Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აკრიტიკებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს?


რუსეთში 2 დეკემბრის არჩევნების შემდეგ თვით რუსეთშიც და უცხოეთშიც გამოითქმის კრიტიკა, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები კრემლის მიერ იყო ინსცენირებული

და მანიპულირებული პრეზიდენტ პუტინის პარტია “ერთიანი რუსეთის” გამარჯვების უზრუნველსაყოფად. “ერთიანმა რუსეთმა”, როგორც ცნობილია, მართლაც დამაჯერებლად გაიმარჯვა: მას, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 315 მანდატი ექნება სულ 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფასებით, არჩევნების შედეგები სახელმწიფო სათათბიროს ლეგიტიმურობას ცხადჰყოფს, “ნდობის ნიშანია”: [ვლადიმირ პუტინის ხმა] “ეს, რასაკვირველია, არის ნდობის ნიშანი. და “ერთიანი რუსეთისთვის” ეს, უდავოდ, არ არის მხოლოდ შეფასება იმისა, რაც უკვე გაკეთდა, არამედ პირველ რიგში ამომრჩეველების მოლოდინი, რომელიც ამ კენჭისყრით გამოიხატა. მოლოდინი იმისა, რომ “ერთიანი რუსეთი” გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას ქვეყნის განსავითარებლად, მოქალაქეთა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად”.

მაგრამ განსხვავებულია შეფასება, რომელსაც რუსეთში ოპოზიციური პარტიები, ხოლო უცხოეთში დასავლელი ლიდერები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაშინგტონიდან ისმოდა კრიტიკა იმის გამო, რომ მასმედია გაცილებით უფრო მეტ დროს უთმობდა ხელისუფლებას და, ზოგადად, პრეზიდენტ პუტინის მომხრე ძალებს, ვიდრე მის ოპონენტს. ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა გორდონ ჯონდრომ ეს კრიტიკა გაიმეორა, როცა რუსეთში არჩევნების მომდევნო დღეს განაცხადა, რომ პარტია “ერთიანი რუსეთი”, ფაქტობრივად, მთავრობის ადმინისტრაციული რესურსებით სარგებლობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაშინ როცა ოპოზიციონერ კანდიდატებსა და პარტიებს მედიაში გამოჩენის შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ.

კრიტიკის საგანია ის გარემოებაც, რომ ეუთოს არ მიეცა რუსეთში არჩევნებთან დაკავშირებით გრძელვადიანი სამეთვალყურეო მისიის გაგზავნის საშუალება. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო უწყეობის ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც.

[ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] “ძალიან დასანანია, რომ, გასული წლებისაგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთში არ განხორციელებულა ეუთოს გრძელვადიანი საარჩევნო-სამეთვალყურეო მისია. განხორციელდა მხოლო მოკლევადიანი მეთვალყურეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა მიერ. ამდენად, ნათელი იყო, რომ არჩევნების შედეგები ეჭვს გამოიწვევს. და მართლაც, უკვე გამოითქვა ბრალდებები, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ეუთოს პრინციპების შესაბამისად. მოველი, რომ რუსეთი ყველა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შემოწმებას ჩაატარებს”.

შტაინმაიერმა ახსენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამეთვალყურეო მისია - უკვე ცნობილია ამ მისიის მონაწილეთა შეფასებაც, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არ შეესაბამებოდა ეუთოს სტანდარტებს. ამ დასკვნის შესახებ მოსკოვში გააკეთა განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გორან ლენმარკერმა: [ლენმარკერის ხმა] “ჩვენი მთავარი დასკვნაა ის, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა ბევრ ვალდებულებასა და სტანდარტს, რომელთაც ითვალისწინებს ეუთოსა და ევროსაბჭოს წევრობა და ამდენად, ეს, როგორც ჩვენ ვაცხადებთ, არ იყო სამართლიანი არჩევნები”.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სხვა შეფასებაც გამოთქვა: რომ ვლადიმირ პუტინმა შეძლო პარტია “ერთიანი რუსეთის” ისე დაახლოება სახელმწიფოსთან, რომ ეს არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს, არამედ “ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობადაც” კი შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა ეუთოს კრიტიკა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, უარყო რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტი პუტინი ირწმუნება, რომ ეუთომ მხოლოდ იმის გამო არ გააგზავნა რუსეთში გრძელვადიანი სამეთვალყურეო მისია, რომ ეს მისგან აშშ-მა მოითხოვა. თავის მხრივ, აშშ უარყოფს ვლადიმირ პუტინის ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG