთში არეულობის შესახებ. ზიაზიკოვი იმასაც ირწმუნება, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია ივნისში მისი მოკვლის მცდელობის შესახებ, ისევე როგორც ცნობები ინგუშეთში ძალადობის ბევრ სხვა შემთხვევაზე.

“ინგუშეთში იმაზე მეტი ინციდენტი ნამდვილად არ ხდება, ვიდრე კავკასიის სხვა კუთხეებშიო”, ირწმუნება ინგუშეთის პრეზიდენტი: [ზიაზიკოვის ხმა] “ნებისმიერი ინციდენტი, მცირეც, ის კი არა აღურიცხავიც რომ იყოს, აუცილებლად ხდება განსჯის საგანი! ახლა არ დავიწყებ რესპუბლიკების, მხარეების, ოლქების დასახელებას. აი, ჩვენთან რაც მოხდა მაშინ - სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცეცხლის გახსნა, ქარხნებში შეჭრა, ან პოლიციელების მოკვლა - იგივე მოხდა ჩვენს გარშემოც, რამდენიმე რესპუბლიკაში. მაგრამ მათზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ!”

ადგილობრივი ოფიციალრი პირები ინგუშეთში, ჩვეულებრივ, ილსამისტ მეამბოხეებს აკისრებენ ხოლმე პასუხისმგებლობას ძალადობის აქტების გახშირებისთვის. ჩვენი რადიოს ექსპერტი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში, ანდრეი ბაბიცკი კი შემდეგ შეფასებას იძლევა: ინგუშეთს შეეფარა ბევრი მეამბოხე, გაქცეული ჩეჩნეთიდან, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს რამზან კადიროვი.

[ბაბიცკის ხმა] “ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მართლაც ძალიან მკაცრი კონტროლია დაწესებული. იქ ბრძოლა სულ უფრო ძნელი ხდება და მნიშვნელოვანი ნაწილი შეიარაღებული ჯგუფებისა, რომლებიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, ინგუშეთში გადადის. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია დაიწყო, რამდენიმე წლის წინ. მანამდე, სანამ ინგუშეთის ტერიტორიაზე არ დამყარდება, დავუშვათ, იმ ტიპის დიქტატურა, როგორიც ახლა მოქმედებს ჩეჩნეთში, ვფიქრობ, ინგუშეთი ასეთი არეული დარჩება”.

ის, რაც ინგუშეთში ხდება, ექსპერტების შეფასებით, უფრო რთული პროცესია, ვიდრე მოსკოვი წარმოსახავს ხოლმე - კერძოდ კი წარმოსახავს დაპირისპირებად მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის. სინამდვილეში საქმეში მეტი მოთამაშეა ჩართული, თუმცა, ბოლომდე არ არის ნათელი რა მიზნებით და ვისი ბრძანებით მოქმედებენ ისინი.

ერთ-ერთი მიზანი თითქოს ნათელია: პრეზიდენტ ზიაზიკოვის პოზიციის შესუსტება. ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობს, უკან დააბრუნოს ეთნიკური რუსები, ბოლო ათწლეულის მანძილზე რომ წავიდნენ რეგიონიდან. ბოლოდროინდელი იერიშები კი ინგუშეთში არც თუ იშვიათად არის მიმართული სწორედ ეთნიკური რუსების, ისევე როგორც სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების მუშაკთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG