Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოს მხარე ერთადერთ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოს მხარე ერთადერთ პირობას აყენებს

- რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზაციას. რამდენიმე დღის წინ ჟენევაში გამართული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა, - წერს დღევანდელი გაზეთი ”იზვესტია”, რომელიც საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ მაქსიმ მედვედკოვთან.

გაზეთ ”იზვესტიას” ცნობით, 20 წლიანი მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ირგვლივ დასასრულს უახლოვდება და, სავარაუდოდ, გაისად რუსეთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ორმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მედვედკოვის ცნობით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ დასრულებულა ორ ქვეყანასთან - საუდის არაბეთსა და საქართველოსთან. თუ საუდის არაბეთთან მოლაპარაკების წარმატება რუსეთის მთავარ მომლაპარაკებელს არ აეჭვებს, - საუდის არაბეთი კონკრეტულ მომსახურებასა და პროდუქციაზე გადასახადების შემცირებას ითხოვს, - მაქსიმ მედვედკოვის განცხადებით, საქართველოსთან მოლაპარაკების შედეგი კვლავ გაურკვეველია: ”საქართველოს ჩვენ მიმართ ერთი მოთხოვნა აქვს - საბაჟო პუნქტების ლეგალიზაცია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე. ჩვენი მებაჟეები ამ მონაკვეთებზე ისევე მუშაობენ, როგორც სხვა გამშვებ პუნქტებზე. საზღვრის მეორე მხარეს არავინ არის, გასაგები მიზეზების გამო. ჩვენი ქართველი კოლეგები ამბობენ, ჩვენ გვინდა, რომ ქართველი მებაჟეები საზღვრის რუსეთის მხარეს იდგნენო. ჩვენ ვკითხულობთ: რა საფუძველზე, იქ რა უნდა აკეთონ? საპასუხოდ გვესმის: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმების შესაბამისად, ჩვენი მებაჟეები რუს მებაჟეებთან ერთად კონტროლს გაუწევენ იმას, თუ რა გადის საზღვარზეო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებაში მსგავსი მოთხოვნა არ არის. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? საქართველოს მებაჟე რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით იმუშავებს თუ რუსეთის კანონმდებლობით?” - მაქსიმ მედვედკოვის განმარტებით, რუსეთმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 70 წევრ-ქვეყანასთან და მხოლოდ საქართველოსთან ვერ მოაგვარა ურთიერთობა. რით დასრულდება ეს, რუსეთის დეგელაციის ხელმძღვანელმა არ იცის.

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული არცთუ მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, რუსეთის ბიზნესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. 22 ოქტომბრის გაზეთ ”ვედომოსტის” ცნობით, 6,2 პროცენტით გაიზარდა კომპანია ”ვიმ-ბილ-დანის” აქციების ღირებულება მას შემდეგ, რაც კომპანიამ საქართველოს სიდიდით რიგით მესამე რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო ”საქართველოს პროდუქტები” შეიძინა. რუსეთის კომპანიას განზრახული აქვს საქართველოში წარმოებული პროდუქცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გაიტანოს, რაც მოგებას 2008-2009 წლებში ერთიორად გაზრდის.
და კიდევ ერთი ცნობა, რომელსაც თითქმის ყველა რუსული გაზეთი აქვეყნებს: საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიო თანამეგობრობას სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. ინტერნეტგამოცემა ”გრანის” ცნობით, ამ ინიციატივის შესახებ შევარდნაძე გერმანიაში ყოფნისას ყოფილ კანცლერს, გენშერს, ესაუბრა გერმანიაში რუსეთის ელჩის თანდასწრებით, რომელიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ”განაწყენდა და შეხვედრა დატოვა”.
XS
SM
MD
LG