Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-თურქეთის ურთიერთობა და რეზოლუცია "სომეხთა გენოციდის” შესახებ


წარმოშობით სომეხი ამერიკელები მრავალი წელია მოუწოდებენ კონგრესს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც “გენოციდად” შეაფასებდა ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის გაჟლეტას.

და აი, ნაბიჯი ამ მიმართულებით მართლაც გადაიდგა: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო-პოლიტიკური კომიტეტი ოთხშაბათს მიემხრო სომეხთა გენოციდზე რეზოლუციას, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატა სრული შემადგენლობით განიხილავს და, სავარაუდოდ, მიემხრობა კიდეც.

მართალია, საქმე ეხება რეზოლუციას, რომლის შესრულებაც სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ მას მართლაც დაამტკიცებენ ამერიკელი კანონმდებლები, უთუოდ განაწყენდება თურქეთი. სწორედ ამის გამო, აშშ-ის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სომეხთა გენოციდზე რეზოლუციის მიღებას.

აშშ-სა და თურქეთს, ორ ნატოელ მოკავშირეს, ცივი ომის დროს ათწლეულების მანძილზე აკავშირებდა სტრატეგიული პარტნიორობა. ერთი მხრივ კომუნისტური ბლოკის, მეორე მხრივ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსაზღვრე სეკულარული, დემოკრატიული თურქეთი აშშ-სთვის საკვანძო მნიშვნელობის დასარყდენი იყო როგორც კომუნიზმთან, ისე რადიკალურ ისლამთან დაპირისპირებაში.

მაგრამ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა 2003 წელს, როცა აშშ-მა ერაყში შეჭრა გადაწყვიტა. ანკარამ ამერიკელებს უარი უთხრა ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზით სარგებლობაზე, რამაც -ანალიტიკოსების შეფასებით - ძალიან გაურთულა საქმე აშშ-ს (გაურთულა ჩრდილოეთ ერაყში ჯარისკაცებისა და საჰაერო ძალების სწრაფად შეყვანა).

ერაყის ოპერაციის წამოწყების შემდეგ, თურქებში საგრძნობლად იკლო აშშ-დმი მხარდაჭერამ, რასაც არაერთი გამოკითხვა აჩვენებს. არადა, ვაშინგტონისთვის კვლავინდებურად ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა თურქეთთან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებებით მოცულ ახლო აღმოსავლეთში.

[დევიდ ბარჩარდის ხმა] “თურქების ყველაზე დიდ აღშფოთებას იწვევს ის, რომ ბევრი ადამიანი იხოცება ტერორისტების ხელით, რომლებიც თურქეთში ჩრდილოეთ ერაყიდან გადადიან, განსაკუთრებით ბოლო ერთი-ორი კვირის მანძილზე. საქმეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს ქურთისტანის მუშათა პარტია ისევ ემზადებოდეს მასშტაბური მოქმედებისთვის, რადგან ბოლო 2-3 დღის მანძილზე, ჩემი ანგარიშით, 20-მდე ადამიანია მოკლული აღმოსავლეთ თურქეთში ტერორისტული თავდასხმების შედეგად. თურქები ასე ფიქრობენ - თუ აშშ-ს ჰქონდა ერაყში შეჭრის უფლება ტერორიზმთან საბრძოლველად, მორალურად სრულიად მიუღებელია, რომ თურქებს ასეთი მსხვერპლის გაღება უწევთ, ფაქტობრივად, აშშ-ის უმოქმედობის გამო”, განმარტავს ანკარაში მოღვაწე პოლიტოლოგი დევიდ ბარჩარდი.

სამხრეთ თურქეთში ქურთი მეამბოხეების გააქტიურებასთან დაკავშირებით, ანკარა არ მალავს, რომ გეგმავს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ ერაყში, სადაც მეამბოხეების ბაზები ეგულება. და თითქოს საკმარისი დაძაბულობა არ იყოს მოკავშირე თურქეთს და აშშ-ს შორის, ყოველივე ამას დაემატა რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ. (როგორც წეღან აღვნიშნეთ, ამ რეზოლუციას გუშინ მიემხრო ამერიკის კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტი).

თურქეთის უარყოფითმა რეაქციამ არ დააყოვნა - პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და პრეზიდენტმა აბდულა გიულმა როგორც განაცხადეს, კონგრესის კომიტეტის გადაწყვეტილება მიუღებელია თურქეთისთვის. ერდოანის თქმით, რეზოლუცია საფრთხეს უქმნის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას:
[ერდოანის ხმა] “ზიანი მიადგებოდა აშშ-ის ურთიერთობას რეგიონში მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან. სომხეთი დაკარგავდა პოზიტიურ სამომავლო პერსპექტივას. ეს გარკვეულ სარგებელს მოუტანდა მხოლოდ სომეხთა დიასპორას. ეს იქნება სომხეთის გაწირვა სომეხთა დიასპორის მიერ სარგებლის მისაღებად”.

სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, მომავალ თვეში მოეწყობა, ამავე შინაარსის პროექტს განიხილავს სენატიც.

თურქეთი უკვე დაიმუქრა საპასუხო ზომებით, თუ რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და სენატი დაამტკიცებენ. ვაშინგტონში მოღვაწე პოლიტოლოგი, თურქეთის ექსპერტი ბულენტ ალირიზა განმარტავს: [ალირიზას ხმა] “თურქებს უკვე ნათქვამი აქვთ, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ. ლაპარაკია შეერთებული შტატებისთვის უარის თქმაზე, ლოგისტიკურ დერეფნად გამოიყენოს ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა. ლაპარაკია მთელ რიგ სხვა ზომებზე - მაგალითად, ორი დღეა, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ თურქეთმა შესაძლოა უარი თქვას ენერგორესურსების ტრანსპორტის სფეროში, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევაში თანამშრომლობაზე. გულახდილად რომ ითქვას, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე ფრონტის ჩამოყალიბება ესაჭიროება ირანის საკითხში, თურქეთის უარს თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება შეერთებული შტატებისთვის”.

ბულენტ ალირიზას ვარაუდს, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას გაუარესების საფრთხე ემუქრება, იზიარებს მისი კოლეგა დევიდ ბარჩარდიც. ის ლაპარაკობს დაძაბულობაზე, ერთი მხრივ, გენოციდის შესახებ რეზოლუციის პროექტის, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ერაყიდან ქურთი მეამბოხეების სამხრეთ თურქეთზე თავდასხმების გამო.

აშშ, ევროკავშირი და რუსეთი მოუწოდებენ თურქეთს, თავი შეიკავოს ერაყში შეჭრისაგან. მაგრამ მომავალ კვირაში თურქეთის პარლამენტი, პრემიერ-მინისტრის თხოვნით, სავარაუდოდ მაინც განიხილავს ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის საკითხს.
XS
SM
MD
LG