Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სოციალურ-ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს სოციალურად დაუცველი ფენის სუბსიდირებას


დღეს, 15 ოქტომბერს, თბილისის ორ რაიონში დაიწყო





განხორციელება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივისა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 100 ლარიან სუბსიდიას მიიღებს. სახელმწიფოს ბიუჯეტი ერთ მილიონ 200 ათას მოქალაქეს - ძირითადად, პენსიონრებსა და მასწავლებლებს - დაეხმარება. რა სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესება შეიძლება მოჰყვეს ამ სუბსიდიას და როგორ აფასებენ მთავრობის ამ ნაბიჯს პოლიტიკოსები და ექსპერტები?

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის დასაფარავად ორმოცდაათ-ორმოცდაათი ლარი - ქალაქის მოსახლეობას, ხოლო სოფლად - 50 ლარი ელექტორენერგიისა და 50-ც - პურის ფქვილისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდისა და რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის გამო მიიღო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ზამთარში არავის არ შიოდეს და სციოდეს...”

ამ პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ. მინისტრ დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, სუბსიდიით გამოყოფილი თანხის შესაბამის ვაუჩერს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შინ მიუტანენ:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”ყველა პენსიონერი და ყველა შეჭირვებული ადამიანი და საჯარო სკოლის პედაგოგი მიიღებს 100 ლარიან საპრეზიდენტო სუბსიდიას.”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რომლებმაც ბოლო დროს მძლავრი საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს და 2 ნოემბრისთვის მიტინგი დანიშნეს, ხელისუფლება ხალხის მოსყიდვას და საპროტესტო განწყობილების შეჩერებას ცდილობს.

ასე არ ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები, თუმცა კი უარყოფითად აფასებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარი:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ასეთი დახმარებების ვარ წინააღმდეგი, როგორც წესი, იმიტომ რომ ეს არის ერთჯერადი და გრძელვადიანი გაუმჯობესება არ მოჰყვება.”

პრეზიდენტის სოციალურ პროგრამაზე დიდი წარმოდგენა არც თავად დახმარების ადრესატებს აქვთ. მე პენსიონრებს და მასწავლებლებს თბილისის ქუჩებში გავესაუბრე. მათი განცხადებით, ერთჯერადი დახმარება ორი თვის ხარჯებს თუ დაფარავს:

[მოქალაქეთა ხმა] ”ყოველთვე, რომ მქონდეს, კიდევ ჰო, და... კი მაგრამ 10 ლარიც რომ მომცენ, იმასაც რაღაცაში გამოვიყენებ.”

”ყვავს რომ კაკალი გაგდებინო, ისიც კარგია.”

სულ ქვეყნის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG