Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის რეფორმირების ახალი ხელშეკრულება


ევროპის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა

მოახერხეს დაეძლიათ კრიზისი, რომელიც ორ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, და მიიღეს ევროკავშირის რეფორმის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებამ, ხელის მომწერთა სურვილის თანახმად, კავშირი უნდა გახადოს უფრო დემოკრატიული და უფრო ეფექტური. კავშირის მორიგე პორტუგალიის ხელმძღვანელობას მთავარი წინააღმდეგობა იტალიისა და პოლონეთისგან შეხვდა, მაგრამ ეს წინააღმდეგობა დაძლეული იქნა გასულ კვირაში, რვასაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რასაც ინსტიტუციონალური კრიზისის გადალახვა უწოდა პორტუგალიის მთავრობის მეთაურმა ჟოზე სოკრატესმა.

ალბათ, გახსოვთ ევროკავშირის კონსტიტუციასთან დაკავშირებული დრამა, როცა საფრანგეთისა და ნიდერლანდის მოსახლეობამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმში, არ მისცა მას ხმა, რის გამოც კონსტიტუცია დავიწყებას მიეცა. სწორედ მისი ერზაცი უნდა ყოფილიყო ეს ახალი რეფორმის ხელშეკრულება, თუმცა ევროკომის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ ფიქრობს, რომ ხელშეკრულება, თავისთავად, ჯერ კიდევ ფინალი არ არის.

(ბაროზუს ხმა)
“ამ ხელშეკრულებით აღჭურვილებმა, ახლა შეგვიძლია სხვაგვარად შევხედოთ მომავალს: როგორ მოახერხებს ევროპა დაიცვას თავისი ინტერესები გლობალიზაციის ეპოქაში, როგორ მივაღწევთ წარმატებას გლობალიზაციის ეპოქაში, როგორ შევძლებთ დავიცვათ და გავიტანოთ ჩვენი ინტერესები და ფასეულობები 21-ე საუკუნეში?”

ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს, რომ ცივი ომის დრო წავიდა. ახლა, დღევანდელ მრავალპოლარულ სამყაროში, კავშირმა თავისი როლი უნდა ითამაშოს და ითამაშოს დამაჯერებლად, ფიქრობენ ისინი.
პორტუგალიის მთავრობის მეთაური სოკრატესი ამბობს, ამ ხელშეკრულებით უფრო ძლიერი პოზიცია გვექნება რუსეთთან სამიტის დროს და ასევე ძლიერი პოზიცია გვექნება ჩინეთთანო.

(სოკრატესის ხმა)

რუსეთი და ჩინეთი ორი ძალაა, რომელთანაც ევროპის კავშირს ურთიერთობა აქვს და, თანაც, არამარტივი. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობა სიფხიზლის საფუძველს იძლევა. თუმცა კავშირში ფიქრობენ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2008 წლის მარტამდე, მოსალოდნელი არ არის რაიმე წინსვლა, თუნდაც ევროკავშირ-რუსეთის 26 ოქტომბრის სამიტის დროს, რომელიც ასევე პორტუგალიის დედაქალაქშია დაგეგმილი.
რაც შეეხება ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას და თითოეული წევრის პირადი საგარეო პოლიტიკური ინტერესების კოორდინირებას, ამ მხრივ, რეფორმის ხელშეკრულებას თავისი ამოცანა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ევროკავშირს, ამ ხელშეკრულების თანახმად, მომავალში ეყოლება საბჭოს თავმჯდომარე და, ასევე, საგარეო პოლიტიკაში - მაღალი რანგის წარმომადგენელი. ბალკანეთის იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც კავშირის წევრობის პერსპექტივა რეალურად ესახებათ 2008 წლისთვის, ამ ახალი ხელშეკრულებით, მიზნის განხორციელება გაუადვილდებათ, რადგან არგუმენტი, რომ კავშირს აღარ შეუძლია მიიღოს ახალი წევრები, შესუსტდა. კავშირი ახლა, როგორც ითქვა, გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო მოქნილი იქნება და ერთხმად საკითხების გადაჭრა აღარ იქნება აუცილებელი. თავისი მიზნები აქვთ ძველ წევრებსაც, - საფრანგეთს და, მასთან ერთად, გერმანიას, - რომლებსაც სურთ, რომ მომავალი 20-30 წლისთვის ევროპის კავშირის საზღვრები დადგინდეს. ამ ორ სახელმწიფოს, კავშირის სხვა ძველ წევრებთან ერთად, ეეჭვება, რომ მომავალში ევროპის კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს კავშირის წევრობა შესთავაზონ.
ლისაბონში, როცა რეფორმის ხელშეკრულებაზე კამათობდნენ, პრობლემას ქმნიდა პოლონეთი და, ასევე, იტალია. ორივესთან მიღწეული იქნა კომპრომისი. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაშინსკი ძალიან კმაყოფილი იყო: ყველაფერს მივაღწიეთ, რაც გვსურდაო, თქვა მან. თუმცა ითვლება, რომ კაშინსკსის მიღწევა მაინც ნაწილობრივი იყო: პუნქტი, რომელსაც ესწრაფვოდა პოლონეთი, - კერძოდ, როცა უმრავლესობას არა აქვს აშკარა უპირატესობა, უმცირესობას რჩება უფლება მოითხოვოს იმავე საკითხზე ახალი დებატების დაწყება, - არ გახდა ხელშეკრულების ნაწილი, არამედ მის დამატებაში შევიდა. პოლონეთი, სხვათა შორის, ევროპის სასამართლოში გენერალური პროკურორის მუდმივ თანამდებობას დაეუფლება. ეს, რაც შეეხება პოლონეთს, რომელსაც არჩევნების შემდეგ შეცვლილი მთავრობით მოუწევს ასევე ევროკავშირის უდიდეს ქვეყანასთან, გერმანიასთან, ურთიერთობის გაუმჯობესება. ამას იმისთვისაც აქვს მნიშვნელობა, რომ პოლონეთმა მხარი დაუჭიროს უკრაინის, ბელორუსიის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების კავშირთან დაახლოებას, რაც უწინ პოლონეთისთვის არ იყო იოლი და რაც მომავალში, წესით, უნდა გაუადვილდეს ვარშავას.
იტალიის პრემიერმა რომანო პროდიმ იმას მიაღწია, რომ ევროპარლამენტში დამატებით ადგილს მიიღებს.
ევროპის კავშირის რეფორმის ეს ხელშეკრულება 13 დეკემბერს ოფიციალურად იქნება ხელმოწერილი. შემდეგ მას წევრი ქვეყნები გააფორმებენ და ის 2009 წელს ძალაში შევა.


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG