Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მისია ფიქრობს, თუ რა მოუხერხოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში


ეუთო პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, უზრუნველყონ დამკვირვებლების გამოგზავნა

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვარშავაში განლაგებული ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში მეორე დღეა აგრძელებენ შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. თუმცა უცნობია, თუ რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ თავად ეუთოს ექსპერტებს გაჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში.

7 ნოემბრის შედეგად მსოფლიო მასშტაბით შელახული დემოკრატიული იმიჯის აღსადგენად საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და პლებისციტს სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაატარებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთომ - ევროპის ყველაზე მთავარმა და დემოკრატიულმა არჩევნების დამკვირვებელმა - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ასობით და, თუ საჭიროა, ათასობით დამკვირვებელი მოავლინოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ტერი ჰაკალასთან შეხვედრაზე. ევროპელი დამკვირვებლების დასწრებას საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანს, მაგრამ არასაკმარისს უწოდებს ”ეროვნული საბჭოს” ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც თავისი მოსაზრება რადიო ”თავისუფლებას ” უცხოურ მედია-საშუალებებთან შეხვედრის შემდეგ, 21 ნოემბერს, გაუზიარა:

[ლევან გაჩეჩილაძე] ”მას [სააკაშვილს] უნდა, რომ კიდევ ერთხელ შექმნას ფასადი იმისა, რომ დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები, რასაც მე არ ვიზიარებ. თუმცა ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეუთომ და სხვა ქვეყნებმა რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოიყვანონ, რადგან მათთან უშუალო ურთიერთობით უფრო სწორი ინფორმაცია გავა.”

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მრავალი წელია გზავნის დამკვირვებლებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა ევროპელ მონიტორთა მისია, ძირითადად, უტყვი დაკვირვებით, ფაქტების აღნუსხვითა და საკმაოდ დაგვიანებული კომენტარებით ამოიწურება, რაც არჩევნების შედეგზე უკვე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს. შესაბამისად, ეუთოს მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძემ. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, 21 ნოემბერს ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა ეკა სირაძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ 5 იანვრის არჩევნებზე დამკვირვებლებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოგზავნიან:

[ეკა სირაძე] ”თვითონ ის ფაქტი, რომ იქნება ასეთი დიდი მისია და ეყოლებათ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები იმ უბნებზე და ოლქებზე, სადაც ეს დამკვირვებლები იქნებიან და ივლიან, რაღაცა პროცენტით, რა თქმა უნდა, შეამცირებს გაყალბების შემთხვევებს.”(სტილი დაცულია)

მაგრამ საბოლოო ჯამში თუ რას გადაწყვეტს ეუთოს ხელმძღვანელობა და რა რაოდენობის მოკლე თუ გრძელვადიან დამკვირვებელს გამოგზავნის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თავის დასკვნას გამოაქვეყნებენ ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

[ეკა გამცემლიძე] ”ახლა ამ მისიის მიზანი არის, რომ შეაფასონ ზოგადად არსებული სიტუაცია ქვეყანაში და განსაზღვრონ, როგორ მისიას გამოგზავნიან, რამდენ მოკლევადიან და რამდენ გრძელვადიან დამკვირვებელს გამოგზავნიან.” (სტილი დაცულია)

ეუთოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლის თეონა გამცემლიძის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, მოხდეს ორშაბათს, როდესაც ევროპელი ექსპერტები ხელისუფლების, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაასრულებენ. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე ეუთოს წარმომადგენლები იმასაც იტყვიან, თუ რამდენად თანაბარი პირობები არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში და რამდენად ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG